სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

პანდემიის გაკვეთილები

პანდემია დაიწყო თუ არა, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ წინ ხანგრძლივი და დამღლელი პერიოდი გველოდა. შიშის, მარტოობის, უსუსურობის და გაურკვევლობის, ახალი ჩვევების გამომუშავების და ძველი ჩვევების მონატრების დღეები, თვეები, ვინ იცის, წლებიც. ცხადი გახდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ცხოვრება, სანამ ამ ყველაფერს უკან არ მოვიტოვებდით, თუმცა პანდემიაზე საუბარი ალბათ არც წარსულ დროში იქნება ადვილი.

პირველი დღეებიდანვე, საგანგებო რეჟიმსა და ონლაინ გაკვეთილებში ჩართული, ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ამ ცუდი გაკვეთილიდან კარგი გაკვეთილი მიგვეღო, დავფიქრებულიყავით იმაზე, რაზე საფიქრალადაც მანამდე ვერ ვიცლიდით, დაგვენახა, ვისაც ვერ ვამჩნევდით და გამოგვესწორებინა შეცდომები, რომელთა დაშვებითაც, გვეგონა, არაფერს დავაშავებდით. ახლა, როცა უკვე მეორე სასწავლო წელი დაიწყო და ჩვენ ისევ ეკრანებთან ვართ, მეტია სევდა და ნაკლები – იმედი, რომ პანდემიისგან რამე ვისწავლეთ ან ვისწავლით.

თუკი რამ შეგვეძლო დაგვენახა ამ ვერაგი ვირუსის წყალობით, საზოგადოებისთვის ერთი, ცალკე აღებული ადამიანის მნიშვნელობაა. ის, რომ ერთი შეცდომა, ერთი უპასუხისმგებლობა დომინოს ეფექტს იწვევს და ბევრ სხვა რამეზე ახდენს გავლენას. შეგვეძლო, ისევ გვერწმუნა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია, რამე მნიშვნელოვანი გააკეთოს საზოგადოებისთვის და ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს, განურჩევლად იმისა, როგორ იქცევიან სხვები.

პანდემიამ აშკარა გახადა ისიც, რომ სისტემების არარსებობა სწორედ ინდივიდებს იწირავს და სისტემა, რომელიც ინდივიდებს ვერ ხედავს, ცენტრალიზებულად მოქმედებს და ყველას ერთნაირად უდგება, ცუდი სისტემაა. ინდივიდუალური მიდგომა ახლა ალბათ საუკეთესო გზაა იზოლაციის, შიშის, უსუსურობის განცდის ტყვეობაში დიდხანს ყოფნის მავნე შედეგების შესამცირებლად – თუ გვინდა, ჯანსაღი ფსიქიკით დავაღწიოთ თავი ამ პერიოდს, კონკრეტული მოცემულობიდან ყველაზე უმტკივნეულო გამოსავლის პოვნა უნდა შევძლოთ.

სკოლები ალბათ საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს და რა საზიანოა ცენტრალიზებულად მოქმედი სისტემა. დღეს, თუკი განათლების სისტემას რამე აცოცხლებს, ცალკეული მასწავლებლების ცოდნა, ენთუზიაზმი და მონდომებაა, ნებისმიერ ვითარებაში იყვნენ ბავშვების გვერდით, გაამხნევონ, ასწავლონ და აუხსნან, მოუსმინონ და დააკვირდნენ. თუკი რამე გვაზიანებს, სისტემაა, რომელიც ერთნაირად ელაპარაკება, მაგალითად, ყველა დიდ ქალაქში მდებარე ყველა სკოლას, ყველა კლასის ყველა მოსწავლეს, ყველა მასწავლებელს ასაკის, გამოცდილებისა და უნარების მიუხედავად, მათ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ უსმენს, არ ეკითხება, არ სწავლობს მათ საჭიროებებს და არ ცდილობს დაეხმაროს, გააძლიეროს, ანუგეშოს.

გაზაფხულზევე ჩანდა, რომ შემოდგომა და ზამთარი მძიმე იქნებოდა. სასწავლო წლის პირველმა დღეებმა ამაში უფრო მეტად დაგვარწმუნა. ერთი მხრივ, გვესმის საუბარი ამ ხნის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე, მეორე მხრივ, ამავე პერიოდში მიღებული საკუთარი გამოცდილება გვეუბნება, რომ იზოლაცია საშიშია, ბავშვებს კომუნიკაცია სჭირდებათ, თანამედროვე სამყაროში განათლების მრავალი გზა არსებობს და სკოლის კლასიკური მოდელი შესაძლოა არც კი იყოს მათ შორის საუკეთესო, მაგრამ სოციალური უნარების განვითარებისთვის

მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობა, შენნაირებსა და შენგან განსხვავებულებთან თანაცხოვრების სწავლა და თუ ეს ადრეულ ასაკში არ მოახერხე, მერე უფრო და უფრო რთულდება. ამავე გამოცდილების მიხედვით, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა ოჯახებსა და სკოლებს შორის – აუცილებელი და ჩვენი სასწავლო პროგრამები ტექნოლოგიებთან ერთად გაზრდილი ბავშვებისთვის ხშირად მოძველებული და სრულიად უინტერესოა. მეტი ავტონომია განსაკუთრებულ ვითარებაში ყველას სჭირდება – სკოლებსაც და ოჯახებსაც. შეუძლებელია, ერთ თარგზე მოჭრილი სწავლება ყველასთვის ეფექტური იყოს.

ამ მძიმე შემოდგომას და ზამთარს თუკი რამე შეგვიმსუბუქებს, ალბათ ცალკეული ადამიანების ინიციატივები იქნება, იმის შესახებ, როგორ გადავრჩეთ, ვისწავლოთ, ვასწავლოთ, დავეხმაროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მე და ჩემი შვილების მეგობრების მშობლები კვირაში ერთ დღეს ერთმანეთის ბავშვებს ვიტოვებთ ხოლმე, ერთმანეთს საქმე რომ შევუმსუბუქოთ. ხანაც რომელიმე ჩვენგანის სახლში ვიკრიბებით, დიდები ვმუშაობთ, პატარები კი თამაშობენ. ერთი შეხედვით, დიდი არაფერი, მაგრამ მაინც შვებაა. სხვები ჯგუფებს ქმნიან, სადაც ონლაინსწავლების მეთოდებს და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. ვიღაც სასწავლო რესურსებს აქართულებს და თავისუფლად ავრცელებს, სხვა ქმნის და ასე. ზოგჯერ ისიც საქმეა, რომ ვიღაც გისმენს, ვიღაც გხედავს, ვიღაც გეუბნება, რომ იცის, რასაც გრძნობ. სანამ შევძლებთ, სისტემამ ცალ-ცალკე აღგვიქვას, სანამ ერთი ხელის მოსმით იხსნება და იხურება ყველა სკოლა, სანამ სისტემის მიღმა ცხოვრება არ შეგვიძლია, ისღა დაგვრჩენია, საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ. იქნებ უკეთესი მიკროსისტემებიც კი შევქმნათ. შესაძლოა, ესეც არ იყოს ცუდი გაკვეთილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი