სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ დავწეროთ ინდივიდუალური გეგმები ონლაინსწავლებისას

პედაგოგიური საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია, მოსწავლისათვის როდის და რა შემთხვევებშია საჭირო ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. ამ საკითხების შესახებ ამომწურავი მასალები უკვე არსებობს[1], ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დისტანციურად  შემუშავების წინაპიროებებზეც ვისაუბრეთ[2] და ინდივიდუალური განვითარების საერთაშორისო სტანდარტთანაც უკვე დავაკავშირეთ[3]. ამიტომ დღეს ჩვენი წერილის მიზანი კვლავ ის კი არ იქნება, როგორ ვაწარმოოთ ინდგეგმები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, არამედ ის, თუ როგორ მოვარგოთ უკვე არსებული გამოცდილება დისტანციურ სასწავლო პროცესს და რა ინსტრუმენტების მეშვეობით უნდა მოხერხდეს ეს ყოველივე.

დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. უკვე არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა მათთან მუშაობის მრავალფეროვანი სურათი და, შესაბამისად, მრავალფეროვანი გამოწვევები. სწორედ აღნიშნულ საჭიროებათა ერთგვარ კვლევა-ძიებასა და ბავშვისთვის მისაღწევი მიზნების შემუშავებას უნდა მიეძღვნას დისტანციური ისგ ჯგუფის შეხვედრები, რომლებშიც დეტალურად განიხილება ამა თუ იმ საგანში ბავშვის შესაძლებლობა და დაისახება განვითარების გეგმაში ჩასაწერი მოკლე თუ გრძელვადიანი SMART[4] მიზნები.

პრიორიტეტების მატრიცა, როგორც გეგმების შექმნის ინსტრუმენტი

ინდგეგმების შექმნის ინსტრუმენტების ძიებისას MicrosoftTeams-ში წავაწყდი პრიორიტეტების მატრიცას  (Priority Matrix). აღნიშნული მატრიცას საინტერესო წარმომავლობა, ბევრი კარგი მხარე და, უბრალო ვორდის ფაილებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს. მათი დანერგვის ისტორია ამერიკის შეერთებული შტატების ოცდამეთოთხმეტე პრეზიდენტის – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერის სახელს უკავშირდება[5] და გამოიყენება, როგორც პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მენეჯმენტის ინსტრუმენტი[6].

ფურცელზე მატრიცის შექმნის პრინციპი მარტივია, ვიღებთ ოთხ ცალ თაბახს, ვავსებთ ოთხივე მათგანს:

  1. მნიშვნელოვანი და სასწრაფო;
  2. მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო;
  3. სასწრაფო, მაგრამ არამნიშვნელოვანი;
  4. მიზნები, რომელიც არც სასწრაფოა და არც მნიშვნელოვანი.

ჩამოვწერთ ყველაფერს, რის გაკეთებაც გვინდა. ამ სიაში შეგვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნები, რომლებსაც პრიორიტეტების მიხედვით 1-იდან 10 ქულამდე ვაფასებთ.

სურ.1.

მატრიცის შექმნის პრინციპი არც MicrosoftTeams-შია ძნელი. მატრიცა, როგორც ინსტრუმენტი, ამავე სახელწოდებით (Priority Matrix) მარტივად იძებნება Teams-ის  დანართებში, ე. წ. აპებში (Apps). აქვეა მისი მოხმარების ინსტრუქციები ინგლისურ ენაზე, რომლის თანახმად, პრიორიტეტების მატრიცა (Priority Matrix):

  • ეხმარება გუნდს, გაზარდოს პროდუქტიულობა და გახდეს უფრო ეფექტური;
  • იძლევა საშუალებას ერთ სივრცეში მოუყაროს თავი გუნდის წევრებისთვის გაზიარებულ ფაილებს, ელფოსტაზე გაგზავნილ დავალებებს თუ სხვადასხვა ადგილზე გაფანტულ ინსტრუმენტებს;
  • როცა გვაქვს ბევრი პროექტი და არხი, პრიორიტეტული მატრიცა გვეხმარება, უფრო სწრაფად მივაღწიოთ მიზანს.
  • აქ შეიძლება Planner-ისა და Graph-ის მონაცემებთან რეალურ დროში ინტეგრირება და სხვ.

ასე რომ,  ადამიანებისთვის, რომლებთანაც ინდივიდუალურ გეგმებსა თუ სხვა საკითხებზე  ვმუშაობთ, შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ მიერ გაცვლილი ელფოსტები, ერთმანეთთან გაგზავნილი ფაილები და ეს ყველაფერი თავმოყრილი იყოს გუნდს შიგნით. ახალი გაზიარებული დავალებების შექმნაც ასევე ხელმისაწვდომია. ჩვენი სამუშაო გუნდისთვის პრიორიტეტული მატრიცის ჩანართები საშუალებას გვაძლევს გავაზიაროთ და განვაახლოთ პრიორიტეტები თითოეული გუნდის არხისთვის, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა და ამავე გვერდზე  თანამშრომლობის საშუალება.

პრიორიტეტული მატრიცის ვებპაკეტი  Teams-ის გუნდში  ასევე იძლევა პროექტის მართვის სრულ შესაძლებლობებს, ყველაფრისთვის, პირადი დავალებების ორგანიზებიდან გუნდის სრული დატვირთვით მართვისთვის, ან ჩვენს ჯგუფში პრიორიტეტების მართვისთვის.

ამდენად, ჩვენს ჩატზე პრიორიტეტული მატრიცის დამატებით, საშუალება გვექნება ხშირად ვაწარმოოთ პრიორიტეტების ანგარიში და მხოლოდ ამის შემდეგ  შევძლოთ სიახლეების დამატების ფუნქციის გამოყენება[7].

აქვე ვიყენებთ ჩანართებს, ბოტებს, ვესაუბრებით აპს, ვსვამთ შეკითხვებს და ვპოულობთ ინფორმაციას, ვიღებთ შეტყობინებებს, შეგვაქვს შინაარსი პროგრამიდან პირდაპირ შეტყობინებებში, ვათავსებთ პირად აპლიკაციას, თვალ-ყურს ვადევნებთ მნიშვნელოვან შინაარსს და ინფორმაციას, ვეძებთ პირად თუ გუნდის ინფორმაციას, როგორიცაა გუნდის სახელი, არხის სია, მათ შორის, გუნდის წევრის სახელები და ელფოსტის მისამართები და მათთან დაკავშირებას ჩვენთვის სასურველი ენის შერჩევით ვცდილობთ.

ვფიქრობთ, პრიორიტეტების მატრიცის გამოყენება ასევე  დაეხმარება განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს, მარტივად ჰქონდეს წვდომა მათ დაქვემდებარებაში მყოფ სასკოლო გუნდზე, რათა ასევე მარტივად შეისწავლონ ესა თუ ის შემთხვევა და გასცენ დროული და მნიშვნელოვანი უკუკავშირი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და, ამავდროულად, სასიკეთოდ აისახება სასწავლო პროცესში ჩართული  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლის ხარისხსა თუ, ზოგადად, წინსვლაზე.

 

[1] გზამკვლევი მასწავლებლისთვის  – ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მაია ბაგრატიონი, მარიკა ზაქარეიშვილი, ქეთევან ფილაური, ჟანა კვაჭაძე, თბილისი 2014 წელი https://inclusion.ge/res/docs/2015042416391383051.pdf

 

[2] https://mastsavlebeli.ge/?p=25067

[3] მარიამ გოდუაძე, ისგ და იგგ, ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი-გე“, თბილისი, 2017 წელი. https://mastsavlebeli.ge/?p=16125

[4] https://i2.wp.com/mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2017/11/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%90.png

[5] მანანა სეხნიაშვილი, ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა, ინტერნეტჟურნალი მასწავლებელი, თბილისი, 2019.

[6] https://coachinglab.ge/eisenhower-matrix/

 

[7] https://appfluence.com

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი