ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოტივაციის პრობლემა და დისტანციური სწავლის პროცესი

პანდემიის პირობებში სწავლა-სწავლების დისტანციურმა პროცესმა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. არსებული კვლევებიც  ნაირფერ სურათს აჩვენებს, თუმცა, განათლების სფეროში, ცალკეული წარმატებული შემთხვევის მიუხედავად, პანდემიამ არაერთგვაროვანი პრობლემები გამოავლინა როგორც დაწყებით და საშუალო, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებში. გამოიკვეთა, რომ პრობლემები შეექმნათ უმაღლესი საფეხურის სტუდენტებსაც, რომელთა განათლებაში წყვეტა ცალსახა და გარდაუვალი აღმოჩნდა. შედეგად, განათლებაში ჩართულ პირებს ნათელი სურათი მოგვეცა იმისა, თუ რა და როგორ გვაქვს შესამუშავებელი თუ დასახვეწი.

on-line-სწავლის პროცესში მოტივაციის პრობლემამ განსაკუთრებული გავლენა იქონია  მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე. ამდენად, საკლასო ოთახსა თუ მის გარეთ, მასწავლებლები კვლავ დავდექით არც ისე მარტივი  ამოცანის წინაშე – ჩვენ გვევალება  ახალ  კონტინუუმში ახლებურად დავაინტერესოთ აღსაზრდელები თემებით, რომლებსაც ვთავაზობთ; კითხვებით, რომელთა დასმასაც ხშირად მათგანვე ვითხოვთ; და ტექნოლოგიებით, რომლებიც ხშირად ჩვენზე უკეთ და მარტივად თავად გაეგებათ ხოლმე.

დღეს აღარ დავობენ იმაზე, რომ მოტივაცია აზროვნების პროცესში უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და რომ სწორედ იგი განაპირობებს მოწაფისა თუ სტუდენტის განწყობასა და დისპოზიციებს, რომლებსაც ისინი სწავლის გამოცდილებამდე მიჰყავს.

სურ.1

ჩვეულებრივ, მოტივაციის საუკეთესო მაგალითებად განიხილავენ შემთხვევებს, როცა გვაქვს მიდრეკილება,  დავეყრდნოთ მტკიცებულებებს დასკვნების გაკეთების დროს; როცა მზად ვართ, პატივი ვცეთ საკუთარი აზრისგან განსხვავებულ მოსაზრებას; როცა ვფიქრობთ მოქმედების დაწყებამდე და განვიხილავთ, არის თუ არა დასკვნები აზრიანი; როცა იოლად ველევით  წინა იდეებს, რწმენებსა და დაშვებებს,  და ახალი ცოდნის დაუფლებისთვის ბოლომდე ვიხარჯებით; გვაქვს კვლევის სურვილი და ყველა ის შინაგანი ინტერპრეტაცია, რომელიც ჩვენს „თვითგანსაზღვრასა“ და  „თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას“ უკავშირდება. სხვაგვარად, მოტივაცია არის ის, რაც წაგვაქეზებს და გვიბიძგებს, ვიყოთ უფრო აქტიური, მაძიებელი, კრიტიკული თუ შემოქმედებითი და პირველი, რაც ჩვენს მოსწავლეებს სწავლის გზაზე შეიძლება შევთავაზოთ, ეს ჩვენი მაგალითი შეიძლება იყოს.

ვინ იტყვის, რომ ეს ყველაფერი იოლი ამბავია იმ საზოგადოებაში, რომლის ბევრ წევრს აბრაამ მასლოუსეულ იერარქიათა დიაპაზონში „თვითაქტუალიზაციამდე“ ბევრი უკლია და, სულ ცოტა,  დაბალი (მაგ.: ფიზიოლოგიური ან უსაფრთხოება) რანგის მოთხოვნილებებიც კი არ აქვს დაკმაყოფილებული.  ამ თეორიაში ოქროს წესივითაა: სანამ მოთხოვნილებათა შემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ, უნდა დაკმაყოფილდეს უფრო დაბალი რანგის – ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითშეფასების მოთხოვნილებები.

დამეთანხმებით, შინაგანი მოტივაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების შეთავაზება არაა იოლი საქმე. მოწაფეთა ნაწილს სრულიად არ აქვს მზადყოფნა, რითაც ისინი  წინარე, ნაკლებად ღირებული იდეებისგან გათავისუფლდებიან. ასე რომ, მასწავლებლებს მოგვეთხოვება, დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა მოსწავლეებმა აითვისონ სასურველი განწყობები და მითითებები. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს ჩვენმა მოსწავლეებმა თავად მოიძიონ ისეთი მტკიცებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ რწმენებს და აგრეთვე, გამოიჩინონ აზრის ცვლილებისათვის მზადყოფნა, თუკი მტკიცებულებები ამ რწმენის საწინააღდეგოა. ჩვენ გვსურს, ჩვენმა მოსწავლეებმა სიამოვნება მიიღონ ალგებრული ამოცანების ამოხსნით ან რუსთაველის კითხვით და არ ინერვიულონ მოსალოდნელ გამოცდებზე. გვინდა, რომ ისინი მუდმივად ინტერესდებოდნენ კითხვებით, როგორებიცაა:  „რას უკავშირდება?“ „საიდან ვიცით?“ „როგორ გვგონია?“ და სხვა, რაც ასე უწყობს ხელს შინაგანი მოტივაციის ზრდას.

ამ საკითხებზე ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა ჯერ კიდევ 2000 წლიდან დაიწყეს კვლევა და გარკვეული თეორიების შემოთავაზება. ისინი თვითგამორკვევის თეორიის (self-determination theory) და  შერეულ განათლებაში მოტივაციის მოლოდინებისა და ღირებულებების თეორიის სახელწოდებებით (Motivation in OBL: expectancy-value theory) არის ცნობილი.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ონლაინსწავლებისას პრიმარული როლი კრიტიკული აზროვნებისთვის განწყობის შექმნას ეკისრება. მასწავლებლები, რომლებიც ქმნიან ასეთ განწყობებს, სარგებლობენ შემთხვევებით, რათა სასწავლო აქტივობის დროს ავარჯიშონ და დაამკვიდრონ ისეთი ემოციურ კლიმატი, რომელიც ხელს შეუწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ყოველთვის ახერხებენ მოწაფეებში შინაგანი მოტივატორების სტიმულირებას[1].

წარმატებას კი ხშირად აღწევენ ისინი, ვინც ბევრ დროს ატარებენ მოსწავლეთა მოტივაციაზე ფიქრსა და კითხვაზე იმ მარკერების გამოკვეთისთვის, რაც  შინაგანი მოტივაციის ზრდას განაპირობებს. მკვლევართა უმრავლესობამ დაადგინა ოთხი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც აუცილებელია მოსწავლის/სტუდენტის მოტივაციის განვითარებისთვის. ესენია:

  • ავტონომია: მოწაფეს აქვს გარკვეული ხარისხის კონტროლი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს და როგორ შეიძლება განხორციელდეს;
  • კომპეტენცია: იმის შეგრძნება, რომ ადამიანს აქვს უნარი იყოს წარმატებული;
  • დაკავშირებულობა: საქმიანობა მათ ეხმარება, უფრო მეტად შეიგრძნონ თანამშრომლობის არსი და იგრძნონ ზრუნვა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა პატივისცემა მართებთ;
  • აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა ნახონ მათთვის საინტერესო და ღირებული თანამედროვეობისათვის სასარგებლო ნამუშევრები, რომლებიც მომავლის იმედებითა და ოცნებებით აღავსებთ.

შემოთავაზებულია ვირტუალურ სასწავლო გარემოში თითოეული მოყვანილი ფაქტორის დანერგვის გზა-საშუალებებიც. ესენია:

ავტონომია

ავტონომიურობის მისანიჭებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება „არჩევნის” შეთავაზებას. რაც უფრო მეტია სტუდენტის არჩევანი, მით უფრო მეტია ავტონომიის გრძნობა. უცხოეთში ბევრი პედაგოგი ამ კონცეფციის სრულყოფისათვის ვირტუალურად იყენებს არჩევნის დაფებს. დაფაზე წარმოდგენილ თითოეულ უჯრაში თითო აქტივობა, ჩვენში უკვე ცნობილი „კომპლექსური დავალებაა“ მოცემული.

ქტივობების არჩევანის დაფა

ეარჩიე, ჩაერთე, დაამოწმე, ასახე + გააზიარე

 

ეს სახალისოა და კარგად თამაშობს

ეთამაშე ბარათებით ან  სამაგიდო თამაში თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად. შექმენი გადახალისებული  გარეკანი თამაშისათვის. შენი გარეკანის მიზანი უნდა იყოს მოწოდება  ადამიანებისა, იპოვონ  გართობის გზა შინ ყოფნისას.

ცეპტები სახლისათვის

აირჩიე რეცეპტები სამზარეულოს წიგნებიდან ან შექმენი შენი ორიგინალური რეცეპტი. დაასურათე’ შენი კერძის მომზადების პროცესი და დაურთე ჩანაწერები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ინგრედიენტებს, რაოდენობას, წონას და მომზადების პროცესს.

რულყოფილი ფლეილისტი 

განწყობის შესაბამისად, შეადგინე მუსიკალური ნაწარმოებების  სია, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ 10 სიმღერას. დაასათაურე ფლეილისტი, აღწერე მისი ხასიათი და ახსენი, რატომ შეარჩიე კონკრეტულად ეს სიმღერა.

ცნაური მეცნიერება

დაგეგმე  და ჩაატარე ექსპერიმენტი შინ არსებული  საშუალებებით. დაიწყე შეკითხვით, რომელსაც გინდა, რომ პასუხი გასცე. ჩამოწერე გამოყენებულ საგანთა სია და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერე პროცედურა.  მიმართე მშობელს,  შენეული გეგმის შესაფასებლად. ჩაატარე ექსპერიმენტი და გადაიღე, რაც მოხდება.

ეკავენ ზარები

იფიქრეთ თქვენს სახლში არსებულ ნივთსა ან პროდუქტზე, რომელიც მოულოდნელად გამოსადეგი აღმოჩნდა თქვენი შინ ყოფნისას. ჩაწერეთ ჰიტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კომერციული მიზნებით, ამ სარეკლამო შემთხვევითი ნივთის ან პროდუქტის სარგებლის რეკლამირების მიზნით.

 

*ბონუსი: თუ ინსტრუმენტზე ასრულებთ, შეაფასეთ მუსიკალური ქულით!

სასაცილოა!

 

წაიკითხე საგაზეთო სტატია ან წიგნის ერთი თავი და დახატე მისი კომიქსი, რათა აჩვენო, თუ რა მოხდა. გააცოცხლე ტექსტი ფოტოებით და წარწერებით.

ამოიგონე და მოვლენ!

გამოიგონე მექანიზმი, რომელიც ასრულებს მარტივ ამოცანას რთული გზით. თუ შთაგონებისთვის მაგალითი გჭირდება, ნახე ეს!  watch this!

 ოდი, ვიცეკვოთ!

წარმოიდგინე, იღებ 2020 წლის Tik Tock-ის ცეკვის გამოწვევას. შეარჩიე სიმღერა და დაამატე მათი შესატყვისი საცეკვაო მოძრაობები. დახვეწე მოძრაობები და შეასწავლე ისინი მშობლებსა თუ და-ძმას.

ააკვირდი და იპოვი!

შექმენი სიტყვის ურნა. აირჩიე შენი საყვარელი სპორტი, კინო, წიგნი, ან სასკოლო საგანი და გამოიყენე ის, როგორც შთაგონება სიტყვების ურნის შესაქმნელად. შეარჩიე საყვარელი ცნებები და საგასაღებო სიტყვები გონივრული კავშირებით. მოიწვიე  ოჯახის წევრი, რომელიც გამოიცნობს და ამოკრებს საგასაღებო ცნებებს შენი სიტყვების ურნიდან.

ცხრილი 1.[2]

მითითებულ ბმულზევეა შესაძლებელი ცხრილში მითითებული აქტივობების/ დავალებების ცვლილება თუ სასურველი აქტივობების აღწერა.

მოწაფეებისთვის, რომელთაც არ სურს  ოფიციალური არჩევნის გაკეთება, შეუძლიათ გააკეთონ ის, რასაც თავად ვაკეთებთ — ვთხოვ ჩვენს ახალბედებს, დღეში მინიმუმ 15 წუთი გაატარონ სამ ვირტუალურ ადგილას, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ პროგრესს, მაგალითად, Brainpop-ზეRaz-Kids-ზეEnglish Central-სა თუ სხვა საიტზე.

კომპეტენცია

ვირტუალურ სწავლებაში შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი წესი: ორი-სამი წინადადება და არაუმეტეს 15 ან 20-ზე მეტი წამისა სჭირდება იმას, რომ ნათლად ავხსნათ, რის გაკეთება გვსურს. შემდეგ ვივიწყებთ მითითებას და ვცვლით დავალებას. აღმოჩნდება, რომ სტუდენტებს ის ახსოვთ და ჯიუტად აგრძელებენ მასზე მუშაობას. ეს წესი მოქმედებს, როგორც ორმაგი შემოწმება და იმის გაზრდის ალბათობა, რომ მოსწავლეები შეძლებენ დავალების წარმატებით შესრულებას.

დაკავშირებულობა

მოწაფეებთან პოზიტიური ურთიერთობა ყველაფერია! განსაკუთრებით, როდესაც საქმე ვირტუალურ სწავლებას ეხება, როდესაც მოწაფეებს  ვერაფრით შემოვიტყუებთ ონლაინგაკვეთილზე, თუ მათ ჩვენი მოსმენა არ სურთ! გვირჩვენ[3], ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გავითვალისწინოთ მოსწავლეები, რომლებსაც არ სურთ ჩვენთან კავშირი. ასეთ შემთხვევაში ონლაინშეხვედრები უნდა მიეძღვნას მოწაფესთან კლასგარეშე ურთიერთობას და იმის გაგებას, თუ როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს და რა ინტერესები აქვს მოწაფესა და მის ოჯახს. გვირჩევენ, ასეთ დროს  სიყვარულით  ვიხელმძღვანელოთ და არა გაკვეთილებით.

სტუდენტების კლასელებთან დაკავშირებაში დახმარება კიდევ ერთი გზაა, რაც შეგვიძლია გავამხნევოთ სტუდენტების შინაგანი მოტივაცია. დიახ, ზოგჯერ ჩატარებული ვიდეოკონფერენციის ზარი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ უფრო სასარგებლოა მოწაფეებს/სტუდენტებს შევთავაზოთ პროექტების მომზადება მათ მიერვე შერჩეულ პარტნიორებთან. თანამშრომლობა კი მათ ყოველთვის უბიძგებს, იყვნენ კარგი პრეზენტატორები პროექტის წარდგენისას.

შესაბამისობა

მნიშვნელოვანია, ჩვენს აღსაზრდელებს იმ თემების გავლით ვასწავლოთ, რომლებიც აინტერესებთ. ამისათვის ვთხოვოთ მათ, მოგვიმზადონ ჩამონათვალი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა. დაფასება და აღიარება, შესასწავლი საკითხების  მათ სურვილებთან შესაბამება ზრდის მოტივაციას. გარდა ამისა, მათ შეიძლება შევთავაზოთ ისეთ ვირტუალურ ჯგუფებში გაერთიანება, რომელიც მათი ინტერესების სფეროებს მოიცავს.

პროგრესის ჩვენება

ვთხოვოთ მოსწავლეებს, მათი მიღწევა გაგვიზიარონ არა მხოლოდ ვირტუალურ გაკვეთილზე, არამედ რომელიმე მათთვის სასურველი ქსელის გამოყენებით. წავახალისოთ და ვუბიძგოთ კრეატიულობიკენ, შთავაგონოთ საკუთარი თავის მნიშვნელოვნება, დავარწმუნოთ, რომ მათ მიერ მომზადებულმა მასალამ შესაძლოა, სხვას დახმარება აღმოუჩინოს.

სურ. 2

 

სწავლის სტილი

ყოველთვის გავითვალისწინოთ ჩვენი მოწაფეების სწავლის სტილი, ის, თუ როგორ ურჩევნია სწავლა – მოსმენით, ვიზუალური მასალის აღქმით, მოძრაობით, შეხებით და ა. შ. გვახსოვდეს, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!

დისტანციური სწავლება ჩვენგან ახალ უნარებს ითხოვს, ამ უნარების კარგად განვითარებისთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, არც საკუთარი არსებობა მივივიწყოთ, ხშირად შევისვენოთ, კარგად ვიკვებოთ და ვიძინოთ, ლამაზად ჩავიცვათ და  ზოგჯერ სარკეში  საკუთარ მოტივაციასაც კი გავეპრანჭოთ, როგორც საჭირო პარტნიორსა და ცხოვრების განუშორებელ მეგზურს.

 

[1] https://larryferlazzo.edublogs.org/2020/02/05/free-resources-from-all-my-books-20/

[2] https://docs.google.com/document/d/1lDpBVM8kllDvQU7rMIaTx2FHhpowdiw8qX-QFxa2swg/edit

[3] https://larryferlazzo.edublogs.org/2011/03/08/the-best-resources-on-the-importance-of-building-positive-relationships-with-students/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი