პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მუზეუმის ახალი დღე – საგანმანათლებლო რესურსი

ადამიანი თავისი არსით შემგროვებელია – აგროვებს შთაბეჭდილებებს, სასურველ ნივთებს, დოვლათს. აგროვებს და ინახავს. ამ პროცესში არის ღრმა მეტაფიზიკაც და უწყინარი მაგიაც. ამ პროცესით ადამიანი ისტორიას ქმნის, ხსოვნის საცავს, რომლის გარეშეც უბრალოდ, აზრს კარგავს მისი არსებობა, ან ისეთ აზრს იძენს, რომელიც მისთვის ყველაზე უცხო და არაორგანულია.

საყოველთაო განსაცდელში აღმოჩენილი კაცობრიობისთვის ამ პროცესის არსი კიდევ ერთხელ გაცხადდა – ჩვენ დღეს გაასმაგებული ინტერესით ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: ვინ ვართ, რისთვის ვჭირდებით ამ თვალუწვდენელ სამყაროს, რას ვუტოვებთ კოსმოსს კაცობრიობის სახელით?

გლობალური გააზრებით მთელი ეს დედამიწური ისტორია ვეებერთელა მუზეუმია, უთვალავი ექსპონატით, საუცხოო სივრცეებით, მულტიხმოვანი აკუსტიკით. მომხმარებლური დამოკიდებულების ისტერიკამ, რომელიც ზუსტად ამ განსაცდელამდე სჭირდა კაცობრიობას (იმედია, ამის შემდეგ მაინც გადავხედავთ ჩვენს აგრესიულ და პარანოიკულ „დღის წესრიგს“), ეს მუზეუმი კინაღამ ააფეთქა – შიგნიდან გამოხრა და ის დვრიტა გამოაცალა, რაზეც დგას საერთოდ ადამიანური საზრისი. დღეისდღემ – საერთო ფატალური შიშის წინაშე მდგომმა რეალობამ – მსოფლიოს მზერა ამ დვრიტასთან გარდატეხა და ახალი საფიქრალი გაუჩინა.

უფრო სწორად, კარგად დავიწყებული ძველი, მარადიული საფიქრალი – შინაარსიანი სიცოცხლის წყურვილი.

მუზეუმი, როგორც დროსთან ურთიერთობის ფორმა, როგორც მეხსიერების მცველისა და გამზიარებლის იდეა, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო რესურსია, რომლითაც კულტურას, კაცობრიულ გამოცდილებას მომავალთან დიალოგი შეუძლია. მისი არსი უზუსტესად გამოხატავს მთავარ ადამიანურ საზრისსაც – შეინახოს და შეიმეცნოს, გადასცეს და განაახლოს ცოდნა, მოკლედ რომ ვთქვათ –  იდგეს სიცოცხლის შუაგულში.

ეს ყოველივე უკვე გამორიცხავს იმ სტერეოტიპულ მიდგომას, თითქოს მუზეუმი მკვდარი სივრცეა, ხელშეუხებელი ექსპონატების სამფლობელო, სადაც ყველაფერი სულს გიხუთავს და აუხსნელად გასევდიანებს.

მუზეუმის იდეა იმდენად თვითმყოფადი და მძლავრია, რომ თანამედროვეობას, თავისი თავსატეხებიანი გამოწვევებით, ისღა დარჩენოდა, ამ იდეას მორგებოდა და მასშიც განხორციელებულიყო.

ამ განახლებული იდეის თვალსაჩინო მაგალითად ჩვენს სინამდვილეში ყოველთვის მომყავს  ხოლმე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში შეუძლებელი შეძლო და საზოგადოებაში მუზეუმის („მკვდარი სივრცის“ სტერეოტიპის) მიმართ კვლავ გააჩინა ნდობა და უზომო ინტერესი.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 2016 წელს შეიქმნა. მასში 9 მუზეუმია თავმოყრილი – გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ზაქარია ფალიაშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, კოტე და სოსო წერეთლების, მიხეილ ჯავახიშვილისა და თოჯინების.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისია სასწავლო პროცესში სამუზეუმო ფონდების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსად ქცევაა.


პედაგოგებს მუზეუმი სთავაზობს ისეთ სივრცეს, სადაც მათ ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება მუზეუმებში დაცული მდიდარი ფონდის გამოყენებით, შემოქმედებითი აქტივობით შეეძლებათ. ამ ფონზე მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ტრადიციული რუტინა კი არა, სრულიად ახალი თავგადასავალია, რომლის მონაწილე და ხშირ შემთხვევაში, შემოქმედნიც თავად არიან.

არაჩვეულებრივი რესურსია 30 დასახელების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც თბილისის მუზეუმების გაერთიანება სთავაზობს სკოლებს. ამ პროგრამების შესახებ არა მხოლოდ თბილისის სკოლებმა იციან, არამედ მასში უკვე რეგიონებიდანაც აქტიურად ერთვებიან.

პანდემიის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა. ჯერ უცნობია, როდის განახლდება სწავლა. თუმცა ეს რესურსი ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მუდმივად აქტუალური იქნება, ამიტომ, ვიდრე მოსწავლეები და მასწავლებლები შინ, ონლაინსაგაკვეთილო პროცესში არიან, შეუძლიათ ვირტუალურად ესტუმრონ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვებგვერდს და მოიძიონ დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა პროგრამის შესახებ.

ისინი ნებისმიერი ასაკის, ინტერესისა და ინიციატივების მქონე მოსწავლეებისთვისაა. ცხადია, უმნიშვნელოვანესია მასწავლებლებისთვის და ეს მათი მხრიდან გამოთქმული შთაბეჭდილებებით უამრავჯერ დადასტურდა. გაერთიანებაში შემავალ თითქმის ყველა მუზეუმში და ასევე საგანმანათლებლო ცენტრში, შეგიძლიათ რამდენიმე პროგრამას დაესწროთ. მაგალითად, ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ ასეთ კრეატიულ გაკვეთილებს: „ცის მზომელები“, „აივნიანი ქალაქი“, ექსპონატების ისტორია. ამ პროგრამების ფარგლებში შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიასაც და თავადაც გახდეთ მისი მონაწილე – საკუთარი ხელით შექმნათ: ექსპონატი, თოჯინა, ბარათი თუ სხვა… როგორია სამეფო გვირგვინების წარმოშობის ისტორია, ან რას გვიამბობენ ქართული ეთნოგრაფიული დედოფალები, ან  ფერადი და ჯადოსნური იაპონური თოჯინები; რა ამბებს იტევს კედლის მხატვრობის ისტორია ან რას მოგვითხრობენ საათები, ვინ იყვნენ ცის მზომელები და რა იცოდნენ მათ ისეთი, რაც დღევანდელ დღეს დაკარგულია?! რა გზა განვლო ერთმა თითქოს ჩვეულებრივმა ქსოვილმა – ჯინსმა იალქნებიდან სამოსამდე და როგორ აღიბეჭდა მასზე უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატული ლაქები… – ეს მცირედია იმ პალიტრიდან, რომელსაც მუზეუმების გაერთიანების საგანმანათებლო პროგრამები სთავაზობს დამთვალიერებელს.

აქ ისტორია ცოდნაცაა და დიალოგის ფორმაც – შეგიძლია გარედან კი არ უყურო, არამედ შეეხო, ითამაშო, თავად იქცე მის ნაწილად. ამ მაგიურ პროცესში პროფესიონალი გიდები, პედაგოგები და კურატორები გეხმარებიან – მუზეუმების მასპინძლები, რომლებმაც ეს ყველაფერი სწორედ შენთვის მოიფიქრეს. ამ დიდი და მშვენიერი, მთლიანი „თამაშის“ ხელმძღვანელი კი მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი – ნინი სანადირაძეა, ადამიანი, რომლის დაუღალავი შრომისა და უზუსტესი შემოქმედებითი ხედვის შედეგიცაა ის, რაც დღეს გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაგხვდებათ.

ახალი დღე: ისტორიის, ცოდნის, ბოლოს და ბოლოს – სიცოცხლის აღქმის ახალი შესაძლებლობა – ეს იქნება თქვენი მასპინძელი ამ მუზეუმებში. ისინი სამყაროს წესრიგს ირეკლავენ და ამის გამო არიან თანამედროვეც, ახალიც და მშვენიერიც.

სამყაროს წესრიგს – შეინახო და დაიმახსოვრო, განიცადო და გადასცე. მუდმივად და რაც მთავარია – სიყვარულით.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი