შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 როგორ? რატომ? საიდან? ანუ როგორ ვასწავლოთ ფიქრი

როდის იწყებს ბავშვი ფიქრს?

ჯონ დიუი აღნიშნავდა, რომ ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას განვითარება სჭირდება: „ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ ჩვენ კონკრეტულ პრობლემებთან შებრძოლების საშუალებას ვაძლევთ და მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უხდება”.

მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების ეფექტური სტრატეგიების გამოყენება, როგორიცაა:

  • პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • მეტაკოგნიცია (აზროვნება აზროვნების შესახებ).

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისას მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს, რომლებიც მათგან მოითხოვს ინფორმაციის წარმოდგენის ალტერნატიული გზების ძიებას, რომლებიც განსხვავებულია ტექსტში მოყვანილისგან; სთავაზობს აქტივობებს, რომლებიც გულისხმობს ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა კონტექსტში განხილვასა და შედარებას, განსხვავებული დასასრულის ძიებას, ინტერპრეტაციას, „რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ“…; ისეთი იდეის ჩართვას, რომელიც ტექსტში არ არის მოცემული.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მასწავლებლები ხშირად მიმართავენ პროექტით სწავლების სტრატეგიას, რომელიც რამდენიმე საფეხურისგან შედგება:

  • პრობლემის გამოკვეთა/განსაზღვრა/აღწერა;
  • პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  • პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
  • სტრატეგიების შერჩევა და განხორციელება;
  • შედეგების შემოწმება;
  • შეფასება.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. მისი გამოყენებით მოსწავლეები ეჩვევიან ფიქრს და რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ წარმატებების მიღწევაში.

მახსენდება ლუსი მორალის არაჩვეულებრივი სიტყვები: „ფიქრები, რომლებიც გაქვთ; სიტყვები, რომლებსაც წარმოთქვამთ; საქციელი, რომელსაც სჩადიხართ, საბოლოო ჯამში სიკეთისა და ბოროტების კეთების თვისებად იქცევა, – ძალად, რომელიც თავისი განვითარებით ან ზრდით კვლავ მას უბრუნდება, ვინც იგი თავისგან გარეთ მიმართა’’.

 

ხშირად ვეუბნები მოსწავლეებს, მნიშვნელობა არა აქვს, თქვენს ფიქრს გაასიტყვებთ თუ არა, ის უკვე თქვენს გონებაში წარმოსახული ქმედებაა, ამიტომ ეცადეთ, იფიქროთ პოზიტიურად, იფიქრეთ სიკეთეზე, რათა უფრო მეტი კეთილი საქმე გააკეთოთ.

 

ამავდროულად, ძალიან კარგად მესმის, რომ დედამიწა სამოთხე არ არის და მოზარდ თაობას ძალიან ბევრი ცხოვრებისეული სიძნელის გადალახვა მოუწევს. ამისათვის ისინი მზად უნდა იყვნენ.

როგორ?

უნდა ვასწავლოთ ფიქრი, რათა კრიტიკული აზროვნების უნარის დახმარებით მათ შეძლონ არსებული ფაქტების, მსჯელობებისა და წარმოდგენების ხელახალი გააზრება, არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი სიტუაციის გაანალიზება და, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის გაკეთება.

ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ისე მიაწოდოს მოსწავლეებს მასალა, რომ მათ ფიქრის, განსჯის, ინტერპრეტირების საშუალება დაუტოვოს და თავს არ მოახვიოს საკუთარი შეხედულებები; დასვას არა მხოლოდ მარტივი კითხვები ,,რა’’, ,,სად’’, ,,როდის’’, არამედ ყველა საჭირო კითხვა: ,,როგორ’’, ,,რატომ’’, ,,საიდან იცი’’ და ა.შ. ამგვარად დასმული კითხვები მოსწავლეებს ეხმარება თავისუფლად, დაუბრკოლებლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.

,,მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეთა დამოუკიდებლობა. ხშირად მოსწავლეები შეცდომის დაშვების შიშის, საკუთარ პასუხში დაურწმუნებლობისა თუ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო მიჯაჭვული არიან მასწავლებელზე, რაც აფერხებს მათში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა უნდა დაადგინოს მიჯაჭვულობის მიზეზი და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელობის განვითარებას“.

 

კრიტიკული აზროვნება მოითხოვს დამაჯერებელ არგუმენტაციას. ყველა არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი. ამიტომ არგუმენტაციის ჩამოყალიბებას სერიოზული მოფიქრება და წესების დაცვა სჭირდება. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს დამაჯერებელი არგუმენტირება, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება.

  • მტკიცება, ანუ თეზისი;
  • საბუთი;
  • მტკიცებულება.

 

კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება (თამარ ტალიაშვილი).

 

კრიტიკული აზროვნების განვითარება და პრობლემების სწორად გადაჭრის გზების ძიება სხვა ადამიანებთან კამათის, აზრის გაცვლის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, მასწავლებელმა მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშესაწყობად უნდა გამოუმუშაოს: სხვათა მოსმენისა და მათი აზრის გათვალისწინების,

საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარები.

 

როდესაც მოსწავლე აკეთებს რეფლექსიას, შეუძლია საკუთარი და სხვათა შეხედულებების ადეკვატურად შეფასება, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი შეცდომის აღიარება, ეს უკვე არის მეტაკოგნიციის, მაღალი სააზროვნო დონის (აზროვნება აზროვნების შესახებ) პროცესი.
მეტაკოგნიციის დროს ხდება იმის შემეცნება, თუ რა ვიცით (მეტაკოგნიტური ცოდნა), იმის გაცნობიერება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით (მეტაკოგნიტური უნარი), ან როგორია ჩვენი მიმდინარე კოგნიტური და ემოციური მდგომარეობა (მეტაკოგნიტური შეგრძნება). მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებს – მართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ.

 

ეს კომპონენტებია:

  • პრობლემის არსებობის აღიარება;
  • პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად;
  • სტრატეგიის არჩევა;
  • გონებრივი რესურსების განაწილება;
  • პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება.

 

სწავლისა და აზროვნების მარეგულირებელი სამი მეტაკოგნიტური უნარი, დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება მეტაკოგნიციის განვითარების საფუძველია.

 

დაგეგმვა უზრუნველყოფს, რა დრო უნდა დაუთმოს მოსწავლემ დავალების შესრულებას, რა სტრატეგიები უნდა გამოიყენოს; საკუთარ თავს დაუსვას კითხვები, რა ტიპის წინარე ცოდნა აქვს პრობლემის გადასაჭრელად, როგორ აპირებს მათ გადაჭრას, რა არის არსებითი, რაც უნდა გამოკვეთოს.

 

მონიტორინგი გულისხმობს, რამდენად სწორად შეარჩია მოსწავლემ სტრატეგიები, მოიძია შესაბამისი რესურსები, არის თუ არა საჭირო რაიმეს შეცვლა, რათა უკეთეს შედეგზე გავიდეს.

 

შეფასება არის უმნიშვნელოვანესი მეტაკოგნიტური უნარი, რომელიც მოიცავს განსჯას სწავლისა და ფიქრის პროცესებისა და შედეგების შესახებ. ამოცანის დასრულების შემდეგ მოსწავლე შეიძლება შეეკითხოს საკუთარ თავს, რამდენად სწორად გადაჭრა ამოცანა, მიაღწია თუ არა დასახულ მიზანს, საჭიროა თუ არა რამის შეცვლა.

 

თუ გვსურს, რომ ბავშვებმა შეძლონ ცხოვრების რთულ გამოწვევებთან გამკლავება, ამისთვის, პირველ რიგში, მათ უნდა ვასწავლოთ ფიქრი. თქვენ უბრალოდ ასწავლით მათ, იფიქრონ. თქვენი როლია დასვათ ზუსტი შეკითხვები, მოუსმინოთ და რეაგირება მოახდინოთ. ამ დროს ბავშვების მოვალეობაა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გადმოსცენ თავიანთი აზრები თქვენთვის გასაგებ ენაზე. ეს საუკეთესო გზაა ცოდნის გასამყარებლად. (ბრაიან უშირო)

 

დავსვათ ზუსტი შეკითხვები, ეს ძალიან მარტივია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16652

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები

https://mastsavlebeli.ge/?p=2190 – რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება

https://at.ge/2020/06/09/kritikuli-azrovneba/

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი