ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვამუშაოთ დემოკრატია

სამოქალაქო განათლებისა თუ ისტორიის გაკვეთილებზე, დარწმუნებული ვარ, დღემდე ბევრს კამათობენ დემოკრატიის ცნების შესახებ და ერთ საერთო განსაზღვრებაზე ვერ თანხმდებიან. კამათი მხოლოდ საქართველოს სკოლებში არ მიმდინარეობს, დემოკრატიის არსის თაობაზე შეთანხმება ასწლეულებია უჭირთ ფილოსოფოსებსა და მეცნიერებსაც. პრინციპში, შეიძლება დავსვათ კითხვა: საჭიროა კი საზოგადოებასთან, მის განვითარებასთან დაკავშირებული მოვლენები უნივერსალური ტერმინებით აღვწეროთ? მრავალმხრივ ფენომენს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების უამრავ დარგს მოიცავს, მარტივი ფორმულებითა და კანონებით ვერ შემოვფარგლავთ. ყოველთვის იარსებებს უამრავი ინტერპრეტაცია. აქედან გამომდინარე, ყველაზე მოხერხებული იქნება, თუ მოვლენის გააზრების რაც შეიძლება მეტ მცდელობას შევისწავლით, გავიაზრებთ და შევადარებთ მანამდე აღმოჩენილ მოდელებს.

მინდა, ჩვენს მკითხველს წარვუდგინო მსოფლიოსთვის ოდნავ მოძველებული, მაგრამ საქართველოსთვის უაღრესად აქტუალური და თანამედროვე ავტორი რობერტ პატნემი. წარმოიდგინეთ, მისტერ პატნემი ოცდაათი წლის განმავლობაში იკვლევდა და შეისწავლიდა იტალიის პოლიტიკურ სისტემას. იმის გასარკვევად, როგორია დემოკრატია რეალურ ცხოვრებაში, რეგიონების დონეზე. პატნემის კვლევითი ჯგუფი ცნების ზუსტი დეფინიციის ჩამოყალიბებაზე არ მომცდარა – იტალიელი და ამერიკელი მკვლევრები ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, როგორ ვამუშაოთ დემოკრატია.

კლასიკურ ნაშრომად ქცეულ წიგნში დემოკრატიის ასამუშავებლად აუცილებელ არაერთ ინდიკატორზეა საუბარი. ურთულესი და ჩახლართული დიაგრამების განხილვა არ ღირს, უმჯობესია, ყურადღება დემოკრატიის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ წინაპირობებზე გავამახვილოთ.

პატნემის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დემოკრატია სტაბილური და სიცოცხლისუნარიანია იქ, სადაც საზოგადოება სოციოეკონომიკური მოდერნულობის გზას ადგას. მაშასადამე, დემოკრატიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის მხოლოდ სიმდიდრე და მდიდარი უმრავლესობის არსებობა არ არის საკმარისი. დემოკრატიას მედეგობასა და სიმტკიცეს სძენს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ეკონომიკის რეალურ დარგებსა და მასობრივ დასაქმებაზე დაფუძნებული სამეურნეო ცხოვრება. ასეთ საზოგადოებებში ადამიანები დაკავებულნი არიან სტაბილურ და მეტ-ნაკლებად ღირსეულად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, არ განიცდიან დეპრივაციას ანუ თავი უსარგებლო, უფუნქციო არსებებად არ მიაჩიათ. სოციოეკონომიკური თვალსაზრისით მოდერნულ საზოგადოებებში მაღალია კეთილდღეობის დონეც, ხალხისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვისა და განათლების მომსახურება. პატნემი თავის წიგნში წერს: „კეთილდღეობა ამსუბუქებს საზოგადოებრივ თუ პირადულ ტვირთს, ხელს უწყობს პიროვნების სოციალურ, დემოკრატიულ გარემოზე მორგებას“.

მხოლოდ სოციოეკონომიკური მოდერნულობის ხარჯზე დემოკრატიისთვის ბრძოლაში ფონს ვერ გავალთ. შედარებითი პოლიტიკის ლეგენდარული სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ შედეგიანი და სამართლიანი მმართველობა ვერ შედგება სამოქალაქო ჩართულობის, სამოქალაქო მონაწილეობის გარეშე. პატნემს სურს დაგვანახოს, რომ კერძო ინტერესსა და ალტრუიზმს შორის გადაულახავი, დაუძლეველი დაპირისპირება არ არსებობს. პირიქით, შესაძლებელია კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეთავსება: „სამოქალაქო თემში მოქალაქეები, ტოკვილის თქმით, მისდევენ „სწორად გაგებულ კერძო ინტერესს“, რაც გულისხმობს, რომ კერძო ინტერესი ფართო საზოგადოებრივ საჭიროებათა კონტექსტით განისაზღვრება, „გონების შუქითაა მოსილი“, „უმეცრების ნაჭუჭში არ არის გამომწყვდეული“ და იგი მხოლოდ სხვათა ინტერესებთან ერთად, სხვათა ინტერესების კონტექსტში ცოცხლობს“. სამოქალაქო ჩართულობის ენერგია იქმნება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ეგოიზმს, მარტოობას დაძლევს და გააცნობიერებს, რომ „საჯარო სფერო უფრო მეტია, ვიდრე საბრძოლო არენა, რომელზეც ადამიანმა მხოლოდ თავისი კერძო ინტერესი უნდა გაიტანოს“.

დემოკრატიის გამართული მუშაობის წინაპირობად პატნემის თეორიაში სახელდება საზოგადოებაში ურთიერთნდობის, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის არსებობაც. უბრალო სამოქალაქო ჩართულობა შეიძლება გაუთავებელ კონფლიქტებსა და დაუნდობელ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სამოქალაქო მონაწილეობა ხშირად გამხდარა საზოგადოების დაქუცმაცებისა და ნაწილ-ნაწილ დაშლის განმაპირობებელი ფაქტორი. დემოკრატიული ინსტიტუტები მდგრადობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ინარჩუნებენ, როცა საზოგადოების ერთიანობას, ჯგუფების ურთიერთჭიდილის, მიუხედავად, ნგრევა არ ემუქრება. რა არის აუცილებელი ერთიანობის უზრუნველსაყოფად? პატნემი იტალიის სხვადასხვა რეგიონში ადამიანებს, სოციალურ ფენებს შორის ნდობის, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის ხარისხს აკვირდებოდა. მის მიერ შეკრებილი მონაცემების მიხედვით, დემოკრატიის დონესა და მოქალაქეთა შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთთანადგომის მაჩვენებლებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა.

დემოკრატიისთვის ხელსაყრელ ნიადგს ქმნის თანამშრომლობის სოციალური სტრუქტურების მრავალფეროვნებაც. ასეთ სტრუქტურებად, ჩვეულებრივ, ასოციაციაებს მიიჩნევენ. პატნემი არ საუბრობს მაინცდამაინც პოლიტიკური კავშირების წევრობაზე. ის აქცენტს ნებისმიერი ტიპის ერთობებზე – მაგალითად, სპორტულ კლუბებზე, შემოქმედებით წრეებზე, სამრევლოებზე სვამს. ნდობის, შემწყნარებლობის, სოლიდარობის, ჩართულობის პრინციპები უნდა რეალიზდეს, მათ გამოსავლენად უნდა არსებობდეს სივრცეები. ამგვარი პლატფორმების გარეშე დემოკრატიისთვის აუცილებელი უნარების „გავარჯიშება“ არ ხდება.

რაც მთავარია, დემოკრატია არ მუშაობს თანასწორობის გარეშე. მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ვიღაცების მონები არიან, ვიღაცების მბრძანებლურ სისტემას ექვემდებარებიან. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ კანონის წინაშე თანასწორნი არიან და რომ არ არსებობს ორი სამართალი – ერთი ბატონებისთვის, მეორე კი ძალაუფლების არმქონე პირებისთვის.

ნუ დახარჯავთ ბევრ დროს უზუსტესი განმარტებების მოსაძებნად, იმსჯელეთ გარემოებებზე, წინაპირობებზე, რომლებიც სამართლიან და ეფექტიან ინსტიტუტებს ქმნიან და ამუშავებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი