სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თავისუფლება ქართულად

ძველი, “კარგი” 90-იანები: ქუჩაში – სიბნელე და შავი სილუეტები, სახლში – სიცივე და ნერვული დაძაბულობა, ეზოში – ძველი ბიჭების ჩხუბი, ან ქალის მოტაცება საბჭოთა წარმოების ვაზ 21/06-ით…. საზოგადოების… არა, მაპატიეთ, ინდივიდების ბრძოლა საკვების დღიური ნორმის მოსაპოვებლად…. ავტომატის უმისამართო ჯერით დაშლილი მანიფესტაციები…. პურის რიგები – რიგში ძირითადად ქალები იდგნენ ხოლმე, ბავშვებით. 2-3 წლის ასაკში თავადაც ვყოფილვარ ასეთი ბავშვის როლში… ბავშვიანებისთვის პური ურიგოდ იყო…

ტალონი, კუპონი, ნავთი, ქურა… შეშის ღუმელსაც ბევრგან მოჰკრავდით თვალს… ომი, სროლა, დევნილები… დანგრეული თბილისი, დილაობით მასრების შესაგროვებლად და ისევ “ომობანას” სათამაშოდ გამოსული 9-10 წლის ბავშვები… დენის მოსვლის სიხარული… ოჯახის ძველი, ფირფიტებიანი “პრაიგრივაწელი”, რომელიც იმ იშვიათ შემთხვევებში ჟღერდა, როცა ელექტროენერგია გვქონდა…

შეუძლია თუ არა ასეთი კრიზისის (სოციალური და პოლიტიკური სისტემის ერთდროული ჩამოშლის) დროს ქვეყანას კულტურული განვითარება? ზოგს, ალბათ, მიაჩნია, რომ არა, მე კი ვფიქრობ, რომ ის, რაც 90-იან წლებში მოხდა, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ ქართული ხელოვნებისთვის. სწორედ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში დაიბადა ქართული კონტრკულტურა, ქართული ალტერნატიული მუსიკა.

სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, ძველ პუბლიკაციებს გადავხედე და მივხვდი, რომ არაფერი დამიწერია ქართველი შემსრულებლების შესახებ. არადა, ქართულ ალტერნატიულ მუსიკას საკმაოდ სოლიდური და ღირებული ტრადიცია აქვს.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ მუსიკა ორ ძირითად ტიპად იყოფა. პირველი “ტკბობისთვის” იქმნება და მხოლოდ ადამიანის სმენის საამებელ ფუნქციას მოიაზრებს. მეორე კი ე.წ. “საპროტესტო” მუსიკაა, რომელიც არ გამორიცხავს ესთეტიკას და ლამაზ მელოდიებს, მაგრამ აუცილებლად არ მოიაზრებს მათ. საპროტესტო მუსიკა შეიძლება იყოს სოციალური, აღწერდეს და ააშკარავებდეს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, გამოირჩეოდეს მეტი პროვოკაციულობით, დისჰარმონიულობით, არეული რიტმებით და ა.შ.

ბევრი კარგი მუსიკოსი უკრავდა სწორედ ასეთ, “საპროტესტო” მუსიკას 90-იანებში: რობი კუხიანიძე, ლადო ბურდული, დადა დადიანი… მაგრამ დღეს ირაკლიზე მინდა გესაუბროთ. ადამიანზე, რომელსაც უფროს მეგობრად მივიჩნევ. მეგობრად, რომელიც დავკარგე, მაგრამ რომელმაც ბევრი რამ დამიტოვა. მეგობრად, რომელიც დღესაც მეხმარება სირთულეთა გადალახვაში… მეგობრად, რომელსაც არასდროს დავივიწყებ, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ რომელთანაც რეალურად არასდროს მიკონტაქტია…

ირაკლი ჩარკვიანის მელოდიები ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა 7 თუ 8 წლის გახლდით. ძველ რადიოში ვუსმენდით ხოლმე, აი, ისეთში, დღესაც ბევრ ოჯახში რომაა შემორჩენილი – ელექტროენერგიის გარეშეც რომ შეგეძლო მოგესმინა, “ელემენტებით”… პირველი სიმღერა “შენ აფრენ” იყო. იმ დროს ყველა “აფრენდა”, ანდა როგორ შეიძლებოდა, არ გაგეფრინა…

“მეფის” (სიცოცხლის ბოლო წლებში ჩარკვიანი სწორედ ამ მეტსახელს ატარებდა) ცხოვრება იმდენად უცნაური იყო, რომ მის რეალურობას ცოტა თუ დაიჯერებდა: ირაკლი – ადამიანი ელიტური ოჯახიდან, რომელსაც შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი: ცხოვრების კარგი პირობები, განათლება, წარმატებული კარიერა… მიუხედავად ამისა, უმცროსმა ჩარკვიანმა სრულიად სხვა გზა აირჩია, ბევრად უფრო რთული: კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის შვილიშვილი და ძალიან წარმატებული დიპლომატის შვილი სიცოცხლის ბოლომდე უბრალო ხელოვანად დარჩა.

ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ფრაგმენტებს წავაწყდი გოგი გვახარიას გადაცემიდან “ფსიქო”. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ირაკლი ჩარკვიანი ამ გადაცემის საკმაოდ ხშირი სტუმარი გახლდათ. მის პიროვნებაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მასალაა:

ირაკლის ხელოვნება არასდროს ყოფილა კომერციული. წერდა, უკრავდა და მღეროდა იმას, რისი სურვილიც ჰქონდა. ასეთი მუსიკის კომერციალიზაცია იმდროინდელ (და არა მხოლოდ იმდროინდელ) საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო. ალბათ სწორედ ამიტომაც ამბობს ვიდეოში: “ჩვენ ყველა ქუჩის მუსიკოსები ვართ”.

ძნელი სათქმელია, პოეტი უფრო იყო თუ მუსიკოსი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ირაკლი პირველი ადამიანი გახლდათ, რომელმაც უნაკლოდ მოარგო როკს ქართული ლირიკა. ამით მან დაანგრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქართული ენა ამ სტილის მუსიკას არ უხდება. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს ტრადიცია ვერავინ გააგრძელა…

ჩარკვიანის მუსიკას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს – ძალიან გიახლოებს… უსმენ, უსმენ და ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ მუსიკოსი სწორედ იმას ამბობს, რისი თქმაც შენ ერთ დროს გინდოდა და არ თქვი, ან თქვი, მაგრამ არასაკმოდ ხმამაღლა…

ქართული პუბლიკა ირაკლისადმი ყოველთვის დადებითად არ ყოფილა განწყობილი. მახსოვს, როგორ არ მოეწონა საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიერ არჩეული ფსევდონიმი “მეფე”. ვფიქრობ, ეს მუსიკოსის ძალიან საინტერესო პროვოკაცია გახლდათ, რომელსაც ასეთი შედეგი ჰქონდა -მან ხალხს დაანახა, რომ შემოქმედ ადამიანს აქვს თავისუფლება (რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროვოკაციული ფსევდონიმის არჩევით გამოიხატა), საზოგადოება კი შეეცადა, გაეკრიტიკებინა მისი თავისუფლება და ეს ქმედება გაურკვეველი მორალური ნორმებითა თუ სტერეოტიპებით გაემართლებინა.

ხალხის განწყობა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ირაკლის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. ვფიქრობ, მისი შემოქმედება ოდნავ უფრო ღრმად გაიცნეს, რამაც შეხედულებებზეც იმოქმედა. დღეს ის უყვართ როგორც ახალგაზრდებს, ასევე შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც. საზოგადოებისთვის ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი მუსიკოსი ან კარგი პოეტი.

ჩემთვის ირაკლი განსაკუთრებული, “ქართული” ფენომენია. ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა ოჯახის გავლენისგან, პოლიტიკისგან, ყველა იმ მარწუხისგან, რომელიც შემოქმედ ადამიანს აფერხებს… და თუ ამერიკულ მუსიკაში თავისუფლებას ჰენდრიქსს, მორისონს, ჯოპლინს უკავშირებენ, ჩემთვის ქართული შემოქმედებითი თავისუფლების ეტალონი სწორედ ისაა – ირაკლი, ჩარკვიანი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი