ერთი ხელით გული უნდა გავიღო, მეორით – ცოდნა და გამოცდილება

„როგორც მოსწავლის დანახვაა მასწავლებლის მთავარი ბედნიერება, დაუნახაობაა დიდი ტკივილი და სიძნელე”

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული სოფო გოგოხია აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში სახვითი  და გამოყენებითი ხელოვნების და  ქართული ენისა და ლიტერატურას მასწავლებელია. საჯარო სკოლა სამეგრელოში, დაბა ჩხოროწყუში მდებარეობს.  მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია და საქართველოში წელს მეოთხედ ჩატარდა. გამარჯვებულ მასწავლებელს ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი” ესაუბრა.

 

გილოცავთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებას. რას ნიშნავს თქვენთვის წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი?

დიდი მადლობა.  ვფიქრობ, ყოველგვარი სტატუსი, ჯილდო, შექება და წახალისება არის იმის შეხსენება, რომ  გავაგრძელო, უკეთ ვეცადო, არ დამეზაროს, არ ჩავიქნიო ხელი და მქონდეს იმედი, მჯეროდეს, რომ ჩემი დადებული აგური კედლის სიმყარისათვის ერთ-ერთი მთავარი ძალაა, რომ არასოდეს წავიღო უკან გაწვდილი ხელი, მაშინაც კი, როცა არ მაქვს იმედი, რომ ჩამეჭიდებიან,  ვეცადო, არ დამღალოს კლდის პირას დგომამ და არც კლდის ძირას ჩარბენამ, იმ იმედით, რომ ეგებ ვინმე გადავარდა და ფსკერზე სჭირდება ხელის შეშველება. სტატუსი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, ამას ბოლომდე გავუმკლავდე.

როგორია თქვენი პროფესია თქვენთვის და რა არის ყველაზე დიდი  სიძნელე ამ პროფესიაში?

ამ კითხვის ჩემი პასუხი პათეტიკით იქნება სავსე და მინდა,  არასოდეს დამტოვოს ამ პათეტიკამ. გასაგები მიზეზების გამო პათეტიკურობა ირონიას იწვევს მრავალ ადამიანში, მაგრამ, ვფიქრობ ეს ზომიერია ჩემგან და ჩემთვის, ამიტომ ვიტყვი, რომ მასწავლებლობა არის ის, რის გარეშეც არ შემიძლია, ეს არის ჩემი ბრძოლის ველი, ჩემი კინო, ჩემის სცენა, ჩემი წიგნი, ჩემი მუსიკა, ეს არის ის, რაც მიყვარს, რაც მოიცავს ჩემს გულს, გონებას, ეს არის ის, რაც არ მწყინდება, რითაც მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები, სადაც რაღაცის კეთება შემიძლია საზოგადოებისათვის, რისიც მჯერა  და მინდა, სულ ასე იყოს. რაც შეეხება სიძნელეებს, იმდენია, საიდან დავიწყო… მაინც ერთს გამოვყოფ: 21-ე საუკუნეა, მოსწავლე მოდის სამყაროდან, რომელშიც ის კოსმოსს უყურებს პირდაპირ ეთერში და ონლაინსამყარო მისთვის არაფერს ტოვებს საიდუმლოდ, საოცარ შესაძლებლობებს გადაუშლის წინ თითის ერთი დაჭერით. ამ დროს მას შეიძლება შია, არ აქვს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დიდი ხანია არ უნახავს დედა ან მამა, ან იჩხუბა რაღაც მიზეზით სახლში, ქცევა შეეცვალა, არ მოსწონს საკუთარი თავი, დათრგუნულია, არაფრის სურვილი აღარ აქვს, ან სხვა სახის პრობლემა აქვს და ამ დროს მასწავლებელი მას რომანტიზმსა და გაუნელებელ სწრაფვაზე, ან რუსთაველსა და მაღალ იდეალებზე, ან იმაზე უნდა ესაუბრო, რომ „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“… და ამით ბედნიერება უნდა აგრძნობინო. ამ დროს 31 წყვილი თვალი გიყურებს, 31 გული ძგერს და ოკეანეში გინდა ფიცარი იგრძნო, რომ გადარჩე, რა უნდა მოიფიქრო, რომ ყველას მისწვდე?.. ფიქრობ, როგორ ახერხებენ ამას?.. ლამის ხელი ჩაიქნიო. ხშირად ვერაფერი მომიხერხებია უბადრუკი გაღიმების გარდა, მაგრამ ამ ღიმილის გამოც კი ისეთი მადლიერება მიმიღია პასუხად, რომ გზის გაგრძელება შემაძლებინა. რა გითხრათ, როგორც მოსწავლის დანახვაა მასწავლებლის მთავარი ბედნიერება, დაუნახაობაა დიდი ტკივილი და სიძნელე. ვაითუ, ვერ დავინახე, ვაითუ, ვერ ვიგრძენი ბოლომდე, ვაითუ, გამომრჩა ვინმე… აი, დღეს  ლიზი რაღაც მოწყენილი მეჩვენა, გიო ნამეტანი ჩუმად იყო… ეგებ რამე გამოვტოვე?… – მსგავსი ფიქრებით იძინებ ხშირად და გეშინია, რომ რაღაც დააკელი ვინმეს. ეს მუდმივი სევდაა, მასწავლებლობის სევდა.

ვენი, როგორც ქართულის მასწავლებლის მიზანი რა არის სწავლების დროს და რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას ამ პროცესში?

ხშირად ვფიქრობ და მოსწავლეებსაც ვეუბნები გულისტკივილით, წარმოგიდგენიათ, 12 წლის განმავლობაში რამდენ უძვირფასეს ტექსტს ვსწავლობთ, რამდენ მწერალს, რამდენ საკითხს ვეხებით?… ამაზე ფიქრისას გული მეკუმშება. როგორი ჰუმანურები უნდა ვიყოთ და ამ დროს… სად მიდის ეს? სად იკარგება? მერე რა გვემართება? ამდენი დაუნდობლობა, ბოღმა, შური, ბოროტება… ამდენ ტექსტს ვსწავლობთ ცხოველებსა და მათ სიბრალულზე, მერე რატომ არის, რომ საცოდავ ლეკვებს საშინლად ექცევიან ქუჩაში… ლეკვს ვინ ჩივის, საზოგადო აგრესიის ხშირი შემსწრენი ვხდებით არცთუ ისე იშვიათად. სად ქრება ის გრძნობები, ასე უხვად რომ გვაქვს ბავშვობაში?…  რას ვასწავლი? რა მინდა ვასწავლო? როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, ვფიქრობ, ყველაზე მეტი საშუალება მომეცა იმისათვის, რათა ღირებულებების მნიშვნელობა განვაცდევინო მოსწავლეს, რა არის ის მარადიული ფასეულობები, რომელთა ქონა აუცილებელია (ბანალურად ჟღერდეს ეგებ, მაგრამ…). კარგია, თუ მოსწავლეები ყველა ტექსტს აბულბულებენ, მწკრივებსა და სერიებს „სხლავენ“, მაგრამ თუ ომის მსხვერპლი სირიელი ბავშვების სიბრალული არ აქვთ ცოტათი მაინც, თუ ქუჩაში ხელგაწვდილი მოხუცი მათთვის არ არის შესაბრალისი და თუ უპატრონო, აწკავწკავებული ლეკვი არასოდეს შეეცოდებათ, გამოდის, ვერაფერიც ვერ მისწავლებია.

რაც შეეხება ქართული ლიტერატურის სწავლებას, მინდა ის მსოფლიო ლიტერატურასთან მიმართებით ვასწავლო. როგორც ერთი დიდი მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მინდა, იგრძნონ, რომ ლიტერატურა არის ის, რასაც გრძნობდა და განიცდიდა კაცობრიობა სხვადასხვა დროს და ეს გახდეს მნიშვნელოვანი. ზოგთან კარგად გამოდის, ზოგთან – ცუდად, ზოგთან არ გამოდის, მაგრამ მასთანაც, ვისთანაც არ გამოვიდა, რომელიმე კლიმი გამხდარიყო, ვცდილობ, ვიყო ადამიანი, რომლის იმედიც მას აქვს, რომელსაც ის უყვარს. იმედი მაქვს, ოდესმე  მსოფლიო ლიტერატურა სავალდებულო საგანი იქნება სკოლაში და ამ მიზნის მიღწევა გაცილებით  უკეთ იქნება შესაძლებელი.

როგორ სკოლაზე ოცნებობთ თქვენ და როგორ სკოლაზე ოცნებობენ თქვენი მოსწავლეები?

 

სკოლა უნდა იყოს… და აქ მილიონ პასუხს დავწერდი, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: სადაც მოსწავლემ იცის, რომ ის უყვართ და სადაც ის თავისუფლად გრძნობს თავს.  ამ კითხვას ხშირად ვუსვამ ბავშვებს და იცით რა მახარებს, ისეთ სკოლაზე ოცნებობენ, სადაც  ერთად იცხოვრებდნენ, საღამოსაც ერთად ვიქნებოდით,  სულ ერთად და რაზეც ბედნიერად მეცინება ყოველთვის, ისაა, რომ ბევრ მათგანს უნდა სკოლაში იყოს თავლა და გვყავდეს ცხენები, იყოს დიდი საერთო ბუფეტი, სადაც ბევრს ვიმხიარულებთ ერთად. მათ ზღაპრული სკოლა უნდათ, ჩვენ კი ჯერ საკუთარი შენობაც კი არ გვაქვს…

 

ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ბავშვებს სწავლა აღარ უნდათ. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ, მართლა ასეა, თუ მასწავლებლებს უჭირთ მათი მოტივირება?

 

სამყარო არასოდეს ყოფილა ასეთი, როგორიც არის დღეს, ჭრელი, ინფორმაციით  გაძეძგილი, ტექნოლოგიური სიახლეებით სავსე, შესაბამისად, მოსწავლეებსაც სხვა ინტერესები, გემოვნება, მოთხოვნა, მოლოდინი აქვთ. გასულ საუკუნეთა მაგალითები აქ მეტწილად არ გამოგვადგება. რომ არ უნდათ, ამას არ ვეთანხმები, თუ ვერ დავაინტერესე, ესე იგი პრობლემა ჩემშია. შეუძლებელია, არაფერი უნდოდეს, უნდა ვიპოვოთ, ახლოს მივიდეთ, გავიგოთ, აღმოვაჩინოთ, კონკურენციას გვიწევს ისეთი ფერადი სამყარო, როგორიცაა  ინტერნეტსივრცე, ადვილი არაა მას აჯობო. ვფიქრობ, არც უნდა გაეჯიბრო, ის უნდა გამოიყენო და როცა ყოველივე  ამას ვერ ვახერხებთ, მაშინ დაერქმევა ხოლმე ამას „არ უნდა“, „ნიჭიერია, მაგრამ რად გინდა“ და ა.შ.

 

რა მოთხოვნები აქვთ  მოსწავლეებს  და  თქვენ რას ითხოვთ მათგან?

ამ კითხვასაც იმდენი პასუხი აქვს… ერთხელ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვთხოვე, დაეწერათ, როგორია კარგი მასწავლებელი. ერთი წერილი სიტყვასიტყვით ასეთი იყო: „მე მიყვარს, რომ სულ იღიმებით“…  მე ძალიან შემრცხვა მაშინ, მართლა ძალიან შემრცხვა, რადგან სულ არ ვიღიმები. მივხვდი, რომ მეტი ღიმილი შემეძლო, მათ ეს სურთ და მე ეს შემეძლო. მინდა, ეს მალ-მალე გამახსენდეს. როცა სკოლაში შევდგი ფეხი და მივხვდი, როგორ უყვართ ფერადი ტანსაცმელი, ვცდილობ, მეტწილად ფერადი მეცვას. მათ სურთ მასწავლებელი იყოს საიმედო, გულწრფელი, ღიმილიანი, სანდო, ამის შემდეგ ისინი ცოდნასაც სიხარულით მიიღებენ. თანამედროვე ბავშვებში გამოხატვის თავისუფლებაა დიდი და ეს მე მომწონს. მესმის, რომ ზღვარს შეიძლება გადავიდეს, მაგრამ ეს გაივლის, ესეც გასავლელი ეტაპია. ისინი ითხოვენ, დავინახოთ შიგნიდან. ზოგი ადვილად გვიშვებს, ზოგი – ძნელად, ზოგი გვცდის, ზოგს არ სჯერა, ზოგს სჯერა და გაწვდილ ხელს აგებებს…  მე რას ვითხოვ?… „ვითხოვ“ ის სიტყვა არაა… ვიტყვი, რა მინდა. მინდა იგრძნონ, მინდა დანახვა ისწავლონ, მინდა იცოდნენ, რომ ადამიანზე დიდი და ძვირფასი არაფერია სამყაროში.

როგორ ფიქრობთ ადრე უფრო იოლი იყო მასწავლებლობა თუ ახლა და  საერთოდ, ცვლის თუ არა დრო რამეს ამ პროფესიაში?

ყველა დროს თავისი ორი მხარე აქვს. ვფიქრობ, არასდროს იყო იოლი, არც მაშინ, როცა ფეხშიშველი ბავშვები კილომეტრებს გადიოდნენ, შეიძლებოდა ყველას წიგნიც კი არ ჰქონოდა, შიოდა, სწყუროდა  და არც ახლა, როცა  ინტერნეტი არსებობს, მაგრამ შეიძლება ხელი არ მიუწვდებოდეს ან სწორად ვერ იყენებდეს და მეტი ზიანი მოუტანოს.

რა ვერ გააკეთეთ, რაზე გწყდებათ გული და რის გაკეთებას გეგმავთ?

ბევრი რამ ვერ გავაკეთე. მაგალითად, ხელნაწერთა მუზეუმში ვერ წავიყვანე ბავშვები, ვერც თოჯინების მუზეუმში, ვერ დამყავს საბალეტო წარმოდგენაზე, თუნდაც ერთხელ მაინც წელიწადში, ვერ გავაკეთეთ რადიოგადაცემები და წელს ვგეგმავთ, ვერ წავედით კარვებით სალაშქროდ – რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგრამ ყველაზე მეტად განვიცდი იმ მოსწავლეთა ამბებს, რომლებიც შეიძლება, რომ უკეთ სწავლობდნენ, მეტი შემეძლო, მეტად უნდა წამეშველებინა ხელი. იმედს არ ვკარგავ, დრო არის. ოდესმე იქნება ისეთი დროც, როცა სკოლა ყოველივე ამის უზრუნველყოფას შეძლებს, გამოკვებავს კიდევ თითოეულს, მოაწყობს მრავალ ლაშქრობასა და ექსკურსიას, გვექნება საველე გასვლები  ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, გვექნება მინიკინოთეატრი, მოსწავლეები კარგ ფილმებს გადაიღებენ, გამოიგონებენ ათას რამეს და ფანტაზიას სრულად მიეცემა გასაქანი…

პანდემიის პირველ თვეებში, როდესაც  ახალ საგანმანათლებლო ფორმატს დისტანციურ მოდელს ვეჩვეოდით, რა იყო თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის მთავარი გამოწვევა?

 

აქ სატრაბახოდ ნამდვილად არაა საქმე. რთული თვეები იყო, მასწავლებლებს, მოსწავლეებს – გაგვიჭირდა. მთავარი პრობლემა იყო ხელმისაწვდომობა. ჩვენ ჩვენი ძალებით მოვინდომეთ, რამდენიმე მოსწავლეს მაინც დავხმარებოდით, ნაწილების შეგროვებით დავიწყეთ და ბუკების გამართვით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო. თუ ისევ ამის წინაშე დავდექით, ეს პრობლემა ისევ გამწვავდება. ზოგს მოწყობილობა არ აქვს, ზოგს – ინტერნეტი, გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვაც პრობლემა იყო. მახსოვს, როგორც კი გადავედით ონლაინსწავლებაზე, როგორ სრულად „გადავიტანე“  საკლასო ოთახი „თიმსში“ და როგორ ვიღლებოდით მეც და ბავშვებიც. მერე გარკვეული პერიოდი გამოსწორდა თითქოს, გვეხალისებოდა, მერე ისევ რთული იყო ორივე მხარისათვის. რაღაც ნაწილმა როგორღაც გავართვით თავი, მაგრამ დიდ ნაწილს მთელ ქვეყანაში უმძიმდა და ვფიქრობ, ეს კი არ უნდა ვმალოთ და ცალკეული მიღწევებით კი არ ვიტრაბახოთ, პრობლემის მოგვარებას ვეცადოთ. მთელი ზაფხული ამ მიზნით სკოლაში გვქონდა შეხვედრები, ტრენინგები, ვეხმარებოდით ერთმანეთს, ვის როგორც შეგვეძლო, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მაგრამ ადვილი მაინც არ იქნება. თუმცა, უნდა გავუძლოთ და მეტად მოვინდომოთ. მსოფლიოს გამოცდილება გავიზიაროთ და უკეთესი შედეგი გვქონდეს.

რა სათქმელი გაქვთ სხვა მასწავლებლებისთვის?

მინდა თავდახრილმა დიდი პატივისცემით და მოკრძალებით ვუთხრა მათ, რომ აქამდე ეს ქვეყანა მათი მსგავსი ადამიანებით სულდგმულობს, რომ  მათი ამაგი არის ის, რაც დროის დინებასთან ერთად უფრო მყარდება. როცა ჩემმა მასწავლებელმა პირველად დამრთო ნება გაკვეთილების ჩატარების, ძალიან პატარა ვიყავი, პირველკურსელი, ეს წახალისება და დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, ძალიან ვღელავდი და მაშინ საყვარელმა ბებიამ, რომელიც ათეული წლების მანძილზე მრავალი თაობის უსაყვარლესი მასწავლებელი იყო, ასე მითხრა: „ბები, შენ იცი და ახლა ის 45 წუთი, იმაზე დგას ქვეყანა!“ – ეს ისე უბრალოდ მითხრა, მხოლოდ  შემდეგ მივხვდი, რომ ზუსტად თქვა მთავარი რამ.  მასწავლებლებო, საპატიო ადამიანებო, ვინც რთულ და მძიმე პირობებში მაინც ახერხებთ იმასწავლებლოთ, მადლობა ამისათვის, რადგან მართლაც თქვენზე დგას ეს ქვეყანა.

დაბოლოს, გვითხარით, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

ხშირად ვამბობ, გავცვითე უკვე ეს პასუხი: ერთი ხელით გული უნდა გავიღო, მეორეთი – ცოდნა და გამოცდილება.  ერთხელ ერთ-ერთ გადაცემაში ( „სარკმელში“, თუ სწორად მახსოვს), ბატონმა გოგი გვახარიამ თქვა, რომ რეჟისორს უყვარს კინოს გადაღების პროცესი, ეს ზრდის მას, ვიდრე გადაღებული ფილმის ყურება. მაშინ ძალიან მომეწონა ეს ნათქვამი. ასეა მასწავლებლობაც, მასწავლებელს ბედნიერებას თუ არ ჰგვრის პროცესი, ყოველდღიური, ყოველი ნაბიჯი, მაშინ ალბათ არაფერი გამოვა. ამიტომ ახლა სტატუსზე ფიქრმა არ მინდა გადამიყოლოს, არამედ იმ უწყვეტ, რთულ და საოცარ პროცესზე ზრუნვამ, მასწავლებლობა რომ ჰქვია.

 

კომენტარები

comments