პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ხაო

რა არის ცოცხალი სამყაროს არსებობის მამოძრავებელი ძალა? მიჩნეულია, რომ ეს გამრავლებაა. ჩვენც, ნადირ-ფრინველიც და უმცირესი ბაქტერიებიც თითქოს იმისთვის ვიბადებით, რომ ახალ სიცოცხლეს მივცეთ დასაბამი. თვით ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროების საზღვარზე მობინადრე ვირუსების ძირითადი წადილიც გამრავლებაა. სხვა დანარჩენი – დიადი თუ მდაბალი იდეალები, ხელოვნება, ტექნიკა, მედიცინა და მჭევრმეტყველება – ჩვენი გამოგონილია ჩვენივე საუფლოს კეთილმოსაწყობად და მეტი არაფერი.

მაგრამ ახალი სიცოცხლე მხოლოდ ლოკალური თვალსაზრისით არის ახალი. მარადისობისთვის, მასის მუდმივობის კანონიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ ატომების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაწყობაა. ატომები რამდენიმე ათეული წელი ინარჩუნებენ ამ „ახალი სიცოცხლის“ ფორმას და ზომას და მერე ზღვის ნაპირას აგებული ქვიშის ციხე-კოშკებივით იშლებიან.

მაშ, რა არის სამყაროს შემოქმედის მთავარი დანაბარები მისი ქმნილებებისთვის? – რასაც ჩემი გონება და ცოდნა სწვდება, ეს მოძრაობაა…

შემოქმედმა როცა ატომები – სამყაროს სამშენებლო აგურები გააჩინა, იქვე დაუბარა, არ გაჩერდეთ, იმოძრავეთო. თან ისიც დააყოლა, ოფლითა თქვენითო.

ჰოდა, ისინიც გაჩენის დღიდან არ გაჩერებულან… თუმცა, როგორც ყოველ ცოცხალ არსებას ჰყავს თავისი ბიოლოგიური „მტერი“, მოძრაობასაც ჰყავს თავისი მოქიშპეები. ერთს ინერცია ჰქვია, მეორეს – ხახუნი.

მეტად საინტერესო ზნისაა ეს ინერცია. ჯერ ერთი, შენს მასაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მძიმე ხარ, ინერციაც მეტი გაქვს. მერე – თავდაპირველად მთელი თავისი მასით გეწინააღმდეგება ნაბიჯის გადადგმაში, პირველ ნაბიჯზე ლამის მთელ არაქათს გაცლის, მერე კი ისე შედის ნავარდის ეშხში, რომ გაჩერება აღარ უნდა; გაჩერდება თუ არა, მაშინვე ივიწყებს მოძრაობის დროს განცდილ ნეტარებას და თავიდან გვიწევს მისი დარწმუნება მოძრაობის სიამოვნებაში. აქ არჩევანი არ გვაქვს. ინერცია სხეულის ის თვისებაა, რომელიც არსად და არასდროს იცვლება, თუ სხეულმა მთლიანობა (მასა) არ შეიცვალა.

ხახუნის ძალის მართვა კი დიდი ხნის წინ ვისწავლეთ. პირველად მას მაშინ ვძლიეთ, საგნების გათრევას მორებზე შემოდება და გაგორება რომ ვამჯობინეთ. მართალია, ხახუნი ამით ვერ მოვსპეთ, მაგრამ მისი შემცირების გზას მივაგენით (სრიალის ხახუნი გორვის ხახუნით ჩავანაცვლეთ). მას შემდეგ მრავალი წელი და ტექნოლოგია შევალიეთ ხახუნის შემცირებას.

იქ, სადაც სრიალის ხახუნის ჩანაცვლება შეუძლებელია, საპოხ საშულებებს ვახმართ. ძრავის სიცოცხლისუნარიანობა სწორედ მისი შეზეთვის ეფექტურობაზეა დამოკიდებული. მუხლიც მანამდე გვიჭრის, სანამ სასახსრე ღრუს შემავსებელი სითხე მწყობრშია.

გორვის ხახუნის შესამცირებლად კი მიწაყრილი გზების ჯერ ფილაქნით მოპირკეთება დავიწყეთ, მერე, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ასფალტ-ბეტონით დავფარეთ. ამით მნიშვნელობად შევამცირეთ ხახუნის ძალა, რამაც გადაადგილების დრო და გადაადგილებისთვის დახარჯული ენერგიაც შეამცირა.

ხახუნის ძალით გამოწვეული გადაადგილების სირთულეები რკინიგზის გაჩენამაც შეამცირა. რელსის ზედაპირის ნაკლებხაოიანობამ გადაადგილება გააადვილა. მერე ფრანგი, იაპონელი და ჩინელი ინჟინრები კიდევ უფრო წინ წავიდნენ და მატარებლის შემადგენლობა მაგნიტური ველის დახმარებით „ჰაერში“ ასწიეს. ასეთი მატარებელი რელსების ნაცლად მაგნიტურ ბალიშზე მისრიალებს. შედეგად შემცირდა ხახუნი, ბევრად გაიზარდა სიჩქარე. თვითმფრინავიც ფრენისას ისეთ სიმაღლეს ირჩევს, სადაც ჰაერთან ხახუნის ძალა ოპტიმალურია.

ჩნდება განცდა, რომ ხახუნის ძალა ჩვენდა ჭირად არის მოგონილი, მაგრამ მისი საჭიროება ისევე დიდია, როგორც მოძრაობის აუცილებლობა.

ყინულის საფარი სავალი გზის ხაოს ფარავს და ხახუნის ძალას ამცირებს. დიახ, ეს ხაო საჭიროა, რომ კისერი არ მოვიტეხოთ, მყარად ვიდგეთ – ჩავეჭიდოთ მიწას. ხახუნის დამსახურებაა, რომ მანქანის ძრავას საურავებზე ენერგიის გადაცემა შეუძლია. მისივე წყალობითაა, რომ შეგვიძლია, მქროლავი ავტომობილი დავაოკოთ ან საერთოდ გავაჩეროთ. ხახუნის მადლით არ გვაცვივა თავზე კომეტები…

ასე რომ, თუ სწრაფად და უსაფრთხოდ გვინდა მოძრაობა, სავალ გზას ხაო უნდა ჰქონდეს, ძრავას კი – სათანადო ძალა და ენერგია მის გადასალახად. მოლიპულ გზაზე სწრაფად სიარული შეიძლება, მანევრირება – არა. ცხოვრებაშიც ასეა… შნო თუ გაქვს, ქვა-ღორღი და ნარ-ეკალი ვერ დაგაკავებს.

ერთი კია: ცნობილი ავტომრბოლელისა არ იყოს, „თუ მიმავალს შეგიძლია თქვა, რომ ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებ, ესე იგი ნელა მიდიხარ“. დანარჩენი პილოტზეა – გამარჯვებული გადაკვეთს ფინიშის ხაზს თუ უბრალოდ დაელოდება თავისი ტრეკის დასრულებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი