შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვებთან სალაპარაკო ბევრი გვაქვს

გიკითხავთ ბავშვებისთვის, რა აბედნიერებთ მათ? უამრავ პასუხს მოისმენთ – ახალი ველოსიპედი, კომპიუტერული თამაშები, თავგადასავლები, ახალდამეგობრებულებთან და საერთო ინტერესების მქონე თანატოლებთან ურთიერთობა, ზაფხული და შეუზღუდავი დრო, სასიამოვნო სიახლეები, უცნობი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა და ა.შ.

 

ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბევრ ბავშვსა და მოზარდს შეიძლება აბედნიერებდეს, მაგრამ არის კიდევ რაღაცები, როცა ასე პირდაპირ არ ან ვერ გვეუბნებიან და მისი გამოცნობა თავად გვიწევს, როცა ვხდებით მათი დამკვირვებელი, მათი პატარა წუხილებისა და სევდების გამომცნობი. ერთი სიტყვით, თუ მათ მოუსმენ, მიხვდები, რა ახარებთ, რა სწყინთ და იმასაც მივხვდებით, ჩვენ რა როლი გვაკისრია.

 

ზაფხულის გრილ ღამეს, როცა ბავშვებს უნდა ეძინოთ, ჩემმა შვილებმა აივანზე „პუფები” გაიტანეს და მთხოვეს, დასაძინებლად არ გამეგზავნა. ზაფხულში მაინც, როდესაც არდადეგებია, გულის გამაწვრილებელი რუტინის დაცვას რა აზრი აქვს, თან პანდემიამ და მისგან გამოვწეულმა ურეჟიმობამ მაინც აგვრია. ჩემს შვილებს უნდოდათ ვარსკვლავებისთვის ეცქირათ. გაიტანეს პლედები აივანზე და ითვლიდნენ კაშკაშა ვარსკვლავებს, არქმევდნენ მათ თავიანთ სახელს და ზოგჯერ იმაზეც ჩხუბობდნენ – არა ეს ვარსკვლავია ჩემი და არა ესო. საბოლოოდ შეთანხმდნენ, კამათს მორჩნენ და მათი სახელობის ვარსკვლავები შეემატა ცის კაბადონს.

 

ნელ-ნელა თხოვნა შემომაპარეს – მეც გავსულიყავი აივანზე და მათთან ერთად მეყურებინა ცისთვის. აღარ გავაწბილე და მათ გვერდით მოვკალათდი ვარსკვლავების საყურებლად. მომახვიეს თბილი პლედი და თბილისიდან სახელდახელოდ წამოღებული სანთელიც აანთეს. ბევრი ვილაპარაკეთ, რაზე აღარ, ხან ვარსკვლავებზე, ხან ჩვენს პლანეტაზე, კარგ და ნათელ დღეებზე, ჩვენს პასუხისმგებლობებზე და უბრალოდ იმ სასიამოვნო განცდაზე, რომელსაც იმწუთას სამივე ვგრძნობდით და ძილი აღარც გვეკარებოდა.

 

მივხვდი, ამ სამყაროში მე ვარ მთავარი” – საუბრის დასასრულს თქვა რვა წლის შვილმა და ბედნიერმა გამომხედა. ზაფხულის გრილი ღამე, ვის არ განაწყობს ფილოსოფიურ თემებზე საფიქრად, თუმცა ამის მოსმენა ჩემთვის მაინც მოულოდნელობა იყო ბავშვისგან, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა.

 

ადამიანები იშვიათად ვწვდებით სამყაროსა და პიროვნებას შორის არსებულ კავშირს და ზოგჯერ, ძალიან დიდხანსაც გვიჭირს სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა, საკუთარი თავის დანახვა და შეცნობა იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში, რომელშიც ვიმყოფებით. ალბათ, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბავშვებისადმი ის იქნება, თუ უფროსები სწორედ ამ კავშირს აღმოვაჩენინებთ ჩვენს შვილებს, დავეხმაროთ თავიანთი ადგილი იპოვონ სამყაროში, რაღაც ჩასაჭიდი მოძებნონ, მოეჭიდონ და დააშენონ მასზე თავიანთი ცხოვრება.

 

დიდხანს ვიჯექით აივანზე და ვუყურებდით, როგორ ინთებოდნენ და ქრებოდნენ ციცინათელები. გვსიამოვნებდა ცაცხვის სურნელი, რომელიც გრილ სიოს მოჰქონდა. იმ ღამით მითხრეს ჩემმა შვილებმა, რომ ყველაზე ბედნიერები იყვნენ იმ წუთას, რაკი მეც მაქციეს თავიანთი თავგადასავლის თანამოზიარედ. მეც მიხაროდა მათ თავგადასავალში ყოფნა და დაუსრულებლად ვუსმენდი მათ გულამომჯდარ საუბარს.

 

სწორედ ეს მოსმენა – შეუზღუდავი, როცა არც გავრბივართ, არსად მიგვეჩქარება, არსად გვაგვიანდება და შეგვიძლია მათი აზრები ბოლომდე ვისმინოთ, სწორედ ეს სჭირდებათ ყველაზე მეტად მათ. მოსმენა ჯადოსნური ინსტრუმენტია ბავშვების გულებთან დასაკავშირებლად, მათი სიხარულისა თუ სევდების ამოსაცნობად. სკოლაშიც ხომ ყველაზე მეტად ღია გაკვეთილები გვიყვარდა, სადაც ზღვარი იშლებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ის დაძაბულობა, რომელიც სხვა გაკვეთილებზე იყო, ქრებოდა და თავს უფრო ლაღად ვგრძნობდით. საუბარი, ხომ მარტო საუბარი არ არის და საყვარელი ადამიანისთვის ნაფიქრალის გაზიარება თერაპიასავით მოქმედებს, გულიდან დიდ დარდს და სევდებს გვაცილებს. ბავშვებთან კი სალაპარაკო მართლაც ბევრი გვაქვს, ან პირიქით, მათ აქვთ ბევრი მოსაყოლი ჩვენთვის. შემდეგ ჩვენც შეგვიძლია ვთხოვოთ, მოგვისმინონ. მთავარია, მოვიცალოთ მათთვის, მოვუსმინოთ შეუზღუდავად და შემდეგ, მთლიანად მოგვენდობიან.

 

ახლა, როცა პანდემიის დროს უფრო მეტად გამოგვითავისუფლდა დრო და მეტი დრო გამოჩნდა ჩვენი შვილებისთვის, ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ თემებზე, რომლებზეც სასაუბროდაც ვერ მოვიცალეთ, ოღონდ ალბათ ჯობია, ჯერ მოსმენით დავიწყოთ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი