პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„დედა ენა“ ვირტუალურ ფანჯრებში

„დარაბებს მიღმა“ 2020 წლის შემოდგომაა. პანდემია თავის გზას მიუყვება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით საგანმანათლებლო ცხოვრებაზე. ჩემი აზრით, დისტანციური ფორმატის სირთულეები პირველკლასელებსა და პირველკურსელებზე ყველაზე მკაფიოდ აისახება. მათ ხომ პირველად შეაბიჯეს (უფრო სწორად, შეიხედეს) უცნობ სამყაროში, სადაც მათი მომავალი უნდა დაწყებულიყო. თან დაზუსტებით ვერავინ გვეტყვის, დროებითია თუ საბოლოო საგანმანათლებლო სივრცეებში მათი დაბრუნება.

წელს მეც პირველკლასელი ვარ. ჩემს მოსწავლეებთან ერთად მეც პირველად შევაბიჯე უცხო გარემოში. თუმცა ცხოვრებამ საკმაოდ ბევრი გაკვეთილი ჩამიტარა და გამოწვევების აღარ მეშინია. ამიტომაც გაბედულად შევაღე საკლასო ოთახის კარი, შემდეგ კი – ვირტუალური ფანჯარა. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, საკლასო ოთახშიც კი საკმაოდ შეზღუდულია სწავლა-სწავლების პროცესი  (ვერ იყენებ დაწყებითი საფეხურისთვის მნიშვნელოვან მრავალჯერად სასწავლო რესურსს, ჯგუფური აქტივობის ფორმატს და ა.შ.). სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებაზე რომ არ ვიღელვოთ, წერა-კითხვის სწავლება ხომ აუცილებელია?! ამიტომაც ჩემს სასკოლო ხელჩანთაში, საკანცელარიო ნივთების გარდა, სადეზინფექციო ხსნარისა და ხელთათმანების მარაგმაც დაიდო ბინა. ასე ექიმივით პირაკრული და ხელთათმანდაკაპიწებული შევუდექი წერა-კითხვის უნარების განვითარებაზე მუშაობას.

ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო. ამიტომ პატარები ჯერ იმაზე დავაფიქრე, რა არის ასო და ბგერა. შემდეგ ანბან-ქალაქის ყველა მაცხოვრებელი გავაცანი და ქართული ანბანი სიმღერ-სიმღერით ჩამოვარაკრაკეთ

ქალაქის საუკეთესო მომღერლებს (ხმოვნებს) ყველაზე მეტად დავუახლოვდით, რადგან ერთ დღეს საკუთარი სახელებიდანაც კი გაგვექცნენ და ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ (ნინო მზესელის „აურზაური ანბანში“ წავუკითხე და სიტყვების ხმოვნების გარეშე წარმოთქმის დროს ძალიან ვიხალისეთ). ამასობაში ანბან-ქალაქის შესასვლელსაც მივუახლოვდით, მაგრამ სანამ პირველ წინადადებას გავეცნობოდით, ბავშვებს სიტყვის მარცვლებზე მოვუყევი. ხმოვნებთან მეგობრობა ამჯერადაც ძალიან გამოგვადგა. დამარცვლა რომ გაადვილებოდათ, სიტყვებში არსებულ ხმოვნებს წრეში ვსვამდი და თემატურ ფოტომასალასაც მარცვლების რაოდენობის შესაბამის ნაწილებად ვჭრიდი.

საანბანო პერიოდმა დისტანციური სწავლების პროცესში მომისწრო, იაკობ გოგებაშვილის ყველასათვის ცნობილი ,,აი ია“ უნდა ამეხსნა. ჯერ ასო-ბგერები დავაწყვილეთ და სიტყვებად ვაქციეთ, შემდეგ კი ეს სიტყვები დავამეგობრეთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინადადების გაცნობის დროც დადგა. წინადადების მნიშვნელობა რომ ადვილად გაეაზრებინათ, ერთგვარი გამოცნობანა ვითამაშეთ – ვასახელებდი აზრობრივად გამართულ ან არასრულ წინადადებებს, მოსწავლეები კი მსჯელობდნენ, რომელი იყო მათგან წინადადება და რომელი – არა. თამაშის დასასრულს მეც კი „გამომცადეს“ (ამ თამაშის ერთგვარ ვარიაციას წარმოადგენს „წინადადების ფაზლი“, რომელთა აწყობაც მოსწავლეებს ძალიან ეხალისებათ საანბანო თუ შემდგომი პერიოდის ტექსტების დამუშავების პროცესში, თან აღნიშნული აქტივობა კითხვის უნარებსაც აუმჯობესებს).

ასე გაიბა უწყვეტი ჯაჭვი ბგერიდან ასომდე, ასოდან  – მარცვლამდე, მარცვლების შეერთებით მიღებული სიტყვებიდან კი – ბოლო გაჩერებამდე, წერტილამდე. აქვე ანისა და ინის თავგადასავალიც მოვიგონეთ. ინი „ხიდზე გადასვლაში“ დავაოსტატეთ, ანი კი ისეთი წკრიალა ხმის პატრონი აღმოჩნდა, ვურჩიეთ – სიმღერა ისწავლე, იქნებ ოპერაში მიგიწვიონო. მას შემდეგ ანი თავის ოთახს არ ტოვებს, დააღებს პირს და მაღალი ნოტების აღებას ცდილობს: – ააააა!

შემდეგ გაკვეთილზე გაზაფხულის მინდვრებსა და ტყის პირებს „დავუყევით“, იებს ვეძებდით, ბოლოს ბუჩქებში შეყუჟულებს მივაგენით. ბავშვებს შიო მღვიმელის ლექსიდან ნაწყვეტი წავუკითხე და ნაზი, მორცხვი ყვავილის „ხასიათზე“ ვიმსჯელეთ. ბოლოს კი სახატავი და საძერწი მასალა მოვიმარაგეთ. ზოგმა იები დახატა, ზოგმა კი პირველი საკითხავი წინადადება გამოძერწა.

თუ კითხვასთან ერთად მოსწავლეებს წერასაც ასწავლით, ორმაგი საგაკვეთილო დრო და უშრეტი ენერგია დაგჭირდებათ, რადგან ახალბედა მოსწავლეში ერთდროულად ამდენი უნარის განვითარება საკმაოდ რთულია. მე წელს პირველად ვასწავლი სინქრონში წერა-კითხვას და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სჯობს წერის უნარებზე საანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ ვიზრუნოთ, რადგან ისეთი პატარა დეტალების ყველა წესის დაცვით გამოწერისთვის, როგორიც ასოთა სისტემაა, ხელს სპეციფიკური დამუშავება სჭირდება.

ზემოაღნიშნული დამოკიდებულების მიუხედავად, დავემორჩილე სახელმძღვანელოს ავტორების მიერ არჩეულ გზას და შევუდექი წერის სწავლებას. აქაც შესავლით დავიწყე. ჯერ კალმის/ფანქრის ხელში სწორად დაჭერის გაკვეთილი ჩავატარე,  შემდეგ კი მოსწავლეები ანბან-ქალაქში (რვეულის ბადე) „გავასეირნე“ – თოკზე მოსიარულეთა ქალაქის ისტორია წავუკითხე (ა. სულაკაური „სალამურას თავგადასავალი“), საწერი ბადის სართულები ზემოაღნიშნული ისტორიის მიხედვით დავნომრეთ და სახლებს სახურავები მივახატეთ. ქუჩის კუთხეში სასვენი ნიშნების შუქნიშანიც კი დავდგით.

აი ასეთ ლამაზ ქუჩაზე უნდა ეცხოვრათ ასოებს, მაგრამ, ერთმანეთს რომ არ დაჯახებოდნენ, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ანი და ინი ერთი ოთახის გამოტოვებით, მეორე სართულის ერთოთახიან ბინაში დავასახლეთ. წერის დისტანციურად სწავლება ყველაზე რთულად მისაღწევი მიზანი რომ იქნებოდა, ისედაც ვიცოდი. ამიტომ წინასწარ ჩავწერე დეტალური ვიდეოინსტრუქცია, სადაც ასოს გამოწერის პროცესს (ადგილმდებარეობას, წერის მიმართულებას, ზომას და ფორმას) დეტალურად განვმარტავ და თან ვაჩვენებ. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალურ ფანჯრებში შეუძლებელია იმის დანახვა, თუ როგორ წერს მოსწავლე, სწორი განწყობის შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად წერისთვის გაკვეთილზე მცირე დროს მაინც ვიტოვებ. ძირითად სამუშაოს კი მოსწავლეები ჩემგან დამოუკიდებლად, მაგრამ ზემოაღნიშნული ვიდეოინტრუქციის დახმარებით ასრულებენ.

იმედი მაქვს, მალე დავხურავთ ელექტრონულ დარაბებს და უფრო მეტად დავაფასებთ იმ დროს, რომელშიც სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა დაგვიბრუნდება. მანამდე  კი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და საინტერესო გამოცდილების დაგროვებას გისურვებთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი