ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვინ უმკურნალებს მკურნალებს?!

მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის დაწყებისა და ვირუსის საქართველოში გავრცელების გამო ყველანი პანიკამ მოგვიცვა, ბევრ რამეზე დავფიქრდით, ბევრი რამ გადავაფასეთ და ბევრი რამის შეგვეშინდა. თავდაპირველად, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, რა ხერხებით გვებრძოლა ვირუსთან და როგორ გამოგვეჩინა სიფრთხილე. ყველაფერი ნელ-ნელა ვისწავლეთ, მივეჩვიეთ კარჩაკეტილობას, მინიმუმამდე დავიყვანეთ უცხო საგნებთან შეხების რიცხვი, დავივიწყეთ ხელის ჩამორთმევა, პირზე კოცნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია და მოვირგეთ ნაირ-ნაირი პირბადეები, ვინც რა მოვიხელთეთ და ვიშოვეთ. საერთო სახალხო პანიკასა თუ ჩოჩქოლს, თან დაერთო მთელი რიგი ე.წ. მიმების, ინტერნეტ ხუმრობების, კორონათემატური ვიდეორგოლების და ვირუსოშემეცნებითი სტატიების ციკლი. უცნაური ამაში არაფერია. როდესაც ადამიანი საფრთხის წინაშეა, ხშირად სიმღერას იწყებს, ან თუ მარტო არაა – ისტერიულად ხუმრობს. მთელ ამ პროცესში კი ჩვენი დროის სუპერგიმირების კასტაც გამოიკვეთა. ჩვენ საქვეყნოდ გამოვაცხადეთ, რომ სახლში ჯდომა გმირობის ტოლფასი იყო, კამპანია “დარჩი სახლში. გადაარჩინე მსოფლიო” დიდი პოპულარობით გამოირჩა და კმაყოფილება მოგვგვარა, რომ საკუთარ ტახტებზე კოტრიალით რაღაც ისეთ საქმეს ვაკეთებდით, ბრიუს უილისის გმირი რომ სჩადის არმაგედონში, ანდა კაპიტანი ამერიკა თანოსთან ბრძოლისას.

დიახ, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სახლში ყოფნა, ამან შეამცირა ვირუსის გავრცელების რისკი და ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა დაინფიცირებას, თუმცა ჩვენი არხეინობისა და კმაყოფილების მიღმა დარჩა სამოქალაქო სოლიდარობა, თანაგანცდა და პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე დარჩნენ და ვისთვისაც მსოფლიოს გადარჩენა არც ასეთ მარტივ მისიაში გამოიხატებოდა. თავი რომ დავანებოთ ადამიანებს, რომლებიც ვერ დარჩებოდნენ სახლში, რადგან უკიდურეს სიღარიბეში უწევდათ ცხოვრება და ეკონომიკურმა პაუზამ საშინელი საფრთხის წინაშე დააყენა, ანდა ადამიანებს, რომლებიც დარჩებოდნენ სახლში, მაგრამ სახელმწიფო შემწეობის იმედად, მიზერული შემოსავლით, ურთულესი დღეების გადატანა მოუწევდათ, აღვნიშნოთ ადამიანები, რომლებიც გლობალური პანდემიის პირობებში გაათმაგებული დატვირთვით შეუდგნენ საკუთარი საქმის კეთებას. ესენი იყვნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან სტრუქტურებში მომუშავე მძღოლები, ესენი იყვნენ სურსათის მაღაზიების კონსულტანტები, აფთიაქარები, მუშები, სხვები და სხვები, ქვედა რგოლის მშრომელები, რომლებიც, როგორც წესი სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე უჩინარი ჭანჭიკები არიან, მაგრამ როგორც გამოაჩინა კრიტიკულმა მოვლენებმა, ყველაზე მნიშვნელოვანიც. მათი ხმა იშვიათად ისმის, ხანდახან მათ შესახებ მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა შეუსაბამო შრომითი პირობების გამო ხმის ამაღლებას შეეცდებიან ხოლმე, ან მაშინ, როცა არაჰუმანურ გარემოს ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

და კიდევ იყვნენ ექიმები.

ექიმების, ექთნების, სანიტრების, ეპიდემიოლოგების და სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის პანდემიურ სამყაროში გმირობის საშუალება სახლში დარჩენა არ ყოფილა, არამედ თითქმის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა, უშუალო შეხება საფრთხესთან და საკუთარი სიცოცხლის გარისკვა (და ზოგიერთი მათგანისთვის, გაწირვაც კი). სინამდვილეში სახლში დარჩენით, უბრალოდ, ხელი არ შევუშალეთ სამყაროს გადარჩენას, ანდა დავანებოთ სამყაროს თავი და ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ. სახლში დარჩენით, უბრალოდ, საქმე არ გავურთულეთ იმ “მეომრებს”, რომლებიც ამ დროს მართლა იდგნენ “ბრძოლის ველზე”, სინამდვილეში ქვეყანა მათ გადაარჩინეს. ჩვენ მათ აპლოდისმენტები შევაგებეთ. მშვენიერი აქცია იყო, ლამაზი. ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი აქციის ხილვა სახლში დაბრუნებული ექთნებისთვის, რომლებიც ახალაღებული ხელფასით შვილებს სურსათს, სათამაშოებს და სხვა საჭირო ნივთებს მიუტანდნენ, ოჯახთან ერთად მოისვენებდნენ ოთახში, დივანზე და თან ტაშის ხმა მოესმებოდათ – რა კარგია. თუმცა მოვლენათა ეს ჯაჭვი ვერ შედგებოდა. რადგან ქვედა რგოლის სამედიცინო მუშაკთა ხელფასი ჩვენს ქვეყანაში მიზერული, არანორმალური და არაადამიანურია. სანიტარს თვის განმავლობაში შეიძლება 200-დან 300 ლარამდე დაუგროვდეს, ექთნის თანაშემწეს საშუალოდ 300 ლარი, ანალოგიური შეიძლება იყოს განყოფილების ექთნის თვიური ხელფასიც, ანდა უკეთეს შემთხვევაში – 500-600 ლარი, რეანიმაციის ექთნისა კი საშუალოდ 700 ლარია, რიგ შემთხვევებში, სტაჟისა და კომპეტენციის გათვალისწინებით 1000 ლარსაც შეიძლება მიაღწიოს. 1000 ლარის მქონე რეანიმაციის ექთანი უმაღლესი კომპეტენციის მქონე პროფესიონალია. დიახ, ეს რიცხვები არ გეჩვენებათ, ეს ჩვენი რეალობაა და დიახ 300-400 ლარია იმ ადამიანების ანაზღაურება, ვინც კორონავირუსს, უწყვეტ სამუშაო რეჟიმს, გადატვირთულ, საბრძოლო განრიგს და სიკვდილის საფრთხეს ჩახედა თვალებში. აი, სადაა აპლოდისმენტები საჭირო, აი საითკენ უნდა მივმართოთ ძალისხმევა, რომ ეს როგორმე შეიცვალოს.

მართალია, ვისაც ვკითხე ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, ყველამ ერთი და იგივე მითხრა, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში საერთოდ არც გვიფიქრია ხელფასებზე, ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობად ჩავთვალეთ, სხვანაირად არც დაგვიშვიაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ თუ სახელმწიფომ, ბოროტად ვისარგებლოთ მათი გმირობით და კმაყოფილებას მივეცეთ, საკუთარი თავები გმირებად მოვნათლოთ და თვალი დავხუჭოთ, ანდა წავუყრუოთ იმ პრობლემას, რომელსაც სამედიცინო სფეროს, თუ სხვა საკვანძო, მნიშვნელოვანი სფეროების ქვედა რგოლის მუშაკთა არაადამიანური ანაზღაურება ჰქვია. გმირებს სწორი შეფასება და დაფასება სჭირდებათ. არ შეიძლება, რომ ტრიუმფალური დაფნის გვირგვინი 300 ლარი ღირდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი