იანვრის სუსხიანი დილა გათენდა…

იანვრის სუსხიანი დილა გათენდა, დილით როგორც ყოველთვის ვისაუზმეთ და გავეშურეთ სკოლისაკენ მე და სუსანა(ჩემი დიასახლისი). დათო და ნანა უკვე სკოლაში დაგვხვდნენ(ჩემი დიასახლისის შვილები). შევედი კლასში. ბავშვები დიდი ოვაციებით შემხვდნენ და მკითხეს ვასწავლიდი თუ არა დღეისათვის რაიმე თამაშს. მე ვუპასუხე, რომ ვასწავლიდი ახალ თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგად მიპასუხებდნენ გაკვეთილს და საშინაო დავალებაც ყველას ექნებოდა შესრულებული. მალე ზარიც დაირეკა და ადგილობრივ პედაგოგთან ერთად დავიწყე გაკვეთილი. მე-4-ე კლასელ მათოზს გაკვეთილის მსვლელობისას დავუსვი შეკითხვა. იგი დუმს, ვერ მცემს პასუხს კითხვაზე. მოულოდნელად კითხვაზე პასუხი გამცა შუშანამ, მოსწავლემ რომელიც ინკლუზიური სწავლების პროცესშია ჩართული. იგი არცერთ გაკვეთილზე ხმას არ იღებს, თავისთვის ზის მდუმარედ და გაკვირვებული უყურებს ბავშვებს. შუშანას პასუხმა კლასი შოკში ჩააგდო, არავინ ელოდა რომ იგი გამცემდა პასუხს კითხვაზე და თანაც სწორ პასუხს. კლასში სიჩუმე გამეფდა რამოდენიმე წუთით, სანამ გააცნობიერეს ბავშვებმა თუ რა მოხდა. ამის შემდეგ ყველა ბავშვი გარს შემოეხვია შუშანას, კოცნიდნენ, ეფერებოდნენ და აქებდნენ. მეც შევაქე, მოვეფერე და გავაგრძელე გაკვეთილი. ეს ყოველივე მოხდა პირველ გაკვეთილზე, მაგრამ რა ვიცოდი თუ რა საინტერესო სიურპრიზი მელოდა გაკვეთილების ბოლოს. ჩავატარე 6 გაკვეთილი ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად და როგორც ყოველთვის გავეშურე ქართული ენის კაბინეტისაკენ. სამასწავლებლოდან ავიღე კლასის გასაღები და მივედი ოთახთან სადაც ბავშვები მელოდებოდნენ. დავიწყეთ მეცადინეობა. ვიმეცადინეთ, ვითამაშეთ და ის იყო შინისაკენ ვაპირებდი გამგზავრებას, რომ მომიახლოვდა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე სვეტა და ძალიან შეწუხებული სახით მეუბნება: ,,იცით? სექტემბრიდან ქართულ სკოლაში გადავდივარ სასწავლებლად”. მერე რამ დაგაღონა მეთქი ვკითხე გაოცებულმა, თუ არ გინდა იქ გადასვლა ნუ გადახვალ ძალას ხომ არავინ გატანსთქო. ძალიან გაკვირვებულმა და თან ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა ეს პატარა ანგელოზი. სვეტა მომიახლოვდა, ჩამეხუტა, მაკოცა და მეუბნება: ,,მინდა, რომ იმ სკოლაშიც თქვენ მასწავლოთ და ამიტომ ვარ დაღონებული. მინდა ქართული კარგად ვიცოდე, რომ უმაღლესში გავაგრძელო სწავლა” ამ ბავშვის სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გამახარა ამავდროულად. სვეტა დავამშვიდე და ავუხსენი, რომ ქართულ სკოლაში სადაც ის აპირებს გადასვლას სექტემბრიდან ჩემზე გაცილებით კარგი სპეციალისტები არიან და დაღონების მიზეზი უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ იგი თავისას არ იშლიდა და დაჟინებით მთხოვდა, რომ მეც გადავსულიყავი მასთან ერთად ქართულ სკოლაში. სულ რაღაც 2თვეა რაც ამ ბავშვს ვიცნობ და იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მისგან ჩემდამი, რომ აღფრთოვანებული ვარ. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, იგი უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. სკოლა და ბავშვები-ეს ის სამყაროა, სადაც არ სუფევს შური, შუღლი, ფარისევლობა… ისინი ძალიან უმწიკლონი არიან და ყველაზე რეალურად აფასებენ სიტუაციებს. მე უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი ამ სამყაროს წევრი გავმხდარიყავი თუნდაც დროებით. სვეტას კი მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს და ზაფხულში დაგეგმილი მაქვს რომ შევახვედრო და გავაცნო #5 საჯარო სკოლის პედაგოგებს სადაც ის აპირებს გადასვლას და აგრეთვე დირექტორსაც, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მგონი კარგი აზრია, ხომ არ იქნებით ამ ყველაფრის წინააღმდეგი?

კომენტარები

comments