შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შეუძლებელი არაფერია

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ვინაიდან, საგანმანათლებლო პროცესში ბევრი მათგანი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და სხვა მდგომარეობით, ჩვენი, პედაგოგების ვალდებულებაა, უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომზადება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

ახალბედა მასწავლებლებს, ხშირად აშინებთ ინკლუზიური განათლება და ფიქრობენ, რომ  ვერ შეძლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობას. იყო დრო, მეც მეშინოდა…

როდესაც პირველად შევედი, ჩემს სადამრიგებლო კლასში და 28 ერთნაირი მერხის გვერდით ერთი განსხვავებული მაგიდა და სკამი დავინახე, გული შემეკუმშა. ჯერ შორიდან შევათვალიერე, შემდეგ ფრთხილად მივუახლოვდი და ხელით შევამოწმე, მყარად იდგა თუ არა.  ავღელდი, ავფორიაქდი და გონებაში ათასგვარი კადრი დატრიალდა… როგორ მიპასუხებს კითხვებზე?.. როგორ გამოვა დაფასთან?.. როგორ … როგორ… როგორ…

რა მაშინებდა? არ ვიცოდი, როგორ შევძლებდი, ისე წარმემართა სასწავლო პროცესი, რომ ყველა მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები მაქსიმალურად რეალიზებული ყოფილიყო. თუმცა ღრმად მწამდა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო სკოლაში.

მახსოვს ის დღე, როცა ერთმანეთი გავიცანით. შემომხედა დიდი, ლამაზი თვალებით და გამიღიმა, თვალებით გამიღიმა… და მას შემდეგ მუდამ ვეძებდი კლასში ამ მოციმციმე თვალებს, რომელიც უსაზღვრო სითბოსა და სიკეთეს ასხივებდა.

თვალებით იცინოდა, ღელავდა, მპასუხობდა კითხვებზე და მიყვებოდა ამბებს…

ბევრი რამ მასწავლა… ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ ერთად… ვუშვებდი შეცდომებს, ვიღლებოდი, მეგონა ვეღარ შევძლებდი, მაგრამ არ ვწყვეტდი ბრძოლას… ბრძოლას პირველ რიგში საკუთარ თავთან…

წლების წინ ეს პროცესი გაცილებით რთული იყო ვიდრე დღეს. ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ინკლუზიური განათლების მიღების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისათვის, როგორც სკოლამდელი, ისე ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით. ტარდება ტრენინგები მასწავლებლების, ასისტენტებისთვისა და  მშობლებისათვის. იწერება, იბეჭდება, ითარგმნება კვლევები, სახელმძღვანელოები, სტატიები, წიგნები…

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის შერონ დრეიპერის „გონების მიღმა“   და ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“. ეს წიგნები „ეძღვნებათ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს ხედავენ; რომლებიც გვახსენებენ, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული; რომლებიც ხელს გვიწყობენ, ვიყოთ გამორჩეულები და არ ვეცადოთ, ერთმანეთს დავემსგავსოთ და ბავშვებს, რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდნენ.“ ახლა, როცა ეს წიგნები წავიკითხე, უამრავი კადრი ამოტივტივდა გონებაში… ალბათ, რამდენი რამ გამომრჩა, ვერ გავიაზრე, ვერ შევამჩნიე…

სკოლაში გატარებულმა წლებმა, პედაგოგიურმა გამოცდილებამ, ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა, თუმცა იმ პედაგოგებს, რომლებიც ახლა აღებენ სკოლის კარს, ჩემსავით კრთიან და შიშობენ პირადი საქმეების გაცნობისას, მინდა ვურჩიო ამ საოცარი წიგნების წაკითხვა.

წიგნის („გონების მიღმა“) მთავარი პერსონაჟი, პატარა გოგონა მელოდი, ცერემბრალური დამბლის დიაგნოზით, ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ვერც დამოუკიდებლად ჭამს, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო შინაგანი სამყაროს პატრონია და მრავალი პრობლემით დახუნძლული მისი სხეულის მიღმა ჭკვიანი, მგრძნობიარე, მოსიყვარულე და თავმოყვარე გოგონა იმალება.

ავტორი ისე წარმოაჩენს მის ცხოვრებას, რომ მკითხველი ერთდროულად წარმოიდგენს თავს მელოდის წინ და მელოდის „შიგნით“.

„როდესაც ზარი ირეკება, იმის ნაცვლად, ძველებურად ვფიქრობდე, ნეტავ რა ხდება საკლასო ოთახის გარეთ-მეთქი, მეც დერეფანში გავდივარ (ელექტროსავარძლით). იცით რა მაგარია?!

…რა თქმა უნდა, (მასწავლებლის კითხვაზე პასუხი) ვიცოდი, ხელიც ავიწიე, მაგრამ მასწავლებელმა ჩემი ძლივსშესამჩნევი მოძრაობა ვერ  დაინახა. და რომც შევემჩნიე, რა? მე ხომ სხვებივით არ შემიძლია პასუხი წამოვიძახო. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი გულდასაწყვეტია.“

მიუხედავად სასწავლო პროცესში წარმოქმნილი მრავალი სირთულისა, საერთაშორისო კვლევები და მათ შორის ჩემი პირადი გამოცდილება მაძლევს საშუალებას დავეთანხმო შერონ დრეიპერს და დარწმუნებით გითხრათ, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში მიღებული საგნობრივი ცოდნის გარდა ინკლუზიური განათლების უმნიშვნელოვანესი შედეგებია:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის სოციალური ინტეგრაცია;

(…“სიხარულისაგან კრუნჩხვამ მომიარა. დამხმარეებმა დერეფანში გაგვაგორეს… ჩვენ ჩვეულებრივ საკლასო ოთახში შევდიოდით…

…ამ სულელურ ხუმრობაზე ყველა ჩემთან ერთად იცინის. მიუხედავად იმისა, რომ ხელ-ფეხი ისევ გამირბის და სიცილისაგან ცოტა დორბლიც მდის, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს კლასის სრულუფლებიან წევრად…“

შ. დრეიპერის „გონების მიღმა“  )

  • თვითშეფასების ამაღლება.

(…ჩემი თავის რწმენა მიბრუნდება. ჩემს შესაძლებლობებში ჩემი ოჯახის წევრებიცა და მისის ვინც დარწმუნებულები არიან. აი, დანარჩენ მსოფლიოზე კი ამას ვერ ვიტყოდი.“

შ. დრეიპერის „გონების მიღმა“  )

  • მეტყველების გაუმჯობესება;

(მელოდი ვერ საუბრობს, თუმცა ეძებს გზებს იმისათვის, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა შეძლოს. თავდაპირველად ამას დაფის საშუალებით ახერხებს, სადაც სხვადასხვა სიტყვებსა და მოკლე წინადადებებს აწყობს და საჭიროების შემთხვევაში იყენებს, შემდეგ კი, ასისტენტის დახმარებით  „მედიორატორის“ შესახებ შეიტყობს, რომელიც პატარა კომპიუტერია, გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე სალაპარაკო დაფა. მედიორატორის საშუალებით მელოდი ახერხებს გაახმოვანოს საკუთარი აზრები, ფიქრები და გრძნობები…)

  • სასურველი ქცევის გაუმჯობესება-განმტკიცება;
  • მოტივაციის ზრდა;

აღსანიშნავია, სწორად წარმართული ინკლუზიური განათლების დადებითი ზეგავლენა სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მოსწავლის თანაკლასელებზეც.

  • მნიშვნელოვნად მაღლდება თანაკლასელების სოციალური შეგნება და პასუხისმგებლობა;
  • უვითარდებათ ემპათიის უნარი;
  • უჩნდებათ სურვილი დაეხმარონ ერთმანეთს;
  • სწავლობენ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ადამიანების მიღებას და პატივისცემას.

ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ელის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. („აქა-იქ ხმამაღლა ოხრავენ. ალბათ ჰგონიათ, მათი სიტყვები ჩემამდე არ აღწევს: ჭირვეული. სულელი. უიღბლო.“) თავად ელის კი ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები ხან პეპლებივით დაფრინავენ, ხან კი ხოჭოებივით დარბიან… (პოსტერის შავი ასოები ხოჭოებს ჰგვანან, რომლებიც კედელზე ერთმანეთის მიყოლებით სადღაც მიდიან. მათი უმეტესობის წაკითხვას ალბათ შევძლებ, მაგრამ ბევრი დრო დამჭირდება. თანაც როცა ვნერვიულობ, ყველაფერი მავიწყდება. ჩემი გონება ცარიელდება, თითქოს დაფაზე რაღაც ეწერა და წაშალეს… მე წიგნს ვშლი, მაგრამ ასოები ხტიან და ცეკვავენ. რანაირად ახერხებენ ნეტა სხვები ამ მოძრავი ასოების კითხვას?“)

ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება რომ, ელის დისლექსია აქვს და დახმარება სჭირდება.~

„- შენ გონიერი ხარ, ელი. კითხვას აუცილებლად ისწავლი.

მთელ სხეულში სიცივე მივლის. სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავუჯერო. უბრალოდ ვეღარ გავუძლებ იმაზე ფიქრს, რომ არაფერი შეიცვლება…

  • იცი, ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა: ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია.

თვალწინ მიდგება ხის ძირას მდგარი გაბრაზებული თევზი, რომელიც ხეს გამეტებით ურტყამს ფარფლებს და წუწუნებს, რომ ზედ აძრომა არ შეუძლია…

და მე მთელი არსებით ვნატრობ, მისტერ დენიელსი არ ცდებოდეს.“

ახალი მასწავლებლის, მისტერ დენიელსის  დამსახურებით, ელი წერა-კითხვას ისწავლის, თვითშეფასება აუმაღლდება („განა წარმოუდგენელი არ არის? შეუმჩნეველი ვიყავი და დაუმარცხებელი გავხდი“), მოტივაცია გაეზრდება და თანაკლასელებისაგან, რომლებიც ადრე უმაქნისად თვლიდნენ, შექებასაც დაიმსახურებს.

„ჯესიკა ტრიალდება და თითქმის სირბილით გვიახლოვდება. მაშინვე ვხვდები, რაღაც შეიცვალა.

  • მისმინე, მე მგონია, მაგარია დისლექსია, და შენ მართლა კარგი მხატვარი ხარ… ელი, ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო, – ტრიალდება და სწრაფად გარბის. დედა მართალი იყო: სიტყვა „ვწუხვარ“ ბევრ რამეს ცვლის.“

მას შემდეგ, რაც პირველად აღმოვჩნდი 28 ერთნაირი და ერთი განსხვავებული მერხის გვერდით, დიდი დრო გავიდა. შიში გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე.

მივხვდი, რომ:

  • შიში უადგილოა, მხოლოდ ხელს გვიშლის და ურთიერთობას გვირთულებს.
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები, ზუსტად ისეთივე ბავშვები არიან, როგორც დანარჩენი „ჩვეულებრივი“ მოსწავლეები.
  • მათი ჩართვა სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტში ისევე აუცილებელია, როგორც სხვა მოსწავლეების. მაგალითად: თუ გადაადგილებას ვერ ახერხებს, სასკოლო სპექტაკლში უნდა შევურჩიოთ როლი, რომელიც ჯდომას მოითხოვს. თუ ქალაქგარეთ მიგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე, ისეთი ადგილი მოვიძიოთ, სადაც ეტლით მისვლა უპრობლემოდ შეიძლება, ტრანსპორტს კი ექნება პანდუსი. თუ მოსწავლე ვერ გამოდის დაფასთან, დამატებითი დაფა უნდა დავამაგროთ მასთან ახლოს, რომლის გამოყენებას მარტივად შეძლებს ისიც და მისი თანაკლასელებიც.
  • ხშირად დაჭიმული ხელებისა და მკლავების მიღმა ნაზი თითები უნდა დავინახოთ, გვერდზე მიბრუნებული სახე და თვალები არ ნიშნავს რომ არ გვიყურებს, ისინი ყურებითაც გვხედავენ და პირის ნაცვლად თვალებით გველაპარაკებიან.
  • არასდროს არ უნდა ვისაუბროთ მათი თანდასწრებით ისე, თითქოს ისინი იქ არ იყვნენ, ან ჩვენ ვერ გვხედავდნენ, რადგან იმაზე მეტი ესმით და გრძნობენ, ვიდრე წარმოგვიდგენია.
  • სასწავლო გეგმის შედგენისას, სასურველია, დავისახოთ ისეთი მიზნები, რომლის დაძლევასაც შეძლებს. მოსწავლის ნიშნით შეფასებისას კი გავითვალისწინოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, კლასი რა სირთულის მასალას გადის. თუ მან, ჩვენი მიცემული დავალება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან გამომდინარე (როგორი მარტივიც არ უნდა იყოს თანაკლასელის დავალებასთან შედარებით) სრულყოფილად შეასრულა, უმაღლესი შეფასება ეკუთვნის.
  • არც მათ, არც მათ მშობლებს, არ სჭირდება ჩვენგან სიბრალული. ისინი თანადგომას, მხარდაჭერასა და სიყვარულს მოელიან.
  • შეიძლება უამრავი დაბრკოლება შეგვხვდეს, შეიძლება ზოგჯერ ვიფიქროთ, რომ ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ გაბედულება სწორედ ის არის, როდესაც ცდი და ცდი და ცდი და ისევ ცდი, ვიდრე ყველაფერი არ გამოგვივა.
  • სასწავლო პროცესში შეიძლება შეგვხვდეს განსხვავებული სპეციალური საჭიროების მოსწავლეები. ყოველ ჯერზე ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. მოთმინებით, ხანგრძლივი დაკვირვებით, საჭირო ლიტერატურის გაცნობით, თვითგანვითარების მუდმივი სურვილით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.
  • როცა საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, ყველაფერი გამოდის და შეუძლებელი აღარაფერია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი