მათემატიკის ახსნა – გიორგი ლაზრიშვილისგან

გიორგი ლაზრიშვილის, იგივე ცვანციკა მასწავლებლის სწავლების მთავარი საიდუმლო – დაფა, ცარცი და მოსწავლის სიყვარულია. ასე მარტივად ხსნის ზოგიერთისთვის რთული საგნის – მათემატიკის ახსნის მთავარ მეთოდს. ინტერვიუს დროს ბევრჯერ გაიმეორა, რომ არასდროს ოცნებობდა მასწავლებლობაზე, მაგრამ დღეს მასწავლებლობით უბედნიერესი ადამიანი და ამ პროფესიამ, მთელი მისი ცხოვრება უსაზღვრო სიხარულით აავსო. გიორგი ლაზრიშვილს მასწავლებლობის 25წლიანი გამოცდილება აქვს. ახლა სკოლაში აღარ ასწავლის, კერძო რეპეტიტორია და მისი ვიდეოგაკვეთილები, საზოგადოებრივ არხზე გადის.

 

როგორ დაიწყეთ მასწავლებლობა და როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა თქვენმა სურვილმა?

 

მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია. ჩემს დროს მასწავლებლობა არ ითვლებოდა პრესტიჟულ პროფესიად. ამიტომ მეც არ მიფიქრია ამაზე. ჩემი მასწავლებლობა განაპირობა გურამ რამიშვილის „გერმანულმა სკოლამ”. ბატონმა გურამმა ეს სკოლა 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა თავის თანამოაზრეებთან ერთად და ეს იყო სწავლის ახალი კუნძული ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბატონი გურამი (ლინგვისტი და ენათმეცნიერი) ცდილობდა, შეექმნა ისეთი სივრცე, რომელიც თავისუფალი იქნებოდა კომუნისტური რეჟიმის სწავლების მეთოდებისაგან და შეექმნა ისეთი პროგრამა, რომელიც იქნებოდა ფასეული. ბატონმა გურამმა მიიზიდა კარგი და ახალგაზრდა მასწავლებლები თავის სკოლაში, მათ შორის ჩემი რამდენიმე მეგობარიც. როდესაც, მეც შემომთავაზეს მუშაობის დაწყება, მაშინვე დავთანხმდი, იმდენად კარგი გარემო იყო სკოლაში. ამ სკოლამ და იქ მომუშავე ადამიანებმა მთელი ჩემი ცხოვრება უდიდესი ბედნიერებით აავსეს. 25-წლიანი მასწავლებლობის გამოცდილება ჩემთვის უძირფასესი წლებია, მე შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება ურთიერთობის, ბავშვებთან, კოლეგებთან; ვისწავლე ყველას მოსმენა, დიდის თუ პატარის. ახლა ვერც კი წარმომიდგენია, ვინ უნდა ვყოფილიყავი, თუ არა მასწავლებელი.

 

როგორ გარემოში იზრდებოდით, ხომ არ მზადდებოდა თქვენი მასწავლებლად ჩამოყალიბების წინაპირობა ოჯახში?

 

ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ფიქრის გარემო. მამაჩემი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი იყო, ჩემზე გაცილებით კარგი მათემატიკოსი ყველანაირი პარამეტრით, დიდი მასშტაბის. მამა ძალიან ცნობილი რეპეტიტორი იყო თბილისში, მოსწავლეებს ამზადებდა. სახლში – ერთ ჯგუფს ქართულად ასწავლიდა, მეორე ჯგუფს – რუსულად; პაპა სკოლაში ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას, ასტრონომიასა და სპორტს. ბავშვობაში ჩემი და, რომელმაც მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, დიდი სიბეჯითით გამოირჩეოდა, მუდმივად წერდა და მეცადინეობდა. ამას მეც ვხედავდი. წარსულში ბებია თბილისის განათლების განყოფილების გამგის მოადგილე გახლდათ და ოჯახშიც მუდმივად საგანმანათლებლო ფუსფუსი იყო, მაგრამ მაინც ვამბობ, მე არასოდეს მიფიქრია მასწავლებლობაზე.

 

მათემატიკა ბავშვობიდან გაინტერესებდათ?

 

ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი მათემატიკაში, სხვა საგნებზე იმავეს ვერ ვიტყვი. თავისუფალი თემის დაწერა და ისტორიის გაკვეთილის სწავლა ჩემი უბედურება იყო, მერჩივნა 15-ჯერ მეტი ამოცანა გამეკეთებინა.

 

როგორია ის საგანი, რომელსაც თქვენ ასწავლით?

 

მათემატიკა არის ფიქრის მეცნიერება, ხარ ოთახში და ფიქრობ, აზროვნებ. მე ჩემი ნატურიდან გამომდინარე ძალიან მიყვარს ურთიერთობა ხალხთან. იდეალური პირობები რომ შემიქმნან და მითხრან – „დაჯექი სახლში, იმუშავე სამეცნიერო კვლევებზე”, მაინც დგება ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი, რომ მე მინდა საუბარი, აუდიტორია მინდა… ახლა სკოლაში აღარ ვარ, მაგრამ როდესაც ახალგაზრდას ვხედავ, მინდა მასთან საუბარი და ყველა მათემატიკოსის სურვილიც ალბათ ის არის, რომ ის მათემატიკა, რომელსაც ჩვენ ვასწავლით – იყოს ყველასთვის და არა, მხოლოდ ერთეულებისთვის, რომლებზეც იტყვიან „ღმერთისგან მინიჭებული ნიჭი აქვსო”. სხვათა შორის, ვეძებდი ინფორმაციას, უყვარდა თუ არა გალაქტიონ ტაბიძეს კვადრატული ამოცანის ამოხსნა, ჯერ ვერ მივაკვლიე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ლუჩიანო პავაროტი დაწყებით კლასებს ასწავლიდა მათემატიკას. ასე რომ, მათემატიკა ყველას შეიძლება დასჭირდეს.

 

რატომ რჩება ზოგიერთი მოსწავლისთვის მათემატიკა დაუძლეველ საგნად? როდის ჩნდება სწავლის პროცესში პირველი ბარიერი?

 

პირველ რიგში, ეს ხდება, როდესაც არ გამოდის სწავლების თანმიმდევრულობის დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლების დროს. როგორც კი გაკვეთილს გამოტოვებ, მაშინვე ბუნდოვანი ხდება მეოთხე, მეხუთე გაკვეთილი და შემდეგ, ის თავს იჩენს მეშვიდე კლასში. ამ ყველაფრის ანაზღაურებას უკვე ზედმეტი ენერგია სჭირდება. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პროგრამები დასახვეწია და მე წინააღმდეგი ვარ, ამ პროგრამებით ისწავლებოდეს. მეხუთე კლასიდან ჩნდება მოსწავლისთვის პირველი ბარიერი და ის ამბობს – „მე არ შემიძლია მათემატიკა”. ეს არის ნიშანი, რომ არასწორად მივდივართ. ყველა საგანს ერთი და იმავე წარმატებით და ხალისით ვერ ისწავლი, მაგრამ მათემატიკა დაუძლეველი არ არის.

 

აღნიშნეთ, რომ პროგრამები დასახვეწია. რას მიიჩნევთ პროგრამის მთავარ ხარვეზად?

 

პროგრამა არის არასაინტერესო და სჭირდება გადახედვა. უნდა იყოს ცოტა და ხარისხიანი მასალა. ვფიქრობ, ზედმეტად გადატვირთულია. „მივლინებისას, ჩემოდანში ჩავდოთ ის, რაც გვჭირდება და თუ ადგილი დაგვრჩა, მერე დავამატოთ”, – ეს უნდა იყოს პროგრამის შედგენის მთავარი მეთოდი. გამარტივება გაუბრალოებას არ ნიშნავს. გამარტივება გულისხმობს, მივცეთ მოსწავლეს ცოტა რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი განათლება.

 

სწავლების მეთოდოლოგიები იცვლება. რა არ იცვლება თქვენთვის, თქვენი საგნის სწავლების პროცესში?

 

ის, რაც არ შეიცვლება მასწავლებლისთვის არასდროს – არის ცარცი, დაფა და მოსწავლესთან პირისპირ ურთიერთობაა. მასწავლებელმა არასოდეს არ უნდა უთხრას მოსწავლეს – „რა დაგემართა, ეს როგორ ვერ გააკეთე, ნახე იმან გააკეთა”… სწავლების მთავარი მეთოდი მასწავლებლისთვის, ძალიან დიდი სიყვარულია თავისი საქმისადმი, თავისი მოსწავლეებისადმი, მაგრამ თუ მოსწავლეს ეს საქმე არ გამოსდის, ტყუილი ნიშნები არ უნდა დავუწეროთ. ჩვენ – მათემატიკის მასწავლებლები, არ ვზრდით მათემატიკის მასწავლებლებს, ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლით ანგარიშსა და აზროვნების წესს. ამოცანის ამოხსნის დროს, მოსწავლეს რომ სახე გაებადრება, ეს არის ჩვენი ბედნიერება. ყველას მინდა ვუთხრა – დედას, მამას, მასწავლებლებს – ერთად იფუსფუსეთ მათემატიკაში და როდესაც ამ პროცესში ბავშვი წამოგყვებათ, მიიღებს სწორ პასუხს, ბარიერს გადალახავს და მიხვდება, რომ მისთვის ეს შესაძლებელი ყოფილა, ეს არის ყველაზე იდეალური ფორმა სწავლების და ის აუცილებლად იტყვის: „ვახ, რა კარგია! სწორი პასუხი მივიღე, რა ადვილი ყოფილა!”. ბედნიერია ასეთი მოსწავლე და ბედნიერი ხარ ამ დროს შენ, მასწავლებელი.

 

რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო?

 

პატივისცემა და დაფასება არის მასწავლებლის მთავარი ჯილდო. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, თუკი ადამიანი მცირეოდენ კომპლიმენტს გამოხატავს ჩემი საქმის მიმართ, ჩემი ჩატარებული გაკვეთილის მიმართ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი აღმაფრენა. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის ანაზღაურების საკითხი. მასწავლებელი რეალურად დაფასებულია, როდესაც მას აქვს კარგი ანაზღაურება.

 

ფოტო:1TV.GE

 

 

კომენტარები

comments