შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი გაკვეთილის ისტორია

 

– გამარჯობა, ბავშვებო! – ვეუბნები მე-7 კლასელ მოსწავლეებს პატარა ყუთიდან.

– გაააამარჯობა, მას! – ისმის მეორე მხრიდან რამდენიმე ხმაში და ბევრჯერ.

– როგორ ხართ, ბავშვებო?

– კარგად, კარგად, კარგად… ისმის ისევ 20-ჯერ.

– ბავშვებო მე ვარ თქვენი ახალი მასწავლებელი, გიორგი ჭანტურია და ძააააალიან (ამ დროს ხმა გაიწელა) მიხარია თქვენთან შეხვედრა!

– . . . (მეორე მხრიდან დუმილია)

– ბავშვებოოოო… გესმით ჩემი ხმა? – გაკვირვებული ვკითხულობ.

– მას, თქვენი ხმა წყდება, მპასუხობს SZ.

რა უნდა მექნა, გავსწორდი-გამოვსწორდი და ახლიდან ვცადე – ახლა გესმით?

– კი, კი, ახლა ისმის, ახლა ისმის – ამჯერად JG მიდასტურებს.

მოკლე წარდგენის შემდგომ გადავედი მოსწავლეების გაცნობაზე.

– აბა, ბავშვებო, მოკლედ მომიყევით თქვენს შესახებ. SZ, შენ დაიწყე.

– გამარჯობა, მას! მე ვარ SZ (ამ დროს ხმა წყდება და წავიდა…) მიიი-იიიყ-ვვ-ააა-რრრ-სსს კააალათბუუუურთიიიიისსსს… – ამ დროს ხმა საერთოდ გაითიშა.

– ვააა, რა მაგარია?! კალათბურთის თამაში მეც მიყვარს! – ვეუბნები გახარებული და ვცდილობ უხერხულობის განმუხტვას. SZ ისევ არ შემოდის. ამიტომ ვაგრძელებ კალათბურთზე საუბარს.

ორი წუთის შემდგომ, SZ ბრუნდება და მპახუსობს – თამაში არა მას, ყურება მიყვარს, ყურება.

მერე GK-ის კამერიდან უცნაური ხმები შემოდის, JB-სთან ხმამაღლა ლაპარაკობენ, AA-სთან კიდევ სხვა ამბავი იყო და ა.შ.

მერე ინტერნეტმა გაჭედა – your Internet Connection is Unstable, მგონი ეგრე დამიწერა.

მერე შევთანხმდით რომ კამერები გაგვეთიშა და ისე გვეცადა.

მერე იწყება ბიოლოგიის გაკვეთილი!

პ.ს. არა, ჯამში ცუდი გაკვეთილი არ გამოგვსვლია და იყო რაღაცები, რაზეც ძალიან ვიმხიარულეთ. დღეს კი ბავშვების გამოგზავნილი ვიდეოები მივიღე და კიდე უკეთ გავიცანი. მივიღე ბევრი წერილი, სადაც მეუბნებოდნენ, რომ მაგარი გაკვეთილი იყო და მაგარი მასწავლებელიც ვარ. მაგრამ, რა ვიცი, რა ვიცი…

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი წელი გვექნება, მაგრადაც ვიხალისებთ და ცოტა იუმორის დახმარებით გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან. ზოგადად, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო ყველას მხრიდან!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი