ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

Club 27. ჯიმი ჰენდრიქსი

“ბლუზის დაკვრა მარტივია, მისი შეგრძნება კი – რთული”.
ჯიმი ჰენდრიქსი

მუსიკა ჩემთვის ერთგვარი თავშესაფარია. გაქცევა რუტინული სინამდვილისგან, რომელიც ზოგჯერ მეტისმეტად მძიმედ გაწვება მხრებზე. დიდი ხანი არ არის, რაც აქტიურად აღარ ვუკრავ და ბოლო დროს ამ მხრივ საკმაოდ დიდი ემოციური დეფიციტი მაქვს, მუსიკის მოსმენა და მასზე წერა კი ერთგვარად მივსებს ამ დეფიციტს. მცირედით, მაგრამ სულ არარაობას სჯობია.

კითხვაზე “რას უსმენ?” არასდროს მქონია კონკრეტული პასუხი. ყველა ჟანრის ჩამოთვლას ძალიან ბევრი დრო მიაქვს და კითხვის ავტორიც იბნევა, ამიტომ მარტივად ვპასუხობ ხოლმე: “ცოცხალ მუსიკას”. არ ვიცი, როგორ ესმით სხვებს ცოცხალი მუსიკის ცნება, მაგრამ ჩემთვის მისი გაგება ასეთია: ცოცხალია მუსიკა, რომელიც არ არის დეტალურად “დაგეგმილი”, რომელშიც ბევრია იმპროვიზაცია და არ არის ჩარჩოები. სწორედ ამიტომ მიყვარს ჯაზი და ბლუზი ყველაზე მეტად. შემდეგ მოდის ალტერნატიული როკი, ფსიქოდელია და ა.შ.

თუმცა მუსიკისადმი ჩემი მიდგომა მოიაზრებს ერთ უნივერსალურ ღირებულებას – ადამიანს, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეცვალა მუსიკის ფილოსოფია; პიროვნებას, რომელიც ძალიან მოკლე ხანში მილიონობით მელომანის კუმირი გახდა. მან ბევრი ახალგაზრდა შეცვალა უკეთესობისა თუ უარესობისკენ. ვფიქრობ, არ დაბადებულა სხვა მუსიკოსი, რომელსაც ასეთი დიდი გავლენა ჰქონდეს თავის მსმენელზე.

ჯიმი ჰენდრიქსი – ადამიანი, რომლის წარმოდგენაც გიტარის გარეშე შეუძლებელია. პიროვნება, რომლის შესახებაც მისი მეგობარი, ბრწყინვალე თანამედროვე მუსიკოსი ერიკ კლეპტონი ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: “ის სხვა სამყაროდან იყო. მე ვცადე მასთან მიახლოება, მაგრამ საოცარ ბარიერს გადავაწყდი… და ეს არ იყო ბარიერი ცუდი გაგებით”. კლეპტონს მიაჩნდა, რომ ჰენდრიქსის განსაკუთრებულობას მისი უნიკალური ნიჭი და ქარიზმა განაპირობებდა. სწორედ ამ ნიჭის წყალობით იყო, რომ ჯიმი ყოველთვის ყველა შემსრულებელზე ერთი თავით მაღლა იდგა, უსწრებდა დროს, ზოგჯერ – მეტისმეტადაც კი.

ჯიმი, ოფიციალურად ჯონი ალენ ჰენდრიქსი, რომლის წინაპრებს შორისაც შეგვიძლია ვიპოვოთ ინდიელები, ირლანდიელები და მექსიკელები, 1942 წელს სიეტლში დაიბადა. უცნაური ბავშვი გახლდათ – დაწყებით სკოლაში მუდამ თან დაათრევდა ცოცხს, რომელსაც გიტარის იმიტირებისთვის იყენებდა… მას შემდეგ, რაც მის იმიტაციებს რამდენიმე ცოცხი შეეწირა, ბავშვს ყურადღება მიაქცია დაწესებულებაში მომუშავე სოციალურმა მუშაკმა და ჰენდრიქსის მამას სთხოვა, ნამდვილი გიტარა შეეძინა მისთვის, რადგან ჯიმის ფსიქიკა შერყევის ზღვარზე იყო – გიტარა მას ერთგვარ აკვიატებულ იდეად ექცა. სამწუხაროდ, ჰენდრიქსს საკუთარი გიტარა კარგა ხანს არ ღირსებია. 15 წლისა გახლდათ, როდესაც პირველი აკუსტიკური ინსტრუმენტი შეიძინა 5 დოლარად, მერე – პირველი ელექტროგიტარაც…

ჯიმი ცაცია იყო, ამიტომ დაკვრა ამოტრიალებულ, სიმებგადაწყობილ გიტარაზე უწევდა – პირველ სიმს ბოლოში დაამაგრებდა, ბოლოს – პირველის ადგილას, დანარჩენებსაც გადააწყობდა და ასე უკრავდა. იმ დროისთვის ეს ერთგვარი ნოვაცია იყო. თავდაპირველად ჰენდრიქსმა რამდენიმე ადგილობრივ ბენდში მოსინჯა ძალა, თუმცა მისი კარიერა 1966 წლამდე სრულიად უღიმღამოდ მიედინებოდა. სწორედ 1966-ში აღმოაჩინა იგი ჩეზ ჩენდლერმა, ჯგუფ “Animals”-ის ბასგიტარისტმა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში. ჩენდლერი იხსენებს, რომ მაშინ ჯიმიმ თავისი უკვდავი ჰიტი “Hey, Joe” შეასრულა:

ჩენდლერმა ჯიმი ინგლისში წაიყვანა, სადაც შესანიშნავი დრამერი მიჩ მიჩელი და ბასისტი ნოელ რედინგი გააცნო. ჯიმიმ, ნოელმა და მიჩმა ტრიო შექმნეს – პირველი ბენდი, რომელშიც ჯიმი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა – “The Jimi Hendrix Experience” (ქართულად ამ სახელწოდების თარგმნა ცოტა ძნელია, თუმცა დაახლოებით ასე ჟღერს: “ჯიმი ჰენდრიქსის გამოცდილება”). ლონდონშივე დაუახლოვდა ჯიმი ერიკ კლეპტონს და მისი ჯგუფის, “Cream”-ის წევრებს. უკვე პოპულარული ჰენდრიქსი ხშირად აღნიშნავდა, რომ კლეპტონის ჯგუფს მუდმივად უსმენდა და მათი მუსიკით აღფრთოვანებული იყო.
ჰენდრიქსის მანერა ძალიან განსხვავდებოდა სხვა მუსიკოსებისგან. ვოკალის პარტიებს შორის პაუზებს ის გიტარის სოლოთი ავსებდა, გრძელ სოლო პარტიებს კი ისე ასრულებდა, როგორც მანამდე არავის შეუსრულებია – გიტარას თავს უკან, კისერზე იდებდა, უკრავდა თითებით, კბილებით, გამოირჩეოდა დამახასიათებელი მოძრაობებით. სცენაზე ძალიან კარგად იდგა და მსმენელთან კონტაქტიც არასდროს უჭირდა.
სცენის მიღმა მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც პრესისთვის რამდენიმე სიტყვას ძლივს აბამდა ერთმანეთზე, სცენაზე ნამდვილ დრაკონად იქცეოდა და, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ცეცხლს აფრქვევდა. ერთ-ერთ კონცერტზე მან გიტარასაც კი წაუკიდა ცეცხლი. კითხვაზე, რატომ მოიქცა ასე, მან უპასუხა: “გიტარის დაწვა ერთგვარი მსხვერპლშეწირვა იყო, მსხვერპლად კი იმას სწირავ, რაც გიყვარს. მე მიყვარს ჩემი გიტარა”.
1967 წელს ჯგუფმა “The Jimi Hendrix Experience” გახსნა კონცერტი ლონდონის თეატრ “Saville”-ში. თეატრი ლეგენდარული ჯგუფის, “ბითლზის” მენეჯერს, ბრაიან ეპშტაინს ეკუთვნოდა. კონცერტს თავად ჯგუფის წევრები, ჯორჯ ჰარისონი და პოლ მაკარტნიც ესწრებოდნენ. ჰენდრიქსმა საღამოს გახსნაზე “ბითლზის” ერთ-ერთი სიმღერის, “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band”-ის თავისებური, სრულიად განსხვავებული ვერსია დაუკრა. პოლ მაკარტნი იხსენებს, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი გახლდათ. ნებისმიერი ხელოვანი იამაყებდა იმით, რომ მისი დაწერილი კომპოზიცია ჯიმი ჰენდრიქსმა შეასრულა.
ინგლისში ჰენდრიქსმა წარმატებული წლები გაატარა, შემდეგ კი საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო – დაბრუნდა ამერიკაში, იქ, სადაც ჯერ არც ერთ როკბენდს არ ჰყოლია ასეთი ძლიერი შავკანიანი სოლისტი. ფსიქოდელია და ბლუზი ერთად! ეს ნამდვილად თამამი განაცხადი იყო ამერიკისთვის. განწყობა შტატებში 60-იანი წლების შესაბამისი გახლდათ – რასიზმი ჯერ კიდევ ღრმად იყო გამჯდარი ამერიკელთა გონებაში.
ჰყვებიან, რომ 1968 წლის 4 აპრილს ჯიმი და მისი ჯგუფის წევრები ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდნენ, როცა მიმტანმა კლიენტებს მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის ამბავი შეატყობინა. ჰენდრიქსის გვერდით მჯდომმა თეთრკანიანების ჯგუფმა მკვლელის სადღეგრძელო დალია. ჯიმი ჩუმად იყო, მას არ მოუხდენია კონფლიქტის პროვოცირება, თუმცა მომდევნო კონცერტზე, ნიუ-იორკში, ის ათობით ათასი ადამიანის წინაშე სცენაზე გამოვიდა და მაყურებლებს უთხრა: “მე დღეს ჩემი მეგობრისთვის ვუკრავ”. ჰენდრიქსმა მთელი რეპერტუარი შეცვალა და მთლიანად იმპროვიზებული კომპოზიციები დაუკრა. როგორც მისი ჯგუფის მომსახურე პერსონალის წევრები ამბობენ, კონცერტი იმდენად ძლიერი გამოვიდა, რომ ოვაციები კარგა ხანს არ წყდებოდა. ტაშს უკრავდა ყველა. ეს იყო მომენტი, როდესაც ხალხმა დაივიწყა, რა არის რასიზმი და ბოლომდე გაჰყვა უბრალო შავკანიან ბიჭს – გენიალურ არტისტს, რომელიც იმ დღეს მარტინ ლუთერ კინგისთვის უკრავდა. სამწუხაროდ, ამ კონცერტის (ისევე, როგორც ბევრი სხვა კონცერტის) არც ვიდეო და არც აუდიოჩანაწერი არ მოიპოვება.
სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯიმი ჰენდრიქსი, შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარული იყო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. მისი ბენდი გაფართოვდა და მუსიკაც გაცილებით მრავალფეროვანი გახდა, კარიერის პიკი კი ვუდსტოკის ლეგენდარული ფესტივალი იყო – მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა, სადაც ასობით ათასი ადამიანი სამი დღის განმავლობაში ცოცხლად უსმენდა ისეთ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიც იყვნენ: ჯენის ჯოპლინი, ჯო კოკერი, ერიკ კლეპტონი “Cream”-თან ერთად, “The Who” და ა.შ. ჰენდრიქსმა ეს ფესტივალი დახურა. ბოლო გამოსვლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ალბათ სწორედ აქ იგრძნო საბოლოოდ, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მას ამერიკელი და არამხოლოდ ამერიკელი მელომანებისთვის. მისგან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს მოელოდნენ. ჰენდრიქსმა ეს იცოდა და აწვდიდა მსმენელს იმას, რასაც სთხოვდნენ. თუ არსებობს ამქვეყნად მუსიკა, რომელსაც შეიძლება “ვნებიანი” უწოდო, ეს სწორედ ჯიმის კომპოზიციებზე შეიძლება ითქვას. მისი ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჰენდრიქსის მუსიკა “ზედმეტად ეროტიულად” შერაცხა და მოზარდი თაობისთვის მავნედ მიიჩნია.
ჯიმისთვის ეს თავისუფლება იყო. როგორც ერიკ კლეპტონი ამბობს, ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სურდა. ის არასდროს მიაყენებდა ზიანს სხვას, მაგრამ საკუთარ თავს იმას გაუკეთებდა, რაც მოესურვებოდა. კლეპტონი ფიქრობს, რომ ჯიმი ნამდვილად იყო გენიოსი, გენიოსებს კი მარტოობის შეგრძნება ტანჯავთ. შესაძლოა, სწორედ ამ შეგრძნებებმა მიიყვანა ჰენდრიქსი ნარკოტიკებამდე. ის აქტიურად მოიხმარდა სტიმულატორებსა და ფსიქოდელიურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რათა მოეშორებინა უხილავი, შესაძლოა არარსებული ტვირთი. როგორც მიჩ მიჩელი იხსენებს, გერმანიაში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე LSD-თ გაბრუებულმა ჰენდრიქსმა გიტარის აწყობაც კი ვერ მოახერხა. მიჩელმა თავად აუწყო გიტარა, ხელში მიაჩეჩა და ხალხს ბოდიში მოუხადა: “ჯიმი შეუძლოდაა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციას დაუკრავს…”
ნარკოტიკებმა მუსიკოსს ჯანმრთელობა საგრძნობლად შეურყია. როგორც ამბობდნენ, სიფხიზლეში მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი სიცოცხლის ბოლო წლებში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ნამდვილ ნაძირალად იქცეოდა ხოლმე.
რა გასაკვირიც უნდა იყოს, ჯიმი ჰენდრიქსის სიკვდილს ნარკოტიკებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. 1970 წლის 18 სექტემბერს მისი ცხედარი ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი საძილე პრეპარატისა და ალკოჰოლის შერევით მიღებული ასფიქსიური შეტევა იყო. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი წვეულებიდან დაბრუნებულმა ჰენდრიქსმა 9 აბი ძლიერმოქმედი საძილე პრეპარატი მიიღო, რამაც ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას ლეტალური შედეგი გამოიწვია. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როკის, ბლუზისა და ფსიქოდელიური მუსიკის გენიოსის ცხოვრება 27 წლის ასაკში შეწყდა – მაშინ, როდესაც მისი მეტ-ნაკლებად წარმატებული კარიერა სულ რაღაც ოთხი წლის დაწყებული იყო. ოთხ წელიწადში მან მოახერხა და მოიგო ყველა გემოვნების მელომანის გული, გახდა ნომერ პირველი გიტარისტი მსოფლიო როკმუსიკის ისტორიაში. ეს სტატუსი მას 2003 წელს გავლენიანმა ამერიკულმა მუსიკალურმა ჟურნალმა “როლინგ სტოუნმაც” მიანიჭა.
ბევრი მუსიკოსი ცდილობს და მომავალშიც ეცდება, გახდეს ისეთივე შემსრულებელი, როგორიც ჯიმი ჰენდრიქსი იყო. მაგრამ აქ მთავარი არც გიტარაზე დაკვრის ტექნიკაა და არც სიმღერის მანერა. ჯიმი იდეაა, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოს ეკუთვნის. იდეა როკენროლისა, სიყვარულისა, მშვიდობისა… გენია, რომელმაც ბევრი კომპოზიცია და უფრო მეტი საფიქრალი დაგვიტოვა: როგორი იქნებოდა ის დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარჩებოდა თუ არა მუდამ ასეთივე პოპულარული, რას დაწერდა, რას იტყოდა… თუმცა მთავარი სათქმელი მან ალბათ უკვე თქვა. მთელი თავისი შემოქმედებით და კიდევ ერთი ფრაზით: “როცა სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს დაძლევს, მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი