პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჯაზი და საქართველო

დღეს იმ მუსიკაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც არასოდეს მტოვებდა გულგრილს: აფრიკულ-ევროპული სტილის სინთეზზე, სამხრეთული ტემპერამენტის, იმპროვიზაციისა და სიგიჟის სამოთხეზე – ჯაზზე.

დიდხანს ვფიქრობდი, რომელი იყო პირველი ჯაზური კომპოზიცია, რომელიც მოვისმინე და საბოლოოდ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივედი. ეს მელოდია, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს მოუსმენია, მაგრამ, ვფიქრობ, არც ისე ბევრი მიიჩნევდა მას ჯაზური ხელოვნების კარგ ნიმუშად. მოდი, ვცადოთ, ცოტა ხნით განზე გადავდოთ ტექსტი და დავაკვირდეთ, რას უკრავენ ინსტრუმენტები. კომპოზიციას კლავიში, დასარტყმელები და კონტრაბასი ასრულებენ. თუ ყური არ მატყუებს, რამდენიმე ადგილას გიტარაც ჟღერს, 1:47-ზე კი პიანოს ისეთი იმპროვიზაციული პარტია იწყება, რომლის დაკვრაზეც ბევრი ამერიკელი ჯაზმენი არ იტყოდა უარს .

დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ეს გახლდათ ჩემი პირველი, ჯერ კიდევ გაუაზრებელი ზიარება ჯაზთან – მუსიკასთან, რომელმაც ჩემს სიცოცხლეში არაერთი დაუვიწყარი წუთი მაჩუქა.

“თუ კითხულობ, რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებ ამას”, – დაახლოებით ასე უპასუხა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მუსიკოსმა ლუი არმსტრონგმა შეკითხვას, რა არის ჯაზი. მუსიკის ამ მიმდინარეობის აღქმა ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც თავად ეს მუსიკა. პირადად ჩემთვის ჯაზი იმპროვიზაციაა – ნორმებიდან გადახვევა, ჩარჩოების დარღვევა.

ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა და “ამერიკის ხმის” დიქტორმა უილის კონოვერიმ ერთხელ თქვა: “ჯაზი თავისუფლების მუსიკაა, ის ხალხს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს, მუსიკა კი მათ წელში გამართვაში ეხმარება”. კონოვერი საკმაოდ პოპულარული პიროვნება იყო, რადიო “ამერიკის ხმაზე” გადაცემა მიჰყავდა ჯაზის შესახებ. მას მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენდა. და მიუხედავად იმისა, რომ კონოვერი არასდროს ყოფილა ჯაზ-მუსიკოსი, ბევრს ამერიკელს დღემდე მიაჩნია, რომ მან ჯაზის განვითარება-გავრცელებისთვის ყველაზე მეტი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდებში მისი პროგრამა ოკეანის მიღმაც გადაიცემოდა, – რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების გარდა, რომლებშიც ჯაზიცა და “ამერიკის ხმაც” აკრძალული იყო.

“თავისუფლების აკვნიდან” საბჭოეთამდე “ამერიკის ხმის” სიგნალი დიდხანს ვერ აღწევდა, თუმცა ჯაზური ჟღერადობის მოსმენა საბჭოთა კავშირში 1920-იანი წლებიდან იყო შესაძლებელი. რუსული ჯაზის ერთ-ერთი პიონერი ვალენტინ პარნახი გახლდათ, რომელმაც 1922 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაარსებამდე, შექმნა “რსფსრ-ში პირველი ექსცენტრიული ორკესტრი, ვალენტინ პარნახის ჯაზ-ბენდი” (“Первый в РСФСР эксцентрический оркестр, джаз-банд Валентина Парнаха”). თუმცა 30-იან წლებში მიმდინარე მოვლენებმა, კერძოდ, სსრკ-ში “სოცრეალიზმის” დანერგვამ, რომლის მიხედვითაც, ხელოვნება მხოლოდ პარტიული ინტერესის გათვალისწინებით უნდა შექმნილიყო, ჯაზსაც დაატყო თავისი კვალი. 1936 წელს შეიქმნა ჯაზის სახელმწიფო ორკესტრი ტიპური საბჭოთა სახელით: “გოსჯაზი”. დადგინდა, რომ ორკესტრს მხოლოდ სიმფონიური ჯაზი უნდა შეექმნა და ე.წ. “ბინძურ” და “ვულგარულ” მიმდინარეობებზე უარი ეთქვა.

40-იან წლებში პარტიას მუსიკის ეს მიმდინარეობა საერთოდ გადაუყვარდა. 1952 წელს გამოცემულ “დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში” ჯაზი შემდეგნაირადაა განმარტებული: “დეგრადირებული ამერიკული ბურჟუაზიული კულტურის პირმშო”. ვფიქრობ, ჯაზისადმი გულისწყრომა მხოლოდ იმან კი არ განაპირობა, რომ ის ბურჟუაზიულ ამერიკაში შეიქმნა, არამედ იმანაც, რომ მისი მამოძრავებელი ძალა იმპროვიზაციაა – იმპროვიზაცია ხომ შემოქმედებითი თავისუფლებაა, ეს კი ზედმეტი ფუფუნება გახლდათ მუსიკოსისთვის, რომელიც სოცრეალიზმის პირობებში არსებობდა. მოკლედ, საბჭოთა სისტემა კარგა ხნის განმავლობაში ჯაზს სერიოზულ მორალურ საფრთხედ აღიქვამდა. ვითარება 60-70-იანი წლებიდან შეიცვალა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი ეპიცენტრი თბილისი გახლდათ.

ამ ვიდეოს შემთხვევით გადავაწყდი მცირე ხნის წინ. თუ YouTube-ზე მის ამტვირთავს დავუჯერებთ, ჩანაწერი 1962 წელს თბილისშია გაკეთებული. ჯაზის ერთ-ერთმა ლეგენდამ, ბენი გუდმენმა, საბჭოეთში სამი კონცერტი ჩაატარა, მათ შორის ერთი – თბილისშიც.

ამის შემდეგ თბილისი საბჭოთა კავშირში ჯაზის ერთგვარ მინიცენტრად გადაიქცა. 1966, 1967, 1972, 1978, 1979 წლებში ჩვენს ქალაქს რიგრიგობით სტუმრობდნენ ერლ ჰაინსი, “რეგტაიმ ენსემბლი”, კლერენს ბრაუნი და სხვა ჯაზორკესტრები. 1978-ში თბილისში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ჯაზ-ფესტივალი გაიმართა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 13 სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა 23-მა ბენდმა დაუკრა.

ჩემთვის განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ 1979 წელს თბილისში კონცერტი ამერიკელ ბლუზმენს, ცოცხალ ლეგენდას, ბი ბი კინგსაც კი გაუმართავს. როგორც ჩანს, 70-იანების ბოლოს რკინის ფარდის გადალახვა შედარებით გამარტივდა და ჩვენთან ბლუზმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

70-იანების ტრადიცია მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა და თბილისში არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა დაუკრა. მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ საქართველოში ჯაზს მხოლოდ “მაღალი წრის” წარმომადგენლები უსმენენ (სავარაუდოდ, ეს სტერეოტიპი კონცერტებზე ბილეთების ფასმა განაპირობა, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოველთვის არა), საქართველო დღესაც ინარჩუნებს ჯაზისთვის სასურველი ადგილის სტატუსს. თბილისსა და ბათუმში ყოველწლიურად იმართება ფესტივალები, რომლებზეც ქართველ შემსრულებლებთან ერთად სერიოზული უცხოელი მუსიკოსებიც გამოდიან: კურტ ელინგი, რეიჩელ ფერელი, ჯო სემპლი, “სინდიკატი”, ჩარლზ ლოიდი და სხვები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის კონცერტები. ის ბათუმის ჯაზფესტივალის მუდმივი მასპინძელია და ყოველწლიურად უმტკიცებს მსმენელს, რომ კარგი პოტენციალის პატრონია.

ჯაზს საქართველოში დიდი მომავალი აქვს, თუ საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი გააცნობიერებს, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ყველასთვისაა განკუთვნილი და არაფერი “ელიტური” მასში არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი