შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

არჩევნების მოდელირება გაცნობიერებული არჩევანისთვის

ზოგადი განათლების სისტემა, მოსწავლეებისთვის კონკრეტული საგნობრივი ცოდნის შეძენის კვალდაკვალ, ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებას და ა.შ. აქტიურმა სასკოლო ცხოვრებამ ახალგაზრდებში უნდა გააღვივოს შეგრძნება იმისა, რომ მათ სხვადასხვა გზით შეუძლიათ ხელისუფლების ცვლილებაზე ზეგავლენა, განსხვავებული პოლიტიკური ფორმატის დისკუსიებში მონაწილეობა, პარტიული პროგრამების გაცნობა…

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 18 წლიდან ეძლევათ. მიუხედავად ამისა, მოსწავლეების არჩევნებისადმი დაინტერესება ძალიან დიდია. ინტერესს აორმაგებს მოახლოებული არჩევნები, მედიასაშუალებების მიერ შექმნილი მოლოდინი.

შესაძლებელია თუ არა ამ ინტერესის დაკმაყოფილება სასკოლო სივრცეში?

მასწავლებლები (სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიის და სხვა…) მოსწავლეებს საგაკვეთილო ფორმატში ვესაუბრებით, არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიაზე, მედიისა და საზოგადოების აქტიურობის აუცილებლობაზე, თუმცა სრულყოფილი სურათის წარმოდგენას ვერ ვახერხებთ, რადგან მხოლოდ თეორიული ასპექტების გაცნობით დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

სამოქალაქო განათლების საკითხები მოიცავს არჩევნების მოდელირებას, სიმულაციას. სწორედ სიმულაცია და მოდელირება იძლევა მათი ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას. როლური თამაშის მეშვეობით მოსწავლეები თავს რეალური პროცესის მონაწილედ გრძნობენ, შეუძლიათ რეალურ პროცესებთან დაკავშირება, შედარება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ პროექტის „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“ ფარგლებში შეძენილი გამოცდილება და რესურსები.

საპარლამენტო არჩევნების მოდელირება

მოდელირებისთვის მოსწავლეების შერჩევის შემდეგ ჩანიშნეთ მოსამზადებელი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე მათ აუხსენით, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია დააკომპლექტოს მთავრობა და შეუდგეს ქვეყნის მართვას.

გააცანით წესები, როგორ გადანაწილდება მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის პარლამენტში და რამდენი კანდიდატია საჭირო მთავრობის დასაკომპლექტებლად. ამავე შეხვედრაზე კენჭისყრით გაანაწილეთ როლები შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • პოლიტიკური პარტიები (მათი რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ხელთ არსებულ რესურსზე);
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • მედია;
  • ამომრჩევლები.

მონაწილეებს ხაზგასმით აუხსენით, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე მოქმედი/არსებული პარტიების სახელების/ნომრების გამოყენება აკრძალულია! გაითვალისწინეთ – პარტიებში მოსწავლეთა რაოდენობა უნდა იყოს თანაბარი.

სოციალურ ქსელში შექმენით დახურული ფეისბუქჯგუფი. ჯგუფში დაამატეთ მოდელირებაში ჩართული მოსწავლეები/ფასილიტატორები. განუმარტეთ მათ, რომ ეს საკომუნიკაციო არხი გამოიყენონ მოდელირების პერიოდში მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტების/სტატიების ასატვირთად, პოლიტიკური პარტიების განცხადებების გასაკეთებლად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგულაციების გამოსაყენებლად და სხვა.

ქვეყნის ისტორია

მოიგონეთ ლეგენდა ქვეყანაზე, აღწერეთ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, გამოგონილი მეზობლები, არსებული პრობლემები, გამოწვევები, რესურსები და ა.შ. აქვე გიზიარებთ პროექტის ფარგლებში შეთავაზებული გამოგონილი ქვეყნის ისტორიას.

პოლიტიკური პარტიები

თქვენი მოსწავლეების ადამიანური რესურსების გათვალისწინებით გამოიგონეთ პოლიტიკური პარტიები იდეოლოგიების მიხედვით (მაგალითად, მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ლიბერალები და ა.შ.). სასურველია მოსწავლეებს დაუტოვოთ სივრცე, პარტიას სახელი თვითონ დაარქვან. აქ კიდევ ერთხელ განუმარტეთ, რომ თავი შეიკავონ მოქმედი პოლიტიკური პარტიების სახელების გამოყენებისგან. იდეოლოგიების მიხედვით მიეცით აღწერები. გამოკვეთეთ პარტიის ძირითადი მიმართულებები და პროგრამული პრიორიტეტები. პროექტის ფარგლებში შეთავაზებული პოლიტიკური პარტიების აღწერილობები იხილეთ აქ.

პოლიტიკური პარტიის ინსტრუქციები

სიმულაციის მიმდინარეობისას სასურველია პოლიტიკური პარტიები ერთმანეთისგან მოშორებით ისხდნენ. სხვადასხვა სივრცეში განლაგებულ პარტიებს დაურიგეთ ინსტრუქციები, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი, რისი გაკეთება მოუწევთ მოდელირების ფარგლებში. პროექტის ფარგლებში შეთავაზებული პოლიტიკური პარტიების ინსტრუქციები იხილეთ აქ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ცესკო. ერთად მოუყარეთ თავი იმ ჯგუფს, რომელსაც შემთხვევითი პრინციპით ცესკოს წევრის როლი შეხვდა. ამ ჯგუფის ძირითადი დოკუმენტია სამოქმედო ინსტრუქცია, სადაც გაწერილია ის აქტივობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ მოდელირების პროცესში. პროექტის ფარგლებში შეთავაზებული ცესკოს სამოქმედო ინსტრუქცია იხილეთ აქ.

ცესკოს ძირითადი ფუნქციებია: პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციაში გატარება, ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენა, წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი, არჩევნებისთვის მომზადება, ჩატარება, შედეგების გამოცხადება და ა.შ.

მედია

თანამედროვე სამყაროში მედიას უდიდესი როლი აკისრია საარჩევნო პროცესების გაშუქების თვალსაზრისით. თქვენ უკვე ჩამოაყალიბეთ მედიის ჯგუფი. მედია აშუქებს პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრებს, ბრიფინგებს, ამზადებს სიუჟეტებს, ეთერს უთმობს პოლიტიკურ პარტიებს პროგრამების პრეზენტაციებისთვის და ატარებს დებატებს ლიდერებს შორის, აცხადებს არჩევნების შედეგებს და ა.შ. მოდელირების პროცესში მედიაინსტრუქციების მიხედვით საქმიანობს. მედიის ჯგუფის მოსწავლეები შეგიძლიათ დაყოთ ქვემიმართულებებად: ონლაინმედია, ბეჭდური მედია, სატელევიზიო მედია და ა.შ.  პროექტის ფარგლებში შეთავაზებული მედიის ისნტრუქცია იხილეთ აქ.

ამომრჩეველი

ცესკო ერთიან საარჩევნო სიაში არეგისტრირებს მოდელირების პროცესში მონაწილე ყველა მოსწავლეს/მასწავლებელს. ასევე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დამატებითი ჯგუფი, რომლებშიც გააერთიანებთ ამომრჩეველს (მათი რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ხელთ არსებულ რესურსზე). ამომრჩეველთა დამატებითი ჯგუფის შექმნა რეკომენდებულია გამოცდილების მიხედვით, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ პარტიას აძლევენ ხმას, რადგან მათ მოდელირების პროცესში უჩნდებათ მიკუთვნებულობის განცდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, გყავდეთ დამატებითი ჯგუფი ამომრჩევლებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ცესკოსა და მედიის წარმომადგენლებიც თავისთავად ამომრჩევლებად მოიაზრებიან.

მასალები მომზადებულია პროექტის „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია პოლონური ასარამთავრობო ორგანიზაციის RITA-ის მიერ. მას ახორციელებს მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული რესურსები არ წარმოადგენს აუცილებლად შესასრულებელ დავალებას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ, დაამატოთ ან შეიმუშაოთ სრულად ახალი ინსტრუქცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი