შაბათი, იანვარი 28, 2023
28 იანვარი, შაბათი, 2023

მართვის ცოცხალი პრაქტიკის გარეშე

არისტოტელეს კარგი დასაწყისი ნახევარ წარმატებად მიაჩნდა… ამ ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი მსოფლიო რანგის ქართველი მოაზროვნის, დიმიტრი უზნაძის, ნარკვევებს სკოლათა მართვის ორგანიზების შესახებ, სადაც გადავაწყდი კიდეც უმნიშვნელოვანეს, ჩემთვის გამოსადეგ ციტატას: “სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს… თვითმმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას”.
როგორია დღევანდელი მოსწავლეთა თვითმმართველობა?
2006 წელს დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივებით სკოლათა დემოკრატიზაციის პროცესის დაწყების შესახებ გვამცნეს. ბევრი იაკობ გოგებაშვილის ნატვრის ახდენაზეც ალაპარაკდა. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფუძნდა სამეურვეო საბჭო, რომელსაც მართვის სადავეები უნდა გადასცემოდა. პარალელურად თითოეულმა უფროსკლასელმა (VII-XI) თავისი ფავორიტი აირჩია მოსწავლეთა მრავალრიცხოვან კომისიაში.
მოსწავლეთა თვითმმართველობას ფართო უფლებამოსილება მიენიჭა. ამ ორგანოს წევრები ირჩევდნენ თავმჯდომარეს, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრი ხდებოდა და მონაწილეობდა ბიუჯეტის დამტკიცების, დირექტორის არჩევისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სასკოლო საკითხების განხილვაში. მოსწავლეებს სოლიდური რაოდენობის წარმომადგენელი (1/3) ჰყავდათ დისციპლინარულ კომიტეტში – მთავარ სტრუქტურაში, რომელიც სასკოლო წესების დარღვევათა პრევენციაზე იყო პასუხისმგებელი. ამასთანავე, თვითმმართველობის პრეროგატივად გამოცხადდა სხვადასხვა პროფილისა თუ შინაარსის სასკოლო კლუბების დაარსებაც.
თითქოს ყველაფერი კალაპოტში მოექცა და შეიქმნა ნოყიერი ნიადაგი მოზარდთა დამოუკიდებელი მოქმედებისა და თავისუფალი ინიციატივის წასახალისებლად, მათ შორის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გასაღვივებლად. ალბათ მალე მრავალფეროვანი და დაძაბული პრაქტიკული საქმიანობის გაჩაღებასაც მოელოდნენ. მეტიც – სასკოლო რეფორმას მყარი ფუნდამენტი უნდა შეექმნა მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
რეფორმატორთა იმედები არ გამართლდა, ცვლილებისგან სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. რატომ?
პასუხი მარტივია: საქართველოში წესებისა და კანონების ზედმიწევნით შესრულება არ გვჩვევია, ამიტომ ბევრი რამ ქაღალდზე რჩება.
მახსოვს ოთახში მოულოდნელად შემოსული სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც ჩემს კლასში სახელდახელო არჩევნები ჩაატარა. კენჭისყრაში ერთი ხმით გავიმარჯვე. შემდეგ თვითმმართველობის კრებაც გაიმართა, სადაც დაბნეულმა და გაოგნებულმა თანასკოლელებმა მდივნად დამამტკიცეს, უბრალო მიზეზით – გრამატიკის წიგნიდან კარგად მქონდა შესწავლილი ოქმის შედგენის წესები და მაშინაც ბევრს ვლაპარაკობდი. მოგვიანებით ეს ღირსებები უფრო მეტად დამიფასეს და რამდენიმე წელი ამ სტრუქტურის თავმჯდომარეც ვიყავი.
როდესაც ადმინისტრაციას ჩვენი უფლებებისა და მოვალეობების განმარტება მოვთხოვეთ, მათ ჯერ მხრები აიჩეჩეს, რამდენიმე დღეში კი “ომი და მშვიდობასავით” სქელტანიანი კრებული გზამკვლევად შემოგვთავაზეს. რატომღაც იმ წიგნში განათლების ყველა კოდექსი, დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი კანონების ჩათვლით, ერთად იყო თავმოყრილი. გამოცდილ ვექილსაც გაუჭირდებოდა მისი შინაარსის გაგება. ჩვენი პასუხისმგებლობის ბოლომდე გაცნობიერება ატესტატების მიღებამდეც ვერ მოვახერხეთ, ჩვენს კითხვებს ამომწურავი პასუხები ვერავინ გასცა.
მოწაფეობის ბოლო რამდენიმე წელი იმის მტკიცებაში გავატარეთ, რომ მოსწავლეებსაც გვაქვს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. ვითხოვდით, ბიუჯეტის თანხით ძვირად ღირებული საოფისე ავეჯის ყიდვის ნაცვლად სასკოლო გაზეთი დაეფინანსებინათ. ვცდილობდით სასკოლო კლუბებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. თუმცა თვითმმართველობის წევრთა მიზნები მხოლოდ მონდომებით შედგენილ ოქმებსა და ღია წერილებში აისახებოდა. მოსწავლეთა მცირე ჯგუფის გარდა, მრავალათასიან სასკოლო საზოგადოებაში არავის აინტერესებდა და არც არავის სჯეროდა, რომ დირექტორთან ერთად სხვებსაც ჰქონდათ ხმის ამოღების უფლება.
ვეჭვობ, ჩემი “ბოლო ზარის” შემდეგ ძირეულად არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ალბათ, აუცილებელია, კარგად ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ისინი საზოგადოების მეორეხარისხოვანი წევრები არ არიან და აქვთ ელემენტარული უფლება სასკოლო გარემოს შესახებ სერიოზული, შედეგიანი მსჯელობისა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი