პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დევნილი ქრისტიანები

უნივერსიტეტის ლექტორად მუშაობა უდიდესი პრივილეგიაა. სტუდენტთა მრავალრიცხოვან ჯგუფებთან ურთიერთობა ადამიანს უამრავი სოციალური პროცესისასთვის თვალის მიდევნების შესაძლებლობას აძლევს. მონდომებით ვაკვირდები ხოლმე, როგორ იცვლება ჩემზე უმცროსი ადამიანების პოლიტიკური კულტურა, დამოკიდებულებები საზოგადოებრივი მოვლენებისა თუ ინსტიტუტების მიმართ. ყოველთვის გულისყურით ვუსმენ მათ განსხვავებულ არგუმენტებსა და მოსაზრებებს. ცხადია, აკადემიური ეთიკის ფარგლებში ვცდილობ გამოვეხმაურო ჩემი კოლეგების შეკითხვებსა და დისკუსიებს.

ბოლო ათწლეულია უფროსკლასელთა და უმცროსკურსელთა შორის ქრისტიანობა ნელ-ნელა ავტორიტეტს კარგავს. ახალგაზრდები უფრო მეტად გატაცებულნი არიან შორეული აღმოსავლეთის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებებით, ტრანსფსიქოლოგიის საკითხებით ან თავმომწონედ აცხადებენ, რომ აგნოსტიკოსები არიან. მე უპირობოდ პატივს ვცემ მათ მოსაზრებებს, არჩევანს, რწმენის თავისუფლებას. უბრალოდ, ყველას ვეუბნები, რომ სარწმუნოებრივი კუთვნილების მიუხედავად, სამყაროს ისტორიის განმსაზღვრელი რელიგიების შესახებ მომავალმა დიპლომატებმა, სოციოლოგებმა და პოლიტოლოგებმა ბევრი რამ უნდა იცოდნენ. სტუდენტთა ნაწილი დიდი ტანჯვითა და წამებით სწავლობს ქრისტიანობის ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.

რა განაპირობებს ახალგაზრდების ამგვარ დამოკიდებულებას უძველესი რწმენის მიმართ?

სტუდენტთა გულის აცრუება ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. ისინი ამბობენ, რომ მათი თაობისთვის ეკლესია პრივილეგიებთან, ადამიანების მოტყუებასთან, შრომის გარეშე მიღებულ სიმდიდრესთან, მსჯელობის მცდელობების მიმართ გამოვლენილ აგრესიასთან, ნაკლებ დამაჯერებლობასა და მოკრძალებულ განათლებასთან ასოცირდება. ახალგაზრდები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ გამონაკლისი შემთხვევები, რიგით სასულიერო პირთა თავგანწირვა საერთო სურათს ვერ ცვლის.  მათი პასუხების მოსმენისას  ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მეუფლება. ერთი მხრივ, მიხარია, რომ ჩემი და უმცროსი თაობის უკმაყოფილება ერთნაირი მიზეზებით არის განპირობებული. მეორე მხრივ კი, გული მისკდება, რომ ათასწლეულის დასაწყისში დაბადებულთა თვალსაზრისით ქრისტიანობა მხოლოდ ოქრო-ვერცხლთან, სარკოფაგებთან და გაუგებარ იერარქიასთან არის დაკავშირებული. ასეთი სევდიანი ფიქრების შემოტევის დროს, ყოველთვის კოპტები მახსენდებიან.

კოპტები ეგვიპტეში მცხოვრები ეთნორელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი პირამიდების მშენებელი ცივილიზაციის პირდაპირი მემკვიდრეები არიან. სხვადასხვა მონაცემებით მათი რაოდენობა 5-დან 15 მილიონამდე მერყეობს. კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენდნენ.

წარსულში კოპტებს თავიანთი ენა ჰქონდათ. ამჟამად, მათი ენა ფაქტობრივად მოკვდა და მხოლოდ საკრალური რიტუალების აღსრულების დროს გამოიყენება. ისინი სხვა ჩრდილოეთ აფრიკელების მსგავსად არაბულად ლაპარაკობენ. საუკუნეთა განმავლობაში კოპტებმა ბევრი რამ დაკარგეს, მაგრამ სისხლის ფასად შეინარჩუნეს ქრისტიანობის განსაკუთრებული ფორმა. სახარების მიმდევარი ეგვიპტელები მონოფიციტები არიან, ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებენ და თავიანთი დამოკიდებელი, სრულიად უნიკალური ეკლესია აქვთ.

დავუფიქრდეთ მშრალი მონაცემების მიღმა არსებულ ისტორიას. კოპტები ათასწლეულის განმავლობაში ყოველთვის გარიყულები იყვნენ და ყოველთვის გრძნობდნენ ჩაგვრის საფრთხეს. ისინი ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში აღმოჩნდნენ უმცირესობაში, როდესაც მთელ დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს განუდგნენ და ქალკედონიის კრებაზე მონოფიზიტობა აირჩიეს. შედეგად, ისინი თავიანთი რწმენის გამო მაშინდელ სამყაროში დიდი იმპერიის, ძლიერი მფარველის გარეშე დარჩნენ.

მეშვიდე საუკუნეში ეგვიპტე არაბებმა დაიპყრეს. მეთორმეტე საუკუნემდე გრძელდებოდა ძალადობა, მოსყიდვა, დევნა, ქადაგება, რათა ქვეყანაში ქრისტიანები უმცირესობაში აღმოჩენილიყვნენ. საბოლოოდ, აფრიკულმა სახელმწიფომაც ახლო აღმოსავლეთის ბედი გაიზიარა, ეგვიპტელები ისლამის მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ. არაბების მმართველობის შემდეგ ეგვიპტეს სხვა მუსლიმი ლიდერები ედგნენ სათავეში, კოპტებს ცხოვრება მოუწიათ ოსმალეთის იმპერიაშიც. დესპოტები მათ არასდროს აღიქვამდნენ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად და ყოველთვის ესწრაფვოდნენ უცხო ელემენტად მიჩნეული მოსახლეობის დასუსტებას. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ნილოსის ნაპირებზე მცხოვრებმა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უწყვეტი ტკივილის ფასად მაინც შეინარჩუნა თავისი უძველესი და გამორჩეული სარწმუნოება.

თითქოს თანამედროვე ეპოქაში, ეგვიპტის სეკულარიზაციის კვალდაკვალ, სამხედრო ელიტების გავლენის პარალელურად კოპტების მხრებზე დადგმული უღელი უნდა შემსუბუქებულიყო. თუმცა, ბედის ბორბალი კვლავ უკუღმა დატრიალდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მთელ მსოფლიოში ფუნდამენტალიზმის მარცვალი იწყებს გაღვივებას, რადიკალები იწყებენ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მოპოვებას. წითელი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე ექსტრემისტთა მთავარი სამიზნე სწორედ ეგვიპტელი ქრისტიანები გახდნენ.

კოპტების დევნა განსაკუთრებით „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ გააქტიურდა. ხელისუფლებაში მოსულმა „მუსლიმმა ძმებმა“ ქვეყნის მართვა შარიათის კანონების მიხედვით გადაწყვიტეს. მუჰამედ მურსის შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა რამდენიმეჯერ დაცხრილეს ეკლესიის გადაწვის გამო ქუჩაში გამოსულ კოპთა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია. „მუსლიმი ძმების“ მმართველობის დროს ეგვიპტეში კოპტთა ათეულობით ტაძარი, საცხოვრებელი სახლი, მაღაზია, აფთიაქი თუ სასწავლებელი მისცეს ცეცხლს ან დაანგრიეს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა კოპტ ქრისტიანებზე 2016 წელს მოხდა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ კაიროში, პეტრესა და პავლეს ტაძარში ბომბი შეაგდო, რომელიც 12 კილოგრამზე მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა. აფეთქებას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.

კოპტები თავიანთი მოწამეობრივი მაგალითით გვიმტკიცებენ, რომ სრა-სასახლეებისა და ბრილიანტების გარეშე მოქმედი ქრისტიანობაც არსებობს, რომლისთვისაც ადამიანები სიცოცხლეს წირავენ. საუბედუროდ, ეგვიპტელი ქრისტიანების დევნისა და ჩაგვრის ისტორია საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა რელიგიური ჯგუფების სათანადო ყურადღებას ვერ იმსახურებს. ისინი მარტონი იხოცებენ მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობის რწმენა-წარმოდგენებს არ იზიარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი