შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გზაჯვარედინზე

ერთ-ერთ წინა ბლოგში ვისაუბრე პანკურ სუბკულტურაზე და გაკვრით იმ საკითხსაც შევეხე, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მუსიკასთან ასოცირებული სუბკულტურების მიმართ. პოსტმა ბევრი დადებითი გამოხმაურება მიიღო, რამაც ძალიან გამახარა და გადავწყვიტე, ამ თემას კიდევ ერთხელ დავბრუნებოდი, ოღონდ სხვა კუთხით.

როგორც ცნობილია, საზოგადოების ნაწილს მიაჩნდა, რომ თითქმის ყველა იმ ხელოვანს, რომელმაც მე-20 საუკუნის სრულიად უნიკალური ბრიტანული და ამერიკული მუსიკალური კულტურა შექმნა, ბნელ ძალებთან (უფრო ბანალურად რომ ვთქვათ, ეშმაკთან) ჰქონდა კავშირი: ჯონ ლენონს, ჯიმი ჰენდრიქსს, მიკ ჯაგერს, ელტონ ჯონს… პირადად ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა, ეშმაკთან კავშირი დასდო ბრალად ლენონს – სულითა და გულით პაციფისტს, რომელმაც შექმნა გენიალური კომპოზიციები “All You Need Is Love” (“ყველაფერი, რაც გჭირდება, სიყვარულია”), “Give Peace a Chance” (“მიეცით მშვიდობას შანსი”), “Imagine” (“წარმოიდგინე”) და სხვა.

ვფიქრობ, საქმე მხოლოდ კონკრეტულ შემსრულებლებში არ არის.

რატომ იგივდება როკ მუსიკა “ბნელ ძალებთან?”

ყველაფერი 1929 წელს დაიწყო, როდესაც მუსიკალურ ასპარეზზე ბლუზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი რობერტ ჯონსონი გამოვიდა – 18 წლის შავკანიანი მისისიპელი ბიჭი, რომელმაც მთელი შტატი და მერე უკვე მთელი ამერიკა აალაპარაკა.

სხვათა შორის, ორიოდე წლის წინ უნივერსიტეტში, ერთ-ერთ ლექციაზე, მთხოვეს, ჩამომეთვალა ოთხი ადამიანი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს. მე ამ ოთხიდან ერთ-ერთ პოზიციაზე სწორედ რობერტ ჯონსონი დავაყენე… მიზეზი მარტივია – ჯონსონი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მოახერხა და ამერიკელ შავკანიანთა სასულიერო მუსიკა, ე.წ. სპირიჩუალი, გოსპელი (Spiritual, Gospel), გიტარაზე გადაიტანა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ინსტრუმენტულ ბლუზს. სწორედ ბლუზიდან წამოვიდა როკენროლი, რომლისგანაც ალტერნატიული როკი, ფსიქოდელია და თითქმის ყველა ის მუსიკალური მიმდინარეობა განვითარდა, რომელიც დღეს საკმაოდ ხშირად გვესმის. ჯონსონმა შეცვალა სამყარო, რადგან მის გარეშე მუსიკა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

ჯონსონის კარიერა სულ რაღაც 11 წელი გაგრძელდა. ის ძალიან ახალგაზრდა, 27(!) წლისა გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში. არსებობს ვერსია, რომ იგი მოწამლეს.

ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, ჯონსონმა მსოფლიო მნიშვნელობის გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის მუსიკაზე და არაერთი ცნობილი კომპოზიცია შექმნა. სწორედ მას ეკუთვნის ისეთი ბლუზსტანდარტები, როგორებიცაა: “Sweet Home Chicago” (“ჩიკაგო, ტკბილი სახლი’”), “Love in Vain” (“ამაო სიყვარული”), “Cross Road Blues” (“ბლუზი გზაჯვარედინზე”) და ა.შ.

ჯონსონის მუსიკალური აზროვნება, ტექნიკა და სტილი იმდენად არ შეესაბამებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისს, რომ ბევრს უჭირდა მისი მუსიკის ადამიანურად აღქმა. ამიტომაც გაჩნდა ილუზია ერთგვარი “ფაუსტური გარიგების” შესახებ. სწორედ ჯონსონს ეხება ლეგენდა, რომელიც ეშმაკთან კავშირს გულისხმობს.

ლეგენდის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ახალგაზრდა რობერტს ძალიან უნდა, დიდი ბლუზმენი გახდეს. ის მისისიპიში, დოკერის პლანტაციასთან მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მიდის და ეშმაკს ელოდება. ეშმაკი მას ხვდება და ბლუზის ვარსკვლავობის სანაცვლოდ სულის მიყიდვას სთავაზობს. რობერტიც თანხმდება და იღებს მისგან უნიკალურ ნიჭს.

სხვათა შორის, ამ ისტორიაზე დაყრდნობით რეჟისორმა უოტერ ჰილმა ფილმი “Crossroads” (“გზაჯვარედინი”) გადაიღო, რომელიც ეკრანზე 1986 წელს აჩვენეს. სურათი საკმაოდ კარგი გამოვიდა და დღემდე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია.

ზემოთ სწორედ იმ გზაჯვარედინის ფოტოს ხედავთ, რომელიც ლეგენდაში ფიგურირებს. ეს ლეგენდა თითქოს გაამყარა რობერტის უკვდავმა სიმღერამ “Cross Road Blues”, რომელსაც ასეთი ტექსტი აქვს:

“I went to the crossroad, fell down on my knees,

Asked the Lord above “Have mercy, now save poor Bob, if you please”

“მე მივედი გზაჯვარედინზე და მუხლებზე დავეცი,

ვთხოვდი უფალს: “გაიღე მოწყალება, გადაარჩინე საწყალი ბობი…”

დიახ, სიმღერის მიხედვით, ავტორი მართლაც მივიდა გზაჯვარედინზე და მუხლებზეც დაეცა, მაგრამ… არ შემცდარხართ, “The Lord” მრავალ რელიგიაში “უფალს”, “ღმერთს” გულისხმობს. მსგავსი ტექსტი ბევრ სხვა სიმღერასაც აქვს, მაგალითად, ჰოლინ ვულფის ძალიან კარგ ბლუზკომპოზიციას “Killing Floor”: “The Lord Knows, I Should Have Been Gone” (“უფალმა იცის, რომ მე უნდა წავსულიყავი”), ბობ მარლის უკვდავ ჰიტს “One Love”: “Give thanks and praise to the Lord and I will feel all right” (“მადლობა ვუთხრათ, ვადიდოთ უფალი და თავს კარგად ვიგრძნობ”). უფლის როგორც კეთილი ძალის იდეა ბლუზისა და რეგისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

როგორც ჩანს, თავის სიმღერაში ჯონსონიც სწორედ ღმერთს სთხოვს დახმარებას, ეშმაკისა აქ კვალიც არ ჩანს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მისი შემოქმედების მისტიფიცირებამ რობერტს უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა.

დრო გავიდა, მუსიკა და მისი შემსრულებლები შეიცვალნენ, ლეგენდა კი ადამიანთა ცნობიერებიდან ვერ ამოიშალა… სწორედ ამ არარსებულმა “ფაუსტურმა გარიგებამ” დაუდო სათავე სტერეოტიპს, რომ ძალიან მაგარი მუსიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდები, თუ სული ეშმაკს მიყიდე. ეს კი ასე არ არის.

იმედი მაქვს, ამ მიზეზის გამო როკმუსიკის მიმართ უარყოფითად განწყობილებს აზრი თუ არ შევუცვალე, ოდნავ მაინც შევურყიე…

ახლა კი გემშვიდობებით და რობერტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრეკს გიტოვებთ, რომელიც ბლუზის სურნელითაა გაჟღენთილი. სულ ცოტა ხნით მოსწყდით ქვეყნიერებას, დახუჭეთ თვალები, უსმინეთ და იგრძენით ნამდვილი მუსიკის არომატი:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი