ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კინოარქივი – განათლების ალტერნატიული კერა

დასავლეთის სასკოლო და უმაღლეს სააგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულო სასწავლო კურსის გარდა ან ამ კურსის ფარგლებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს როგორც ტრადიციულ, ასევე ალტერნატიულ სასწავლო მოდელებს სთავაზობენ. ჩვენში ეს პრაქტიკა ნაკლებად ცნობილია. ხშირად მოსწავლის თანამონაწილეობა სასწავლო პროცესში მისი ცოდნის შემოწმებით, გაკვეთილის მოყოლით შემოიფარგლება, რაც მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების გაღვივების საშუალებას თითქმის არ აძლევს.

ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმ დაწესებულებების შესახებ, რომლებიც სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში; მოგიყვებით ხელოვნების, კერძოდ, კი კინემატოგრაფის სასწავლო პროცესში ჩართვის პროდუქტიულობაზე და ცალკეულ ფილმებზე, რომლებიც მასწავლებლებმა ამ მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენონ.
კინოარქივი – განათლების ალტერნატიული კერა
კინოარქივების ისტორიაXXსაუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. ეს ის დროა, როცა კინოს მხოლოდ გასართობი ინდუსტრიის პროდუქტად აღიქვამენ. თუმცა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის ისეთივე ნიმუშს წარმოადგენს, როგორც ე.წ. მაღალი ხელოვნება და რომ ადამიანებს ფილმებით სიამოვნების საშუალება ხანმოკლე კინოგაქირავებიდან ფილმების ამოღების შემდეგაც უნდა ჰქონდეთ. არქივების, კინობიბლიოთეკებისა და სინემატეკების საქმიანობის ძირითად მიმართულებად ფილმების შენახვასა და დაცვასთან ერთად, მათი პრეზენტაცია იქცა.
მოგვიანებით არქივების საქმიანობის ამ ორ კომპონენტს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, არგუმენტირებული და ფუნქციურად გამართლებული მიმართულება დაემატა: კინოარქივი საგანმანათლებლო სექტორში ჩაერთო და განათლების ახალ, მიმზიდველ კერად იქცა.
რამდენიმე ათეული წლის წინ ევროპასა და ამერიკაში უკვე არსებობდა სკოლისათვის შემუშავებული კინოპროგრამები და საამისოდ საჭირო სპეციალიზებული სადისტრიბუციო ქსელიც. უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში უნივერსიტეტებმა საკუთარი კინოკოლექციები შექმნეს, რომლებიც შემდეგ უზარმაზარ არქივებად ჩამოყალიბდნენ.
დღეს განათლების პროგრამა წამყვანი მიმართულებაა მაღალი ორგანიზაციული და პროფესიული სტანდარტების მქონე მსოფლიოს მრავალ სამუზეუმო და საარქივო დაწესებულებაში. კინო და ფოტოდოკუმენტების შემგროვებელი არქივები საგანმანათლებლო სექტორში საკუთარ როლს უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. კინო, ფოტო და ფონო დოკუმენტებით მდიდარ ყველა ასეთ ინსტიტუციას შემუშავებული აქვს სტრატეგიული მიმართება, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო საქმიანობა ზოგან ეროვნული მაშტაბით ხორციელდება. მაგალითად, 2010 წელს ბრიტანეთში კინოგანათლების სტრატეგია შეიმუშავეს, რომელიც 2010 წელს გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახით „კინოს გამოყენება სკოლებში”. ბრიტანეთის კინოსაბჭოს მიერ დაფინანსებულ სტრატეგიულ გეგმას სხვა ორგანიზაციებთან ერთად ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი ახორციელებს. ეს უკაანსკნელი კი კინოგანათლების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულებაა დასავლეთში.
ევროპულ დაწესებულებებში საგანმანათლებლო საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა:
§ საზოგადოების ინფორმირება კინემატოგრაფის, როგორც ისტორიული, გეოგრაფიული, კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით ღირებული დოკუმენტის შესახებ.
§ კრიტიკული აზროვნების გაღვივება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
§ მიმდინარე პროგრამებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კინოთეატრის, მედიათეკისა და საგამოფენო სივრცის გამოყენების მეშვეობით;
§ კინემატოგრაფის ადვოკატირება განათლების ეროვნულ პროგრამებსა და კინოსაგანმანათლებლო სექტორში – საჯარო დებატებში მონაწილეობის, ლობირებისა და კამპანიების გზით;
განათლების პროგრამის ძირეული ფუნქციაა კონტექსტის ჩამოყალიბება, რომელშიც კინოს ისტორიისა და ესთეტიკის გააზრება მოხდება. არქივები ცდილობენ ერთგვარი წინაპირობა შექმნან, რაც საზოგადოებას მედიუმთან მისვლაში დაეხმარება. საგანმანათლებლო მიზნებით ე.წ. შემგროვებელი დაწესებულებები გამოსცემენ პუბლიკაციებს, ატარებენ ლექციებს, კინო და მულტიმედია ჩვენებებს, დისკუსიებს ხელოვანებთან, ისტორიკოსებთან, სოციოლოგებთან და ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებთან, რომელთა წარმოჩენასა და დოკუმენტირებაში კინემატოგრაფს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ასევე აწყობენ სპეციალურ ტურებს მუზეუმებში არსებული კოლექციების გასაცნობად.
არქივის საგანმანათლებლო მიმართულება ფუნქციონირებს როგორც საუნივერსიტეტო და სავალდებულო სასკოლო განათლების დამატებითი პროგრამა, რომელიც ფორმალური განათლების პარალელურად საზოგადოებისთვის განათლების ალტერნატიული მოდელების პოპულარიზაციას ეწევა.
უკანასკნელ წლების განმავლობაში ევროპაში კინოგანათლება, როგორც ნაწილი ზოგადი მედიაგანათლებისა, კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. მთელი ევროპის მაშტაბით ხორციელდება ინიციატივები, რომელთა მეშვეობითაც კინემატოგრაფის საკლასო პროგრამებში ინტეგრაცია ხდება. მასწავლებლები კინემატოგრაფს იყენებენ როგორც ინოვაციურ ხერხს მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საკლასო ოთახებში კინო დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე დამხმარე სასწავლო საშუალება. კინომედიუმის სოციალური, ისტორიული და ესთეტიკური კონტექსტის გამოყენებით სკოლის მოსწავლეები ხელოვნების ამ დარგთან ახალ მიდგომებს სწავლობენ.
გარდა საკლასო გაკვეთილებისა, ევროპული სკოლების მოსწავლეებს ფილმის კინოთეატრში ყურების შესაძლებლობაც ეძლევათ. როგორც წესი კინოჩვენებებს მათ ამ დარგში სპეციალიზებული კულტურული დაწესებულებები სთავაზობენ (კინოთეატრებით ან საპროექციო ოთახებით აღჭურვილი მუზეუმები და კინოარქივები), რომლებსაც კინემატოგრაფის მიმართ ე.წ. სამუზეუმო დამოკიდებულება აქვთ – ფილმი როგორც კულტურული არტეფაქტი.
საგანმანათლებლო პროგრამებში მოიაზრება როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური კინო. მაგალითად, კინემატოგრაფის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც ჩვენში სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სახელითაა ცნობილი, ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. სამეცნიერო-პოპულარული კინო არის იგივე საგანმანათლებლო, ინსტრუქციული ხასიათის კინემატოგრაფი, რომელსაც არსებობის ხანგძლივი ისტორია აქვს. საბჭოთა კავშირში ამ ჟანრში ბევრი ფილმი გადაუღიათ და მათ ხშირად პროპაგანდისტული ხასიათიც აქვთ. დღეს, თანამედროვე კონტექსტში ამ ფილმების მაყურებლებისთვის შეთავაზებას შესაძლებელია ორგვარი ეფექტი ჰქონდეს. ასეთი ფილმები არა მხოლოდ საკუთარ ისტორიას, არამედ კონკრეტულ ეპოქაში ქვეყნის, საზოგადოების ისტორიას ყვებიან.
საქართველოში არსებობს დოკუმენტური ფილმების მდიდარი კოლექცია. ასეთს ინახავს საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი. ამ დაწესებულებაში თავმოყრილი ფილმები ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით უნიკალურ არტეფაქტებს წარმოადგენენ. მათი გამოყენება საუნივერსიტეტო და სასკოლო პროგრამებს მნიშვნელოვნად გაამდიდრებდა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კვლევებით დაინტერესებულ უნივერსიტეტებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში არის რესურსი, რომლის გამოყენებითაც ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს იმ ტიპის კინოგანათლების სტრატეგია, როგორსაც ევროპული კინოარქივები ახორციელებენ. თანამედროვე გადასახედიდან აუდიოვიზუალური მემკვიდრეობა ეროვნული მეხსიერების ახალი, ტექნოლოგიური ფორმაა, რომელმაც ეს მეხსიერება ერთი თაობიდან მეორეს უნდა გადასცეს და რომელიც არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოების ვიწრო ესთეტიკურ ჭრილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი