ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბუნდესლიგის სოციალური დილემა

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს გაკვეთილებზე სპორტის თემის ეფექტიანად გამოყენება შეუძლიათ. სახელმწიფოს განვითარების ტენდენციებს პირდაპირი გავლენა აქვთ ათლეტთა შეჯიბრებებსა და სპორტსმენთა პროფესიულ ყოფაზე. გერმანული ფეხბურთი სპორტისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ურთიერთგადაჯაჭვულობის უამრავ მაგალითს გვთავაზობს, რომელთა წარმოჩენა რამდენიმე პედაგოგისთვის შეიძლება ორიგინალური დისკუსიის ორგანიზების წინაპირობად იქცეს.

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის – ბუნდესლიგის გულშემატკივრებმა შესანიშნავად ვიცით, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ტურნირში ძალიან ცოტა კლუბი მონაწილეობს. 40 წლის განმავლობაში ბერლინის კედლით ორად გაყოფილი გერმანიის აღმოსავლეთს კომუნისტები მართავდნენ, რომელთაც მდგრადი საფეხბურთო სისტემის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. დღეს უმაღლეს ლიგაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მხოლოდ „იუნიონ ბერლინი“ წარმოადგენს. ულბრიხტისა და ჰონეკერის ეპოქაში მოასპარეზე კლუბების უმრავლესობა მესამე დივიზიონში არის ჩამოქვეითებული. ზოგიერთს ევროტურნირებზე შთამბეჭდავად მოასპარეზე „რედ ბულ ლაიფციგიც“ აღმოსავლეთ გერმანული გამოცდილების გუნდი ჰგონია, მაგრამ ფაქტია, რომ 1949-1989 წლებში საქსონიის ამ ქალაქს სულ სხვა კლუბი, „ლოკომოტივი“ წარმოადგენდა. ოცდამეერთე საუკუნეში ყოფილა სეზონები, როდესაც ვერცერთი აღმოსავლური კლუბი ვერ ახერხებდა ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას. გასულ ათწლეულში გერმანული პასპორტის მქონე პირველი კლასის 275-ზე მეტ პროფესიონალ ფეხბურთელს შორის მხოლოდ 17 გახლდათ წარმოშობით ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე მდებარე ფედერალური მიწებიდან. გაერთიანების შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა სამ დიდ წარმატებას მიაღწია: 90-იან წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2000-იანებში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის ტიტული მოიპოვა და 2014 წელს კი მუნდიალზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა. სამივე შემთხვევაში მხოლოდ თითო-თითო აღმოსავლეთ გერმანელისა და ათობით დასავლეთელის გვარის გახსენება შეგვიძლია. მათიას ზამერის, მიხაელ ბალაკისა და ტონი კროოსის გარდა, დიდ გამარჯვებებში არცერთ საქსონიელს, ბრანდერბურგელს, პომერანიელსა თუ ტურინგიელს თავისი უშუალო წვლილი ფაქტობრივად არ შეუტანიათ.

არადა, იყო დრო, როდესაც აღმოსავლეთ გერმანული ფეხბურთი რაღაცას წარმოადგენდა. 1970-იან წლებში გდრ-ის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე „ბუნდესმანშაფტი“ პრინციპულ დაპირისპირებაში დაამარცხა. სოციალისტურ ბანაკში დარჩენილ გერმანელ ფეხბურთელებს მოგებული აქვთ ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მედლები. „თასების მფლობელთა თასზე“ ყოველთვის შთამბეჭდავად ასპარეზობდნენ იენის „კარლ ცაისი“ და „მაგდებურგი“.

რამ გამოიწვია ფეხბურთის დაღმასვლა უმდიდრესი ევროპული სახელმწიფოს მხოლოდ ერთ ნაწილში?

პასუხები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში უნდა ვეძიოთ და ყველასათვის თვალნათელი განსხვავება ანთროპოლოგიურ ფაქტორებს არ უნდა დავაბრალოთ. მოდი, ჩამოვთვალოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც შეიძლება აღმოსავლეთ გერმანული ფეხბურთი დაეწიანებინა.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერთა პოლიტიკურ მიზნებზე უნდა გავამახვილოთ. „ცივი ომის“ პერიოდში ორი გერმანია ერთმანეთთან დაუნდობელ შეჯიბრში იყო ჩართული. გაყოფილი ქვეყნის ორივე მხარე ცდილობდა მსოფლიოსთვის თავისი უნიკალურობისა და წარმატების შეხსენებას. „სოციალისტური ერთიანობის პარტიისთვის“ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახლდათ ოლიმპიური თამაშები. მათ სურდათ, რომ მცირერიცხოვანი აღმოსავლეთ გერმანია მოწინავე ქვეყნებს შორის აღმოჩენილიყო. პარტიის ფუნქციონერებმა სახალხო ფიზკულტურის განვითარებაში იმდენი დრო, ენერგია და რესურსი დახარჯეს, რომ 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე გდრ-ის გუნდმა შეერთებული შტატებიც კი დაამარცხა მაღალი სინჯის მედლების რაოდენობით. მონრეალში საბოლოო ანგარიშით აღმოსავლეთ გერმანელებს მხოლოდ სსრკ-ის ნაკრებმა აჯობა. შთამბეჭდავ შედეგს აღმოსავლეთ გერმანელებმა სპორტის ინდივიდუალური სახეობების განვითარების შედეგად მიაღწიეს. ბადროსა თუ შუბის ერთ მტყორცნელსაც და 22-კაციან საფეხბურთო შემადგენლობასაც თითო მედლის მოპოვება შეეძლოთ, შესაბამისად, ოფიციალურმა ხელისუფლებამ ძირითადი აქცენტი გუნდური სახეობებიდან ცალკეულ სპორტსმენებზე გადმოიტანა.

გდრ-ის ყველაზე ძლევამოსილი სტრუქტურა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გახლდათ. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგაც არ წყდება განხილვები სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტერორის შესახებ. „შტაზი“ ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდა. უშიშროების აგენტებს მარტივად შეეძლოთ თავიანთი ფავორიტებისთვის ყველანაირი პრივილეგიის უზრუნველყოფა და მათთვის მიუღებელი აქტორების სასტიკად დაჩაგვრა. მინისტრ ერიხ მილკეს აკვიატებები ახასიათებდა, 1970-იანი წლების დასასრულს მან გადაწყვიტა, რომ გდრ-ის საუკეთესო კლუბი ბერლინის „დინამო“ უნდა ყოფილიყო. 1979-1988 წლებში აღმოსავლეთ გერმანიის ყველა ტურნირი ბერლინის „დინამოს“ ფეხბურთელებმა მოიგეს. მათ არაფერი აკლდათ, ყველანაირი პირობები ჰქონდათ ვარჯიშისა და განვითარებისთვის, მათ მხარეზე იყვნენ არბიტრებიც და ფედერაციის მესვეურებიც. დანარჩენ გუნდებს კი თავიანთი მფარველი ინდუსტრიების მიერ გადმოგდებული რესურსების იმედად უნდა ებრძოლათ. წარმოუდგენელმა უსამართლობამ, შანსების უთანასწორობამ და ჩაგვრამ ბევრ რეგიონში საერთოდ გაანადგურა საფეხბურთო ტრადიცია, რომლის აღდგენა და ამუშავება დღემდე ვერ ხერხდება.

აღმოსავლეთ გერმანელთა წარუმატებლობა თანამედროვე ეკონომიკურ სისტემასაც შეგვიძლია დავაბრალოთ. დღევანდელ ფეხბურთში გადამწყვეტ როლს ფული თამაშობს. მხოლოდ ტრანსფერების, მოთამაშეთა ყიდვა-გაყიდვის შედეგად არის შესაძლებელი ანგარიშგასაწევი გუნდის დაკომპლექტება. ბაზარზე პოზიციონირება, სარეკლამო რესურსების მოზიდვა, მარკეტინგი საფეხბურთო წარმატებისთვის აუცილებელი კომპონენტებია. დასავლეთ გერმანელები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან კარგად იცნობენ კაპიტალიზმისა და სპორტის ურთიერთმიმართების საკითხებს. აღმოსავლეთის ათლეტები და გაერთიანებები კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდნენ იმ სისტემის წინაშე, რომელთანაც კავშირი არასდროს ჰქონიათ. გერმანიის გაერთიანებამ ქვეყნის „სოციალისტურ“ ნაწილში საშინელი უმუშევრობა, სიღარიბე და უამრავი სოციალური წინააღმდეგობა წარმოშვა. ორი ფორმაციის ერთ სახელმწიფოში თავმოყრა უმტკივნეულო პროცესი არ ყოფილა. ხელფასისა და პენსიის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩენილ ადამიანებს ფეხბურთისთვის აღარ ეცალათ. გერმანიაში დღემდე ხორციელდება სოციალური პროექტები, რომელთა მიზანი აღმოსავლეთის მიწების დახმარება და გაძლიერებაა. უფსკრული ორ ნაწილს შორის დღემდე არ არის ამოვსებული. სოციალური პრობლემები და ეკონომიკური გამოწვევები, ბუნებრივია, პირდაპირ გავლენას ახდენენ აღმოსავლეთის კლუბების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.

საინტერესოა, რა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური მიზეზები აქვს ქართული ფეხბურთის წარუმატებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული მაგალითის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს უამრავი მოსაზრება გაუჩნდებათ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი