სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

წითელი დემენტორები საკლასო ოთახებიდან

ეს წერილი ყველაზე ბნელ და ღრმა მოგონებებზეა, იმაზე, რაზეც არ საუბარი სურთ და ფიქრიც კი უსიამოვნოა.  ამბავი, რომელზეც უნდა მოვყვე, ჩემი ამბავი არ არის. მისი გმირი შესაძლოა, შენც აღმოჩნდე და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებსაც ოდესღაც ბავშვობა აქ, ჩვენთან საქართველოში გამოუვლიათ.

ამიტომ, პირველ პირში არ გიამბობთ. ყველაფერს ერთი პატარა გოგო მოგიყვებათ, რომელსაც პირობითად ხატია დავარქვათ. რატომ ხატია? იმიტომ, რომ დედამისს ძალიან უყვარდა დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, იმდენად, რომ თავის პირმშოს საყვარელი პერსონაჟის სახელი უსახსოვრა. ასეც ხდებოდა ხოლმე, შესაძლოა ახლაც ხდება.

საბჭოთა, კომუნისტური, წითელი პარტია – მხოლოდ წარსულიდან შემორჩენილი სიტყვები არ გეგონოთ, ისინი შიშით იკვებებოდნენ და ასევე შიშს თესავდნენ. პოტერის დემენტორებისა არ იყოს, შიშის გარეშე  ძალა ეკარგებოდათ და ალბათ გაქრებოდნენ, რომ არა, ოდესღაც დათესილი და მუდმივად არსებული შიშის მარცვლები.

ჰოდა, იმ დროს, როდესაც კომუნისტური, წესით, თითქოს აღარაფერი უნდა ყოფილიყო, შიში მაინც წითლად ღვიოდა და არსად წასულა. განსაკუთრებით კი ამ შიშებს სკოლებში ჰქონდა ფესვები გადგმული და იქიდან წასვლას კარგა ხანს არ აპირებდა. მგონი, ჯერჯერობით არც ახლა აპირებს.

მოკლედ, დავუბრუნდეთ ხატიას, რომელსაც მაშინ მოუწია სკოლაში შესვლა, ქვეყნის სიყვარულმა ქუჩებიდან სუფრებზე რომ გადმოინაცვლა და მიტინგებზე წარმოთქმული „გაუმარჯოს“ თამადის ექსკლუზივად რომ იქცა. მთელ ამ პატრიოტულ აურზაურში ყველა თანაბრად ტივტივებდა და გულზე მჯიღების ცემა ყველაზე მოდურ, პოპულარულ ქმედებად  ითვლებოდა. სკოლებშიც ლენინის სიყვარული უპირობოდ სამშობლოს სიყვარულით ჩანაცვლდა, და ერთი შეხედვით თითქოს პრობლემაც მოგვარდა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, ბელადებს ქვეყანასთან ერთად სკოლაც იცვლიდა, ხატიას კი ერთი შემთხვევა დღემდე გულში ჩარჩა. ეს ის შემთხვევაა, რომლის გამოც ამხელა შესავალი დამჭირდა.

ერთი კლასელი ჰყავდა, „ოროსნის“ იარლიყით, ძალიან ღარიბი ოჯახიდან, მუდამ დაპატარავებული ტანისამოსით, ძველი პიონერის ფორმა ეცვა, პიჯაკი იდაყვებამდე სწვდებოდა და შარვალი წვივებს ვერ უფარავდა. ამ  პატრიოტულ აღტყინებაში ძველი გახუნებული პიონერის ფორმა კარიკატურულად გამოიყურებოდა. ბიჭს პირობითად ალექსი ვუწოდოთ. მის გვერდით არავინ ჯდებოდა, არავინ ემეგობრებოდა, არავინ ესაუბრებოდა, იმიტომ რომ ღარიბი და მოუვლელი იყო. იჯდა ალექსი მუდმივად უკანა მერხზე, მარტო და მოწყენილი.

ხატია მესამე კლასში იყო, როდესაც მასწავლებელმა ვერამ აღმოაჩინა, რომ მისი კინოფირები გამქრალიყო და მაგიდის უჯრაში აღარ ეწყო. ჰოდა, მასწავლებელს ბევრი არ უფიქრია – გადაწყვიტა, რომ ვიღაცამ მოიპარა. ვიღაცამ, ვინც მის კლასში იყო. ვინ იქნებოდა ეს ვიღაც, თუ არა ალექსი. ლოგიკურია – ღარიბი, განმარტოებული, მოწყენილი, უმეგობრო, სიხარულს მოკლებული. ვერამ ალექსი დაფასთან გამოიყვანა და დაკითხვა დაიწყო. სასამართლო საკლასო ოთახში. ოცდაექვსი წყვილი, შეშინებულ თვალის წინაშე. ის ოცდამეშვიდე დაფის წინ იდგა და თავს იმართლებდა, რომ მას არ აუღია, არც უნახავს. გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ ის არ იყო დამნაშავე. მაგრამ ვერა მასწავლებელი შეუდრეკელი ბრალმდებელი აღმოჩნდა. არ ნებდებოდა და დაკითხვას მკაცრად აგრძელებდა. ალექსიმ ჯერ დედა დაიფიცა, მერე მამა, მერე ძმა, მაგრამ არცერთმა, რომ არ გაჭრა, ადგა და იესო ქრისტეს გეფიცებითო, პირდაპირ თქვა.

ხატიას ისე კარგად ახსოვს ეს სიტყვები, ისე გაუკვირდა მაშინ, როგორ გაბედა ალექსიმ თავის გადასარჩენად ღმერთის დაფიცება. თან ეს იმ დროს, როცა კომუნიზმიდან გამოფხიზლებულ საზოგადოებას ღმერთი ახალაღმოჩენილი ჰყავდა და  მისი სახელის ასე ხსენება მკრეხელობად, უპატივცემულობად ითვლებოდა. ალექსი კი ღმერთს ჩაეჭიდა. იმიტომ, რომ მის გარდა, ახლა არავინ ჰყავდა და შვიდი წლის ბავშვმა ახსენა ის, ვინც ბრალმდებლის ემოციებზე იმოქმედებდა და საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებინებდა. ამასობაში ზარიც დაირეკა და ხატიამ შვებით ამოისუნთქა.

ასეთ  სასამართლოებს საკლასო ოთახში, ხშირად დასწრებია და საბოლოოდ შეეჩვია კიდეც. ის კი არა, საკუთარ ოჯახშიც გაუსამართლებიათ, როდესაც ძვირფასი ჩინური ვაზის გატეხვა ბრალდებოდა. ხატიას უზარმაზარი უსუსურობა უგრძნია, როდესაც მისი არ სჯეროდათ, და დღემდე ახსოვს ის საშინელი განცდა, მართალი რომ ხარ და ჩაუდენელი დანაშაულის აღიარება გიწევს, იმ მიზეზით, რომ ამ დაძაბული, სულისშემხუთავი დაკითხვისაგან განთავისუფლდე. და არა მხოლოდ ხატია, მისი კლასელებიც მიეჩვივნენ ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას და ტყუილის თქმაც ძალიან გამარტივდა. ბოდიშის მოხდაც ჩვეულებრივ უსიცოცხლო „გამარჯობად“ იქცა და ასე გააგრძელეს კიდეც ცხოვრება.

ამ ამბებს არ ამოვქექავდი ხატიას ღრმად შენახული მოგონებებიდან, რომ არა ერთი შემთხვევა, ჩემი მეგობრის შვილის მიერ მოყოლილი ამბავი, რომელიც ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს და მშობლები მის განათლებაში საკმაოდ დიდ თანხას იხდიან. მოზარდმა მომიყვა, როგორ მოუწყო სასამართლო კლასში მასწავლებელმა, იმის დასადგენად, თუ ვინ გახსნა საკლასო ოთახის ფანჯარა, რადგან ამ ფანჯრის გახსნა მათ უსაფრთხოებასთან იყო კავშირში. დაკითხვას გაკვეთილი დაეთმო და ბრალმდებელის როლში ისევ მასწავლებელი აღმოჩნდა, 30 წლის შემდეგაც. ის დირექტორის ჩარევით იმუქრებოდა, თუ არ გამოტყდებოდნენ და აღიარებდნენ „დანაშაულს“.  მივხვდი, რომ წითელი დემენტორები ისევ დაჰქრიან ჩვენს სკოლებში და ისევ იკვებებიან ბავშვების, მასწავლებლების, მშობლებისა და დირექტორების შიშებით. ამ შიშებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ, მაგრამ ეს მიზეზებიც ურთიერთკავშირშია: ბავშვებს ეშინიათ კლასის წინაშე მოწყობილი „სასამართლოების“ – რადგან ამას თანაკლასელების თვალში დამცირება მოსდევს, ეშინიათ მასწავლებლების, მშობლების, დირექტორების. მასწავლებლებს ეშინიათ – საყვედურების დირექტორისგან და მშობლებისგან, მშობლებს  სხვა მშობლების და იმის, რომ მათი შვილი შესაძლოა არც ისე იდეალური არ არის და ასე შემდეგ, მთელი ჯაჭვია შიშების. ამ ჯაჭვებითაა  შეკრული ჯერ სასკოლო საზოგადოება და შემდეგ უკვე საზოგადოება.

ჰო, კიდევ ერთი – ხატიას კლასელი ალექსი დღეს ერთ-ერთი, ძალიან პოპულარული პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე წევრი და პარტიის თავმჯდომარის დამცველია. აი, ყველაფერს რომ იკადრებს და შეასრულებს, თუკი პარტია უბრძანებს…

რატომ აღმოჩნდა ალექსი ამ პოზიციაზე, პასუხი და ამ წერილის დასკვნაც თქვენთვის მომინდვია…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი