პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საშინაო დავალებები ‘ქოფი-ფეისთის’ ეპოქაში

თავდაპირველად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ მაღალტექნოლოგიურ საკომუნიკაციო ქსელს, რომლის კონცეფციაზეც ჩვენი პლანეტის წამყვანი მეცნიერები მუშაობდნენ, ასეთი ფართო გამოყენება ექნებოდა, რომ მილიონობით ადამიანისთვის ინტერნეტი ყოველდღიური მოხმარების საგნად იქცეოდა. ფაქტი ფაქტად რჩება – ინტერნეტმა ჩვენი ყოფის თითქმის ყველა სფეროში შეაღწია და… გადმოკოპირებული საშინაო დავალებებიც გაჩნდა.
იყო დრო, როდესაც სკოლის მოსწავლეები და ხანდახან – უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც საშინაო დავალებებს ერთმანეთისგან იწერდნენ. ინტერნეტის განვითარებამ არაკეთილსინდისიერ მოწაფეებს ახალი შესაძლებლობები გადაუშალა – აღარ არის საჭირო დავალების საიდანმე გადმოწერა, საკმარისია, “გადმოაქოფიფეისთო”.
“გადმომქოფიფეისთებელი” მინისტრი
ეს ამბავი 2011 წელს გერმანიაში მოხდა. გერმანიის აკადემიურ წრეებში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ გერმანიის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, კარლ თეოდორ ზუ გუტენბერგის (Karl-Theodor zu Guttenberg) 2006 წელს დაცულ სადოქტორო დისერტაციაში პლაგიატის 8 შემთხვევა აღინუსხა. ამან გერმანელ ინტერნეტმოხალისეებს საბაბი მისცა, საფუძვლიანად შეესწავლათ მინისტრის დისერტაცია.
ამ მიზნით სპეციალური ვებგვერდიც კი შეიქმნა ((https://de.guttenplag.wikia.com), რომელზეც მოხალისეებს შეეძლოთ დისერტაციაში აღმოჩენილი პლაგიატის შემთხვევები დაეფიქსირებინათ. ქვემოთ მოყვანილი გამოსახულება ზუსტად ამ გვერდიდან არის გადმოღებული.

საბოლოო ჯამში, მოხალისეებმა მინისტრის დისერტაციაში პლაგიატის უამრავი შემთხვევა აღნუსხეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მინისტრს დოქტორის ხარისხი ჩამოართვეს და იგი იძულებული გახდა, თანამდებობიდანაც გადამდგარიყო.
როგორ აღმოვაჩინოთ “დაქოფიფეისთებული” ნაშრომი
ინტერნეტი მხოლოდ “დამქოფიფეისთებელს” კი არ უადვილებს საქმეს, არამედ მათაც, ვისაც სიმართლის დადგენა სურს. საკმარისია, სტუდენტის ნაშრომიდან რამდენიმე წინადადება გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწეროთ, რომ ის მყისვე იპოვის ინტერნეტში მსგავს სიტყვათა წყობას.
საქმე ამით არ მთავრდება. უკვე არსებობს სპეციალური ინტერნეტრესურსები, რომლებსაც ორიგინალურობის შემმოწმებლებს უწოდებენ. ერთ-ერთი ასეთი საიტი turnitin-ია (https://turnitin.com). ეს ინტერნეტრესურსი პედაგოგებისთვის არის განკუთვნილი. ამ საიტის ერთ-ერთი ფუნქციაა, უჩვენოს პედაგოგს, სტუდენტის მიერ შესრულებულ სამუშაოში რამდენი პროცენტია დაკოპირებული სხვა წყაროებიდან.
ასე რომ, დღესდღეობით მასწავლებელს, ნაცვლად ზოგიერთი მოწაფისთვის ესოდენ არასასიამოვნო წარწერისა – “გადმოწერილია”, შეუძლია, ნაშრომს მიაწეროს: “გადმოქოფიფეისთებულია”…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი