ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მზის გამყინვარება

ეს იყო 2004 წელს. მეორე კურსზე ვიყავი მაშინ. მობილური არ მქონდა და სახლის ტელეფონის გულის გამაწვრილებელმა ხმამ გამაღვიძა. ძალიან ადრე იყო, ამიტომ წავუყრუე და ძილის შებრუნება გადავწყვიტე. ყველა წასული იყო, მარტო ვიყავი სახლში. ტელეფონი კი აგრძელებდა რეკვას, ისევ და ისევ, ისევ და ისევ. როცა სადმე რეკავ და რამდენიმე ზარის შემდეგ არ გაგონებენ, თიშავ, ლოგიკურია, მაგრამ ჩემმა ძმაკაცებმა იცოდნენ ტელეფონთან ჩემი დამოკიდებულება და ერთ ჯერზე თუ არავინ უპასუხებდათ, მეორე და მესამე ჯერზე რეკავდნენ, თუ სახლში არ ვიყავი, ხომ კარგი, მაგრამ თუ სახლში ვიყავი, ეს განუწყვეტელი ზარები იმას ნიშნავდა, რომ რომელიმე ძმაკაცი იყო და მშვიდად უნდა ამეღო ყურმილი. ამჯერადაც მივხვდი, რაშიც იყო საქმე, ბუზღუნით ავდექი და ავიღე ყურმილი. არც შევმცდარვარ, ერთ-ერთი ძმაკაცი რეკავდა. არც მომსალმებია, ისე მითხრა, დათა გულუა დამესიზმრა და საფლავზე უნდა მივიდეთო. გამიკვირდა, რადგან მანამდე არასდროს გამოუხატავს დიდი დაინტერესება დათას პოეზიით. რამდენიმე თვით ადრე დათას პირველი კრებული, რომელიც ახალგამოსული იყო მაშინ, ჩემმა ერთმა კურსელმა მათხოვა, თან დააყოლა: გარდაცვლილიაო. წავიკითხე ეს კრებული და, სიმართლე გითხრათ, არაფრად მეპიტნავა. მაშინ მხოლოდ ლექსის ზედაპირს ვამჩნევდი, სიღრმეებში ჩასვლა ნაკლებად შემეძლო, ამ ლექსების ზედაპირი კი, რბილად რომ ვთქვათ, სრულიადაც არ ბრწყინავდა. თუმცა, რაღაც სიმპათია გამიჩნდა: თვრამეტი წლის ბიჭი. პოეტი. ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ხოდა, ეს ჩემი ძმაკაციც, რომელიც მირეკავდა, ზუსტად ჩემნაირი აზრის იყო, ამიტომაც გამიკვირდა. თუ რომანტიკა მოგეძალა და რომელიმე პოეტის საფლავზე გინდა დალევა, დიდუბეში წავიდეთ ან, სულაც, მთაწმინდაზე ავიდეთ-მეთქი, ვუთხარი. არაო, დაიჟინა, დათას საფლავზეო. არც ვიცოდით, სად იყო დაკრძალული. ბოლოს იმ ჩემმა კურსელმა დაგვაკვალიანა, წიგნი რომელმაც მათხოვა.

ლექციებზე არ წავსულვარ. არაყი და მსუბუქი მისაყოლებელი ვიყიდეთ და ავედით ნარიყალას ეკლესიაში. რაღაცნაირი დილა იყო, ჯანღიანი და ნისლიანი. დათას საფლავი მოვძებნეთ. ეს სურათი ისე მიდგას თვალწინ, თითქოს მე კი არ გადამხდა, არამედ შორიდან ვუყურებდი, როგორ ილოცებოდნენ და სვამდნენ ჩემი თავი და ჩემი ძმაკაცი. იმ სიზმრის შინაარსი არც მახსოვს, მგონი არც მოუყოლია, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ იმ საფლავში მწოლ ბიჭთან საოცარი სულიერი სიახლოვე ვიგრძენი.

იმ დღეებში ჩემს კურსელს ისევ გამოვართვი კრებული და თავიდან წავიკითხე, ეს ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს წინა ჯერზე კითხვა ხეირიანად არ ვიცოდი და ახლა ვისწავლე, ვისწავლე და ყველაფერი გასაგები გახდა, ზედაპირის მიღმა ჩავიხედე და ლექსებით ისეთი ტკბობა განვიცადე, როგორსაც ჩემი საყვარელი პოეტების კითხვისას განვიცდიდი ხოლმე. აი, მას მერე, ინტერვალებით (ინტერვალი შეიძლება წლებიც გაგრძელდეს) ვუბრუნდები ხოლმე დათა გულუას პოეზიას. ასაკი მომემატა, გემოვნება დამეხვეწა, მეტი წავიკითხე, ლექსის თეორია ავითვისე, რასაც მანამდე ინტუიციით ვხვდებოდი, პროფესიული ლექსიკით იმისი არტიკულირება ვისწავლე, მაგრამ დათას პოეზიისადმი სიყვარული არ გამნელებია.

სანამ ამ წერილის დავწერდი, ისევ გადავხედე დათას ლექსებს, ჩემი ჭკუით, რაღაც ციტატების და პასაჟების მონიშვნა მინდოდა აქ გამოსაყენებლად. საშინელებაა, როცა კარგს ტექსტს ან ტექსტებს იმისთვის კითხულობ, რომ წერილი გაქვს დასაწერი, მოვალეობის და აუცილებლობის განცდა გამძიმეს და პირწმინდად გიხერგავს სიამოვნების მიღების ყველა გზას. მითუმეტეს, ამ ტიპის პოეზიის ფრაგმენტაცია, უბრალოდ, არაფრის მომცემია, ის მთლიანობაში უნდა აღიგქვა, თუ შეგწევს უნარი, თავ-ფეხით უნდა გადაეშვა და უწყვეტად უნდა იცურო შიგნით.

ორი სიტყვით რა შეიძლება ითქვას დათა გულუას პოეზიაზე?! მე არ ვიცი, დათა რამდენად იცნობდა მიშა გოგუაძის პოემებს, მაგრამ მისი პოეზია, ყველაზე მეტად, სწორედ მიშა გოგუაძის პოემებს ენათესავება. მიშა გოგუაძის პოემები მთლიანად ინპერსონალურია, იქ „ლირიკულ მეს“ ვერ იპოვი, დათას ლექსებში კი ყველაფერი ლირიკული გმირის, იგივე ავტორის, ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ისინი სხვა მხრივ არიან მონათესავენი: ეს არის ვიზიონერობა, ხილვები, კადრები და ამ კადრების ქაოტური, ულოგიკო დამონტაჟება, ამ მხრივ მათი ტექსტები გოდფრი რეჯიოს და რონ ფრიკეს დოკუმენტურ ფილმებს ენათესავება, სადაც, ფსიქოდელიური მუსიკის ფონზე, კადრები ენაცვლებიან ერთმანეთს და მაყურებელი მეტარაციონალურ სამყაროში გადაჰყავთ.  დათა გულუას ლექსების „ლირიკული მე“ სინქრონულადაა პოეტის ოთახშიც, დედამიწის ნებისმიერ წერტილშიც (რომელიც იმ მომენტში ამოხტება პოეტის ქვეცნობიერიდან) და კოსმოსშიც.

დათას ლექსებს არ ახასიათებთ ტექნიკური ბრწყინვალება, ხშირად გადააწყდები მარტივ, ღარიბ და სუსტ რითმებს. ხშირად ირღვევა ლექსის სილაბური სიმწყობრე და იქვე ხვდები, რომ ეს არაა ავტორის მხრიდან პოლიმეტრიით ან ტონური ლექსით დაინტერესების შედეგად მიღებული რეზულტატი… თუმცა, ამ ლექსებს ახასიათებთ უმთავრესი რამ: ემანაცია, დამაბრმავებელი გამოსხივება, რომელიც გარწმუნებს, რომ საქმე გაქვს დიდი პოეზიასთან. ზემოთ ხაზგასმული ტექნიკური დეტალები მეასეხარისხოვანია და სულაც არ არის განპირობებული ავტორის პატარა ასაკით, მე დარწმუნებული ვარ, დათას სიბერემდეც რომ ეცოცხლა, მაინც ასე დაწერდა, რადგან მისთვის ფორმა არაა რელევანტური. თვრამეტი წლის ბიჭმა სასწაული შეძლო: შექმნა თავისი პოეტური მითოლოგია და სამყარო.

არ ვიცი, შეიძლება, ამ გადასახედიდან მისი პოეტური შესაძლებლობების ცოტა უტრირებასაც ვახდენთ, მაგრამ ეს გასაგებიცაა, სხვა რომელი ქართველი პოეტი გეგულებათ, ვინც თვრამეტი წლის გარდაიცვალა და ასეთი პოეზია დატოვა. უტრირების და ჰიპერბოლიზების მიუხედავად ფაქტია, რომ დაგვრჩა სრულიად უნიკალური პოეზია, რომელიც მასობრივი ვერასდროს იქნება, მაგრამ, სანამ ქართული ენა იარსებებს, თავისი წილი მკითხველი მუდამ ეყოლება.

წერილს კი დათას ერთი სტროფით დავასრულებ:

„წუხელ ვებრძოლე ჭრელ სიზმრებში გარდაცვალებას,

რუხ სივრცეებში გავიყვანე სულის გვირაბი.

დრო გააჩერეთ! და ისრები მორჩნენ წვალებას,

მზე გამეყინა, ისევ გავხდი ტუნდრის ფირალი.“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი