პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბზარი კედელში, ანუ როგორი სისტემა ‘არ გვჭირდება’

დღევანდელი პოსტი ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა: ჯერ ერთი, ეს ჩემი პირველი პოსტია ამ გვერდზე და მეორე – ვწერ მუსიკასა და განათლებაზე, ანუ ისეთ თემებზე, რომლებიც, მეტ-ნაკლებად, ყველასთვის მნიშვნელოვანია.

ყოველთვის, როცა სამუშაო მაგიდასთან რამის საწერად მოვკალათდები, დიდი ყურადღებით ვარჩევ ფლეილისტს, რომელიც წერის დროს უნდა მქონდეს ჩართული. პრინციპი მარტივია: მუსიკა ნაკლებად ხმაურიანი, არცთუ ხანმოკლე და შეძლებისდაგვარად ერთი სტილისა უნდა იყოს, რომ ყურადღების კონცენტრირებაში ხელი არ შემიშალოს.

ყველაზე რთული სწორედ ამ უკანასკნელი პრინციპის გათვალისწინებაა, რადგან ბევრ სტილს ვუსმენ – კლასიკური ჯაზიდან დაწყებული, სკა პანკით დამთავრებული. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მიმდინარეობის ისტორიას ზედმიწევნით ვიცნობ, თუმცა ვცდილობ, მცირე ცნობები ყველა მათგანის შესახებ მოვიძიო ინტერნეტში.

სწორედ ასეთი ძიებისას შევიტყვე თავის დროზე, რომ ლეგენდარული როკჯგუფის Pink Floyd-ის ერთ-ერთი ლიდერი დევიდ გილმორი ჯგუფს 1967 წელს შეუერთდა და მცირე ხანს ბენდი 5 მუსიკოსისგან შედგებოდა; რომ როჯერ უოტერსი, რომელიც ჯგუფის ნამდვილ ტვინად მიმაჩნია, აქტიურად ერთვებოდა ხოლმე პაციფისტურ და ბირთვული განიარაღების აქციებში; რომ სიდ ბარეტს სინამდვილეში როჯერი რქმევია და ჯგუფი 1968-ში ფსიქიკური პრობლემების გამო დაუტოვებია…

ბარეტის წასვლის შემდეგ Pink Floyd-ისა და მთელი როკსამყაროსთვის ახალი ერა დაიწყო…

თემას გადავუხვიე? ნაწილობრივ, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.

რატომ დავიწყე საუბარი Pink Floyd-ზე განათლებისა და მუსიკის ჭრილში?

გაიხსენეთ ჯგუფის ყველაზე პოპულარული ტრეკი “Another Brick in The Wall” (“კიდევ ერთი აგური კედელში”), რომელიც 1979 წელს გამოსული ალბომის, “The Wall”-ის სავიზიტო ბარათად იქცა.

შესაძლოა, პირველივე ჯერზე ყველამ ვერ გაიხსენოს, ამიტომ ცოტას დაგეხმარებით და მისამღერის პირველ სტრიქონს შეგახსენებთ:

“We Don’t Need No Education!” (“არ გვჭირდება განათლება!”)

იხილეთ ვიდეოც 🙂

აი, ახლა კი უთუოდ გაიხსენებდით 🙂

არ მეგულება ჩემს ნაცნობებს შორის ადამიანი, გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს ეს მელოდია.

სიმღერის ავტორი როჯერ უოტერსია, რომელსაც ზემოთ Pink Floyd-ის ტვინი ვუწოდე. რამდენიმე დეტალს გაგაცნობთ მისი ცხოვრებიდან. ის ჯგუფში 1965-1985 წლებში უკრავდა. ბავშვობაში ჯერ ქალაქ კემბრიჯის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა, მერე – ვესტმინსტერის უნივერსიტეტში ინჟინერიის განხრით. სწორედ იქ გაიცნო ბენდის მომავალი წევრები და 1962 წელს პირველი კონცერტები გამართა.

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ როჯერს განათლებასთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და თავის პროფესიას რომ გაჰყოლოდა, არცთუ ურიგო ინჟინერ-მექანიკოსი დადგებოდა.

მაშ, რატომ უარყოფს განათლებას ადამიანი, რომელსაც ცოდნის სერიოზული ბაზისი აქვს?

ჯგუფის დიდი ხნის მსმენელებისთვის პასუხი ალბათ ნათელია, დანარჩენებს კი მისამღერის გაგრძელებას შემოგთავაზებთ:

“არ გვჭირდება განათლება!

არ გვჭირდება ფიქრის კონტროლი!

არა შავ სარკაზმს საკლასო ოთახში!

მასწავლებლებო, დაანებეთ თავი ბავშვებს!”

უოტერსს არ მოსწონდა ტოტალური კონტროლი, რომლის ქვეშაც სკოლის მოსწავლეებს ამყოფებდნენ. მას მიაჩნდა, რომ ფიქრის კონტროლის პირობებში ბავშვები კედლის ერთ მხარეს იზრდებიან, ცხოვრება კი მეორე მხარეს, მათ გარეშე მიდის. როგორც ჩანს, ბრიტანეთის განათლების სისტემა ხელს უწყობდა ასეთ აღზრდას, რის შედეგადაც პიროვნება სწყდებოდა საზოგადოებას, რომელშიც მას სოციალიზაცია უნდა გაევლო. შენდებოდა კედელი, რომლის დანგრევაც თითქმის შეუძლებელი იყო.

როჯერი იხსენებდა, რომ სკოლაში, რომელშიც თავად სწავლობდა, სიტუაცია ძალიან მძიმე იყო. “მე მძულდა სკოლაში გატარებული ყოველი წამი… სკოლის რეჟიმი რეპრესიული იყო. გარდა იმისა, რომ ბავშვებზე სხვა ბავშვები ახდენდნენ ზეწოლას, მათზე მასწავლებლებიც ძალადობდნენ”, – ამბობს მუსიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

საინტერესოა, რა ხდებოდა ამ დროს, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ბრიტანეთიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ საბჭოთა კავშირში.

სოციალური მეცნიერებების განხრით განათლების სისტემა 40-50-იან წლებში ტოტალურად იყო მოქცეული ლენინისტური იდეოლოგიის ქვეშ. ეს იყო მარქსიზმის ადაპტირებული, საბჭოეთზე მორგებული ვერსია. ყველა ბავშვს უნდა ჰქონოდა ისეთი ცნობიერება, როგორიც პარტიას სურდა.

როგორც ხედავთ, გარემო ორივე შემთხვევაში კონფორმისტების აღზრდაზეა ორიენტირებული და არ იძლევა ჩარჩოებიდან გასვლის საშუალებას. ჩანს, რომ პროპაგანდა, თავისუფალი ნებისა და შემოქმედებითობის შეზღუდვა 50-იანი წლების ბრიტანეთში (საბჭოთა კავშირის მსგავსად) ჩვეულებრივი ამბავი იყო, მოსწავლეებზე იდეოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და ამ ყველაფერმა ასახვა პოვა Pink Floyd-ის მუსიკაზეც.

ჯგუფმა მოახერხა და დაანახა ხალხს ალტერნატიული რეალობა – მეამბოხე ბავშვები, რომლებიც ყველა კედელს ანგრევენ, წვავენ სკოლას და უჯანყდებიან მასწავლებლებს.

ახალგაზრდები, რომლებიც ამტვრევენ ტელევიზორებს, რადგან მათ არ აწვდიან საჭირო ინფორმაციას. სავსებით ლოგიკური და “რაციონალური” ანარქია, რომელიც უკეთესია, ვიდრე კონფორმულ გარემოში ცხოვრება. პროტესტი – ეს არის გასაღები უსამართლო რეჟიმთან ბრძოლაში.

პროტესტის ტალღა თან ახლავს “ფლოიდის” მთელს შემოქმედებას. ფსიქოდელიური მუსიკა, არეული და ზოგჯერ დისჰარმონიული ელემენტები, მელოდიები, რომლებიც ღრმად აღწევს მსმენელის ცნობიერებაში, იქიდან მათი გამოდევნა კი თითქმის შეუძლებელია…

მუსიკოსებისთვის მიუღებელია ყოველგვარი კონფლიქტი, დაპირისპირება. ისინი თავიანთი იდეებით ებრძოდნენ ადამიანებსა თუ ქვეყნებს შორის არსებულ “კედლებს”, რომლებსაც არა მშვიდობა, არამედ კიდევ უფრო მეტი კონფრონტაცია მოჰქონდა.

ხშირად მისაუბრია ჩემს მეგობრებთან ჯგუფის შემოქმედებაზე და უამრავი დრო გაგვიტარებია მათი მუსიკის მოსმენაში. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, მაგრამ ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებოდით: საზოგადოება თავად აგებს კედელს და ცდილობს, თავისი ზოგიერთი წევრი მის მიღმა გარიყოს. ეს პრობლემა დღესაც, “ფლოიდის” ალბომის გამოსვლიდან 33 წლის შემდეგაც დგას. დღესაც იგება კედლები ინდივიდსა და საზოგადოებას, რეალობასა და გამოგონილ სამყაროს, თავისუფლებასა და ტყვეობას შორის. ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად უნდა დაინგრეს არა იარაღით, არამედ ერთიანი, ძლიერი ტალღით, რომელსაც სოლიდარობა და პროტესტი გამოიწვევს.

Pink Floyd-ის მუსიკა გენიალურია სწორედ იმით, რომ ანგრევს ამ კედლებს და ის ნებისმიერ სიტუაციასა და ეპოქას შეიძლება მივუსადაგოთ. ადამიანის ცნობიერების განვითარებას საფუძველი ბავშვობაშივე ეყრება. აუცილებელია მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელთაც ის საკუთარი ნიჭის სრულყოფისთვის გამოიყენებს. მისთვის აღარ იარსებებს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს. შემოქმედებითობა სათანადოდ ვერ განვითარდება მარწუხებში, რომლებიც კონფორმული, მორჩილებითი კულტურის მქონე ინდივიდებისთვისაა შექმნილი. სწორედ შემოქმედებითი მიდგომით შეძლებს ახალგაზრდა, იცხოვროს ისე, რომ არ იყოს “კიდევ ერთი აგური კედელში”, რომელსაც საზოგადოება აშენებს და რომლის დანგრევაც ყველასთვის ერთნაირად მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია.

ახალგაზრდებს არ სჭირდებათ კედლები, მათ სურთ ხელშემწყობი სისტემა ინდივიდუალური უნარების განსავითარებლად.

P.S. როდესაც Pink Floyd-იდან უკვე რამდენიმე წლის წამოსულ როჯერ უოტერსს 1989 წლის ივლისში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა გაემართა The Wall-ის კიდევ ერთი კონცერტი, მან უპასუხა: “მხოლოდ მაშინ, თუ ნამდვილი კედელი დაინგრევა…”

კედელი დაინგრა, ცოტა ხანში კი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში დაიწყო ბილეთების გაყიდვა ასეთი წარწერით:

“როჯერ უოტერსი – “კედელი”

21 ივლისი, 1990 წელი

ბრანდენბურგის ჭიშკარი, ბერლინი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი