ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლის სინქრონული და ასინქრონული საშუალებები

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს სწავლის სინქრონული და ასინქრონული საშუალებების გამოყენებას, რომელიც ელექტრონული სწავლების საფუძველია. მოზრდილი ადამიანები, ბავშვები, სტუდენტები და ზოგადად, სამუშაოზე მუდმივად დაკავებული ადამიანები, თვლიან, რომ დისტანციური სწავლება (რომელიც მათზე დაყრდნობით ხორციელდება) ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ის გზაა, რომელიც ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე.

კონკრეტულად რაში გამოიხატება სინქრონული და ასინქრონული საშუალებების როლი წარმატებული სასწავლო პროცესის ორგანიზებაში?

ასინქრონული საშულებები დაფუძნებულია ისეთ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა: WWW, FTP, e-mail, Listserv, Forum.   ისინი უზრუნველყოფენ რა დროში ეფექტურ კომუნიკაციას, ფართოდ გამოიყენებიან საგანმანათლებლო მიზნებისათვის,  ძირითადად ისეთ შემთხვევაში, როდესაც ინტერნეტის ფართო წვდომა შეზღუდულია, ან არ არის საჭირო.

კომუნიკაციის სინქრონული საშუალებები ეფუძნება ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა  IRC (Interactive Relay Chat), ICQ (I seek you), MOO Multi-User Object Oriented), MUD (Multi-User Domain), Telnet (Teletype Network),  FTP (File Transfer Protocol), On-line Database  და ა.შ. ისინი წარმატებით უზრუნველყოფენ  ინფორმაციის   ხელმისაწვდომობას რეალურ დროში, მაგრამ მხოლოდ ინტერნეტის ფართო სიხშირის პირობებში.

კომუნიკაციის სინქრონული საშუალებების როლი თანამედროვე განათლების გამოწვევებმა ძალიან გაზარდა, რადგან მათზე დაყრდნობით წარმატებით ვიყენებთ ელექტრონულ სასწავლო რესურსებს, მონაწილეობას ვიღებთ ონლაინდისკუსიებში, ონლაინკონფერენციებში, სემინარებში, რეალურ დროში ვიღებთ უკუკავშირს, განვიხილავთ პრობლემურ საკითხებს და ა.შ.

ამგვარად ორგანიზებული  სასწავლო პროცესი ავითარებს:

  • საგნობრივ და საგანთაშორის  კომუნიკაციას როგორც გაკვეთილის და მოსწავლე-მასწავლებლის დონეზე, ასევე ცალკეულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის;
  • სასწავლო დაწესებულების პერსონალს შორის;
  • კომუნიკაცია გაცილებით შორსაც მიდის და შეუძლია მოიცვას გლობალური საზოგადოება, სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები და სასწავლო პროცესის სხვა მონაწილეები.

სინქრონული საშუალებები ხელს უწყობენ:

  • ინფორმაციის მოძიებას, დიალოგის წარმართვას, მონაცემების ბაზასთან წვდომას, მოსწავლის შემოქმედებითი საქმიანობის მართვას, უახლესი საგანმანათლებლო პროდუქტების ხელმისაწვდომობას, რეფერატის დაწერას, მოხსენებების გაკეთებას, საკუთარი პროდუქტის შექმნა/ გავრცელებას და სხვ.
  •  მასწავლებლის როგორც მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზატორი როლის გაზრდას, შეიცვალა რა მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის ფორმა. შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების ხარისხი და დონე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

რა არის ასეთი სწავლა/სწავლების შედეგი?

  • ერთგვარი ონლაინსაზოგადოების შექმნა, რომელიც ერთობლივად მუშაობს სხვადასხვა ინფორმაციაზე, დოკუმენტზე, ციფრულ ტექსტზე, საგნამანათლებლო რესურსზე და ა.შ.
  • ადამიანები, რომელთაც არ ჰყოფნით დრო, დაესწრონ მეცადინეობებს „რეალურ“ კლასებში, პენსიონრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები, სულ უფრო მეტად ინტერესდებიან დისტანციური სწავლებით, რადგან ამ გზით ისინი მუდმივად არიან ჩართული ფაქტობრივ სასწავლო სივრცეში, ნებისმიერი საგნის შესწავლაში, და თან ისე, რომ არ ტოვებენ საკუთარ ოთახებს;
  • ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ პლანეტის ცალკეულ კუთხეში, პატარა ქალაქებში, სოფლებში, სატრანსპორტო საშუალებებისგან დამოუკიდებლად ახერხებენ ცოდნის შეძენას – კომპიუტერი და ინტერნეტი ახლა ყველაზე მოხერხებული გზა და საშუალება აღმოჩნდა ცოდნის შეძენის გზაზე;
  • როცა გინდა, მაშინ ისწავლი – დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სწავლის ინტენსივობაც და ხანგრძლივობაც რეგულირდება მოსწავლის სურვილის მიხედვით, ძირითადად – დამოუკიდებლად.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი საკითხის შესწავლას თავისი სპეციფიკა აქვს და თავისი მეთოდი სჭირდება. ამიტომ, რადგან ალბერტ აინშტაინი ყველა ვერ იქნება, მასწავლებლის როლი მაინც აქტუალურია. ასეთ დროს ინტერნეტი და სინქრონული და ასინქრონული საშუალებები ნამდვილად მოსახერხებელი ფორმაა – ელექტრონული ფოსტის ან ნებისმიერი დისტანციური სწავლების ელემენტის გამოყენებით შესაძლებელია მასწავლებელთან კონტაქტი, კონსულტაციის გავლა, კითხვაზე პასუხის მიღება და დროული უკუკავშირი.

უფრო მეტიც – შეფასების მხრივ ამგვარი შეფასება გაცილებით საინტერესოა, რადგან დისტანციური სწავლება გამორიცხავს ნებისმიერი სახის პიროვნული სიმპტათია-ანტიპათიის ელემენტებს მასწავლებლებსა და მოსწავლეს შორის. მაგრამ ის, რაც სასიკეთოა, შესაძლოა საპირისპირო მნიშვნელობაც შეიძინოს, რადგან „ვირტუალურ“ მასწავლებელთან შეფასების მიღებისას პიროვნული თანაგანცდის მომენტი გამორიცხულია მოსწავლისთვის. მასწავლებელმა არ იცის, რეალურად ვინ არის მოსწავლე, საკონტროლო დავალებებიც კი ხშირად ანონიმური ფორმისაა, რეგისტრაციის ნომრის მიხედვით, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად უზრუნველყოფს ობიექტურ შეფასებას.

აღსანიშნავია, რომ სინქრონულმა და ასინქრონულმა საშუალებებმა  სწავლება გაცილებით იაფიც გახადა ტრადიციული სწავლების ფორმასთან შედარებით და გაცილებით ხელმისწავდომიც, რადგან:

  • „დისტანციურ“ მოსწავლეებს არ სჭირდებათ საკლასო ოთახები, მერხები, კოგნიტური სქემები და ცხრილები კედლებზე, დასუფთავების სამსახური და მოწესრიგებული კვების ბლოკი;
  • „დისტანციური“ მოსწავლეები ძირითადად სწავლობენ დამოუკიდებლად და სასწავლო დაწესებულებას  იაფი უჯდება მასწავლებელთა ანაზღაურება და ა.შ.

სინქრონული და ასინქრონული  საშუალებები  ოპტიმალური გზაა ცოდნის შეძენით დაინტერესებული პირისთვის, ერთმანეთს შეუხამოს რამდენიმე მიმართულებით სწავლა და მინიმალური ანაზღაურებადი სამუშაო (ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით), შემდეგ კი მიიღოს შესაფერისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რაც დრო გადის, საზოგადოების გამოწვევებთან ერთად, იხვეწება და სრულყოფილი ხდება ასინქრონული და სინქრონული მუშაობის პროცესიც, იქმნება ახალი პლატფორმები, თვალსაჩინო ხდება ამა თუ იმ ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარე, მოსწავლეთა კომუნიკაციური კულტურა, ინდივიდის სოციალური ადაპტაციის ხარისხი და სულ უფრო მისაღები ხდება გამოთქმა, „ის, ვინც სწავლობს დისტანციურად, გაცილებით ბევრი იცისო“. იმედია, ჩვენს რეალობაში დამდგარი გამოწვევების გამკლავებასაც ადვილად შევძლებთ კომუნიკაციის ამ ფორმების გამოყენებით და მომავალში გაცილებით ეფექტიან სასწავლო სივრცეს შევქმნით მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი