ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელი მაღალმთიანი სვანეთიდან

სოფელი წვირმი მესტიიდან ოცდაერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მესტიის მაღლა ,წვირმის იქით – მხოლო დადიში, კალა და უშგულია. წვირმიდან სვანეთის ორი დიდებული მწვერვალი – თეთნულდი და უშბა მოჩანს. ესმაღალმთიანი სვანეთია თავისი მკაცრი კლიმატური პირობებით, ნაძვის ტყეებითა და ტრიალი მინდვრებით, ლაღი ბავშვებით, რომლებიც ცხენებს დააჭენებენ, პირუტყვს უვლიან, მოცვს აგროვებენ, კარტოფილს იღებენ და აბინავებენ, ოჯახს საშინაო საქმეებში ეხმარებიან, იგონებენ სხვადასხვა თამაშებს და მათი ცხოვრება, ერთი შეხედვით რომ არ ვიმსჯელოთ, არც ისეთი მოსაწყენი და უფერულია. ყველაზე მეტად კი ამ ბავშვებს თანამედროვე ლიტერატურა ახარებთ და დედაქალაქში სტუმრად წასული მასწავლებლისგან წიგნების ჩამოტანას ელოდებიან.
ჩვენ კი, როდესაც ჩვენს ქალაქებში ტკბილი ნოემბრით ვტკბებით და გაყვითლებული ფოთლების ფონზე ვიღებთ ფოტოებს, იქ უკვე პირველი თოვლი მოვიდა. წელს სოფლის სკოლის ყოველდღიურობაში სიახლეა. წვირმის სკოლას ახალგაზრდა ისტორიის მასწავლებელი ჰყავს – დაჯი თოდუა. დაჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ასწავლე საქართველოსათვის” ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც შესარჩევი პირობების წარმატებით გავლის შემდეგ, დედაქალაქიდან პირდაპირ მესტიის რაიონის სოფელ წვირმში აღმოჩნდა.
დაჯი 24 წლისაა. ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სხვადასხვა მიზეზთა გამო რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ძიების პროცესში იყო, არ აკმაყოფილებდა მისი ცხოვრება და საქმე. სამსახურიდან გამოსულს უსახური კორპუსების თავზე ამოზრდილი მაღალი მთებისკენ მიუწევდა გული და უნდოდა რაღაც შეეცვალა ცხოვრებაში, თან ძალიან სწრაფად. ამის მერე ბევრი აღარ უფიქრია, სამსახურიდან წამოვიდა, სახლში იჯდა, ფილმებს უყურებდა და წიგნებს კითხულობდა. ერთხელაც, შემთხვევით გადაავლო თვალი “ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამის პირობებს და იმავე დღეს შეავსო განაცხადი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ვაკანსიაზე და გაკვეთილის გეგმა მოამზადა. შემდეგ, კი ეს ყველაფერი დაივიწყა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ამბავი მის სასიკეთოდ გადაწყდებოდა.
ადრე თუ გვიან ჩვენი სურვილები ფრთებს ისხამენ და ყველა ოცნება ცოცხლდება. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც. ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მობილურ ტელეფონში მოსულმა წერილმა დაჯის შეატყობინა, რომ იგი ზემოთ აღნიშნული პროგრამისთვის შეარჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. ამას მოჰყვა ტრენინგები, სადაც აღმოაჩინა, რომ ამ პროგრამის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი იყო. ამან მეტი მოტივაცია გაუჩინა, გაეკეთებინა მაქსიმუმი და, რაც მთავარია, არ შეშინებოდა ამ რთულ გზაზე სიარულის.
ოჯახში, სადაც დაბინავდა, მის გარდა, კიდევ ორი მასწავლებელი ცხოვრობს – სკოლის დირექტორი, რომელიც ამავდროულად მათემატიკის მასწავლებელია და მამიდა, ანუ ბადა – გეოგრაფიის. ამ ორმა ადამიანმა უცხო გარემოში მოხვედრილი ახალგაზრდა მასწავლებელი ოჯახის წევრივით მიიღო, რამაც უფრო გაუიოლა უცნობ გარემოში დამკვიდრება.
მასწავლებლების სახლიდან სკოლა ნახევარ კილომეტრშია და გზას, ცხადია, ფეხით გადიან. სკოლა ყოფილი ბაღის შენობაშია (ძველი სკოლა დიდი ხნის წინ დაიწვა ) და პირობები უკიდურესად მძიმეა, მაგრამ მასწავლებლები ცდილობენ, ამ გარემოებამ სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალოს. წვირმის სკოლაში სულ ოცდაჩვიდმეტი მოსწავლე სწავლობს.
როცა, თბილა და მზიანი ამინდია, მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში გამოდიან, გრძელ სკამზე სხდებიან და გაკვეთილებს ეზოში ატარებენ. დაჯის ზოგჯერ სამი გაკვეთილის ჩატარება უწევს დღის განმავლობაში. მერვე კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა – იაკო – და ამიტომ გაერთიანებული გაკვეთილს ამზადებს მეშვიდე და მერვეკლასელებისთვის. სულ ოთხნი არიან. დაჯი ამბობს, რომ ბავშვები კარგად სწავლობენ, ზოგიერთი კი შიშველი მონდომების, მოტივაციისა და დაუზარელობის განსახიერებააო.
ზოგჯერ, თამაშობენ კიდევაც, ხან მოსწავლეები სთავაზობენ ახალ თამაშებს, ხან კიდევ – მასწავლებელი. ერთ-ერთი ასეთი თამაშია “ქარიშხალი და სახლი”, რომელსაც მასწავლებელი ბავშვებს ეთამაშება. როცა თამაშისთვის გამოყოფილი ხუთი წუთი იწურება, მოსწავლეები და მათი ახალგაზრდა მასწავლებელი უკვე ისტორიის საგანს უბრუნდებიან.
“მე მე-7 და მე-12 კლასელებს ვასწავლი ისტორიას. თავიდან ვფიქრობდი, რომ უფროსკლასელებთან მუშაობა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მოსწავლეებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ერთ-ერთ, მეთორმეტე კლასელ გოგონას უკვე ისტორიის მასწავლებლობა უნდა. დანარჩენებისთვის კი, როგორც მეუბნებიან, ისტორია საყვარელი საგანი გახდა. ეს ჩემთვის ორმაგი სტიმულია, უფრო მეტი გავაკეთო მათთვის, რაც პარალელურად ჩემს თვითგანვითარებაზეც აისახება”, – ამბობს დაჯი.
წვირმელი ბავშვებისთვის თავშეყრის, გართობის, თამაშის, სწავლის, კომუნიკაციისა და განვითარების ერთადერთი გზა და ადგილი მხოლოდ სკოლაა. ინტერნეტი, მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს. ამიტომ ბავშვები მუდამ ესწრებიან გაკვეთილებს, თუ ოჯახის საქმეები არ დააწვათ ზურგზე. ისინი კი ძალიან ბევრს შრომობენ და ოჯახს ეხმარებიან.
როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი დედაქალაქს სტუმრობს, მოსწავლეები მას წიგნებს აბარებენ. დაჯიც წიგნების გარეშე არსად დადის და მით უფრო სვანეთში, სადაც იქაურ გრძელ ღამეებს წიგნების კითხვით უმკლავდება. შესაბამისად მოსაწყენადაც არ სცალია, პირიქით – კმაყოფილია. სანამ თოვლი მოვიდოდა კარტოფილის ამოთხრაც მოასწრო, სვანური კერძების ათვისება და მთებში წანწალიც.
სახლში კატა ჰყავს. რომელიც, ყოველდღე სკოლიდან დაბრუნებულს სახლის ჭიშკართან, ძაღლივით ერთგულად ელოდება პატრონს. არაფერი ჰქვიაო მეუბნება, მაგრამ ციცუს ეძახის. როდესაც ციცუს აპურებს, თავზე ადგას, რომ ქათმებმა არ წაართვან ფისოს თავისი წილი საკვები.
საქმე ბევრია, ზოგჯერ ოჯახის უფროსს ეხმარება კარტოფილის ამოღებაში. დიდ წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ მაინც მიდის და მერე ერთად ბრუნდებიან სახლში დაქანცულები. მისი ახალი ოჯახი ნელ-ნელა ეგუება მის ვეგეტარიანელობას და როგორც თავიდან, ისე აღარ აძალებენ ხორცის ჩართვას ყოველდღიურ რაციონში. სვანურ დიალექტთან და სვანურ კულინარიასთან პირველი დისკომფორტიც ნელ-ნელა ქრება და ისიც ხშირად წერს თავის ბლოგზე, რომ ყველაფერი მოსწონს, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
სკოლის ამბების შესახებ თავის ბლოგზე წერს. წერს იმაზე, თუ როგორ ჩუქნიან ყოველდღიურად მოსწავლეები ვაშლებს და მოცვს, უყვებიან საკუთარ ცხოვრებაზე, უმხელენ საიდუმლოებს და ისიც ბედნიერია თავისი ცხოვრებით. ბედნიერება, ხომ კმაყოფილებაა იმით, რასაც აკეთებ, მით უმეტეს, თუ ეს საქმე კარგად გამოგდის.
“როცა ვინმე მეკითხება სად ვმუშაობ, ვისთან ვმუშაობ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, მათთვის ყველაფერი რომანტიკულ საბურველში ეხვევა: ”აე, რა მაგარი ბუნებაა”, “რა ლამაზი ნისლია…”,”იქ კოშკებიცაა ხო?”, “აუ, თეთნულდზე შემდეგ თხილამურებით ისრიალებ, არა?” და ა.შ ეს ყველაფერი შემდეგ მოვიდა, მაგრამ იქამდე იყო ბევრი ეჭვი და გაურკვევლობა. თავიდან არ იცი, რა როგორ იქნება. შენი არჩევანიც სასწორზე ჰკიდია – ან ძალიან კარგად სრულდება ყველაფერი, ან ძალიან ცუდად. აქ “საშუალოდ” ვერ იქნები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ლამაზი სურათების, ლამაზი ბავშვების, საინტერესო გაკვეთილების და არანაკლებ საინტერესო ცხოვრების უკან აუცილებლად იმალება მცირე განსაცდელები, შეცდომები და ხიფათები, რომლებიც მხოლოდ მე ვიცი და არა ჩემი ცხოვრების “დამთვალიერებელმა”. ლამაზი სურათი რომ გადაიღო, ზოგჯერ დიდ ლოდებზე უნდა აძვრე. საინტერესო გაკვეთილი, რომ ჩაატარო ძალიან ბევრი უნდა იკითხო და ღამეები ათენო. საინტერესო ცხოვრება რომ შედგეს, ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა დაუკავშირო. ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, რაც მთლიანობაში დიდ ძალისხმევას მოითხოვს”… წერს დაჯი თავის ბლოგზე.
მალე უფრო დამოკლდება დღე და უფრო გრძელი და ზანტი ზამთრის ღამეები ჩამოდგება. თაროებზე შემოწყობილი წიგნები კი ბევრია. დაჯი თავის ბლოგზე წიგნებსა და თავის მოსწავლეებზე დაწერს. წვირმელ გოგონებზე, რომლებსაც გრძელი ნაწნავები და ჭორფლიანი სახეები აქვთ, დაწერს ყოველდღიურ გამოცდილებასა და ახალ ბეწვის ხიდებზე, რომელზე გავლის დროსაც წონასწორობის შენარჩუნება ძალიან რთულია და იმ გაკვეთილებზე, რომელსაც მზიან ამინდში ეზოში ჩამოსხდარ ბავშვებთან ჩაატარებს.
წარმატებებს ვუსურვებ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი