ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თარიღები, ომები და ბავშვები ლიტერატურაში

გაკვეთილი მეორე მსოფლიო ომის თემაზე

 

ომი, – რას ნიშნავს ეს ორმარცვლიანი, სადა სიტყვა? ერთი ამოსუნთქვასავითაა, ბაგეს გასცდება და… ვეღარსად წაუხვალ. ხატოვნად იმასაც ამბობენ, ომს არც სქესი გააჩნია, არც ნაციონალობა და არც ასაკიო. როგორც ჩანს, მისი დაწყება-დასრულების თარიღიც ისტორიული პირობითობაა. შეგვიძლია, 9 მაისის მაგალითითაც ვიმსჯელოთ: ევროპა 8 მაისს ზეიმობს ჰიტლერის რეჟიმის დამხობის თარიღს, ჩვენ კი კვლავ საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებულ „გამარჯვების დღეს“ აღვნიშნავთ. ვესაუბროთ თუ არა ამის შესახებ მოსწავლეებს? რა თქმა უნდა, სიმართლე არ უნდა დავმალოთ და არც არასასურველ შეკითხვებს ავარიდოთ თავი; არ უგულვებელვყოთ კალენდარში წითლად აღნიშნულ თარიღს მიღმა მიჩქმალული ისტორიული პერიპეტიები. შემდეგ კი გაკვეთილის (და შესაბამისად წერილის) მთავარ თემაზე გადავიდეთ.

***

„მწვანეთითება ტისტუ“

„ომი არავის უნდა. როდესაც ის გარდაუვალია, უსუსურობა გიპყრობს, მაგრამ… საკმარისია ვინმემ ომი შეაჩეროს, კმაყოფილების ნაცვლად ზოგს ბრაზი ეუფლება,“ – ასეთ ურთიერთგამომრიცხავ ფრაზებს ვკითხულობთ „მწვანეთითება ტისტუში.“ წიგნში მართალია გამოგნილი ომია გაჩაღებული (ერთმანეთს წადიელები და გადიელები ებრძვიან), მაგრამ მისი გაანალიზება შესავლისთვის ზედგამოჭრილი მასალაა. თუნდაც ის ამბავი რად ღირს, ომში ჩართულ მხარეებს საომარი ქვემეხების ერთი მომწოდებელი რომ ჰყავთ. მომწოდებელი კი თავის მხრივ რკინის არგუმენტით გახლავთ შეიარაღებული: “ქვემეხი ქოლგა როდია, მზიან ამინდში რომ არავის დასჭირდეს, არც ჭილის ქუდია, წვიმიან ამინდში მაღაზიის თაროზე მტვერმა შეჭამოს. როგორი ამინდიც არ უნდა იდგეს, ქვემეხი მუდამ გაიყიდება!“

რაც შეეხება ტისტუს, ელვარე სასახლეში ბრწყინვალე მამასთან, თაიგულის მსგავს დედასთან, სარკესავით ალაპლაპებულ მანქანებსა და ძვირფასი ქვებივით მბზინავ ცხენებს შორის ცხოვრობს. თუმცა სიმდიდრე და ფარული ნიჭი უძლური აღმოჩნდება, ვერ გაუმკლავდება მიზნის მისაღწევად გამართლებულ „ადამიანურ“ მეთოდებს. ტისტუს გაქრობა ომების, ძალადობის, ავადმყოფობის, სიღარიბის, სიკვდილის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია. და ეს პროტესტი მინიატურულ ზღაპარში ორიგინალურად წარმოაჩინა მორის დრიუონმა – ადამიანმა, ახალგაზრდობაში პარტიზანებთან ერთად რომ იბრძოდა და საფრანგეთის ისტორიას რომანებად აქცევდა.

„ნოეს შვილი“

„ომინობის დროს ყველაზე საშიში მიჩვევაა, განსაკუთრებით საფრთხესთან შეგუება,“ – ამგვარი გამოცდილება შესძინა მეორე მსოფლიო ომმა გადამალულ ებრაელ ბავშვებს. ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი  „ნოეს შვილი“ სწორედ მათ განსაცდელზე მოგვითხრობს. თუმცა ომის დასრულების შემდეგ ამ ბავშვებისთვის რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაც რთული  აღმოჩნდება: გასარკვევი აქვთ, ობლად დარჩენილებს, მარტოდმარტო მოუწევთ არსებობისათვის ბრძოლა თუ ბედი გაუღიმებთ და მშობლებს მიაგნებენ.

წიგნმის მთავარი გმირი, „ათი წლის ჟოზეფი ერთერთია იმ უამრავ ბავშვს შორის, ყოველ ცისმარე კვირადღეს დეფილეში რომ მონაწილეობს – ესტრადაზე უნდა გაიარ-გამოიაროს, რომელიმე ღვთისნიერს თავი რომ მოაწონოს და იმან მისი შვილად აყვანა მოინდომოს… მის განკარგულებაში 10 ნაბიჯია, რომელიც შანსს აძლევს თავის წარმოსაჩენად.“ ჟოზეფი ძალისხმევას არ იშურებს ობლობას წერტილი რომ  დაუსვას და საგულდაგულოდ წესრიგდება: იბანს საპნით, რომელიც ძლივს ქაფთება, მხრებში დავიწროვებულ პიჯაკს ირგებს და ცდილობს ჩაიცვას პირდაფჩენილი, დახვრეტილი, ძირგავარდნილი ფეხსაცმელი, რომელიც ტალახის რამდენიმე ფენით არის გაგლესილი და ეს უნარჩუნებს მთლიანობას. ბიჭუნა მთელ თავის იმედებს ამ ათ ნაბიჯში ატევს და ზოგჯერ გაუბედავად იმაზეც ოცნებობს, ნეტავ ნამდვილ მშობლებს მივაგნო მაყურებელს შორისო. მაგრამ… პოდიუმის თავსა და ბოლოშო „უფსკრულზე ღრმა სიჩუმე ჩასაფრებია.“ სწორედ ის სიჩუმე, კიდევ ერთხელ რომ დაგვფიქრებს ომის შვილების ტკივილსა და მძიმე მემკვიდრეობაზე.

„ბიჭი ზოლიან პიჟამაში“

ომი არც ისე სასიამოვნო სასაუბრო თემაა ბრუნოს დედიკოსთვის. სამაგიეროდ ბრუნოს მამა გახლავთ  განსაკუთრებული ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც “ფიურერს დიდი გეგმები აქვს“ და ისეთი საქმეების გასაკეთებლად გზავნის, რომლის შესრულებასაც ყველას ვერ ანდობს.

ასე აღმოჩნდება ბრუნო აუვიცში – „სიცარიელის შუაგულში, მსოფლიოს ყველაზე უკაცრიელ ადგილას.“ თითქოს იქ არასდროს არავის გაეცინა, იქ არაფერი იყო ისეთი, რის გამოც თავს ბედნიერად ჩათვლიდი. გამგზავრებამდე კი ბიჭუნა სამ საუკეთესო მეგობართან ერთად ერთობოდა და იმ ქალაქით ტკბებოდა, რომლის სახლების აივნებიდან ფეხის წვერებზე აწეულს შეგეძლო ბერლინი დაგენახა.

კვლევა-ძიების მოყვარული ბრუნო „აუვიციდან თავის დაღწევის კამპანიას“ იწყებს და მალე ერთ უცნაურ  ბანაკს აღმოაჩენს. იქ ყველას ერთნაირი პიჟამა და ზოლიანი ნაჭრის ქუდი ახურავს, თვალცრემლიანები დაიარებიან და გულზე სულაც არ ეხატებათ მოცინარი, მყვირალა ჯარისკაცები, ბრუნოს მამიკოს მსგავს ფორმაში რომ გამოწყობილან. ბრუნო ცხრა წლის ბიჭუნა შმუელს გაიცნობს, რომელიც უწინ უდარდელად ცხოვრობდა დედ-მამასთან და ძმა იოზეფთან ერთად პატარა ბინაში, მაღაზიის თავზე. თუმცა ერთ დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ბანაკში გადაასახლეს. დროთა განმავლობაში შმუელი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ბრუნოსთვის ვიდრე სამი ბერლინელი მეგობარი. დროთა განმავლობაში ბრუნოს ეჭვი ღრღნის: რომელ სამკლავურს აირჩევდა სატარებლად, რომელიც შმუელს უკეთია თუ რომლითაც მამა და მისი კოლეგები იწონებს თავს?

შმუელის აზრით, „კარგი სამხედროები არ არსებობენ და მათ არ მოსწონთ როცა ხალხი უკეთ ხდება. პირიქით, უყვართ როცა ცუდად მთავრდება ყველაფერი.“ ბრუნოს მამას კი მიაჩნია, რომ აუვიცში ისტორიის შესაცვლელად ჩაიყვანეს. ბრუნო ცდილობს მავთულხრლართებიანი ღობის მიღმა მიაგნოს ჭეშმარიტებას. და აი, როდესაც შმუელს ხელს ჩამოართმევს და მასავით ზოლიან პიჟამაში გამოეწყობა, ასკვნის: „თუ სწორად გაცვია, იმ ადამიანად გრძნობ თავს რომელსაც განასახიერებ!“ უსასტიკესი  ფინალის პირისპირ დარჩენილი მკითხველი კი აცნობიერებს, რა უმაქნისია მზამზარეული შეხედულებები და კონკრეტული თარიღები, როდესაც ომი ბავშვების სამყაროს ეხება. როდესაც ომი უცაბედად წარმოქმნილი დამამძიმებელი მოვლენებითაა სავსე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი