პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თვითშეფასების გზამკვლევიდან – პიროვნული სიძლიერის ძალა

„სხვა ადამიანები ვერ გაიძულებენ, დაამტვრიო საკუთარი საყვარელი სათამაშო ან ვინმეს ნივთი დაამსხვრიო; მათ არ შეუძლიათ შენს ნაცვლად გადაწყვიტონ, რომ არ დაუჯერო მშობლებს. ზუსტად ასევე, ვერავინ დაგაძალებს იმხიარულო ან მოიწყინო, გაბრაზდე ან გახალისდე, გამოამჟღავნო ცნობისმოყვარეობა ან ინდიფერენტულობა. ანუ მხოლოდ შენ აგებ პასუხს საკუთრ გრძნობებზე“.

ძვირფასო მკითხველებო, მინდა, მოვიყვანო ამონარიდები გერშენ კაუფმანის (გერშენ კაუფმანი – ამერიკელი ფსიქოლოგი. მან განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში როჩესტერის უნივერსიტეტში დაიცვა. პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, ასევე  მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში. დოქტორი კაუფმანი არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველაზე მეტად პოპულარული გახდა – „მორცხვობის ფსიქოლოგია“), ლევ რაფაელისა (მან განათლება მიიღო ნიუ-იორკის ფორდემის უნივერსიტეტში. ლ. რაფაელს მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული სახვით ხელოვნებაში, სამწერლო ხელოვნების განხრით არმხერსტის მასაჩუსეტის უნივერსიტეტში. პარალელურად, მას აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც) და პამელა ესპელანდის (პამელა ესპელანდმა განათლება მიიღო მინესოტას შტატის კარლტონ-კოლეჯში, რომელიც ქალაქ ნორტფილდში მდებარეობს. ის არის 200-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად, პამელა ესპელანდი ოჯახთან ერთად მინეაპოლსში ცხოვრობს) წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ ვიდრე, თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“.

ხანდახან სხვა ადამიანების სიტყვები და ქმედებები ხდება ერთგვარი საბაბის/ბიძგის, მიმცემი (ტრიგერი – trigger- ერთგვარი გამშვები მექანიზმი)  ჩვენი გრძნობების გამოსახატად.

  • შენი ქურთუკი ისევ არ დაკიდე კარადაში? უკვე რამდენი ხანია, რაც სკოლიდან დაბრუნდი? – ეკითხება მამა გიორგის;
  • ჯერ არა – პასუხობს გიორგი, რომელიც საკუთარი საქმით არის გართული. მას ძალიან უყვარს ხატვა და ოცნებობს, მხატვარი გახდეს;
  • შენ ყოველთვის ეგრე იქცევი, არასდროს ალაგებ ნივთებს კარადაში! ახლავე შეწყვიტე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ადექი და ყველაფერს ადგილი მიუჩინე!

გიორგი გრძნობს, რომ ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია მამაზე, რომელიც მუდამ უყვირის მას. მამა სულ ჩხუბობს, რომ შვილი არ ალაგებს საკუთარ ნივთებს და საერთოდაც არასდროს ასრულებს მასზე მინდობილ სახლის საქმეებს.

მამის სიტყვები და ყვირილი გიორგის ანაწყენებს და აბრაზებს. მაგრამ იქნებ მამას მართლაც ძალიან ხშირად უწევს გიორგისთვის მისი მოვალეობების შესრულების შეხსენება? სავარაუდოდ, გიორგის ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს მამის შენიშვნებზე და მუდამ ცდილობს მომავლისთვის გადადოს საქმეების გაკეთება, მას ურჩევნია ჯერ საკუთარი საქმეებით დაკავდეს. სწორედ ამიტომ მორიგ ჯერზე მის მიერ წარმოთქმული „ჯერ არა“ მამისთვის სიბრაზის და გულის წყვეტის მიზეზია.

ყურადღებიანი მკითხველი უკვე მიხვდა, რომ ავტორებს სურთ, დაანახონ, ერთი მხრივ, მშობლებს და, მეორეს მხრივ, ბავშვებს, რომ მათი ქცევები ერთმანეთის გრძნობების ტრიგერი ხდება.  აქვე, ავტორები უხსნიან ორივე მხარეს, რომ მათ შეუძლიათ, ისწავლონ ტრიგერების იგნორირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რომელ გრძნობებს მისცენ გამოხატვის საშუალება. ბავშვებსა და უფროსებს შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ მაშინაც კი, როცა ძალიან დიდია ცდუნება იყვირო, იჩხუბო, ნივთები აქეთ-იქით მოისროლო … ადამიანების ქცევები ხშირად მათ გრძნობებზეა მიბმული. ჩვენ დავარტყით ვიღაცას იმის გამო, რომ გავბრაზდით მასზე; ჩვენ ვუყვირით ვიღაცას, რადგან ძალიან განერვიულებული ვართ; ჩვენ ვტირით იმიტომ, რომ სევდა შემოგვაწვა. ავტორების მოწოდება დიდებსა და პატარებს: ყოველთვის არის შესაძლებელი ბრაზის, სევდისა და მრისხანების ნაცვლად აირჩიო პოზიტიური და სასარგებლო განცდები.

აი მაგალითად: მათემატიკის საკონტროლოს დასაწერად ნინო გულდასმით ემზადებოდა და დარწმუნებული იყო მაღალ ქულას დაიმსახურებდა, მაგრამ როდესაც საკონტროლო რვეულში ჩაიხედა, აღმოაჩინა, რომ ამოცანების ნახევარი შეცდომით ამოეხსნა. მასწავლებელს კი იქვე მინაწერი ჰქონდა დატოვებული: „შენ შეგეძლო უკეთ დაგეწერა“. ნინოს შეუძლია გაბრაზდეს მასწავლებელზე და იფიქროს, რომ ის ვერ მიხვდა მის ძალისხმევას. შესაძლებელია გოგონა საკუთარ თავზე განაწყენდეს და გაიფიქროს, რომ ძალიან სულელია, რადგან ამდენი შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში, ნინოს კიდევ ერთი არჩევანი აქვს. მას შეუძლია იფიქროს, რომ ამ ეტაპზე მან ყველაფერი გააკეთა და მიუხედავად შეცდომებისა, მაინც ყოჩაღია და რომ მომავალ საკონტროლოს აუცილებლად უკეთესად დაწერს, რადგან მამას ან სხვა უფროსს სთხოვს, კარგად აუხსნას ის საკითხები, რომლებიც მისთვის შედარებით რთულია.

ლევანიკოს ძალიან უყვარს თავისი ფისო, რომელიც სულ პატარაობიდან გაზარდა. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ფისო ძალიან ავად გახდა. ვეტერინარმა ლევანიკოს და მის მშობლებს უთხრა, რომ ფისო დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. მსგავს მომენტებში სრულიად ნორმალური და ბუნებრივია იდარდო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლევანიკოს მაინც აქვს არჩევანი. მას შეუძლია თავისი დარდი და შფოთვა მარტომ განიცადოს ან მშობლებს გაუზიაროს საკუთარი განცდები. მათ შეუძლიათ ლევანიკოს დარდი გაიზიარონ, ისაუბრონ ფისოზე, იმაზე, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ფისო. არავინ ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ლევანიკო თავს ბედნიერად იგრძნობს, მაგრამ  ტკივილის წინაშე მარტო მაინც არ დარჩება. მძიმე მომენტებში მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მოუსმინონ ერთმანეთს, რათა შეიმსუბუქონ დარდი და ვარამი.

ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთრ ქცევებსა და გრძნობებზე და სწორედ ამიტომ ვირჩევთ იმას, თუ როგორ მოვიქცეთ, განვიცადოთ და შევიგრძნოთ. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანების მიერ გასაკეთებელი არჩევანი სულ უფრო რთულდება. შეცდომებისგან თავის დასაზღვევად უნდა ვიცოდეთ, რა არის რაციონალური, გონიერი არჩევანი. მართებული არჩევანი ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ ნაკლებად იმპულსური საქციელი ჩავიდინოთ, ამისათვის წინასწარ წარმოვიდგენთ იმას, რის მიღებაც გვსურს საბოლოოდ და ვაფასებთ, რეალისტურია თუ არა ჩვენი მოლოდინი. სხვა სიტყვებით: რა გსურს და როგორ წარმოგიდგენია ამ არჩევნით გამოწვეული შედეგები? რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ეს მართლაც მოხდება? თუ შანსი დიდია, მაშინ არჩევანი რეალისტურია და თუ მცირეა, მაშინ, სავარაუდოდ, ის არ არის რეალისტური.

სანდრომ გადაწყვიტა, რომ სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ ყოველდღე ივლის ფეხბურთის სექციაში, ივარჯიშებს, არ გააცდენს არცერთ საწვრთნელ შეხვედრას. ბიჭი ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ის სკოლისა და ლიგის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ძალიან კარგია, რომ სანდროს ფეხბურთის თამაში სურს და თანაც აპირებს გულმოდგინედ ივარჯიშოს და ყველა შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ რეალისტურია მისი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ აპირებს ყველაზე საუკეთესო გახდეს? შესაძლოა სანდრო წარმატებული ფეხბურთელი გახდეს, რაც დამოკიდებულია მის გულმოდგინებაზე, მის ბუნებრივ ნიჭსა და უნარზე, მაგრამ გახდე საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ძალიან რთულია, რადგან ამ მიზნის მიღწევის მსურველი ბევრია.

თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევა ბევრ რამეზე მეტად ფასობს. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ ყველაზე ძლიერები, ყველაზე სწრაფები, ყველაზე მდიდრები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ლამაზები. მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პიროვნულ სიძლიერესთან. პიროვნული სიძლიერე ვლინდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რისი უნარიც შეგვწევს იმ საქმეში, რომელსაც თავად ვთვლით მნიშვნელოვნად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთრი თავით კმაყოფილი ვართ მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პირადი საუკეთესო შედეგი – სულაც არ არის საუკეთესო. სანდროს რეალისტური მოლოდინი, სავარაუდოდ, ასე უნდა გამოიყურებოდეს: მას შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს ფეხბურთის თამაშისას, გახდეს სპორტული, გაკაჟებული. მას შეუძლია ისწავლოს გუნდური თამაშის კანონები, შეიძინოს მეგობრები, გაერთოს და, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრების ჯანსაღი წესი გაიხადოს თვითმიზნად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სანდროს შეუძლია თავს უფლება მისცეს, დაუშვას შეცდომები და არ ჩათვალოს, რომ ის აუცილებლად სრულყოფილი და უშეცდომო ადამიანია. აი ზუსტად ასე გამოიყურება რეალისტური მიზნები, რომლებიც პიროვნული სიძლიერის მანიშნებელია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იარაღია ჩაგვრისა და დევნის წინააღმდეგ.

 

ნაწყვეტი წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“ – თარგმნა ქეთევან კობალაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი