ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლაშა ბაქრაძე – რატომ არ დადიან მოსწავლეები მუზეუმებში

თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე საუბრისას ერთ თვალში საცემ და ნამდვილად დასაფიქრებელ ნაკლს აღნიშნავს: ზედაპირულობასა და ანალიზის უნარის უქონლობას.

თანამედროვე გარემო თითქოს არჩევანს ართმევს მათ – უნდა მიიღონ და გადაამუშაონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, იყვნენ კონკურენტუნარიანები, მობილიზებულები, ჰქონდეთ სწრაფი რეაქციის უნარი, იცოდნენ უცხო ენები, დაეუფლონ ქართულ ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას, და მაინც, ვერც სკოლის, ვერც უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისგან ვერ გაიგონებთ, რომ ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობა რომელიმე ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ხოლო ლაშა ბაქრაძე, თავისი დაკვირვებით, კიდევ ერთ რამეს ასკვნის: ჩამოყალიბდა წარმატებაზე ორიენტირებულთა ახალი ტიპი, ისინი, ვინც ცოდნის შეძენისა და მისი გაანალიზებისკენ კი არ ისწრაფიან, არამედ ცდილობენ, მაღალი ქულები დააგროვონ და “გაძვრნენ”, ეს კი სწორედ ჩვენში ფესვგადგმული ზედაპირული აზროვნების შედეგია.

საზოგადოებას კი გამუდმებით აწუხებს კითხვა: რა არის საჭირო პროფესიონალი და საქმის მცოდნე თაობის აღსაზრდელად?

ვინაიდან ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია, გადავწყვიტეთ, მისთვის უპირველესად მუზეუმის როგორც საგანმანათლებლო რესურსის შესახებ გვეკითხა.

ლაშა ბაქრაძე: “სამწუხაროდ, მოსწავლეები მუზეუმებში არავის დაჰყავს. ალბათ მასწავლებლები საპირისპიროს იტყვიან, მაგრამ ჩემი გამოცდილება სხვა რამეს მეუბნება. უცხოეთში, როცა არ უნდა შეხვიდეთ მუზეუმში, ყოველთვის არიან იქ მოსწავლეთა ჯგუფები. ჩვენთან ასეთი რამ უიშვიათესია. გასულ წელს გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეოდ გავმართეთ მართლაც უნიკალური გამოფენა. გავუგზავნეთ თბილისის სკოლებს ამის შესახებ ინფორმაცია. ზოგმა გვითხრა, რომ მუზეუმში წასვლა გეგმაში არ ჰქონდათ, ზოგმა კი – რესურსცენტრი თუ დაგვავალებს, მოვალთო. ეს კიდევ უფრო გასაოცარი იყო – თურმე მასწავლებლებმა მუზეუმში ვიღაცის დავალებით უნდა ატარონ ბავშვები.

ამჟამად, აპრილის ბოლომდე, ჩვენს მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა 1832 წლის შეთქმულებისა და მისი შედეგების შესახებ, რაც ყველასათვის საინტერესო იქნება, ვისაც კი გაუგონია ქართული რომანტიზმი და თვითონ ეს შეთქმულება, როგორც ფაქტი. ჩვენი თანამშრომლები ურეკავენ სკოლებს, სთავაზობენ, ახსენებენ, რომ გამოფენა უფასოა, ხოლო თუ გიდი დასჭირდათ, ეს მომსახურება ერთჯერადად ღირს 10 ლარი. არ მოდიან. უფრო მეტიც – მასწავლებლები ინფორმაციას არ ავრცელებენ მოსწავლეებში, იქნება და არის ბავშვი, რომელსაც ეს დააინტერესებს და თუ სკოლა ვერ უწევს ორგანიზებას, მშობლებმა მოახერხონ ეს. ამ გამოფენის ნახვას ყველას ვურჩევ, წელს 1832 წლის აჯანყების იუბილეა და ეს თემა აქტუალურია თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. გამოფენა საინტერესო იქნება პედაგოგებისთვისაც, მერწმუნეთ, ისინიც ბევრს გაიგებენ ახალს. საზოგადოდ კი, პედაგოგებს შეუძლიათ, ლიტერატურის მუზეუმის ვებგვერდზე თუ ფეისბუქის გვერდზე გამუდმებით მიადევნონ თვალი აფიშას.

მუზეუმებში არსებობს მუდმივი ექსპოზიციები და ცვალებადი გამოფენები. ჩვენ ხშირად გვაქვს სიახლეები და მათში სკოლების ჩართულობით თუ ვიმსჯელებთ, მათ გეგმებში გამოფენებზე სიარული, როგორც ჩანს, საერთოდ არ შედის. მე კი ვიტყოდი: არა მხოლოდ სპეციფიკურ გამოფენებზე, გალაკტიონის ხელნაწერი არქივი იქნება ეს თუ 1832 წლის აჯანყება, – საზოგადოდ, გამოფენებზე სიარული, თუნდაც ეს თანამედროვე მხატვრებისა იყოს, ასევე კინოჩვენებებზე დასწრება აუცილებელია, რათა ბავშვი მიეჩვიოს კულტურულ ღონისძიებებზე სიარულს. ლიტერატურის მუზეუმში ბევრი ახალგაზრდა დადის, მათ უამრავ საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი თბილისელი ახალგაზრდებისა. მე ვხედავ ერთსა და იმავე სახეებს, რომლებმაც ან თვითონ იპოვეს, ანდა მშობელმა თუ მასწავლებელმა გაუხსნათ გზა გალერეებისკენ. ასეთივე მდგომარეობაა კინოსა თუ თეატრთან მიმართებით. პედაგოგს მიაჩნია, რომ მუზეუმში სიარული არ არის სავალდებულო; აქედან გამომდინარეობს ის გაუნათლებლობა, რაც დამახასიათებელია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის.

– კიდევ რას სთავაზობს ლიტერატურის მუზეუმი მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს?

– ჩვენთან მუდმივმოქმედი გამოფენა არ არის, მაგრამ თემატურ გამოფენებთან ერთად ლიტერატურის ინსტიტუტი გამუდმებით სთავაზობს საზოგადოებას ლიტერატურულ შეხვედრებს და კითხვებს. პროზის კითხვას პირადად მე დიდ პროპაგანდას ვუწევ. საქართველოში პოეზიის კითხვა იყო მხოლოდ მიღებული, მაშინ როდესაც ძალიან საინტერესოა იმის მოსმენა, როგორ კითხულობს მწერალი საკუთარ ტექტს. მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის არც ასეთ ღონისძიებაზე დასწრება იქნებოდა ცუდი – თანამედროვე ავტორებს გაეცნობოდნენ. ასევე ხშირად ვმართავთ კინოჩვენებებს. ამ ცოტა ხნის წინ ლიტერატურის მუზეუმმა კავკასიური ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. მე ის მაწუხებს, რომ ამ ღონისძიებებზე ახალგაზრდები არ დადიან, თორემ დარბაზი მუდამ სავსეა, მაშინ როცა სასურველია, მაღალი კლასის მოსწავლეებმა უკვე ლიტერატურულ შეხვედრებზეც იარონ და კინოჩვენებებზეც. მაგრამ ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ სკოლის მოსწავლეები ბავშვები არიან და არ სჭირდებათ სერიოზული ფილმი. ამგვარი დამოკიდებულება გრძელდება უმაღლეს სასწავლებელშიც, სადაც ლექტორი ბრძენია, ხოლო სტუდენტი – მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, მაშინ როცა მოსწავლეები მაღალ კლასებში უკვე უნდა სწავლობდნენ შეკითხვის დასმას, აზრის გამოთქმას და ეს არ ნიშნავს თავხედობას, ეს კოლეგიალური დამოკიდებულების გამოხატულებაა. სტუდენტებს ვთავაზობ ხოლმე, შენობით მომართონ – ეს მათ პედაგოგის თანასწორად აგრძნობინებს თავს. სტუდენტს არა აქვს ისეთი განათლება, როგორიც პედაგოგს, მაგრამ აზრის გამოთქმაში ის თანასწორია, თავხედობა კი ორივე ფორმით შეიძლება გამოხატოს ადამიანმა, თქვენობითითაც და შენობითითაც. გარდა ამისა, მიმართვის შენობითი ფორმა სტუდენტს აგრძნობინებს, რომ მისი მოწაფეობა დამთავრდა და იგი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდა. სამწუხაროდ, ეს განსხვავება სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს შორის ჩვენთან არ არის.

– კერძოდ, სად “სცოდავენ”დღევანდელი ახალგაზრდები?

– სტუდენტებს, ილიას უნივერსიტეტში იქნება თუ სამხატვრო აკადემიაში, ვხედავ, რომ აქვთ სურვილი, მონდომება, მაგრამ სკოლაში არავითარი უნარ-ჩვევები არ მიუღიათ, მაგალითად, როგორ ჩაიწერონ სწორად დავალება, ანდა მთელი კვირის განმავლობაში წაიკითხონ 20-30 გვერდი და მისი მოკლე შინაარსის გადმოცემა შეძლონ. სტუდენტებისთვის ამის სწავლება უკვე დაგვიანებულია. მე ვასწავლი მე-20 საუკუნის ისტორიას და როდესაც რუკაზე რამეს ვაჩვენებ, ეს ისეთივე უცხოა მათთვის, როგორც ჩემთვის – კომპიუტერის შიგა სქემა. ეს იმიტომ, რომ მათ არ უსწავლიათ სკოლაში მსოფლიოს რუკა, არ იციან ქალაქის გეგმის წაკითხვა. ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ, გავიდეთ ქუჩაში და ვთხოვოთ გამვლელებს, თბილისის გეგმაზე გვაჩვენონ ლესელიძის ქუჩა, 90% ამას ვერ შეძლებს. ეს სამარცხვინოა. როდესაც სტუდენტებს რუკაზე ვუხსნი, როგორი იყო ევროპა I მსოფლიო ომამდე, აბსოლუტურად ვერ გრძნობენ განსხვავებას. როგორ ავუხსნა მათ, როგორ შეიცვალა სამყარო, თუკი ამ რუკაზე ვერაფერს ხედავენ? პირდაპირ მშურს, უცხოეთში როგორ იციან ბავშვებმა არა მხოლოდ რუკა, არამედ მცენარეების, ცხოველებისა ა ფრინველების სახელებიც, რაც ქართველმა ბავშვებმა ასევე არ იციან.

უმაღლესი სასწავლებელი ბევრ რამეს ვეღარ შეცვლის. მე არ მაქვს საშუალება, ერთ სემესტრში ვასწავლო ტექსტის მთავარი შინაარსის გადმოცემა. ამაში მარტო სკოლა არ არის დამნაშავე – საბავშვო სატელევიზიო შოუები, სადაც ბავშვებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხონ კითხვებს, მხოლოდ ზეპირი ცოდნის მავნე პროპაგანდას წარმოადგენს. მოზარდებს არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში არავინ ასწავლის დაფიქრებას და ანალიზს. ამ ზედაპირულობის საბოლოო შედეგი ის არის, რომ, როგორც მე ვაკვირდები, სტუდენტების უმრავლესობა მოტივირებულია, რამენაირად გაძვრეს ამ ცხოვრებაში, მიიღოს ქულები და არა ცოდნა. შესაძლოა ვინმემ მითხრას, მუდამ ასე იყოო. მუდამ ასე არ ყოფილა. ამ ტიპის აფერისტები ბოლო ხანს ჩამოყალიბდნენ და ეს საკვირველია, რადგან დღეს დიპლომს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წინათ; დღეს მართლაც მოეთხოვება ადამიანს რაღაცის ცოდნა, ამიტომ არ მესმის, რატომ არის ეს თაობა მომართული გაძვრომაზე, ცხოვრების მორგებაზე. ხშირად მესმის, თითქოს ახალმა თაობამ კარგად იცის კომპიუტერისა და ინტერნეტის მოხმარება. ამის საპირისპიროდ ვიტყოდი, რომ მე უკეთესად შემიძლია ინტერნეტში ძიება, ვიდრე მათ უმრავლესობას. იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაცია იპოვო, ლოგიკური აზროვნებაა საჭირო, ინტერნეტში ყველაფერი ხელისგულზე არ დევს. მათ კი არც მოთმინება აქვთ საიმისო და არც ცოდნა, რომ, თუ რამე პირველსავე საძიებელ სიტყვაზე ვერ იპოვეს, სასურველ შედეგამდე სხვაგვარად მივიდნენ.

– განათლების ზედაპირულობას შრომის ბაზარიც ხომ არ განაპირობებს?

– შრომის ბაზრის განუვითარებლობა ბევრ რამეს განაპირობებს ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ქართველებს მენტალურად უჭირთ, იყვნენ მობილურები, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდნენ, შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილები და სამსახურები, ანდა მიღებული განათლება რაიმე პროფესიას მოარგონ. ამაშიც ზოგადი განათლების უქონლობა უშლით ხელს. მაგალითად, საბჭოთა დროს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მსახიობებს ამზადებდა, იყო თეატრალური ინსტიტუტი, სადაც ძალიან რთული კონკურსის შედეგად ხდებოდა ჩარიცხვა. დღეს ამ პროფესიის ხალხს უამრავი სასწავლებელი ამზადებს. რასაკვირველია, ამდენი მსახიობი საჭირო არ არის, მაგრამ გვყავს უამრავი ახალგაზრდა, რომელთაც სხვა განათლება არ გააჩნიათ და სხვა პროფესიას არ იძენენ, იმიტომ რომ მსახიობის დიპლომი აქვთ და მათ ამბიციას დაკმაყოფილება სჭირდება. ასეა ბევრ სხვა სახელოვნებო დაგრში – მხატვრები, რეჟისორები, თეატრის რეჟისორები, სადაც ვითომდა ამ დარგის სპეციალისტების რედუცირება ხდება. ამის პარალელურად კი ქვეყანაში არავითარი ყურადღება არ ექცევა ახალი პედაგოგიური კადრების მომზადებას. ჩვენს პედაგოგთა რიგები ძალიან დაბერდა და ერთ დღესაც ეს კრიზისში გადაიზრდება. ვგულისხმობ არა მაინცდამაინც პედაგოგის დიპლომის მქონე ადამიანებს, არამედ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსაც, რომელთაც სურთ, ასწავლონ სკოლაში. ერთია, რომ არ გვყავს პროფესიონალები და მეორე, რომ განათლების სამინისტრო არც არაფერს აკეთებს მათ მოსამზადებლად, რაც ერთ მშვენიერ დღეს სერიოზულ პრობლემას შექმნის.

საქართველოსთვის, საერთოდ, დამახასიათებელია ჰუმანიტარული საგნებისკენ დიდი გადახრა, მაგრამ ქვეყანას თუ უნდა, წარმატებული იყოს, ახალგაზრდებმა ბაზისური ცოდნა მაინც უნდა მიიღონ, რომ ზუსტ მეცნიერებებზე წარმოდგენა ჰქონდეთ. ამავე დროს, ჩემი ნაცნობები, რომლებმაც თავის დროზე ზუსტი მეცნიერებები შეისწავლეს, გაცილებით განათლებულები არიან, მეტი ინტერესით კითხულობენ ლიტერატურას, ნახულობენ ფილმებს თუ ეცნობიან მხატვრობას, ვიდრე ჰუმანიტარული განათლების მქონენი. ესეც ჩვენს ზედაპირულობაზე მეტყველებს – ადამიანს ეზარება სერიოზული ჩაჯდომა და შემეცნება და ჰუმანიტარული განათლების მიღება იოლი ჰგონია. ბევრი ჩემი ნაცნობი სწავლობს უცხოეთში იურიდიულ ფაკულტეტებზე და ვიცი, რამხელა ენერგია სჭირდება ამას. მიკვირს, ჩვენთან რამდენად უფრო იოლად უყურებენ ამავე ფაკულტეტზე სწავლას. იმავეს ვიტყოდი სამედიცინოზეც – რამდენად ზედაპირულია მედიცინის სწავლა საქართველოში და რა რთული და დეტალურია დასავლეთში.

– თქვენი თაობის, ანუ საბჭოთა სკოლა რით განსხვავდებოდა დღევანდელისგან?

– არც მე მისწავლია კარგ სკოლაში და მიმაჩნია, რომ უმაღლესმა სასწავლებელმაც ბევრი არაფერი მომცა. ცოდნის მიღება უმეტესად პიროვნებაზეა დამოკიდებული, სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი ბაზისს ქმნის, ხოლო იმისთვის, რომ სტანდარტიზაცია არ მოხდეს, ზოგჯერ სისტემის საპირისპიროდ ცურვაც არის საჭირო. მიმაჩნია, რომ იმდენი თარიღი, ჩვენ რომ გვაზეპირებინებდნენ, შესაძლოა არ იცოდე, მაგრამ უნდა შეგეძლოს ანალიტიკური აზროვნება და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება. მეც ვამბობდი სკოლაში, ამდენი გეომეტრია რა საჭიროა-მეთქი, მაგრამ ლოგიკას და აზროვნებას მოზარდს სწორედ ზუსტი მეცნიერებები ასწავლის, ხოლო ლექსის დაზეპირება სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ლიტერატურა იცოდე. ჩემი დროის სკოლა იყო საბჭოთა სკოლა, რომელსაც უამრავი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ შეიცვალა კი ის? დღეს ქართული სკოლა აღარ არის იდეოლოგიზებული, მაგრამ ტიპობრივად ის არ შეცვლილა. მე არ ვარ ძველის იდეალიზების მოყვარული, როგორც მაშინ ვხედავდი პრობლემას, ვხედავ დღესაც. თუ ახალი თაობის პედაგოგები არ მოვიდნენ სკოლაში, ახალი სკოლა ვერ შეიქმნება. უცხოეთში განათლების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თაობამ ახლებურად აზროვნება დაიწყოს. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, დღეს კი ვხედავ, რომ, ფაქტობრივად, ახალგაზრდებში ხდება ძველი თაობის აზროვნების რეპროდუქცია. ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდების შესწავლა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა დაინახონ, რა იყო მიუღებელი იმ დროში, მათ შორის – ის კარიერისტული მისწრაფებები და ზედაპირულობა, რაც დღევანდელ თაობასაც ახასიათებს.

ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი