ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როდის ისვენებენ ატომები

ადრეც ვწერდი, რომ ჩვენი სამყარო მოუსვენარი ნაწილაკების გროვაა – ნაწილაკებისა, რომლებიც უსასრულოდ გადადიან ერთი მატერიიდან მეორეში. თითოეული სხეული, ნივთი, თითოეული ჩვენგანი ამ მოხეტიალე ატომბირთვების წამიერი შეჩერების ნაყოფია. თითქოს დაიღალნენ ატომები უკიდეგანო სამყაროს უსაზღვრო სივრცეებში მოგზაურობით და მცირე ხნით ჩაიმუხლეს. ცოტას დაისვენებენ და ისევ გააგრძელებენ ხეტიალს…

 

თუმცა ეს მოფუსფუსე ნაწილაკები ბოლომდე მაშინაც კი არ ყუჩდებიან, როდესაც ამა თუ იმ სხეულის სახით “მკვდარ საათს” არიან მიცემულნი. ავიღოთ თუნდაც ლოდი, ასეულობით წელია, უძრავად რომ გდია რიყეზე. ვინ იცის, რამდენ წყალს ჩაუვლია მის გვერდით, რამდენ ქარტეხილს გადაუვლია მის თავზე, ის კი უდრტვინველად მისცემია „განცხრომას”, თითქოს სიცოცხლის ნიშანწყალსაც არ ამჟღავნებს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე; აბა, უფრო კარგად დავაკვირდეთ, უფრო ღრმად ჩავხედოთ გულში – დავინახავთ, რომ მისი შემადგენელი ნაწილაკები განუწყვეტლივ ბორგავენ და ეხლებიან ერთმანეთს. სიცოცხლის საზომი ხომ მოძრაობაა; მაშ, ეს ლოდიც “ცოცხალი” ყოფილა. ვინ იცის, ეგებ ეს არის მისი გულის ფეთქვა…

სიცოცხლის მეორე ნიშანი მგრძნობელობაა. გგონიათ, ქვა უგრძნობია? სამწუხაროდ, ცდებით. მოდი, მისი ერთი გვერდი გავაცხელოთ და ატომებს დავაკვირდეთ – ისინი უმალვე მოუმატებენ ძიგძიგს, უფრო მეტი თავგამოდებით მიირბენენ ერთმანეთთან და ახალ (ენერგიის მიღების) ამბავს გადასცემენ.

შესაძლოა იფიქროთ, რომ ვაჭარბებ. ზოგჯერ თავადაც ასე მგონია… თუმცა ერთი რამ ცხადია – სამყაროს კანონების უმეტესობა ჯერ ვერ შევიცანით სათანადოდ და რაც შევიცანით, ისიც ხშირად რეალობისგან საკმაოდ შორსაა. ამის მაგალითი მეცნიერების ისტორიაში მრავლად მოიპოვება. რამდენმა თეორიამ განიცადა სახეცვლილება… მაგალითად, შარშან ნობელის პრემია მიენიჭათ მეცნიერებს, რომლებიც მანამდე ლამის სამეცნიერო წრეებიდან მოიკვეთეს და ანათემას გადასცეს და რომელთა თეორიები ათეულობით წლის განმავლობაში ბოდვად მიიჩნეოდა.

ასეთი, ბოლომდე ჯერ კიდევ გაუაზრებელი და დაუჯერებელი ჰიპოთეზა (ასე ვუწოდებთ თეორიას, რომელსაც ვერაფრით ვამტკიცებთ, მხოლოდ მოკრძალებული კილოთი გამოვთქვამთ ხოლმე) წამოაყენეს სულ ცოტა ხნის წინ იტალიის აკვილას უნივერსიტეტის პროფესორებმა ზურაბ ბერეჟიანმა და ფაბიო ნესტიმ. მათი ნაშრომი ახლახან გამოქვეყნდEuropean Physical Journalში. რა არის მათ თეორიაში დაუჯერებელი? ზენელმა ნეიტრონებმა მაგნიტური ველის მიმართულებისა და ძალის ზემოქმედებით შეიძლება უფრო მეტად შეანელონ მოძრაობა. ეს კი დღეს არსებულ მრავალ თეორიას ეწინააღმდეგება.

ულტრაცივ ნეიტრონებს, ანუ ნეიტრონებს, რომლებიც თითქმის აბსოლუტური ნულის მნიშვნელობამდეა გაცივებული და 5-10 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მეტად საინტერესო თვისებები ახასიათებს. მათი განსხვავებული ქცევა ჯერ კიდევ აკადემიკოსმა ზელდოვიჩმა (ლაუე-ლამნჟევენის ინსტიტუტი, საფრანგეთი) ივარაუდა ადრე. მანვე დაადგინა, რომ ასეთი ნეიტრონების სიცოცხლის ხანგრძლივობა (დაახლოებით 10 წუთი) მაგნიტური ველის ზემოქმედებით საგრძნობლად მცირდება, თითქოს ისინი სადღაც ქრებიან. ეს “გაქრობა” დღეისთვის ფიზიკის კანონებით აუხსნელია.

ნეიტრონების დამჭერის საშუალებით ექსპერიმენტის შედეგების საფუძველზე ზემოხსენებული ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ არსებობს სარკული ნეიტრონებიც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსაზღვრულ პირობებში ყოველ ნეიტრონს შეუძლია გადავიდეს სარკულ ნეიტრონში და დაიწყოს რხევა ამ ორ ფორმას, ორ სამყაროს შორის. თეორიის თანახმად, მაგნიტური ველის ზემოქმედება ასეთი გადასვლის ალბათობას ზრდის, ეს კი, თავის მხრივ იძლევა იმედს, რომ იგი ექსპერიმენტულად გაიზომება.

ზეშენელებული და გაცივებული ნეიტრონები აღმგზნები მაგნიტური ველის ზემოქმედებით სწრაფად “ქრებიან” ამ სამყაროდან. მკვლევარებმა გამოთვალეს კიდეც, რამდენ ხანს გაგრძელდება “გაქრობის” პროცესი – 3-დან 10 წამამდე. ამჟამად მიღებული თეორიების ფონზე, რომელთა მიხედვით, ნეიტრონის დაშლა არ შეიძლება 10 წუთზე ნაკლებ ხანში მოხდეს, ეს განსაცვიფრებელი და დაუჯერებელია.

ბერეჟიანისა და ნესტის თანახმად, სამყაროში არსებობს სარკული მაგნიტური ველი, რომელსაც სარკული ნეიტრონები ქმნის. იგი ჩვენი სამყაროს პარალელურია და მასთან პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს.

რამდენად სარწმუნოა ეს თეორია? ცხადია, დღეს ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ როდესაც ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს, მაშინ ცოტას თუ სჯეროდა, რომ დედამიწა ბრუნავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი