უცხოვარ დროში

ყოველ ღამე ამ რიტუალით ვიბრუნებ ძილს, მეორედ თუ მესამედ გამოღვიძებული: ვდგები, ცალ-ცალკე ოთახებში გაფანტულ ბავშვებს ჩამოვუვლი, მათ სუნთქვას მივაყურადებ და „ექსკურსიიდან“ ჩაწყნარებული ვბრუნდები.

უცხოვარ დროში. უცხოვარი დრო – დემეს საშინაო დავალების რვეულში თითქოს ბუნებრივად გაჩენილმა კორექტურამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რაც ამ დრომდე გამოვიარეთ 2020-ში. ამდენი ემოციისა და ინფორმაციის გატარებამ გულსა და გონებაში ბევრჯერ სიკვდილი და იძულებით გაცოცხლება გვაიძულა. გაცოცხლებულებმა თავი კი მოვიყოჩაღეთ, მაგრამ იმასაც მივხვდით, რომ ძველ ტყავს ვერ დავიბრუნებდით. თავიდან ვიჩემებდით, ადამიანის სიცოცხლის ასე მოსხეპით გაქრობას ვერ შევეგუებითო, მაგრამ ეს მტკიცებაც იოლად ჩაგვეფშვნა ხელებში.

უცხოვარ დროში გვეგონა, რომ საგზალი მოვიმარაგეთ – პროდუქტები, ფული და მოჩვენებითი სიმშვიდე, მაგრამ სიზმრებში გამოირიყა შიში და ღამის საათები გაუთენებელ საუკუნეებად გვექცა.

უხსოვარ დროში კი, როცა ცხოვრება ჯერ კიდევ იყო და ღამის სიმშვიდეს შიგადაშიგ გაფხიზლებულ-გაფაციცებული ძაღლების ყეფა არღვევდა, ჩათბუნებულ ძილში მხოლოდ ის ფიქრი მიმყვებოდა, რომ ბაბუაჩემისთვის სანადიროდ წაყვანა მეთხოვა და დამეთანხმებინა. სხვა ბაბუებს შვილიშვილები არ დაჰყავდათ სანადიროდ, დილის ცვარში და მზის სხივით გაუპობელ დილაბნელში ბავშვების ფეხზე წამოგდებას არ რისკავდნენ. ალბათ არც უნდოდათ ათასკითხვიანი არსების ჩაჩხერა მაშინ, როცა სიჩუმე უპირობო მოკავშირეა და ყოველი ჩქამი – გამსხლტარი ნადირი. „ფხიზლად უნდა ვიყო! არ უნდა ჩამეძინოს!“ ვბორგავდი ლოგინში, თბილი საბნიდან ხელს ვყოფდი, ღრმად რომ არ ჩამძინებოდა, ერთი სიზმრისგან თავდაღწეული ჭერს – ჭერის სიბნელეში წარმოსახულ წერტილს – თვალს ვუსწორებდი, მჯეროდა, ის ფხიზელს დამტოვებდა, თვალიდან შუქს არ ამომაცლიდა… ხმაურზე მეღვიძებოდა. საბნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ზამთარს ვერ შემოეღწია, ვერც სიცივეს. ქვედა სართულიდან ბაბუას ხმამაღალი საუბარი და კმაყოფილი შეძახილები მატყობინებდა, რომ მას ველზე გასვლაც მოესწრო და დაბრუნებაც. თვალების ფშვნეტით და ფეხათრევით ჩავიზლაზნებოდი კიბეზე, გამწყრალი და საყვედურნარევი მზერით ჩამოვუდგებოდი წინ და მათი ღიმილის პასუხად პირს მოვმუწავდი. „რატომ არ გამაღვიძე! ხომ უნდა გაგეღვიძებინე?!“ რძიან ჩაის უგემურად მოვწრუპავდი და ფანჯარაში გავიხედებოდი უადგილო სიჩუმის მოსაგერიებლად.

– არ გეწყინოს, რონჩო, – მეტყოდა ბაბუა და თავზე ხელს გადამისვამდა, – თბილად გეძინა, თოთო ლეკვივით, ცოდვის კითხვა იქნებოდა შენი გაღვიძება…

– არააა! ხომ შემპირდი!

– ხო, შეგპირდი, მაგრამ გინდა ერთ რამეს გეტყვი?.. შენ რომ მამა და ბაბუა გახდები, თუ გინდა მერე გადამიხადე სამაგიერო.

– როგორ?

– შენი შვილები და შვილიშვილები რომ თბილ ლოგინში იწვებიან, დილით ადრე რომ ექნებათ ასადგომი და შეგეხვეწებიან ძილის წინ, შვიდზე, არა, შვიდის ნახევარზე გამომაღვიძეო, ადექი დილით მაგ დროს, თავთან მიუჯექი და უყურე, რა ლამაზი და მშვიდია ბავშვის ძილი…

…ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად იგვიანებენ ჩემი შვილები ონლაინ გაკვეთილებზე. უცხოვარ დროში – ათასი ყოფითი ვალდებულებისგან გამოღვიძებული – უთენია ჩამოვდგები ხოლმე მათ საწოლებთან, თვალს მივაშტერებ და სანამ წუთები არ დააკლდება გაკვეთილებზე შესვლას, ვუყურებ ბავშვის ძილს დახარბებული. ვუყურებ და ბაბუაჩემის სიტყვები მიფეთქავს ყურში.

კომენტარები

comments