შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

აღმართი

ამომყევით, ერთად ავიაროთ აღმართი, რომელიც სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლამდე მიდის.

დედაქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ ადგილას, სადაც მანქანებიც კი იშვიათად დადის, მე ფეხით მიმიხარია. ეზოში შესვლისთანავე მოღიმარი სახეები მხვდება. აზერბაიჯანული აქცენტით გამოთქმული თბილი ქართული გამარჯობა არავის ავიწყდება.

კიბეებს თუ აუყვებით რკინის კარს ნახავთ – ეს „კომპიუტერების” ოთახია. აქ მასწავლებლები იკრიბებიან და მელოდებიან. ერთი შეხედვით უჩვეულოს არაფერს ვყვები, მაგრამ შეკრების მიზანი მეტად მნიშვნელოვანია – ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულ ენას სწავლობენ.
8.10.2015წელი.

მესამე გაკვეთილი დაიწყო. მე „ფანჯარა” მაქვს, ლალა მასწავლებელსაც.

ჩვენ დაგეგმილი შეხვედრა გვაქვს. შევდივარ ოთახში. ტრადიციულად ჩემთვის ჩაი მოუმზადებია და მელოდება გადაშლილი რვეულით, სადაც ქართულად ჩანაწერებს აკეთებს ხოლმე. შევუდექით ქართული ტექსტის წერას, ფინჯანი ჩაით ხელში, ტექსტურ რედაქტორში. კომუნიკაცია ქართულ ენაზე შედგა. ახალი სიტყვები შეემატა ლალა მასწავლებლის ლექსიკას.
10.10.2015 წელი.
ჰავა მირზაევა

– მადლობა, სოფიკო მასწავლებელო.
– რატომ მიხდით მადლობას?
– „მე გუშინ დავწერე პრეზენტაცია”. „ბავშვებისთვის თვალსაჩინოება გავაკეთე”.
– მასწავლებელო, უფრო სწორი იქნება, თუ იტყვით: “ელექტრონული რესურსი შევქმენი”.
ამოიღო პატარა, შავი, ბლოკნოტი და წერა დაიწყო. თან ჩაიბუტბუტა „შევ–ქმე–ნი”.

16.10.2015წელი.
ნაიმა მასწავლებელი.

-“სოfი, ქართული ტერმინები ვერ გავიგე, გავაკეთოთ?’’
– დავიწყეთ განხილვა. . .

გადავწყვიტე, ბუკის საშუალებით ამეხსნა ტერმინები: „დააკავშირე”, „შემოხაზე”, „შეკრიბე”, „შესაკრები”, „მაკლები” , „საკლები”, „სხვაობა”, „განაყოფი”…

დავწერეთ მაგალითები და ტექსტურ რედაქტორში insert მენიუს გამოყენებით სავარჯიშოები შევქმენით. სავარჯიშოები ქართულ ენაზე დაწერა ნაიმა მასწავლებელმა.

მეორე დღე: „საღოლ სოfი, საღოლ, დიდი მადლობა. ბავშვებს მოეწონათ”, – მეუბნება ნაიმა მასწავლებელი.
ტექსტურ რედაქტორში შექმნილი მაგალითები მოსწავლეებს ამოახსნევინა. ძალიან მოსწონებიათ. კმაყოფილი იყო.
–„buyoxlamadeftaridi, ayrideftargetirimmi?”

ვერ გავიგე, ახლა რა ვქნა?

რა თქმა უნდა, ნასიბა მასწავლებელი დამეხმარება – გავიფიქრე.
-„ეს საკონტროლოს რვეულია, კიდევ მოვიტანო სხვა რვეული?” –გადამითარგმნა ნასიბა მასწავლებელმა.
ბატონი ნასიბი დირექტორის მოადგილეა. კარგად ფლობს ქართულ ენას. ხშირად მესაუბრება ტრადიციების შესახებ.
12.10.2015
გულსახარი – „გულო’’ მასწავლებელი
ინტელის ტრენინგისთვის ქართულ ენაზე პრეზენტაცია აქვს მოსამზადებელი.
– „სოფიკო, ტურა რა არის? ქართულად მინდა – სად ცხოვრობს, რა უყვარს”.
სურათი ინტერნეტში მოვძებნე. კითხვების საშუალებით ავღწერეთ. სურათმა ნელ-ნელა ქართულად აალაპარაკა.
„ტურა ყვითელია”, „ცხოვრობს ტყეში”, „კუდი შავი”, „ჭამა ხორცი”.
უკვე სამი საათია…
– გოგოებო, მორჩა თქვენი გაკვეთილი?
– კი, დავამთავრეთ.
–წამოდით ჩემთან, ჩაიზე გეპატიჟებით, ტრადიციული კერძიც გაგიკეთეთ.
წვიმდა… სამოვარში ჩაი დუღდა. შემოვუსხედით მაგიდას…..
„ბაირამი”

„ბაირამის” სამზადისში გაისმა ფრაზები:
– „კაბა რა ფერი, მასწავლებელო?”
– „ბუშტები მე მოვიტანო?”
– „ესდირექტორის სკამი”.
„ბაირამი”, ასე უწოდეს ბავშვებმა სასკოლო ღონისძიებას. ეს მათთვის დიდი დღესასწაული იყო. რეპეტიციებს დაწყებითი კლასის ყველა დამრიგებელი ესწრებოდა. იეთერმა, აიშამ, ნადირმა, სინანმა, თუნჯაიმ, ჩამოუარეს მთიულური. „ბაირამზე” აზერბაიჯანული ცეკვაც დავდგით.
ფერად კაბებში გამოწყობილი ნავათი, ნარმინი, გულანა დიდი პასუხისმგებლობით ამბობდნენ ქართულ ლექსებს. ხმაც კი უკანკალებდათ…
ზეიმმა ემოციურად ჩაიარა. ჩვენი დირექტორი სიხარულს ვერ მალავდა. სიამაყით უსმენდა მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ ქართულ ლექსებს. ამაღლებული გრძნობა მეც დამეუფლა…
ემოციამ კულმინაციას სწორედ მაშინ მიაღწია, როცა მე მოსწავლეებთან ერთად აზერბაიჯანული ცეკვა შევასრულე.

წვიმს…

ძალიან ცივა. გაკვეთილები დასრულდა, დაღლილ-დაქანცულს წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი. სკოლიდან გამოსულს მანქანა წამომეწია. მზრუნველმა ხმამ შემაჩერა. „წამოდი, სოფო, მთავარ გზამდე გაგიყვან”.
ეს სკოლის დირექტორი, ბატონი მაჰმადალი გასანოვია. ბატონი მაჰმადალი, უკვე მრავალი წელია ზრუნავს მოსწავლეებისა და სკოლის კეთილდღეობისთვის. სამსახური მისთვის უმნიშვნელოვანესია.
სკოლაში თბილ გარემოს ქმნის. კარგი მასპინძელია. დიდი თუ პატარა, ყველა პატივს სცემს და აფასებს. იგი ფლობს ქართულ ენას, იცნობს ქართულ კულტურას. დაინტერესებულია, რომ მისი სკოლის მასწავლებლებმა ქართული ენა შეისწავლონ. ცდილობს ყველას დაანახოს სახელმწიფო ენის საჭიროება.
აზერბაიჯანელი კოლეგები ქართულს სწავლობენ. ჩვენ ერთად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სწავლების ხარისხი, ერთად ვდგამთ ნაბიჯებს მომავალი წარმატებისთვის.
იცნობდეთ, ეს სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლაა, ჩემი საყვარელი მასწავლებლებით.

მე კი, სოფიკო მეხაშიშვილი, 25 წლის. პროგრამის „ ქართული ენა, მომავალი წარმატებისთვის’’–კონსულტანტ-მასწავლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი