პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

იზოლაციის მხატვრული ანალიზი

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩემი უმცროსი შვილი ჯერ კიდევ 3 წლის იყო და ბაღში დადიოდა. იქ, როგორც ჩანს, დედის დღის აღნიშვნას ზეიმით აპირებდნენ მაშინ. ახლა სექტემბერია და მარიტა დღემდე მხოლოდ ამ ზეიმისთვის ემზადება: ეძებს კაბებს, არჩევს სიმღერებსა და ლექსებს მხოლოდ დედის დღისთვის, ყოველდღე მაფრთხილებს, რომ მიწყობს სიურპრიზს.

გამუდმებით საუბრობს ბაღის მეგობრებზე და პარკში გასვლისას თვალების ცეცებით ეძებს არა გასართობს, არამედ ბავშვებს.

 

* * *

ჩემი უფროსი შვილი 11 წლისაა, სკოლას არც შესვლამდე სწყალობდა, არც შესვლის და არც ორგზის გამოცვლის მერე. ვერც ერთხელ ვერ ვაღიარებინე მისი საჭიროება, მით უმეტეს, აუცილებლობა. თითქმის სამთვიანი სახლში ჯდომის, ცხვირის გარეთ არგაყოფის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ გულუბრყვილოები ვიყავით და იმედი გვქონდა,   ვუთხარი, მაისის ბოლოს მაინც შეიძლება, სკოლა დაგეწყოს- მეთქი და აუუუ, მე გავაცდენ რააააო!!!

  1. 09. 2020 – მნიშვნელოვანი თარიღია: დაჩიმ თავისთვის ჩაიბურტყუნა, სკოლა მომენატრაო.

 

* * *

ანრი მეცხრე კლასშია, გონებაგახსნილი, საღად მოაზროვნე, უცუღლუტეს- უზარმაცესია. პანდემიამდელ ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელად, უმეტესად ნიშნების გამო და იშვიათად ინტერესის გამო ჩაერთვებოდა ხოლმე გაკვეთილში. რაც სახლში ჩაჯდა და ონლაინგაკვეთილები დავიწყეთ, არც ერთი გაკვეთილი არ გაუცდენია, აბსოლუტურად ყველა ტიპის დავალება შეასრულა, ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია საგანგებოდ ჩამომაწერინა და ზაფხულშივე მიგზავნიდა ამ წაკითხულზე გაკეთებულ ჩანაწერებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ვეკითხებოდი, რა საოცრება ხდება შენს თავს- მეთქი, პასუხი ერთი იყო: დედა სულ სახლშია, მასწ, თან გარეთაც ვერ გავდივარ.

 

* * *

 

დიდი ბრძოლებისა და გარჩევა – შეგონებების მერე მითხრა, სახლში შეეგუვნენ იმას, რომ სწავლა არ მინდა და  შემეშვნენ, თქვენც სხვა გზა არ გაქვთო. ათასში ერთხელ შეასრულებდა დავალებას, მაგრამ  ჯგუფურ მუშაობაში მაინც ერთვებოდა ხოლმე. ზოგადად, სიტყვების კარგად გარითმვაში ,, იყო შემჩნეული“ და კალამბურებიც გამოსდიოდა ისე, რა გამოსდიოდა, არ იცოდა.

რა თქმა უნდა, არც ერთ ონლაინგაკვეთილს არ დასწრებია. სამაგიეროდ, მის ფეისბუქგვერდზე ხშირად ჩნდებოდა  მისი დაწერილი რეპის რეჩიტატივები.

დაბადების დღე რომ მქონდა, დილის 8 საათზე გამომიგზავნა რეჩიტატივი- მოლოცვა. აღვფრთოვანდი, თან გამიკვირდა, საიდან ახსოვდა.

საღამოს გამახსენდა, რომ ადრე გავარკვიეთ, ერთ დღეს ვართ დაბადებული. გაურითმავად და უნიჭოდ მივულოცე.

 

* * *

ეკა ის გოგოა, ზამთარში გუდაურში რომ წაიყვანეს დასასვენებლად და გარეთ არ გასულა, მაინც ფეისბუქის ,,სქროლვით“ ირთობდა თავს. გაკვეთილზე არასოდეს ან ძალიან იშვიათად კითხულობს დავალებებს კლასის წინაშე, ზარი რომ დაირეკება, მერე მოდის და მამოწმებინებს ხოლმე. თვლის, რომ რასაც წერს, სისულელეა და ხმამაღლა თუ წაიკითხავს, ბიჭები დასცინებენ. ვეცადეთ ერთად, ვერ შემოვუარეთ ამ პრობლემას.

ელექტრონულ დავალებებზე რომ გადავედით, ხალისით ამყვა – ასე უკეთესია, მასწო.

 

* * *

სანამ სახლებში გამოგვკეტავდნენ, ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლა უნდა დაგვეწყო. გამოგვკეტეს და მაინც დავიწყეთ. არც 30 წუთი გვყოფნიდა, არც- 40, ერთი საათის განმავლობაში ვისხედით ეკრანებთან და ვსაუბრობდით, განვიხილავდით, დავალებებს ასრულებდნენ, იშვიათად იღლებოდნენ. ვისაც აინტერესებდა, ჩვეულებრივ ფორმატშიც ამაზე უკეთესად მაინც ვერ ვასწავლიდი, ალბათ.

დამატებით მასალებსაც გაეცნენ, ლექციებსაც მოუსმინეს, ,,ვეფხისტყაოსანზე“ დაწერილი მოთხრობაც წაიკითხეს და თავადაც დაწერეს, მინიატურაც გამოუვიდათ, ანალიზიც გააკეთეს ელექტრონულ ფორმატში, ბლიცინტერვიუც ჩაწერეს …

,, ვეფხისტყაოსნელები“ დავარქვი მათ და ახლა, სასწავლო წელი რომ დაიწყება,  ისევ ,,ვეფხისტყაოსანს “ დავუთმობთ პირველ ან მეორე გაკვეთილს და ,,ჭეშმარიტი ვეფხისტყაოსნელის“ სერტიფიკატის მოპოვებას ეცდებიან.

ესაა, რომ ჩვეულებრივ ფორმატში უფრო ბევრს კი დავაინტერესებდი.

* * *

ხომ არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებისთვისაც სკოლა, სწავლა, მასწავლებელი ტვირთი და სიმძიმე კი არა, აუცილებელი, საჭირო ურთიერთობაა. მეც მყავს ასეთები. ჰოდა, უმოწყალოდ შემცირებული საგაკვეთილო დრო რომ ამოგვეწურებოდა, სხვა გაკვეთილი თუ არ ეწყებოდათ, ვისხედით ასე, თითო- ოროლა, ჩვენს- ჩვენს ეკრანებთან,  ვსაუბრობდით საკუთარ თავებზე. ვეკითხებოდი, რა და თუ შეცვალა მათში და მათ ირგვლივ იძულებითმა კარჩაკეტილობამ; ვყვებოდით, როგორი გახდა რუტინა და როგორ გამოგვეყენებინა თავისუფალი დრო გონივრულად… ვგრძნობდი, როგორ იყო სავსე მათი ყოველი წუთი ინტერესითა და პასუხისმგებლობით – ასეთი უცნაურია ეს  გრძნობა, უნარი თუ ჩვევა: თუ გონებასა და სხეულში გაჯდა, ვეღარ მოიშორებ. არც პანდემია ცვლის.

*  *  *

დათოს ყოველთვის უჭირს გაკვეთილში ჩართვა, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრაცია, მაგრამ  მაინც მოიძებნება ჩვენს გაკვეთილზე რაღაცები, რაც ეხალისება… და რაც მთავარია, მუდმივად ასხივებს სიყვარულს, სულ მაგრძნობინებს უთქმელად, თავისი ცელქი, მოუსვენარი თვალებით ან მოულოდნელი ჩახუტებით, რომ ვუყვარვარ, უხარია ჩემი დანახვა.

მაგრამ არც ერთ ონლაინგაკვეთილზე არ შემოსულა.

მე არ ვიცი, უხაროდა თუ არა სახლში ხანგრძლივად ჯდომა. არ ვიცი, რა გაუჭირდა ყველაზე მეტად, შეცვალა თუ არა მასში პანდემიამ რაიმე; ბოლოს და ბოლოს მოენატრა თუ არა სკოლა… ალბათ, მოენატრა კლასელები, იქნებ მეც მოვენატრე …

არც ირაკლის შესახებ ვიცი.

არც გიგას.

არც ნინოს.

*  *   *

ყველა ამბავი მართალია, სახელები – გადანაცვლებული. ნუ ეცდებით დალაგებას.

P.S. ჩანაწერების წერა რომ დავიწყე, შინაგანად ჯერ კიდევ მოსწავლეებთან სკოლაში შეხვედრისთვის ვემზადებოდი. ამ ყველაფერზე წერა, როგორც წარსულზე, უფრო ადვილი იყო.

ახლა სხვაგვარადაა, ბევრად უფრო აუტანელია ისევ ონლაინცხოვრებაზე ფიქრი. მაგრამ მთავარია,  არ დავიჯეროთ, რომ სამყარო ჩვენი გაჯეტების ჩარჩოებით არ შემოიფარგლება. ის სინამდვილეში დაგუგლულზე მილიარდჯერ მშვენიერი და მრავალფეროვანია.

 

https://www.facebook38/.com/besikkharanauliofficial/videos/6265449812681

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი