სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ხაზის გასეირნება

ხელოვნების გაკვეთილები, ალბათ სწორედ ახლა, როგორც არასდროს, მოსწავლეებისთვის ყველაზე მეტად მხარდამჭერი, გამამხნევებელი და გამახალისებელი უნდა იყოს.

სანამ სწავლა დაიწყებოდა, მეგობარმა ხელოვნების ნიმუშების ფრაგმენტებით დაპრინტული ულამაზესი პირბადეები მაჩუქა. ფერად-ნახატებიანი პირბადით გაკვეთილზე რომ შევდივარ, ბავშვები ყოველთვის აღნიშნავენ და უხარიათ როცა მიქელანჯელოს ნახატს, რაფაელის ანგელოზს, კიტ ჰარინგის კაცუნებს ამოიცნობენ ჩემს სახეზე გადაკრულ ქსოვილზე. ეს პირბადეები განსაკუთრებით ახალგაცნობილ მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გამომადგა, თითქოს ხელოვნებასთან შეხების და ახალი ურთიერთობების პირველი ძაფები უფრო ადვილად გავაბით. აი, ფერადი ან ყვავილებიანი ერთჯერადი ხელთათმანები კი ჯერ ვერსად ვიპოვე…

საკლასო ოთახებში ხელოვნების სწავლა სახალისო გაკვეთილებით დავიწყეთ – ხელოვნების ძირითადი ელემენტების გაცნობით, ხაზებით თამაშით.

ერთერთი სავარჯიშო, რომელიც გავაკეთეთ „ბრმა კონტურით“ ხატვა იყო, როცა ხატვის დროს ფურცელს არ უყურებ, მაგრამ აკვირდები საგანს და ფურცელზე ხელით შემოხაზავ მის კონტურს. ასეთი ხერხით ხატვა დაკვირვების, წარმოსახვის, თვალის და ხელის გასავარჯიშებლად სასარგებლო და თან მხიარული აქტივობაა.

მაგრამ სანამ თვალს და ხელს გავივარჯიშებთ, შეიძლება პირველი ასეთი ნახატი ძალიან სასაცილო გამოგვივიდეს. თანდათან კი აღმოვაჩენთ, რომ შესაძლებელია გამოსახულება დახატო ფურცელზე ისე, რომ ხელი თვალს ემორჩილებოდეს.

ასეთ დროს, სანამ მუშაობას შევუდგებით, საგანს შევხედავთ და ვირჩევთ ერთ წერტილს, საიდანაც ხატვას ვიწყებთ. თვალით, ნელ-ნელა მივუყვებით და ვაკვირდებით საგნის სილუეტს, ხელის მოძრაობაც თვალს მიჰყვება და ხატავს. როცა ფურცელს დავხედავთ, ვნახავთ რომ ცოტა სხვანაირი, ან შეიძლება აბსტრაგირებული გამოსახულება გამოვიდა, ჩვენს მიერ არჩეული საგანი ნახატში ახალ ფორმას იძენს.

მერე დავაკვირდეთ, დეტალები მოვნიშნოთ, რომლებიც შეგვიძლია გავაფერადოთ. ან იქნებ რამე ახალ ფორმას გვაგონებს – თევზს, ხეს, ჩიტს? დავუმატოთ შტრიხები, წერტილები, ფერები. წარმოსახვას გზა მივცეთ. ხატვის პროცესი ძალიან სახალისოა, შეგიძლია მეგობრის, ოჯახის წევრის პორტრეტი ან რაიმე საგანი დახატო. მთავარია, ხატვის დროს არ დახედო ფურცელს და ფანქრით, ფლომასტერით ან მარკერით დაწყებული კონტური არ გაწყვიტო.

მოსწავლეები გამხიარულდნენ და სამუშაოდ მოემზადნენ.

ამ სავარჯიშოს შესასრულებლად თეთრი ფურცელი და უბრალო ფანქარი მოვიმარჯვეთ, საშლელი გვერდზე გადავდეთ, რადგან არ ვაპირებდით კონტურების „გასწორებას“. ფერადი ფანქრები ან პასტელებიც გვქონდა, დეტალების გასაფორმებლად.

სანამ ბავშვები ხატვას დაიწყებდნენ, ჯერ შევთანხმდით, ვინ რას დახატავდა. ზოგმა მეგობრის პორტრეტი აირჩია, ზოგმა თავისი პენალი, ზოგმა კედელზე მოწიკწკე საათი. ხატვის პროცესში ყველას გაღიმებული სახე ჰქონდა, მოუთმენლად ელოდნენ მომენტს, რომ ენახათ რა გამოუვიდათ ხაზების ასეთ გასეირნებაში.

როცა უწყვეტი ხაზებით ნახატი დაასრულეს, დახედეს და კიდევ უფრო გამხიარულდნენ. პორტრეტის შემთხვევაში, უცნაურად გადაკვეთილ ხაზებში თვალები, ცხვირი აცდენილი იყო სახეს, საათის ისრები და ციფრები სადღაც „გარბოდნენ“, წყლის ბოთლი ბოთლს არა ჰგავდა, უცნაური ფორმის კოშკი უფრო იყო, ვიდრე ბოთლი; ყვავილი ობობის ქსელით დაფარულ ლაქას დაემსგავსა და ა.შ. მერე, ამ მხიარულ ნახატებზე სასურველი ფორმა რომ მიეღოთ, ზოგი ადგილი გაამუქეს, ზოგი გააფერადეს, რამდენიმე დეტალი დაამატეს და სათაურებიც შესაფერისი მოუფიქრეს. (სურ. 1)

„გაასეირნე ხაზი“ – ასე ამბობდა მეოცე საუკუნის დიდი მხატვარი პაულ კლეე, როცა ბაუჰაუზში, 1921-31 წლებში, თავის სტუდენტებს ხელოვნებას ასწავლიდა.

„აქტიური ხაზი სეირნობს თავისუფლად, მიზნის გარეშე“ – წერდა კლეე თავის ჩანაწერების წიგნში¹, რომელიც სტუდენტებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო იყო. აქ რამდენიმე გვერდი ეთმობა ხაზის ამ საყოველთაოდ ცნობილ განმარტებას, სხვადასხვა ტიპის ხაზს. ყოველ ნიმუშს დიაგრამა ახლავს, რომელსაც კლეე, ალბათ, დაფაზე ხატავდა ლექციის დროს.

კლეეს გაკვეთილები მოსწავლეებს უამრავ გზას უხსნიდა, რომლის საშუალებითაც წერტილი შეიძლება გახდეს ხაზი, ხაზი შეიძლება სიბრტყედ გადაიქცეს და ა.შ. კლეე თავის სასწავლო მეთოდს დაახლოებით ისე აგებდა, როგორც ბავშვი იწყებს კითხვის სწავლას. ჯერ ასოებს, შემდეგ სიმბოლოებს, ბოლოს კი, კითხვას და წერას სწავლობს. ასოების გადანაცვლებით შეგიძლია სხვადასხვა სიტყვა ააწყო, კლეეც სტუდენტებს ერთიდაიგივე ფორმის ყველა შესაძლო მდგომარეობაში განმეორებას სთხოვდა. ასეთი დავალებები საფუძველს უყრიდა მომავალ ნამუშევრებს ხელოვნებასა და დიზაინში, და საჭირო იყო მათი კარგად დაუფლება, სანამ ნახატს ტონი და ფერი შეეხებოდა.

როდესაც მოსწავლეები მხატვრის სახლში ესწრებოდნენ გაკვეთილებს, კლეე ხშირად სთხოვდა მათ, მის დიდ აკვარიუმში მოცურავე ტროპიკულ თევზებს დაკვირვებოდნენ. კლეე შუქს ხან ჩააქრობდა, ხან აანთებდა, თევზიც ხან ცურავდა, ხან იმალებოდა, სტუდენტები კი ყურადღებით იხატავდნენ მის მოქმედებებს.

შეიძლება ასეთი გაკვეთილი ერთი შეხედვით უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ კლეეს აინტერესებდა კომპოზიციაში მოძრაობის შექმნა. და ის ამბობდა, რომ ხელოვნების ნაწარმოები, თუნდაც აბსტრაქტული, ბუნებისგან, ბუნების ფორმებისგან უნდა იყოს შთაგონებული. „ბუნებისგან სწავლებით თქვენ შეძლებთ საკუთარი ფორმების შექმნას და ბუნების მსგავს შემოქმედებად იქცევით“- წერს მხატვარი.

კლეე მცენარეების ტოტებს, ორგანულ სისტემებს და წყლის მოძრაობას გულდასმით აკვირდებოდა და სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სტუდენტები ხაზებს და სიბრტყეებს დაეუფლებოდნენ, და ამ ფორმების ბუნებაში პოვნას შეძლებდნენ, მხოლოდ მაშინ გააცნობდა ფერს.

კლეეს გაკვეთილები ფერის შესახებ მეცნიერულ სიზუსტეს მისტიციზმის ღრმა გრძნობასთან აერთიანებს. მისი თეორიები გოეთეს ფერების ბორბალს ეყრდნობა, რომელიც საუკუნით ადრე 1809 წელს შეიქმნა და გვთავაზობს იდეას, სადაც წითელი მწვანის საპირისპიროა, ნარინჯისფერი – ლურჯის, ყვითელი – იასამნისფრის. კლეემ ახალი განზომილება შესძინა ამ დიაგრამას, სფეროდ გადააქცია, თეთრი და შავი დაუმატა. კლეე მოსწავლეებს საკუთარი ფერების დიაგრამის შექმნასაც ავალებდა, სადაც ვიზუალურად უნდა აეწონათ ერთი ფერი მეორის მიმართ. მეცნიერებაში ჩაძირული კლეე რომანტიკოსიც იყო. ის ყოველთვის აკავშირებდა ერთმანეთთან ფერს და მუსიკას, ხსნიდა, რომ ფერების კომბინაციები (მუსიკალური ნოტების მსგავსად) შეიძლება იყოს ჰარმონიული ან დისონანსული, ეს დამოკიდებულია შეწყვილებაზე. ზოგჯერ ვიოლინოზეც უკრავდა თავისი სტუდენტებისთვის.

დიდი მხატვრების ნახატებში, კლეე გვირჩევს დავაკვირდეთ ხაზს, ფორმას, ფერს და ჩვენც, ბავშვებთან ერთად, მისი ნახატების თვალიერებისას შევეცადეთ ამოგვეცნო,  რაშია მაგია, რა ხდის მის ნახატებს ასე განსაკუთრებულს, მომაჯადოვებელს. ბავშვების დაკვირვება კი ასეთია: „ფაქიზი ხაზები აქვს, მეც მინდა ვცადო ხაზების ასეთი ამოძრავება!“, „რა სიმშვიდეა მის ფერებში!“, „ალბათ, თვალდახუჭულიც ასე კარგად ხატავდა…“ და ა.შ.

გაკვეთილზე ბავშვებმა მისი ნახატების ინტერპრეტაციები შეასრულეს. ასე შეიქმნა მარიამის და ტასოს აბსტრაქტული კომპოზიციები, ნატალიას „წითელი ბუშტი“ და აჩის „სენესიო“ (სურ.2).

¹ https://monoskop.org/images/1/15/Paul_Klee_Notebooks_Vol_1_The_Thinking_Eye.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი