სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მომავლის უნარები

ერთ დღესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან ახალი გამოცდილებით, მნიშვნელოვანი ცოდნითა და დანაკლისით, გაზრდილები, დამფრთხალები და ალბათ ცოტა გაუცხოებულებიც, დაქვეითებული სოციალური უნარებითა და სურვილით, აინაზღაურონ ის, რაც დაკარგეს. თუკი უკან დაბრუნებულებს ისეთივე განათლების სისტემა დახვდებათ, როგორიც პანდემიამდე იყო, კიდევ უფრო რთული იქნება მოზარდების დაინტერესება არსებული პროგრამებით, სრულფასოვანი ჩართვა სასწავლო პროცესში და დარწმუნება, რომ ჩვენ მათი უკეთესი მომავლისთვის, კარგი განათლებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ძალისხმევას არ ვიშურებთ.

 

ამბობენ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, აღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე იყო – ეს მოლოდინი ალბათ გადაჭარბებულია. თუმცა უკვე, ცხადია, პანდემიის გამოცდილება დიდხანს იქნება ჩვენთან. თუკი შეიძლება შიშში გატარებული თვეებისა და ათასობით გარდაცვლილი ადამიანის შემდეგ რაიმე ჩაითვალოს პანდემიის სიკეთედ, შეიძლება იყო ის, რომ კარგად გამოჩნდა ცოდნის ფასი, პროფესიონალიზმის მნიშვნელობა და მეცნიერების საჭიროება. ცხადი გახდა ისიც, როგორ ინგრევა მყიფე სისტემა, ნადგურდება ავტორიტეტები და საზოგადოებებში იქმნება კრიზისი, როცა პრობლემის მოგვარების ნაცვლად მათ დამალვას ცდილობენ, სხვების გამოცდილებებს არ იზიარებენ და დიალოგის ნაცვლად სარკეში თავიანთ თავთან საუბარს არჩევენ. პანდემიამ, ერთი მხრივ, გლობალიზაციის გზაზე დამდგარი სამყარო ჩაკეტა, მეორე მხრივ კი, ყველა ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაგვაბა – ახლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებთან გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე მანამდე: შეცვლილი ცხოვრების წესი, დაკარგული სამსახურები და ადამიანები, იზოლაცია, დისტანციური სწავლება, შიში და მომავლის იმედი – მეტ-ნაკლებად ყველა ამ მოლოდინით ვცხოვრობდით მთელი წლის განმავლობაში.

 

ფილოსოფიური დროა. კარგი შესაძლებლობა არსებულ სისტემებსა და მათი უკეთესი მოდელებით ჩანაცვლების გზებზე ფიქრისთვის. საზოგადოებებზე, მმართველებზე, სახელმწიფო მოწყობის ფორმებზე მსჯელობისა და პრიორიტეტების გადაწყობისთვის, სისუსტეების აღმოსაჩენად და გაძლიერების გზების მოსაძებნად. ან უფრო მარტივად, დრო გაჩერებისა და დაფიქრებისთვის – ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, მანამდე უხილავ და უცნობ ადამიანებზე დასაკვირვებლად და იმის დასანახად, რასაც აქამდე ვერ ან არ ვხედავდით. ჩვენი შიშების, იმედების, მოლოდინისა და შესაძლებლობების უკეთ შესასწავლად და გამოსაყენებლად.

 

შორენა წერდა როგორ დავინახეთ მშობლებმა უკეთ ჩვენი შვილები და მათი საჭიროებები პანდემიის დროს. მეც ხშირად ამავეს ვგრძნობ. მეტიც, გაზაფხულზე, როცა პირველად მომიწია მეყურებინა იმისთვის, როგორი იყო ჩემი შვილის გაკვეთილები, სემესტრი სკოლის შეცვლით დავამთავრეთ. ცვლილება გამართლებული აღმოჩნდა. ახლა ის მეტად ერთვება გაკვეთილში, მეტად ინტერესდება და უკეთ იგებს მას. მეც უკვე ვიცი, რომ მარტო ბავშვის დატოვება ამ ასაკში მის „საქმეებთან” სასურველი კია, მაგრამ არ გამოდის და ვცდილობ, მეტად გავამხნევო, დავეხმარო, მხარი დავუჭირო, მოვუსმინო და ველაპარაკო იმაზე, რა მოსწონს და რა არა, რას იგებს და რას ვერა. ამ პროცესს სიამოვნებასთან ერთად დიდი სევდაც ახლავს თან. რაც უფრო უახლოვდები, უფრო ცხადია, როგორი აცდენაა ჩვენს სასწავლო პროგრამებსა და თანამედროვე ბავშვების ინტერესებს შორის, როგორი მწირია ბავშვებისთვის განკუთვნილი რესურსი, როგორ ვერ ვაძლევთ მათ იმ უნარებს, რაც ახლა, თუნდაც დისტანციური სწავლის პროცესში სჭირდებათ და რა მარტო ვართ ჩვენს საფიქრალთან.

 

ბავშვების ერთი ნაწილი ახლა უფრო დაუახლოვდა ტექნოლოგიებს, მეორე კი – საერთოდ დაშორდა სასწავლო პროცესს. როგორ ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას პოსტპანდემიურ პერიოდში?

როგორ ვიცავთ ბავშვებს – რომლებმაც ინტერნეტში სერფინგს გემო გაუგეს და ახლა ინფორმაციის ზღვაში ცურავენ – იმ ათასგვარი საფრთხის, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენისგან, ან სულაც მდარე კონტენტისგან, რომელსაც გზად ხვდებიან?

როგორ ვაპირებთ ემოციურად მოშიმშილე და დაქვეითებული სოციალური უნარების მქონე ბავშვების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას?

რა ვიცით მათი სურვილების, შიშების, მოლოდინების შესახებ?

 

ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების მოსაძებნად არაერთი ჯგუფი მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ტარდება კვლევები, ისახება გეგმები, იწერება სტრატეგიები, მსჯელობენ და ფიქრობენ. ჩვენ ამ პროცესის მიღმა ვართ, განსაცდელთან მარტო დატოვებული ბავშვებით, მასწავლებლებითა და მშობლებით, მათი სიყოჩაღისა და ადაპტაციის უნარების იმედად. სიყოჩაღე და ადაპტაციის უნარი მათ მომავალშიც დაეხმარებათ, თუმცა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებიც დასჭირდებათ გზის გასაკვლევად: ფუნდამენტური მეცნიერებების ცოდნა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების დასახვა და მიყოლა, გლობალურ სივრცეში საკუთარი ადგილის პოვნა და საკუთარი მიკროსოციუმის კორექტირება, სწორი შეკითხვების დასმა და ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მიგნება, საკუთარ საჭიროებებზე ხმამაღლა ლაპარაკი, სხვების მოსმენა, გაგება და ამ ხმების გადაწყვეტილების მიმღებამდე მიტანა, შფოთვის მართვა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საქმეების განაწილება და სხვების შრომის დაფასება, მადლიერება და სიცოცხლის სიყვარული.

 

აი რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ახლა ან მერე მაინც, როცა ეს ყველაფერი დასრულდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი