ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რას ეძებენ მაძიებლები?

ფაქტია, რაც უფრო გამოცდილია ქირურგი, ნაკლებად გვეშინია მისი სკალპელის. გამოცდილი პილოტის ეკიპაჟიც უფრო მშვიდად ათვალიერებს ღრუბლებს ილუმინატორიდან. გამოცდილება მასწავლებლისთვისაც არსებითია. მხოლოდ აქ პარადიგმა ცოტა სხვანაირია: მასწავლებლების კვალიფიკაცია ბავშვებს განსაკუთრებით არ აღელვებთ. მაგრამ რაც უფრო ნაკლებად გამოცდილია მასწავლებელი, თავად  ღელავს მეტად და… ეშინია… ჰო, რაღაცეების ნამდვილად ეშინია…

ეს შიში სრულიად ბუნებრივია. მიუხედავად უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნისა  და გარკვეული მზაობისა,  ახალბედა მასწავლებლისათვის კულტურული შოკია სკოლაში დაბრუნება. სასწავლო გარემო თითქოს იგივეა და მოსწავლეობის დროინდელი მოგონებებიც –  ცინცხალი. მასწავლებელიც იხსენებს  თავისი მასწავლებლების კარგ და უკეთეს თვისებებს, უნარებს და ცდილობს, ძველი შეცდომები არ გაიმეოროს. არავის უნდა, რომ მოსწავლეების მოთხრობილ ისტორიებში უსამართლო  მასწავლებლის როლი ითამაშოს? მაგრამ მოსწავლეებთან ურთიერთობების აწყობა, ხშირად, გეგმების დალაგებაზე რთულია.

მოკლედ, ეს პრობლემა ყველგან აქტუალური ყოფილა. ამიტომ იმ მდიდარ ქვეყნებში სადაც განათლებაზე ბევრს ფიქრობდნენ, გადაწყვიტეს, რომ ახალბედა მასწავლებლებს განსაკუთრებული ყურადღების დათმობა სჭირდებათ. ასე გაჩნდა მაძიებლობისა და მენტორობის პროგრამა.

მაძიებლობის პერიოდის გავლა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ მასწავლებელს გამოცდილი პედაგოგის დახმარებით გამოიმუშაოს მასწავლებლობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და განიმტკიცოს ცოდნა. კერძოდ, მენტორი მასწავლებლის დახმარებით მასწავლებლობის კანდიდატი ახალი, მისთვის ჯერ უცხო კუთხიდან ეცნობა სასკოლო ცხოვრების თავისებურებას, სწავლობს და რეალურად გამოცდის, როგორ ხდება კლასის მართვა, შეფასება, მშობლებთან კომუნიკაცია, სწავლობს სწავლების სტრატეგიებს, სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებთან მუშაობას და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.

რიგ ქვეყნებში მაძიებლობის პროგრამა ძალიან წარმატებულია. მაგალითად შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში (რაზეც ბევრს მაორის ტომები და მათი  ექსტრავაგანტული ცეკვები გაახსენდება, მაგრამ ამ ქვეყანაში პირველად დაინერგა შედეგზე ორიენტირებული სწავლება და  წიგნიერების ეროვნული მაჩვენებლებიც საკმაოდ მაღალია), ავსტრიაში, ფინეთში და ა.შ. პროგრამაში ჩართული მენტორები რიგ შემთხვევაში დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ და ეს ვალდებულება მათი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

ზოგ ქვეყანაში მაძიებლობა საუნივერსიტეტო განათლების ნაწილია, ზოგში –  პროფესიაში შესასვლელად აუცილებელი პირობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხშირად ეს პროგრამა არ არის სავალდებულო წინაპირობა მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. პროგრამის ხანგრძლივობაც განსხვავდება (10 თვიდან 2 წლამდე).  მთავარი ისაა, რომ მაძიებლობა ბევრ ქვეყანაში ფუნქციური ინიციატივაა. და თუ სრულყოფილი არ არის, ამ ინიციატივის გაუქმებაზე   საუბარი პოპულარულ თემად ნამდვილად არ ითვლება.

იმაზე, თუ რა მაგარია ეს პროგრამა და რა კარგ რაღაცეებს აკეთებს მთელ მსოფლიოში, კიდევ დიდხანს შეიძლება წერა, შთამბეჭდავი და  თვალსაჩინო სტატისტიკის მოშველიებაც შეიძლება – მეტი დამაჯერებლობისათვის.  მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რატომ არის აუცილებელი ამ პროგრამის საქართველოში არსებობა?

ეს კითხვა , ალბათ, არც გაჩნდებოდა, რომ არა ბოლოდროინდელი ცვლილება ზოგადი განათლების კანონის 61-ე მუხლში, სადაც განისაზღვრა, რომ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის დარეგისტრირების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც მინიმუმ 1 წლის პედაგოგიური სტაჟი ან მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი აქვთ.
კანონის ამ ცვლილებამდე ამ უფლების მოპოვებისათვის აუცილებელი იყო კანდიდატს ჰქონოდა მინიმუმ ერთწლიანი პედაგოგიური სტაჟი.

ასეთი ცვლილების განხორციელება, ბუნებრივია, აჩენს ეჭვს, რომ აღარაა მენტორ-მაძიებლობის პროგრამის არსებობის აუცილებლობა. უფრო სწორად, არავის მოუნდება, გახდეს მაძიებელი, რადგან ამ ვალდებულებას არავინ აკისრებს ახალბედა მასწავლებელს. და მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუკეთებია კომენტარი პროგრამის გაუქმების შესახებ, ითვლება, რომ პროგრამა მდგრადობას ვეღარ შეინარჩუნებს.

გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, რა ბედი ეწევა პროგრამას, და ისიც კარგად მესმის, რომ 2015 წლისათვის, როდესაც სერტიფიცირება მასწავლებლობის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობა გახდება, ქვეყანას მასწავლებლები უნდა ჰყავდეს. ისიც ცხადია, რომ მხოლოდ მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამა, ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაშიც კი, ახალგაზრდა, მოტივირებული და ენერგიული პედაგოგების დეფიციტს ვერ შეავსებს მთელ ქვეყანაში. მაგრამ ვთვლი, რომ ამ პროგრამის არსებობისათვის ბევრი მიზეზი არსებობს.

1.უმთავრესი დადებითი მხარე, რაც მაძიებლობის პროგრამას აქვს არის სწორედ სკოლის რეალობის დანახვის და ახალგაზრდა მასწავლებლის მიერ პრიორიტეტების შეფასების შესაძლებლობა. მასწავლებლობის ამ ეტაზე პედაგოგები ცდიან სხვადასხვა მეთოდებს და ხშირად თავს არიდებენ გამოწვევებს. სწავლებისას ხშირია შეცდომები, შემთხვევით გამოყენებული მეთოდები. ხშირად ბაძავენ ”იდეალურ მასწავლებელს”, მიმართავენ უფრო გამოცდილ მასწავლებლებს კონსულტაციისათვის. OECD 2005 წლის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა მასწავლებლების 10 % პროფესიას თავს სწორედ პირველი წლის განმავლობაში ანებებს.  მარტივად რომ ვთქვათ, მაძიებელი ხვდება, უნდა თუ არა იყოს მასწავლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი  არჩევანის ამ ეტაპზე გაკეთება  მისთვისაც და მოსწავლეებისათვის საუკეთესო გამოსავალია. და ეს სულაც არა უმიზნოდ დახარჯული რესურსი. ძალიან გამოცდილი მასწავლებლის აზრით, სჯობია მოვამზადოთ და დავხვეწოთ ახალი მასწავლებლები და თვალი გავუსწოროთ რისკს, რომ ისინი პროფესიაში არ დარჩებიან, ვიდრე არ გავისარჯოთ  და დავჯერდეთ იმათ, ვინც უკვე პროფესიაშია.

2.მეორე მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია და ბანალურად ჟღერს: მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება. სტუდენტები უნივერსიტეტს გარკვეული და იდეალურ შემთხვევაში ამომწურავი თეორიული ცოდნით ტოვებენ, მაგრამ მასწავლებლებზე კარგად არავინ იცის, რომ თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირება რთული საქმეა. ამასთან, პროგრამის ფარგლებში მაძიებელს აქვს შესაძლებლობა, გამოცდილ მენტორ-მასწავლებელთან თანამშრომლობის მიღმა, გაიაროს ის ტრენინგ-პროგრამა, რაც მას სასერტიფიკაციო გამოცდისთვის უკეთ მოამზადებს.

3.სკოლაში პროფესიული ზრდის პრეცედენტის დაშვებაა. მაძიებლობის პროგრამა თამამად შეიძლება ჩაითვალოს პირველ მცდელობად, როდესაც არა მხოლოდ  მასწავლებლობის მაძიებელი, არამედ უკვე სერტიფიცირებული მასწავლებელი – მენტორი სკოლაში და არა სკოლის მიღმა იზრდება პროფესიულად. გამოცდილი და ახალბედა მასწავლებლის სკოლაში თანამშრომლობა, გაკვეთილის ერთად დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოკვეთა ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ პროფესიული ზრდის დომინანტური ფორმა – ტრენინგებში მონაწილეობა – ერთადერთი გზაა სერტიფიცირების გამოცდის ჩასაბარებლად და საერთოდ, პროფესიული ზრდისათვის. მასწავლებლები ცხადად ხედავენ, რომ სკოლაში, კოლეგებთან თანამშრომლობით, ხშირად მეტის აღმოჩენა და მიღწევა შეიძლება.

4.მაშინ, როცა ახალბედა მასწავლებლის შიშზე ვსაუბრობთ, ვთვლით, რომ ყველაზე მეტად გამოუცდელ პედაგოგს მხოლოდ მოსწავლეების შეფასებების ეშინია. მაძიებლისათვის რთული მხოლოდ მოსწავლეებთან ურთიერთობა არაა. ცოტაა ისეთი პედაგოგი,  ვისაც კოლეგის აზრი და კრიტიკა არ აინტერესებს. ბევრს, მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე, თანამშრომლებთან საერთო ენის პოვნაც უჭირს. და ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ახალი მასწავლებლის მიღებას კოლეგები სიხარულით არ ხვდებიან. მაგრამ ახალგაზრდა მასწავლებლები მაინც ღელავენ, და ეძებენ ადამიანს, ვინც როგორც პროფესიონალიზმის გამოვლენაში, ასევე სკოლის სოციუმში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.

5.ზოგადი განათლების კანონში ცვლილებით, პროგრამა კიდევ უფო სასარგებლო გახდება და შეიძენს იმ დიდ ღირსებას, რაც ადრე აკლდა. ის ნებაყოფლობითი ხდება.  მაძიებლობის კანდიდატი კონკურსს არ გაივლის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ პროგრამაში მონაწილეობა პედაგოგიურ სტაჟად ჩაეთვალოს. ყველა მასწავლებელი განვითარებისათვის საკუთარ სტრატეგიას ირჩევს. ახალბედა პედაგოგი თავად გადაწყვეტს, რა გზა გაიაროს –  სჭირდება თუ არა  სხვა, უფრო  კვალიფიციური მასწავლებლის დახმარება, თუ დამოუკიდებლად გაართმევს თავს ყველა ბარიერს.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პროფესიული განვითარების საშუალებები მასწავლებლებისათვის, იხარჯებოდეს ყველასთვის ძვირფასი დრო, ფული და ენერგია, მაგრამ როგორ ეხმარება ეს პროცესი უშუალოდ მოსწავლეს?
სკოლა მასწავლებლიდან იწყება. ხმამაღლა ჟღერს, ძალიან. მაგრამ ასეა. ასე რომ არ იყოს, სკოლა ყველგან იდეალური იქნებოდა –   ლამაზი, კომფორტული, მრავალფეროვანი რესურსებით სავსე და საუცხოო ლაბორატორიებით აღჭურვილი. ამის მიღწევა უფრო მარტივია, ვიდრე იპოვო ყველა სკოლისათვის მასწავლებელი, რომელიც თანამედროვე, მოტივირებული, ენერგიული და ყველაფერთან ერთად გაბედულია და არაფრის ეშინია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი