ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

   ბენ-ტოვიტი  ტკივილის გზაჯვარედინზე

სახარებისეული ამბები მხატვრულ ლიტერატურასა თუ, ზოგადად, ხელოვნებაში ათასგვარი ინტერპრეტაციით გვხვდება. თუ როგორ აღიქვამდნენ ქრისტეს თანამედროვენი, ეს ოთხივე სახარებაში კარგად ჩანს. მწერლებსაც აინტერებთ ეს თემა, მაგალითად, ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა იესო ქრისტეს სახე მისი თანამედროვე 77 სხვადასხვა ადამიანის თვალთახედვით წარმოაჩინა  („იესო, ძე კაცისა“). გვახსენდება, აგრთვე,  მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ნიკოს კაზანძაკისის „იესო კვლავ ჯვარს ეცმის“,  ჟოზე სარამაგოს „იესოს სახარება“, ერიკ ემანუელ შმიტის „პილატეს სახარება“, სელმა ლაგერლოფის „ლეგენდები ქრისტეზე“ და სხვა მრავალი.

ამ თვალსაზრით, გამორჩეული და საინტერესოა ლეონიდ ანდრეევის მოთხრობა „ბენ-ტოვიტი“, რომელშიც სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება ცნობილი სახარებისეული ამბავი. ამ ნოველაში, მწერალი ხატავს ადამიანის სულიერ-ზნეობრივ თუ ყოფით სამყაროს, აინტერესებს წარმავალი და მარადიული როგორ გადატყდება მის გულსა თუ გონებაში.  ზოგადად, ლეონიდ ანდრეევისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური თემები და მათი ორიგინალური ინტერპრეტაციები, მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ მისი „იუდა ისკარიოტელი“, რომელშიც სახარებისგან განსხვავებული სრულიად უჩვეულო იუდას სახეა დახატული. ის თავის შემოქმედებაში წარმოაჩენს ადამიანის მრავალსახოვან ბუნებას, თუ როგორ არჩევანს რა გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოტივაციით აკეთებს ამა თუ იმ სიტუაციაში.

შესაძლებელია თუ არა ადამიანმა ვერ აღიქვას სიკეთე, ან უფრო უარესი, სიკეთე ბოროტებად მოეჩვენოს? ნიცშეს თუ დავუჯერებთ, ადამიანი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა, რადგან საყოველთაოდ აღიარებული ეს ცნებები ფარდობითია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იცვლიან შინაარსს. ქრისტიანულმა რელიგიამ სიკეთესა და ბოროტებას მკაცრად, ნათლად გამოკვეთილი მნიშვნელობები მიანიჭა. ამიტომ არსებითია კონტექსტი, რომელშიც ადამიანის ქცევას განვიხილავთ. ჯემალ ქარჩხაძის აზრით: „კეთილისა და ბოროტის გარჩევა იოლია, არჩევაა ძნელი“ („ანტონიო და დავითი“).

დავით გურამიშვილმა ადამიანთა მიერ ბოროტისა და კეთილის განურჩევლობა ამგვარად წარმოაჩინა ქრისტეს ჯვარცმის აღწერისას:

„ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმედლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“ (გურამიშვილი. „დავითიანი“).

ლეონიდ ანდრეევი ბენ-ტოვიტის სახით გვიხატავს ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც საკუთარი საზრუნავებით ცხოვრობს და არანაირი სურვილი თუ პრეტენზია არა აქვს  იმგვარ საზოგადო საქმეებში მონაწილეობისა, რომლებიც მის პირად ცხოვრებას არ ეხება. ეს, ერთი შეხედვით, ბუნებრივია, მაგრამ ამგვარი ყოფა ადამიანს თანდათან უხშობს სულიერ თვალს და აქცევს მატერიალური სამყაროს ჩარჩოში, წაერმავალის ტყვეობაში.

ზოგადად, ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრობს რამდენიმე განზომილებაში, რომლებსაც მისი ფიქრები, განსჯანი თუ ქმედებანი ქმნიან, შესაბამისად, მრავალფეროვანია ის კონტექსტები, რომლებშიც ის თავის პიროვნულობასა თუ ხასიათს ავლენს. ყოველ ადამიანს აქვს თავის შემოსაზღვრული სივრცე, საკუთარი თავით, ოჯახით, მეგობრებით, ნაცნობებითა და იმ ლოკალური სივრცით განპირობებული, რომელშიც ფიზიკურად მოძრაობს და ხვდება სხვა ადამიანებსა თუ ჯგუფებს. ყოველი ადამიანი თავისი სუბიექტური გადასახედიდან აფასებს მოვლენებს, რომლებიც ქვეყანასა თუ მთელ მსოფლიოში ხდება, ამიტომ ყველაფერი ფარდობითია. კერძო თუ საზოგადო მოვლენებიც იმგვარია, რომელთა შეფასება დროული დისტანციის გარეშე რთულია, ვგულისხმობთ იმას, რომ ბევრ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს რაიმე მოვლენის ღირებულება ობიექტურად.

ყოველდღიურად უამრავი რამ ხდება ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ბენ-ტოვიტის შემთხვევაშიც ასეა. მწერალი მოთხრობის უჩვეულო დასაწყისიდანვე შეაცბუნებს  მკითხველს, რადგან  აწყვილებს  იმგვარ სხვადასხვა მოვლენას, რომლებსაც ერთმანეთთან თითქოს საერთო არაფერი აქვთ: „იმ საშინელ დღეს, როცა მსოფლიო უსამართლობა აღსრულდა და გოლგოთაზე ყაჩაღებთან ერთად იესო ქრისტე აცვეს ჯვარს, – იმ დღეს სისხამ დილას გაუსაძლისად ასტკივდა კბილები იერუსალიმელ ვაჭარ ბენ-ტოვიტს“.  თუმცა, ქვეტექსტურად, აქ საერთო ტკივილია, ერთი კერძო და მეორე _ზოგადი, უნივერსალური. არადა, მწერალი სწორედ ამით იწყებს, რომ „მსოფლიო უსამართლობა“ აღსრულდა. ადამიანები ღმერთს „კლავენ“. ამგვარად, „თავსაც“ იკლავენ, თუმცა ამას ვერ ხვდებიან. როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ტკივილი გადაკვეთს ერთმანეთს _  სტკივა „იესოს“, სტკივა „სამყაროს“ და სტკივა ბენ-ტოვიტს. ამ ტკივილებს მკითხველები ვხედავთ შორიდან და ამიტომ ჩვენთვის იოლია განსჯა და შეფასება. მწერალმა კი ბენ-ტოვიტის თვალთახედვა წამოსწია წინა რიგში. ჩვენ, მკითხველებს, პერსპექტივის ამგვარი დარღვევა გვეხამუშება.

ავტორი რატომ მოიქცა ასე? მწერალმა უბრალო ადამიანი დაგვანახვა შიშვლად, საკუთარ საზრუნავებში ჩაფლული. ბენ-ტოვიტი ყველა ადამიანში გაჩნდება, როცა „კბილი ასტკივდება“.  ეს ტკივილი ძალიან კერძო და სხეულებრივია, მეორე_ სამყაროული, საიდუმლო, მისტერიული, თუმცა ერთი ტკივილი მეორეს ეხმიანება. მწერალი მიგვანიშნებს, რომ თუ ადამიანი სულიერად მკვდარია, ე.ი. ისეა ჩაფლული მატერიალურ ყოფაში, რომ საერთოდ დაკარგული აქვს სულიერი ცხოვრება, მაშინ ვერც ქრისტეს  დაინახავს, ვერც მის ჯვარცმას აღიქვამს და მას ჩვეულებრივ ყაჩაღებს „მიათვლის“.  ტკივილი მაინც იბადება, ერთი შეხედვით, არაფერი რომ არა აქვს საერთო ჯვარცმასთან, მწერალს ამ გზით პერსონაჟის „გაღვიძება“ სურს, თუმცა ამას ვერ აღწევს. გასაგებია მისი მცდელობა, რომ ამგვარად მას უფრო მეტად  მკითხველის „გაღვიძება“ სურს. იგი მოთხრობაში საკუთარი ტკივილის მიღმა სხვისი ტკივილის დანახვის სიძნელეს წარმოაჩენს. ბენ-ტოვიტს კბილი სტკივა და ამიტომ სრულიად დაკარგვია  უცხოს თანგრძნობის ძალა. მაგრამ მის ცოლსა და სხვა ადამიანებს ხომ არ სტკივათ კბილები, მაშ, რატომ მიჰყვებიან დასასჯელად მიმავალ იესოს ღრიანცელით. ცოლი ქმრის „გართობასაც“ კი ცდილობს, როცა ეუბნება: „შეხე, ყაჩაღები მოჰყავთ. იქნებ მათ ცქერას გული გადააყოლო“.

ბენ-ტოვიტი იერუსალიმელი ვაჭარია, თავისი ყოველდღიური საზრუნავებით.  ის დილაც, მწერალი რომ გვიხატავს, მისი ცხოვრების ჩვეულებრივ დღედ გაგრძელდებოდა, რომ არ სტკიებოდა კბილები. მწერალი პარალელურად ხატავს, როგორ განიცდის პატარა ადამიანი თავის ტკივილს და სამყარო _ ღვთის ძის ჯვარცმას. სხვადასხვა ტკივილის ამგვარი დაწყვილება მკითხველში ტრაგიკომიკურობის განცდას იწვევს.  ეს შფოთვა ბენ-ტოვიტის არსებაში გაუცნობიერებელი სახით იჭრება: „ალიონზე კი მშფოთვარებამ შეიპყრო, თითქოს ვიღაც ძალზე მნიშვნელოვან საქმეზე უხმობდა“, მაგრამ მას არ შეუძლია ამ განცდაში ჩაღრმავება, რადგან  მიწიერი კაცია, ამიტომ სრულიად მოწყვეტილი მისტიკურს, ირაციონალურს. ის ბედნიერია, რომ გუშინ ბებერი სახედარი სარფიანად გადაცვალა ახალგაზრდა და ღონიერ ვირზე, ამიტომ „ავბედითი ნიშნები“ ვერ იკვალავენ გზებს  მისი გონებისა და გულისკენ: „კბილები რომ არ მტკიოდეს, ჩემზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ იქნებოდაო“, _ ეს მისი გულწრფელი ფიქრია. მკითხველი ხედავს, რა მარტივად ცხოვრობს, რა იოლად განიცდის ბედნიერებას.

მწერალი ხატავს, ერთი მხრივ, ბენ-ტოვიტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტკივილზეა კონცენტრირებული და, მეორე მხრივ, მაკროკოსმოსს, სამყაროს, რომელიც არსობრივად იცვლება, რადგან ბიბლიაში, ახალ აღთქმაში აღწერილი უმნიშვნელოვანესი მისტერია ახლოვდება: ქრისტეს ჯვარცმა.  „აი, ასე, რწევა-კვნესით შეხვდა ბენ-ტოვიტი მზის პირველ სხივებს, რომელთაც ბედად ეწერათ გოლგოთაზე აღმართული სამი ჯვარი ეხილათ და თავზარისა და მწუხარებისაგან სინათლე დაშრეტოდათ“. მზეს თავზარს სცემს ჯვარცმა, რომელიც სრულიად შეუმჩნეველი რჩება ბენ-ტოვიტს, რადგან მას თავზარს სცემს კბილის ტკივილი. უცნაური და თვალშისაცემი მკითხველისთვის ისაა, რომ პერსპექტივა მთლიანად შეცვლილია, უმნიშვნელო მოვლენა წინა რიგშია, მნიშვნელოვანი კი _ფონია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე.

„ბენ-ტოვიტი გულკეთილი, კარგი ადამიანი იყო, არ უყვარდა უსამართლობა“,_გვამცნობს მწერალი.  სიტყვები „გულკეთილი“, „კარგი“ ირონიულად აღიქმება, პირიქით, მკითხველს მოთხრობის ბოლოს უჩნდება განცდა, რომ სიყალბეა მისი სიკეთე. მას არ უყვარდა უსამართლობა კი არა, ხელს უწყობდა თავისი სიბრმავით ამ უსამართლობას, სინათლეს სიბნელედ გადააქცევდა თავისი ფიქრით, განსჯითა და ქცევით.

რეალურად, ბენ-ტოვიტიც იქაა, იმ ბრბოსთან  ერთად, ჯვარცმის გზაზე სასეიროდ რომ მიჰყვება ქრისტეს. საკუთარი სახლის ბანიდან იგი ხედავს: „ერთმა დამნაშავემ, რომელსაც გრძელი ქერა თმა ჰქონდა და დაგლეჯილი, გასისხლიანებული კვართი ემოსა, ქვაზე წაიბორძიკა და დაეცა. ყვირილმა იმატა და ბრბო ზღვის ნაირფერი წყალივით შემოეჯარა დაცემულს“. მას არანაირი თანაგრძნობა არ უჩნდება ტანჯული უცხო ადამიანის მიმართ. მწერალი წარმოაჩენს, რომ: „ბენ-ტოვიტი უეცრად ტკივილმა შეაკრთო – კბილში ვიღაცამ თითქოსდა გავარვარებული ნემსი ჩაასო და დაუტრიალა; ბენ-ტოვიტმა დაიკვნესა: „უ-უ-უ“ – და მოაჯირს მოშორდა ზიზღით სავსე, გულგრილი და გაბოროტებული“. თითქოს იესოს ტკივილი უნდა გადასდებოდა და საკუთარი დავიწყებოდა, ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა სულში ნაპერწკალი, ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ეს ტკივილი უფრო მეტად უხშობს სულიერ თვალს. მისი ეს შეგრძნება: „ზიზღით სავსე, გულგრილი და გაბოროტებული“ _ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს სიკეთისა და სინათლის ვერცნობის ტრაგედიას. იგი თითქოს მოკლებულია ემპათიის უნარს.

მკითხველის თვალწინ ერთი თითქოს უბრალო, უბოროტო ადამიანი კონტურებს იცვლის და ურჩხულად გარდაიქმნება: „მან წარმოიდგინა, როგორ ჰქონდა ხალხს პირი დაბჩენილი, – იმ ადამიანებს კბილები არ სტკიოდათ, და შურით თქვა: – როგორ გაჰყვირიან! ო, როგორ დაიყვირებდა თვითონაც, ავად რომ არ ყოფილიყო!“. მას იმაზე სწყდება გული, რომ თვითონ იქ არ არის, გაავებული არ მისდევს ქრისტეს, მაგრამ, რეალურად, იქაა.  ის სიმბოლოა იმგვარი ადამიანისა, რომელიც გულუბრყვილოდ, სინდისის ქენჯნის გარეშე დაიყვირებს: „ჯვარს აცუ, ეგე“, ისე, რომ არ ეცოდინება,  რა დანაშაულისთვის ითხოვს უცხო ადამიანის ჯვარცმას. მთავარია, რომ სხვებთან ერთად ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე იზიარებს მათ გადაწყვეტილებას. ირონიულია ბენ-ტოვიტის დამოკიდებულება ქრისტეს სასწაულებთანაც: „ამბობენ, ბრმებს ჰკურნავდაო, – უთხრა ცოლმა, რომელიც მოაჯირს არ სცილდებოდა, და კენჭი იქითკენ ისროლა, სადაც ნელ-ნელა მოიწევდა მათრახების ცემით ფეხზე წამომდგარი იესო.

– რაღა თქმა უნდა! ერთი ჩემი კბილის ტკივილიც მოერჩინა, – ირონიულად მიუგო ბენ-ტოვიტმა და გულფიცხად, მწარედ დასძინა: რა მტვრის ბუღს აყენებენ, თითქოს ჯოგიაო! ყველანი ჯოხით უნდა დაიფრინო აქედან!“

ბენ-ტოვიტი ჩვეულებრივი ნარცისული ტიპის კაცია, თავის ეგოს მიჯაჭვული.  ამ ჩაკეტილ წრეში, რომელსაც მისი სურვილები, ოცნებები  ქმნიან, ვერ შემოვა სხვა. ის პრაგმატული, ანგარიშიანი ადამიანია და მხოლოდ პირადი სარგებლით ზომავს ყველაფერს, ეს განსაზღვრავს მის ფიქრსა და ქცევას. ამიტომ თუ ვიღაც უცხო პირადად მას  მოურჩენდა კბილის ტკივილს, მაშინ აღიარებდა მის ძალას.

მოთხრობაში გვხვდება ტრადიციული საღვთისმეტყველო სიმბოლიკა, რომელიც გამჭვირვალედ წარმოაჩენს მწერლის სათქმელს: „მზე, რომელსაც წილად ხვდა ამ საშინელ დღეს ქვეყანა ენათებინა, უკვე შორეული ბორცვების მიღმა ჩაესვენა და აღმოსავლეთით სისხლიანი ნაკვალევივით ენთო მეწამულ-წითელი ზოლი“. მზე, საღვთისმეტყველო მნიშვნელობით,  ღვთის სახეა, რომელმაც მისცა ადამიანებს თავისუფლება არჩევნისა და მათ ბოროტი აირჩიეს, მხსნელი ვერ იცნეს და ჯვარს აცვეს, ამიტომაც არის „საშინელი დღე“, ამიტომაც რჩება „სისხლიანი ნაკვალევი“. როგორც გურამიშვილი ამბობს: „ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო“. მოთხრობა ამ  მრავლისმეტყველი სიმბოლური ფრაზებით სრულდება: „ხოლო ღრმა ხეობიდან, გადამწვარი დაბლობებიდან მოიწევდა შავი ღამე, თითქოსდა სურდა ცის თვალთაგან დაემალა დედამიწის დიდი ბოროტმოქმედება“. ეს „შავი ღამე“ ადამიანის სულია, ღვთაებრივ სამყაროს მოწყვეტილისა. ისევ გურამიშვილის „მოთქმა“ გავიხსენოთ:

„ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო“.

ადამიანები ხომ ჯვარცმის დანაშაულის შემდგომ დროში ვცხოვრობთ. ეს არის ცოდვა, რომელიც ყოველთვის უნდა ახსოვდეს ზნეობრივ ადამიანს: „ცოდვაი წინაშე ჩემსა არს მარადის“ (50-ე ფსალმუნში  ბიბლიური დავით მეფე ადამის პირველცოდვას გულისხმობს). ცოდვის ხსოვნა აფხიზლებს ადამიანს. ამგვარი ნაწარმოებებიც აფრთხილებენ ადამიანს, რომ უდროო დროს არ ჩაეძინოს, უგუნური ქალწულებივით სიძის მოსვლა არ გამოეპაროს. თუ ეს დაემართათ თვით გამორჩეულ მოციქულებს, პეტრეს, იაკობსა და იოანეს ფერისცვალების ეპიზოდში, მაშინ რაღა მოეკითხება უბრალო ადამიანს? „ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი“ (ლუკა, 9, 32).

ბენ-ტოვიტი ჯვარცმის ადგილასაც მიდის, მაგრამ მისი გულგრილობის კოშკი მაინც არ ინგრევა, ისე მკვიდრად აქვსს ნაგები თავისი „ეგოს“ აგურებით: „შემდეგ ცნობისმოყვარე სარას თხოვნით ბენ-ტოვიტი და სამუელი გოლგოთაზე წავიდნენ ჯვარცმულების სანახავად. ….გზად ბენ-ტოვიტი სამუელს უყვებოდა, გუშინ მარჯვენა ყბაში როგორ იგრძნო წიწკნა, შემდეგ ღამით როგორ გააღვიძა საშინელმა ტკივილმა… ცხოველი ბაასით, ავიდნენ გოლგოთაზე…ბენ-ტოვიტმაც თვალი შეავლო ჯვრებს, სამუელს მკლავში ხელი გაუყარა და ფრთხილად შემოაბრუნა სახლისკენ“. მას კბილის ტკივილი მაინც გაუქრა. მკითხველს აქვს შეგრძნება, რომ ეს ტკივილი იესო ქრისტემ მოურჩინა, რადგან თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანთა ცოდვები. მას უყვარდა ადამიანები, ამიტომაც ჯვარზე გაკრულმა შეღაღადა მამა ღმერთს: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან” (ლუკა 23, 34). ბენ-ტოვიტმაც „არ იცის“, რას იქმს თუ ფიქრობს. მისი ტრაგედია სწორედაც უფიქრელობაა. ფიქრი ძალისხმევას მოითხოვს, საკუთარი თავის გაჩხრეკასა და განსჯას, თვითშემეცნების რთულ გზაზე დადგომას.

მწერალი მოთხრობაში, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად ცვლის თხრობის პერსპექტივას.  უმნიშვნელოვანეს მოვლენას ფონად წარმოაჩენს, უმნიშვნელოს კი წინა რიგში ვხედავთ. ეს ერთგვარად, პოსტმოდერნისტული ხერხია, რომელსაც ხშირად ვხვდებით თანამედროვე ლიტერატურაში. ამგვარად, ლეონიდ ანდრეევმა დახატა ყოველთვის აქტუალური პრობლემა სულისა და ხორცის ჭიდილისა. როდესაც საზოგადოებაში ამოყირავებულია ღირებულებათა სისტემა, მეორეხარისხოვანი, წვრილმანები ფარავენ უმთავრესს.

რა პასუხი შეიძლება გაეცეს კითხვას: ბენ ტოვიტი კეთილია თუ ბოროტი? იქნებ გვეთქვა გრიშა კეჟერაძესავით, რომ ის „ცუდ-კარგია“ (გურამ დოჩანაშვილი), მაგრამ არ ვიქნებით მართალნი. ბენ-ტოვიტი საწყალი, უბედური, უბადრუკი  ადამიანია, რადგან ბრმაა. ასეთ ბრმად ნებისმიერმა შეიძლება იგრძნოს თავი, თუკი  დაიხშობს სულისა და გონების თვალებს (ეს კარგად არის წარმოჩენილი ჟოზე სარამაგოს რომანში „სიბრმავე“). ბოროტებაა ეგოს ჩარჩოში გამოკეტვა და სულიერი მზერის დახშობა. ცხოვრება გზაზე  გამუდმებით გვახვედრებს ტკივილის გზაჯვარედინებს, ჩვენი არჩევანი კი განსაზღვრავს საით წავალთ _ სიკეთისა თუ ბოროტებისკენ.

ეს მოთხრობა წლების წინ მე-12 კლასის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში შეიტანეს ავტორებმა. ვფიქრობთ, კარგი იქნება ამ გამოცდილების გაზიარება.  სასურველია, თუ ამ მცირე მოთხრობას აუცილებელ  წასაკითხად და განასასჯელად აქცევენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი