პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვინ არის კამალა ჰარისი

„ჩვენ ვიცით, რას იტყვიან დაეჭვებული ადამიანები. ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებენ. გვეტყვიან, რომ ჩვენი დრო ჯერ არ დამდგარა; რომ მოვიცადოთ იქ, სადაც ახლა ვართ; რომ შანსი არ გვაქვს, რომ ჩვენი მიზანი მიუღწეველია. მაგრამ ამერიკის ისტორია დაწერეს ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რა იყო შესაძლებელი, მიუხედავად უმძიმესი მოცემულობისა. ეს არის ჩვენი ამბავი, ამერიკის თავგადასავალი!“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა კალიფორნიის შტატის უმცროსმა სენატორმა კამალა ჰარისმა მშობლიურ ქალაქ ოკლენდში შეკრებილ ათასობით თანამოქალაქეს და მათ თეთრ სახლში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლის დაწყება აუწყა. ერთი წლის შემდეგ ჰარისმა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ის ამერიკის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მანამდე არცერთ ქალს ამერიკაში ასეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ უმუშავია, არცერთი აფროამერიკელი, აზიური წარმოშობის არცერთი მოქალაქე არ დაწინაურებულა ამ უზარმაზარი ქვეყნის მეორე პირის პოსტამდე. კამალა ჰარისი უკვე იქცა ცვლილებისა და ახდენილი ოცნების სიმბოლოდ.

რა გამოარჩევს 56 წლის გამარჯვებულ პოლიტიკოსს დანარჩენებისგან?

2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამამ თანამებრძოლად აირჩია ადამიანი, რომელიც კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველს არ გააღიზიანებდა. ირლანდიური წარმოშობის კათოლიკე ჯოზეფ (ჯო) ბაიდენი თეთრკანიანი მოსახლეობის ნაწილისთვის ყველაზე მისაღები ფიგურა აღმოჩნდა, მან ობამას ყულაბას დომინანტური სოციალური ჯგუფების არაერთი დაბნეული წარმომადგენლის ხმა შემატა და სისტემური რასიზმის პრობლემის მქონე საზოგადოების გაბატონებული ფენების დამშვიდებაც შეძლო. 2020 წელს სახელმწიფოს პირველი აფროამერიკელი მეთაურის მთავარი პარტნიორი უკვე თავად გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი და ამჯერად მას მოუწია დაახლოებით იმავე ამოცანის გადაწყვეტა. სენატში მუშაობის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების მქონე ჭაღარა მამაკაცის უპირველეს მისიად აშშ-ის საზოგადოების ყველაზე გარიყული კლასების გულის მოგება იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენმა მეწყვილე ზუსტად შეარჩია, რადგან კამალა ჰარისი სამართლიანად მიიჩნევა უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის გამაერთიანებელ სიმბოლოდ. ამ ადამიანებამდე მისასვლელ გზას არჩეული პრეზიდენტი მარტო ვერ გაიკაფავდა.

კამალა ჰარისი ემიგრანტების, აშშ-ში მეოცე საუკუნის განმავლობაში გადმოსახლებული ადამიანების ოჯახში დაიბადა. დედამისი, შიმალა გოპალანი, ინდოელი, ეროვნებით თამილი გახლდათ. არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს ბავშვობაში მრავალჯერ უმოგზაურია სამხრეთ აზიის ამ უდიდეს ქვეყანაში და შორეულ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე დედის ნათესავებთან არაერთხელ გაუტარებია სკოლისგან თავისუფალი დრო. მამა, დონალდ ჰარისი, კი წარმოშობით იამაიკიდან გახლავთ. მისი წინაპრები აფრიკიდან ემიგრირებული მონები იყვნენ. მაშასადამე, მშობლების ხაზით მოქმედ სენატორს ბევრი რამ აქვს საერთო აშშ-ის როგორც აფრიკული, ისე აზიური ფესვების მქონე მოქალაქეებთან, რომლებიც ამომრჩეველთა მრავალმილიონიან სეგმენტს ქმნიან.

კალიფორნიის შტატის ყოფილმა პროკურორმა მოახერხა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახლო კავშირები დაამყარა არაერთ რელიგიურ ორგანიზაციასთან. ჰარისი წლების განმავლობაში დედასთან ერთად სტუმრობდა ამერიკისა და კანადის ინდუისტურ ტაძრებს, მამისა და ოკლენდის ადგილობრივი თემის გავლენით კი ბაპტისტური ეკლესიის წევრი გახდა. მაშასადამე, სენატორი არის ქრისტიანი, რომელსაც მრავალრიცხოვან ინდუისტურ საზოგადოებასთან თანაარსებობის მდიდარი გამოცდილება აქვს. რელიგიურ ინსტიტუტებთან პოლიტიკოსის თანამშრომლობის რესურსებს განსაკუთრებით ამრავალფეროვნებს კამალას მეუღლე – იურისტი დუგლას ემჰოფი, რომელიც ამერიკელ ებრაელთა თანამეგობრობის წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ კამალა ჰარისის მშობლები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები არ ყოფილან, ათეულობით წლის განმავლობაში მას მაინც ყოველდღიურად უწევდა რასიზმთან შეჯახება. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ინდოელი დოქტორისა და პოსტკეინზიანური ეკონომიკის პროფესორის შვილი პირად საკითხებზე ჩაწერილ თითქმის ყველა ინტერვიუში იხსენებს რასობრივი სეგრეგაციის შემთხვევებს, რომელსაც ის საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურში აწყდებოდა. ასეთი ამბების მოყოლა და ამერიკის რასობრივი ნიშნით ჩაგრული მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის პირობის მიცემა, რომ პირუთვნელად იბრძოლებენ სეგრეგაციის დასაძლევად, ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს არ შეუძლიათ.

როგორი პოლიტიკური პოზიცია აქვს არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს?

კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ძირითად დინებას არ ღალატობს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი მწვანე კურსის ამოქმედებას, სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონების დაწესებას, იარაღის ტარების შეზღუდვას, პროგრესული გადასახადების დაწესებას, უმცირესობათა უფლებების დაცვას, მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას ლეგალიზებას და ა.შ. მისი ხედვები ყოველთვის ზომიერია და მთლიანად არასდროს ემთხვევა პარტიის ყველაზე პროგრესული და მემარცხენე ფრაქციების შეხედულებებს. პოლიტიკოსის კრიტიკის დროს ხშირად იხსენებენ კალიფორნიის იუსტიციის ორგანოს ხელმძღვანელად მის მუშაობის პერიოდს. პროკურორ ჰარისს „კანონისა და წესრიგის“ პოლიტიკის მომხრედ ახასიათებდნენ, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს სამართალდამცველთა უმკაცრეს და უკომპრომისო მოქმედებებს პოტენციური დამნაშავეების წინააღმდეგ. მისი მმართველობის დროს კალიფორნიის ციხეებში პატიმართა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.

როგორც ხედავთ, კამალა ჰარისის პორტრეტი უამრავ შუქ-ჩრდილს და ერთმანეთთან ძნელად თავსებად დეტალს აერთიანებს. მომავალი ოთხი წელი გვიჩვენებს, გახდება თუ არა ჯო ბაიდენის იდეალური თანამებრძოლი აშშ-სთვის დიდი ცვლილებების მოთავე; გვიჩვენებს, შეუძლია თუ არა ამერიკის პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს ძლიერი სახელმწიფოს პირველ ქალ პრეზიდენტად გარდასახვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი