შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მანანა მელიქიშვილი – „მოსწავლემ საკუთარი ასაკისა და შესაძლებლობის ადეკვატური მასალა უნდა ისწავლოს“

დაბადებისთანავე რაღაცას ვსწავლობთ: ჭამას, ძილს, ღიმილს, მშობლების სიყვარულს. გადის დრო და სწორედ ეს მშობლები, მასწავლებლები, ჩვენზე უფროსები და უფრო გამოცდილები, გვასწავლიან ყველაფერს, რაც ცხოვრების განმავლობაში გამოგვადგება ან, პირიქით, არასდროს გაგვახსენდება. სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: რამდენად ადეკვატურია ჩვენ მიერ ბავშვობაში მიღებული ცოდნა, რამდენად სწორად მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, რომელიც მეხსიერებაში დაგვრჩა, რამდენად უფლებამოსილი არიან მასწავლებელი ან მშობელი, მოგვთხოვონ იმის სწავლა, რაც ან ჩვენს ასაკს არ შეეფერება, ან, უბრალოდ, ვერ ვიგებთ? ამ და სხვა კითხვებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილი გვიპასუხებს.
– ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, სადაც ბავშვები მათი ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის მქონე ლექსებს ზედმეტად მანერულად კითხულობენ. აუცილებელია, ბავშვებმა დიდი და სერიოზული შინაარსის ლექსები იცოდნენ? თუ უფრო მშობლის სურვილის დაკმაყოფილებასთან გვაქვს საქმე?
– ბავშვის განვითარებისთვის საჭიროა, მას იმაზე ოდნავ რთული ინფორმაცია მივაწოდოთ, ვიდრე დამოუკიდებლად, ბუნებრივი განვითარების პირობებში აითვისებს, მაგრამ სირთულეც და ინფორმაციის ხასიათიც ადეკვატური უნდა იყოს და მისი განვითარების უახლოეს ზონაში მოექცეს. მშობელი და მასწავლებელი უნდა ჩაერიონ იქ, სადაც ბავშვს დახმარება სჭირდება ანუ თავად ვეღარ ახერხებს ინფორმაციის მოპოვებასა და ათვისებას. თუ ბავშვს განვითარების უახლოესი ზონის მიღმა არსებულ ინფორმაციას მივაწვდით, რაც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ აითვისებს. ამრიგად, უდავოა, რომ უნდა ვასწავლოთ შედარებით რთული მასალა, მაგრამ არ გავცდეთ კონკრეტულ საზღვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის განვითარებაში პროგრესს ვერ მივიღებთ.
– რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვის ფსიქიკაში, როდესაც მისგან ზედმეტს მოვითხოვთ და ვაწვდით განვითარების უახლოესი ზონის მიღმა არსებულ ინფორმაციას? მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ვაძალებთ იმის გაკეთებას, რაც მის ძალებს აღემატება?
– ასეთ დროს ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსი უყალიბდება და კარგავს თავდაჯერებას. შემიძლია მაგალითიც მოვიყვანო: ბიჭუნა შეიყვანეს ცეკვაზე. ვინაიდან ცეკვის წრე სასწავლო წლის დასაწყისში დაკომპლექტდა, სხვა ბავშვებმა მეტი იციან, ვიდრე ახალბედამ. ბავშვი ამის ნამდვილ მიზეზს ვერ აცნობიერებს და ჰგონია, რომ, უბრალოდ, სხვები მასზე უკეთესები არიან. იჯერებს, რომ ცეკვას ვერ ისწავლის და წრეზე სიარულზეც უარს აცხადებს. ამრიგად, თავდაჯერება ძლიერი მოტივატორია, რომელიც ინფორმაციის სირთულისა და მისი მიუღებლობის შემთხვევაში იკარგება. ასეთ დროს ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს პროტესტის გრძნობაც და უარი განაცხადოს სწავლაზე. ურჩევნია, ზარმაცის იმიჯი ჰქონდეს, ვიდრე უცოდინარის.
– არსებობენ ბავშვებიც, რომლებიც მიისწრაფვიან, მეტი გააკეთონ, მეტი ისწავლონ, იყვნენ პირველები, რასაც ნიჭთან ერთად აქტიურობითაც აღწევენ.
– ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ბავშვებს დაახლოებით 7 წლამდე განსაკუთრებით მაღალი თვითშეფასება აქვთ (საზოგადოდ, მაღალი თვითშეფასება არც ისე კარგია, რადგან ასეთ დროს ადამიანს უჩნდება პრეტენზია იმაზე, რაც რეალურად, შესაძლოა, არ ხელეწიფებოდეს, ამას კი საბოლოოდ ერთგვარი იმედგაცრუება მოჰყვება). ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვები ზედმეტად აქტიურები არიან, უნდათ, ყველაფერი მოსინჯონ, იპოვონ ყველაზე საინტერესო და ამ სფეროში დამკვიდრდნენ. ამ დროს მასწავლებლებმა და მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ (ცხადია, გონივრულ ფარგლებში) და მისცენ გარკვეული მიმართულებაც. უფროსები, მით უფრო – მასწავლებლები, ბავშვის შესაძლებლობას უკეთესად აფასებენ, ამრიგად, სწორედ მათ შეუძლიათ უბიძგონ იმ სფეროსკენაც, სადაც ის ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწევს. აუცილებელი არ არის, ამ დროს მწვერვალებზე ვიფიქროთ, მთავარია, ფრთხილად ვაკონტროლოთ ბავშვის ძიების პროცესი და არჩევანის გაკეთებაშიც დავეხმაროთ.
– როგორია ბავშვის სტრესის ხარისხი, როდესაც სწავლობს ტექსტს, რომლის შინაარსიც არ ესმის?
– ჯერ გავარკვიოთ, რა მიზანი აქვს, საზოგადოდ, ტექსტის დასწავლას: ეს გახლავთ მისი გააზრება და ახალი ინფორმაციის მიღება. თუ ბავშვს ტექსტის შინაარსი ან ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა არ ესმის, ფაქტია, მთავარ მიზანს ვერ ვაღწევთ და ინფორმაციას მხოლოდ მეხსიერების დონეზე ვაწვდით ანუ ვამახსოვრებინებთ განსაზღვრული სიტყვების წყებას. დროთა განმავლობაში ადამიანის მეხსიერება უკანა პლანზე გადაინაცვლებს და დომინანტ ადგილს აზროვნებას უთმობს. ვინაიდან ბავშვს მცირე ასაკში აზროვნების უნარი კარგად არ განუვითარდა, სულ უფრო მეტ სირთულეს აწყდება: ვერ ძლევს პროგრამას და თანატოლებს ჩამორჩება, მით უფრო, რომ მაღალ კლასებში სააზროვნო მასალა უფრო მეტია. ამრიგად, დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ვეცადოთ, მასალის ათვისება არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მეხსიერებაზე და აზროვნებას მეტი ადგილი დავუთმოთ. თუ ბავშვი ვერ გაიაზრებს, არ ესმის ტექსტი, მისდამი ინტერესს კარგავს და სწავლასაც ანებებს თავს, რადგან სწავლის პროცესი ტანჯვად ექცევა. უფროსების შემთხვევაშიც ასეა – ძნელია, დრო და ენერგია დაუთმო იმის სწავლას, რაც არ გესმის.
– როგორია იმ მასწავლებლის პასუხისმგებლობის ხარისხი, რომელიც მშობლებთან თავის მოსაწონებლად ცდილობს, ბავშვს მეტი ასწავლოს?
– მასწავლებელმა საუკეთესოდ იცის, რა შეუძლია ამა თუ იმ მოსწავლეს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის განვითარების ხარისხი, შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მის ადეკვატურ განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკისრება პასუხისმგებლობა შედეგზე, რომელსაც საბოლოოდ მიიღებს.
– ბავშვის მდგომარეობა ალბათ მაშინ უფრო რთულდება, როდესაც ძალით ნასწავლი ტექსტის თქმას აუდიტორიის წინაშე აიძულებენ. 
– ცხადია, ბავშვი არ უნდა დავავალდებულოთ, მისი ყოველი ქმედება სიამოვნებასა და ხალისთან უნდა იყოს დაკავშირებული. სწორედ ასეთია ბავშვის განწყობა, როდესაც ამბობს მისი ასაკისთვის შესაფერის, ემოციურად ადეკვატურ ლექსს. თუმცა არსებობს სასკოლო სიტუაცია, როდესაც მას აქვს განსაზღვრული ვალდებულება – ისწავლოს გაკვეთილი და მასწავლებლის კითხვებსაც გასცეს პასუხი. არსებობენ ზედმეტად მორიდებული ბავშვებიც, რომლებსაც ვერაფრით აიძულებ ნასწავლის სხვების თანდასწრებით მოყოლას. ასეთ დროს მასწავლებელმა ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს, ბავშვისადმი მიდგომის განსაკუთრებული მეთოდი გამოიმუშაოს და ნელ-ნელა, აგრესიული ძალდატანების გარეშე აუდიტორიის წინაშე გამოსვლასაც მიაჩვიოს. იმავდროულად, უნდა მოერიდოს სხვა ბავშვებთან მის შედარებასაც, არ უნდა აგრძნობინოს, რომ რაკი სხვას ლექსის ხმამაღლა თქმისა არ ერიდება, მასზე აღმატებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანს განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს.
– ზოგჯერ ბავშვს მაინც უჭირს ტექსტის დამახსოვრება. არსებობს მეთოდი, რათა სწავლა უფრო იოლი და უმტკივნეულო გახდეს? 
– უპირველესად, არამც და არამც არ უნდა დავაძალოთ. ნებისმიერი რამის შესწავლა ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს. შეგვიძლია ჩავრთოთ თამაშიც. ნებისმიერ შემთხვევაში სწავლა სიამოვნების მიმნიჭებელი საქმიანობაც უნდა იყოს და არა მხოლოდ მოსახდელი ვალდებულება. ბავშვებს ნატურალური მეხსიერება და შესაბამისი ნებისყოფა ძალიან კარგად აქვთ განვითარებული, ამრიგად, ტექსტის დამახსოვრება კარგად შეუძლიათ, მასწავლებელმა და მშობელმა კი ეს თვისება სწორად უნდა გამოიყენონ და შედეგსაც აუცილებლად მიიღებენ.
ესაუბრა ია ვეკუა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი