2013 წელს ჩემი მეგობრები და ახლობლები დიდად არ მიესალმნენ ჩემს გადაწყვეტილებას სკოლაში შესვლის და განათლების სფეროში დარჩენის თაობაზე. იყო ასეთი რეპლიკები: „შენი გაქანების ადამიანს მანდ რა გინდა?“, „ამ სიშორეზე როგორ წახვედი (არადა, სოფელი სადახლო თბილისიდან სულ რაღაც 70 კილომეტრზე)?!“, „შენ მანდ სულ დაიკარგები!“, „სხვა სფეროში გხედავდი“, – და ა.შ.
საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აბიტურიენტები სხვა, გაცილებით მაღალრეიტინგულ ფაკულტეტებსა თუ საბაკალავრო პროგრამებზე აბარებენ. ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ წარმოადგენს პრობლემას. 2018 წელს სასწავლო ვიზიტით ესტონეთში ვიყავი. სხვადასხვა უწყებასა თუ სკოლაში საუბრისას დაგვიდასტურეს, რომ ეს პრობლემა იქაც მწვავედ დგას. მიუხედავად ამისა, ესტონეთი საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილს იკავებს 15 წელს მიღწეულ მოზარდებს შორის წაკითხულის გააზრების, მათემატიკური უნარ-ჩვევებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
მასწავლებლის პროფესიაში ჩემი შემოსვლის პირველ წლებში ერთი-ორჯერ სკოლის მოსწავლეებისგანაც გამიგონია, რომ სკოლა ხელმოცარული ადამიანების თავშესაფარია. დამეთანხმებით, რთულია ასეთ ვითარებაში მუშაობა, მით უმეტეს – სწავლება. პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარებაზე მხოლოდ ის მოსწავლე-აბიტურიენტები ოცნებობდნენ, რომლებიც ამ პროფესიაზე ბავშვობიდანვე იყვნენ შეყვარებულები.
ახალგაზრდების პირველი ტალღა სკოლებში მოხალისე მასწავლებლების სახით პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში მოხვდა. ასე აღმოჩდნენ იურისტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნებისა და სხვა საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები სკოლებში. ამ პროექტმა ბევრი საინტერესო კადრი შემატა სკოლებს. განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის პროგრამებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროფესიისადმი ინტერესი.
იხ. სტატია „მასწავლებლობანობიდან – მასწავლებლობამდე“ https://mastsavlebeli.ge/?p=20407
დღეს ვგრძნობ, რომ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. გარშემო ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რომელსაც მასწავლებლობა სურს. 2018-2019 სასწავლო წელს მყავდა რამდენიმე პრაქტიკანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვე, რომ მათ მარნეულის სკოლებში დაიწყეს მუშაობა. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უბრუნდებიან მშობლიურ სოფლებს მასწავლებლად მუშაობის დაწყების სურვილით. დამეთანხმებით, რომ სახელმწიფო ენის სრულყოფილად მცოდნე კადრების მიერ ქართული ენის არმცოდნე მასწავლებლებლების ჩანაცვლება განსაკუთრებით მისასალმებელია ასეთ რეგიონებში.
ხშირად გავდივარ სხვადასხვა სასწავლო ტრენინგ-კურსს (არაპედაგოგიური მიმართულებით). შესაბამისად, მიწევს თავის წარდგენა მრავალი პროფესიის წარმომადგენლებთან. თავის წარდგენისას ხაზს ვუსვამ ჩემს ძირითად საქმიანობასა და მიღწევებს. ხშირად მეკითხებიან, რა არის საჭირო სკოლაში მუშაობის დასაწყებად. ინტერესდებიან, როგორ ჩააბარონ საგნობრივი გამოცდები… მაგალითად, იურისტებს ძალიან აინტერესებთ, როგორ გახდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, ეკონომისტ-ფინანსისტებს – მათემატიკის, მედიკოსებს – ქიმია-ბიოლოგიის და ა.შ.
რამ შეუწყო ხელი დამოკიდებულების შეცვლას?
ბოლო წლებია, მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკის წარმოსაჩენად აქტიურად იმართება კონკურსები, რომლებშიც მონაწილეობენ მასწავლებლები/დაინტერესებულები პირები და მოსწავლეებთან ერთად აღწევენ წარმატებას. გვერდს ვერ ავუვლი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს კონკურსს და ლადო აფხაზავას დიდ საერთაშორისო წარმატებას. ამ ფაქტმა პროფესიის მიმართ ინტერესი ერთიორად გაზარდა.
აუცილებლად უნდა შევეხო სახელფასო პოლიტიკას. ცხადია, სადავოა, რამდენად მოდის ერთმანეთთან კორელაციაში სახელფასო ანაზღაურება და მასწავლებლის კვალიფიკაცია, თუმცა, ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით დაწინაურებული პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდამ ინტერესიც გაზარდა. ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, საჯარო სკოლებში მუშაობენ მცირე საათობრივ განაკვეთზე და იმავდროულად დასაქმებულები არიან ცნობილ კერძო კომპანიებში.
მე არ ჩამიტარებია რაიმე სახის კვლევა ამ მიმართულებით. სტატიაში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ ზოგადი დაკვირვების შედეგია, ასე რომ, მკითხველი შეიძლება დამეთანხმოს, შეიძლება – არა.
ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლის პროფესია დღეს სირთულეებთან აღარ არის დაკავშირებული ან სკოლაში მუშაობა გაიოლდა. პირიქით, XXI საუკუნის გამოწვევები მასწავლებლებისგან სხვა ტიპის აზროვნებასა და დამოკიდებულებას მოითხოვს. პედაგოგს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება კლასის სამართავად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობათა შესათავაზებლად. ამასთან, კარიერაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთულია. პირველი დაბრკოლებების გადასალახად საჭიროა სკოლის ადმინისტრაციის, კოლეგა-მასწავლებლების თანადგომა/თანამშრომლობა და დახმარება.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ პედაგოგიკა არ გაიძულებს, 24 საათით მიეჯაჭვო სკოლას და რობოტის რეჟიმით იმუშაო. პირიქით, გეძლევა დროც და საშუალებაც, იმავე წარმატებით აკეთო შენთვის საინტერესო სხვა საქმე. შესაბამისად, ეს სტატია ერთგვარი მოწოდებაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ოდნავ მაინც არიან დაინტერესებულნი ამ სფეროთი – რატომაც არა, შენ შეიძლება იყო მასწავლებელი!