პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლა – განვითარების ლოკომოტივი

დედაქალაქში, მთაწმინდის ძირას გაშენებულ ვერის უბანში, უამრავი მშვენიერი პატარა აღმართია. ერთ-ერთ ასეთ აღმართზე, უძველესი ღვინის ქარხნის გვერდით, ოთხსართულიანი მოცისფრო-მომწვანო შენობა დგას. ეს ჩემი სკოლაა… ხშირად მიწევს მის წინ ავლა-ჩამოვლა, კვირაში რამდენჯერმე ვხედავ ამ სასწავლებელს, მის შესასვლელთან შეგროვილ მშვიდ მშობლებსა და ხმაურიან მოსწავლეებს. ერთ დროს მქუხარე გიმნაზიის აქა-იქ ჩამონგრეულ საბჭოთა სტილის ფასადს გულგრილად ვერასდროს ვუყურებ. ალბათ იფიქრებთ, რომ ეს ამ უცნაურად შეღებილ შენობაში გატარებული ბედნიერი თორმეტი წლის ბრალია. ცხადია, არც შეცდებით, თუმცა ჩემს ემოციას აქვს სხვა სერიოზული საფუძველიც.

შუა საუკუნეებსა თუ ახალ ეპოქაში საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი მთავარი ძალა მხედრული სიმამაცით, სიმდიდრით ან ღვთისმსახურებით გამორჩეული მოქალაქეები იყვნენ. მრავალი მკვლევარი სერიოზული არგუმენტების მოშველიებით ამტკიცებს, რომ დასავლეთში ეს დრო დასრულდა. ათეულობით წელია, ევროპის განვითარების მთავარ ფაქტორს, ლოკომოტივს განათლება წარმოადგენს. ცოდნაზეა დაფუძნებული ეკონომიკა, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო. პროფესიონალთა არსებობისთვის აუცილებელ ნოყიერ ნიადაგს კი, უპირველესად, მაღალი კლასის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ქმნის. საქართველოში, მის ქალაქებსა თუ სოფლებში, სწორედ ამგვარი სასწავლებლების ნახვაზე ვოცნებობ მშობლიური სკოლის დანახვისას.

როგორია თანამედროვე სკოლა ?

ბუნებრივია, სკოლა უპირველესად სწავლების შინაარსით ფასობს. ამ თემაზე პედაგოგიკის სპეციალისტები უკეთ ისაუბრებენ, მე კი მინდა, სასწავლო პროცესისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებზე გავამახვილო ყურადღება:

. თანამედროვე, უბრალო ევროპული სკოლისთვის დამახასიათებელია თავისუფლების მაღალი დონე, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დამოუკიდებელ თანამონაწილეობას გულისხობს. მშობლები, მასწავლებლები და ზედა საფეხურის მოსწავლეები ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ერთობლივად ადგენენ რესურსების განაწილებისა თუ განკარგვის ძირითად გეგმას. სასკოლო საზოგადოების ნება ფაქტობრივად დაუძლეველია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსათვის.

ასეთ სკოლებში ფართო თვითმმართველობის სტრუქტურათა გვერდით აუცილებლად არის ინფორმაციის გავრცელების სპეციალური საშუალებებიც. სასკოლო გაზეთი, რადიო თუ ვებგვერდი საჯარო განხილვების მთავარი ასპარეზია, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები თემში, დასახლებასა თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას ცდილობენ. შედეგად ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმის პირველ გამოცდილებას იძენენ, საზოგადოებას, ირგვლივ მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფს კი მისთვის მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზების საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა.

სკოლებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია უსაფრთხოებაც. თუმცა განვითარებულ სამყაროში ეს ცნება მოსწავლეთა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ-ემოციურ დაცვასაც გულისხმობს. მაშასადამე, სასკოლო გარემოში ადამიანები დევნისგან, შევიწროებისგან, დაცინვისა და დისკრიმინაციისგან შედარებით თავისუფალნი არიან. უსაფრთხოების გარანტი, დაცვის სამსახურთან ერთად, ფსიქოსოციალური კაბინეტი და თითოეული შემთხვევისთვის საგანგებოდ მოწვეული, მუდმივად განახლებადი ზრუნვის კომიტეტებიც არის.
ყველა მოდერნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცდილობს უმცირეს კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას. ძნელია იპოვო სკოლა, რომელსაც თეატრალური დასი, მომღერალთა გუნდი ან მინიორკესტრი არ ჰყავდეს. რაც მთავარია, მოსწავლეთა კულტურულ აქტივობას მხარს უჭერენ სახელმწიფო და საზოგადოება.

სასურველ, ოპტიმალურ სასკოლო კლიმატზე მეცნიერები – დისერტაციებს, ხოლო პოლიტიკოსები პარტიულ პროგრამებს წერენ.

ამ თემაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ერთი რამ ნათელია – “ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მხოლოდ მცოდნე კაცია”.

ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბება მხოლოდ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებ, დაუბრკოლებლად ინფორმირებულ, საზოგადოებრივი პროცესებით დაინტერესებულ, დისკუსიებისთვის გახსნილ, კულტურულად აქტიურ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო საჯარო სკოლას შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი