ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უკუკავშირის წყურვილი

ჩვენი ინტერნეტგაზეთის ახალგაზრდა ავტორი ნათია უჩავა სასწაული გოგოა. ნოვატორული იდეების გენერატორია ეს საოცრად მომხიბვლელი მკვლევარი და  მასწავლებელი. ფეისბუქზე აქვს გვერდი, რომელსაც „აქტივობები კლასში“ ჰქვია და უკვე 26 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ამ გვერდზე აღმოაჩენთ მრავალფეროვან რესურსებს საკლასო ოთახში კრეატიული იდეებისა და დისტანციური სწავლების სიახლეებისთვის. დღეს დილით ფეისბუქზე ნათიას პოსტი შემომხვდა ასეთი სათაურით: „როგორ შეამოწმოს თიმსის აპლიკაციამ ავტომატურად საშინაო დავალებები“… ჩავრთე და ვუსმენ საგანგებოდ მომზადებულ ვიდეოინსტრუქციას. ავტორი გვასწავლის, რომ თურმე თიმსი ავტომატურად აკეთებს ყველა საშინაო დავალების უკუკავშირს. გაოცება და სკეპსისი ერთად მიპყრობს! ვიდეოს დასასრულს ნათია სიცილით გამოგვიტყდება, რომ მასწავლებლის ნაცვლად საშინაო დავალებებს ვერავინ შეამოწმებს და გვირჩევნია დრო არ დავკარგოთ. ნათიას ეშმაკობამ კარგ გუნებაზე კი დამაყენა, მაგრამ ასევე დამაფიქრა დისტანციური სწავლების პროცესში უკუკავშირის რაობაზე.

ვის შორის არის უკუკავშირი სწავლა-სწავლების პროცესში ყველაზე აქტუალური? უპირველესად მასწავლებლისა მოსწავლის მიმართ და პირიქით. უკუკავშირი მოსწავლისგან მასწავლებლისთვის ისევე სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც მოსწავლის განვითარებითვის არის გადამწყვეტი. მასწავლებელი მოსწავლეთაგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით აკორექტირებს გაკვეთილის გეგმებს, აქტივობებს, აუმჯობესებს ურთიერთობებს, ხვეწს სასწავლო პროცესს.

რა შეიცვალა ამ მიმართულებით დისტანციური სწავლების პროცესში? – ბევრი რამ! მასწავლებლის უკუკავშირი გადამწყვეტია როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებისას. საკლასო ოთახში მასწავლებელი მყისიერად ართმევს თავს განმსაზღვრელ შეფასებებს, გაკვეთილზევე იძლევა განმავითარებელი შეფასებებს, მიაქვს მატერიალური მასალა – საშინაო/საკლასო დავალების ტესტები თუ რვეულები და ოპერატიულად ახერხებს მათ შესწორებას, აკომენტარებს და აფასებს, ოპერატიულადვე აბრუნებს კლასში. როგორია რეალობა დისტანციური სწავლების დროს? მასწავლებელს უამრავი მოსწავლისგან დაუსრულებლად მოსდის საშინაო დავალებები ხან თიმსში, ხან ფეისბუქის მესენჯერში, ხან ელექტრონულ ფოსტაზე. ნაშრომები შესრულებულია ვორდის ფაილში, ან ფოტოს, ან Power Point-ის პრეზენტაციის სახით არის გადმოგზავნილი. მიღებულ დოკუმენტს ხშირად აქვს ბევრნაირი ტექნიკური ხარვეზი, არ იხსნება, დავირუსებულია, უხარისხოდ არის გადაღებული, მკრთალია და არ აღიქმება, მასწავლებლის გაჯეტი ვერ კითხულობს. ამასთან, მოსწავლეთა უმრავლესობა აგვიანებს ან დედლაინის მიწურულს გზავნის დავალებას. ამდენი დავალების ნახვა, გულდასმით წაკითხვა, ობიექტურად შეფასება, კომენტირება და რედაქტირება წარმოუდგენელი და ხშირად დაუძლეველი გამოწვევაა. მოსწავლეს კი უკუკავშირი უნდა! უდავოდ ლეგიტიმური მოთხოვნაა! თუ მასწავლებელმა უკუკავშირი დააგვიანა, მოსწავლე კიდევ რამდენჯერმე მისწერს, მშობელი ცალკე მოიკითხავს. მასწავლებლისთვის ძნელია გარკვევა, საიდან და როგორ არის დავალება შესრულებული, რომელი ინტერნეტრესურსიდან არის გადმოკოპირებული, ეჭვი ეპარება ავტორის კეთილსინდისიერებაში, მაგრამ ამის გადამოწმება და ობიექტურობის დადგენა ვერ ხერხდება.

ერთხელ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლემ, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში არასდროს შეუსრულებია წერილობითი დავალება თუნდაც დამაკმაყოფილებელ დონეზე, გადმომიგზავნა უზადო საშინაო დავალება. დიდი კლასიკოსის მოთხრობა გარჩეული იყო უმაღლეს დონეზე, მეცნიერ-მკვლევრის ენითა და ხედვით. იმსახურებდა უმაღლეს შეფასებას. დავრეკე მოსწავლესთან და ვცადე, რომ გულწრფელად მესაუბრა ამ დავალების გარშემო. იდეურ-მხატვრულად ურთულესი ნაწარმოები იყო და მის ასეთ განხილვას არამცთუ საბაზო საფეხურის მოსწავლე, უნივერსიტეტის ამ მიმართულების წარჩინებული სტუდენტიც კი ვერ შეძლებდა. თანაც ვორდის ფაილი მომზადებული იყო თვით უმნიშვნელო კორექტურის გარეშე, უზადოდ. მოსწავლეს შევუქე ნაშრომი და უმაღლესი კეთილგანწყობით აღვნიშნე, რომ საუკეთესო იყო, მაგრამ დამოუკიდებელ ნაშრომს არ ჰგავდა და ვკითხე, ვინმე ხომ არ  დაგეხმარა მის შესრულებაში-მეთქი? მან დაბეჯითებით და ომახიანად მომიგო: – არა, მასწ, მე დავწერე, თავიდან კი ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მას მერე, რაც ტექსტი მეორედ წავიკითხე, საერთოდ არ გამჭირვებიაო! არადა, იმედი მქონდა, რომ ჩემი მეგობრული საუბარი მასაც გულწრფელობისკენ უბიძგებდა და მეტყოდა, რომ ჰყავს კერძო მასწავლებელი, პროფესორი ნათესავი ან ჩემი საგნის სპეციალისტი ბებია და გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ…  გამომცდელი კითხვებით ვცდილობდი, რომ რამე ეთქვა ვინმეს დახმარების ხელზე, მაგრამ – ამაოდ! თანაც სემესტრის მანძილზე მას არცერთი დავალება არ გადმოუგზავნია და როცა სემესტრის მიწურულს მოისმინა, რომ მასწავლებელი იძულებული იქნებოდა შეუფასებელი დაეტოვებინა კლასის ის ნაწილი, რომელსაც არასდროს მიუღია მონაწილეობა აქტივობებში, იკადრა და გადმოგზავნა უნაკლოდ შესრულებული ნაშრომი, რომელიც, სავარაუდოდ, ან საიდანმე გადმოაკოპირა, ან ვინმეს დააწერინა მაღალი სემესტრული შეფასების მოსაპოვებლად. აი, ამგვარ სიტუაციაში რა უნდა ქნას მასწავლებელმა?

ვფიქრობ, მასწავლებლებმა ჩვენს მოსწავლეებს უპირველესად სწორი უკუკავშირის მნიშვნელობა უნდა გავააზრებინოთ. „სწორი“ პირობითი სიტყვაა და აქ ვგულისხმობ იმას, რომ მოსწავლის უკუკავშირი მოიცავდეს კითხვების დასმას სასწავლ თემასთან და დავალებასთან დაკავშირებით, კომენტირებას, პრობლემების გამოკვეთას და მსჯელობას მათ არსზე, საკლასო დისკუსიებში მონაწილეობას, მასწავლებლის მიერ უკვე შემოწმებული დავალების გარშემო კითხვების დასმას, კრიტიკულ და თავისუფალ მიდგომას ნებისმიერი საკითხისადმი.

ჩემი ნათესავი, რომელიც მეათეკლასელი მოსწავლის დედაა, მეუბნებოდა, რომ შეწუხებულია დისტანციური სწავლების პროცესში შვილის კლასელთა პასიურობით და მასწავლებლის უმძიმესი მდგომარეობით. მაღალ კლასებში ეს ისეთი დაუძლეველი პრობლემაა, საგონებელში ვარ ჩავარდნილი და ვერაფრით ვპოულობ გამოსავალს. ვცდილობ, ჩავრთო კლასი საგაკვეთილო აქტივობებში, თავაზიანად ვთხოვ, რომ ჩართონ კამერები, დასვან კითხვები, გააკეთონ კომენტარები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის სურვილს მხოლოდ ორიოდე მოსწავლე თუ გამოთქვამს. შემდეგ კლასი „ეჩვევა“ იმას, რომ ჰყავთ აქტიური თანაკლასელები, რომელთაც მასწავლებელთან ერთად „მიჰყავთ“  საგაკვეთილო პროცესი და მთლიანად უთმობენ მათ ასპარეზს. რანაირი მცდელობები არ მქონია, რომ გამეაქტიურებინა პასიური მოსწავლე, მაგრამ ამაოდ. რასაც საკლასო ოთახში ვახერხებდით, აქ შეუძლებელია. საერთოდ ქრება უკუკავშირი. მოსწავლე არც ვიდეოს რთავს, არც მიკროფონს, არ პასუხობს მიმოწერაზე, ან ასახელებს პრობლემას ტექნიკური ხარვეზის, ან ინტერნეტის მიწოდების შეზღუდვის შესახებ და იქმნება შეუღწეველი ჯავშანი, მოჯადოებული წრე, რომლის დაძლევა შეუძლებელია. ამდენ მოსწავლესთან დაკავშირებით სათითაოდ რომ დამრიგებელი და მშობელი ჩააყენო საქმის კურსში, შეუძლებელია. საამისო დრო მასწავლებელსაც არ აქვს და პრობლემა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ამას საშინლად განვიცდი, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ალბათ ნორმალური სასწავლო რეჟიმის დაბრუნების შემდეგ ასეთ მოსწავლეებს, რომლებიც საგანგებოდ ირჩევენ აუტსაიდერის პოზიციას, კიდევ უფრო გაუჭირდებათ სასკოლო სივრცეში სოციალიზაცია.

უკუკავშირის სიკეთე და მისი როლი სწავლა-სწავლების ხარისხის ოპტიმიზაციაში – ამ თემაზე ალბათ უნდა გავმართოთ მშობელთა კრებები, დამრიგებლებმა საგანგებოდ უნდა გაამახვილონ ყურადღება კლასის საათებზე, მოსწავლეებს სპეციალური ლიტერატურა უნდა გავაცნოთ ამასთან დაკავშირებით და სასწავლო პროცესის ყოველმა აქტორმა (მასწავლებელმა, მოსწავლემ, მშობელმა, სკოლის ადმინისტრაციამ) უნდა გააცნობიეროს, რომ სისტემატური და სრულფასოვანი უკუკავშირის გარეშე წამოუდგენელია ჩვენი საერთო მიზნების შედეგებად ქცევა.

ასევე პრობლემაა უკუკავშირის დეფიციტი მასწავლებლის მხრიდან. ხშირად აქტიურ მოსწავლეს წყურია მასწავლებლის შეფასების მოსმენა, სჭირდება სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია, ზედამხედველობა სასწავლო თემებსა თუ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის დროს, ობიექტური და კეთილგანწყობილი განმავითარებელი კომენტარი, მაგრამ მასწავლებელი ან გულგრილია, ან არაკომპეტენტური, რომ მოსწავლის საჭიროებები აღიქვას და სათანადო პასუხები გასცეს ყველა გამოწვევას. ეს იწვევს მასწავლებლისადმი მოსწავლისა და მშობლის უნდობლობას, გაუცხოებას და ძალიან ხშირია პრობლემური ურთიერთობები, რაც ფსიქოლოგიურად ორივე მხარეს აზიანებს.

დისტანციურ სწავლებას ბევრი პლუს-მინუსი აქვს, მაგრამ როცა დავფიქრდი მის მახასიათებლებზე, პირველი, რაც მომაგონდა, უკუკავშირის დეფიციტი და მისი გაუსაძლისი წყურვილია. ვისურვებ, რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. ხშირად მასწავლებლის ძალებს აღემატება მოსწავლის დაინტერესებისა და გააქტიურების შესაძლებლობა და ყოველმა მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვაზე. ვისურვებ, რომ არც მოსწავლეებს და არც მასწავლებლებს სანატრელი არ გვქონდეს ეს ჯადოსნური სიტყვა – უკუკავშირი და ის პროცესი, რომელსაც ეს სიტყვა გულისხმობს. როცა ვირტუალური ურთიერთობები ისედაც გამორიცხავს ცოცხალ კომუნიკაციას და ეს ხელს გვიშლის სრულფასოვანი სასწავლო პროცესის აწყობაში, უკუკავშირის დეფიციტი კიდევ უფრო აბნელებს ურთიერთობის სივრცეებს, რაც ჩვენი ყველას ერთობლივი ძალისხმევით თუ გამოსწორდება, ცალმხრივი მცდელობებით – ვერანაირად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი