შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რა კვებავს შეთქმულების თეორიებს?

ამას წინათ უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარა” გადავიკითხე. ადრე, სანამ ქართულად ითარგმნებოდა, ამ შედევრს ინგლისურ თარგმანში ვეზიარე და მას მერე არ მტოვებდა შეგრძნება, რომ იმ დროისათვის ენის არასრულყოფილად ფლობის გამო, რაღაცები გაუგებარი დამრჩა. ქართულად ეკო მშვენივრად იკითხება, რაც, თავის მხრივ, მისი მთარგმნელის, ხათუნა ცხადაძის დამსახურებაა, თუმცა კიდევ ერთი ფაქტორი, რატომაც შესაძლოა უმბერტო ეკო ძალზედ ქართველი მწერალი იყოს, მისი პერსონაჟებია. იქნება ეს ადსო, დიოტალევი, თუ სულაც სიმონე სიმონინი. მათ გულწრფელი აღტაცების უნარი აქვთ და რამდენად განათლებული თუ გაუნათლებელნიც არ უნდა იყვნენ, შეუძლიათ მიამიტად აიტაცონ ყველაზე წარმოუდგენელი იდეებიც კი. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ეკო, ზოგადად, ხშირად ეხება შეთქმულების თეორიებსა და ლეგენდებს, თუმცა “ფუკოს ქანქარა” მაინც ამ ამბების ინსტრუქციაა, ბოლო დროს მომრავლებული თეორიების ფონზე კი, სიონისტ ბრძენთა ოქმები თუ ჟიდომასონური შეთქმულება სულაც უმანკო საბავშვო ისტორიებად მოჩანს. დავფიქრდი, მაინც რატომ ხდება ესა თუ ის შეთქმულების თეორია ასეთი პოპულარული, დამაჯერებელი და ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორების განმაპირობებელიც კი? ადამიანები უარს ამბობენ ამა თუ იმ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიღებაზე, საინტერესო ადგილების მონახულებაზე, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც ასეთივე შეთქმულების თეორიათა წყალობით ერთმანეთის მიმართ სიძულვილით აღივსებიან ხოლმე. ამერიკელებს საბჭოთა ხალხის განადგურება სურთ, საბჭოელები ამერიკას აღგავენ პირისაგან მიწისა, ევროპა გაგვრყვნის და ქართველობას წაგვართმევს, ებრაელები მსოფლიოს მოსახლეობას 500 მილიონამდე დაიყვანენ, ჩინელები კორონავირუსს ავრცელებენ მსოფლიო ბატონობისთვის, ამ ვირუსს 5G ტექნოლოგია ავრცელებს, თუმცა, ამავე დროს, აღნიშნული ტექნოლოგია განვითარების ფაზაშია და ბოლოს ჩვენი დაჩიპვისთვის იქნება გამოყენებული, რომელი დაჩიპვაც, სხვათა შორის, უკვე მოხდა ID ბარათების მეშვეობით, აღნიშნული ბარათების შემოღება მასონების, უფრო მეტად კი მათ უკან მდგომი როტშილდებისა და როკფელერების ინიციატივაა, სწორედ ეს და კიდევ რამდენიმე გვარი ფლობს მსოფლიოს სრულ სიმდიდრეს, ისინი იწყებენ ომებს და ისინი იგონებენ პანდემიებს, რათა კაცობრიობა დამონებული ჰყავდეთ, კაცობრიობა კი იმიტომ უნდა ჰყავდეთ დამონებული, რომ ბოლოს ყველა არასასურველი ინდივიდი მთვარეზე, ან მარსზე გადაასახლონ, თუმცა აქვე, აღსანიშნავია, რომ მარსის მისია სიყალბეა და მთვარეზეც კი არ დაგვიდგამს ჯერ ფეხი, ყველაფერი სტენლი კუბრიკის გადაღებულია, ერთ პავილიონში. კუბრიკმა ამაზე „ფართოდ დახუჭულ თვალებში“ მიანიშნა, მაგრამ არავინ მოუსმინა და საინტერესოა, რომ მალე გარდაიცვალა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ამ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ, თუკი ვაქცინას არ გავიკეთებთ, რადგან ვაქცინაც ჩვენი დაჩიპვისთვის გამოიყენება და ჩვენს ულამაზეს, ბრტყელ დედამიწაზე თავისუფალი სიცოცხლის წლებს გვიმცირებს.

 

და მაინც, რა კვებავს ჩვენ ირგვლივ არსებულ შეთქმულებათა თეორიების ოკეანეს? – ვკითხულობდი უმბერტო ეკოს და ვფიქრობდი და უცებ ეკოს პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი გულწრფელი აღტაცებით წამოვიძახე: „ჩვენ გვჯერა, რომ სხვები ცუდები არიან“. მთელი ლოგიკური ჯაჭვი სადღაც ბოლოში ამ პრიმიტიულ თეზისამდე დავიდა.

 

დიახ, შეთქმულების თეორიები შეიძლება სრულიად ფანტასტიკის სფერო იყოს, ან პირიქით, სიმართლის დიდი მარცვალი ერიოს, შეიძლება გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით, რაღაც ჭეშმარიტის დამახინჯებული ვერსია იყოს, ანდა პოლიტიკური ანტიპიარი და აგიტაცია-პროპაგანდა, შეიძლება ის, შეიძლება ეს, მაგრამ აქ ისაა მნიშვნელოვანი, ჩვენ რატომ ვიჯერებთ ამ ყველაფერს? თუ ფიქრის ამ ჯაჭვს ბოლომდე გავყვებით, სწორედ აქ მოვალთ. ჩვენ გვჯერა, რომ სხვები ცუდები არიან. გვჯერა, რომ ბილ გეითსი ბოროტია და ჩვენი განადგურება სურს, როკფელერები მთლიანად ეშმაკის მოციქულები არიან, თავისი სიმართლე კი არ აქვთ, უბრალოდ ცუდები არიან, ესაა მათი საწყისი სასიცოცხლო მოცემულობა, მასონები, რომლებიც არსებული მონაცემებით მსოფლიოში 6  მილიონამდე წევრს ითვლიან, უბრალოდ კაცთმოძულეები არიან, ყველა, ორმოცივე მილიონი, ანდა მაღალთ ამა ქვეყნისათ უბრალოდ დესტრუქციული, გამანადგურებელი ვნებები აქვთ სხვათა მიმართ. სიმართლე ითქვას, არც როკფელერებს, არც მასონებს, არც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს თუ სხვებს ცოდვები არ აკლიათ, დიახ, ძალაუფლებისკენაც ისწრაფვიან, გამდიდრებისკენაც და სახელ-დიდებისკენაც, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ყველას, ყველა ადამიანს, გუანტანამოში გამოკეტილ სასტიკ რეციდივისტებსაც კი თავისი სიმართლე აქვთ, რომლითაც საკუთარ საქციელს ხსნიან. მით უფრო, არ შეიძლება გვჯეროდეს, რომ არსებობენ უბრალოდ ცუდი ადამიანები, რომლებსაც უნდათ მსოფლიოს განადგურება. ნიჰილიზმისა თუ მიზანთროპიის ეს დონე იმდენად წარმოუდგენელია, რომ თავადაც შეთქმულების თეორიად იქცევა.

 

სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ, თქვენ რომ უმდიდრესი ადამიანი იყოთ, მაგალითად, ბილ გეითსი, ან მსოფლიოს წამყვან ქვეყანას ხელმძღვანელობდეთ, მაგალითად, ჩინეთს, ან მართლაც დედამიწის სადავეები გეპყრათ და მთავარი რუხი კარდინალის სკამი გეკავოთ, როგორც ჩვენს წარმოდგენაში როკფელერს უკავია, რას იზამდით? შესაძლოა, ბევრი რამე გაგეფუჭებინათ, მაგრამ საერთო ჯამში რას იზამდით? თქვენი მთავარი საფიქრალი ხალხისთვის პრობლემების შექმნა იქნებოდა? და თუ ვფიქრობთ, რომ არა, მაშინ რატომ გვგონია, რომ ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ სხვები ცუდები არიან?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი