როცა ბავშვები ქრებიან  

ის დროა, წაკითხული წიგნები რომ თავიდან უნდა წაიკითხო და დიდი ხნის წინ ნანახი ფილმები გაიხსენო. თუნდაც ჟაკ ტატის „ბიძაჩემი“, საყვარელი მესიე იულო და სახლი, სადაც ნივთების ხმაური ყველა ხმას ფარავს. ვიფიქრე, ამას ბავშვებიც სიხარულით ნახავენ-მეთქი და გამახსენდა, როგორ მიყვარდა სწორედაც არასაბავშვო ფილმების ყურება და რა სიჯიუტით, დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით ვნახე მიქელანჯელო ანტონიონის „წითელი უდაბნო“, ლუკინო ვისკონტის „როკო და მისი ძმები“, ფრანსუა ტრიუფოს „მეზობელი ქალი“…

მერე 90-იანების ცივი ოთახები დამიდგა თვალწინ, ოცი წუთით, ნახევარი საათით მოსული შუქი და ნაწილ-ნაწილ ნანახი ფილმები: ერთის დასაწყისი არ ვიცოდი, მეორის – დასასრული და გულში იმედს ვინახავდი, რომ სხვა დროს კიდევ გადავაწყდებოდი, გამორჩენილ ეპიზოდებს ვნახავდი. თავბოლომოწყვეტილ ამბებსაც მოჰქონდა სიხარული, თავბრუსხვევა, უცხო მიწაზე ფეხის დადგმის განცდა. უკვე სტუდენტი ვიყავი და ჩაკეტილი კარისთვის გასაღების მორგებას ვცდილობდი. ათასი ჩაკეტილი კარისთვის – ათასი გასაღების.

ერთი პატარა გოგოც გამახსენდა, მეგობრის სახლში რომ ვხვდებოდი ხოლმე. უფროსები ეუბნებოდნენ: „ახლა თვალებზე ხელები აიფარე“, „ახლა მეორე ოთახში გადი და იქ იყავი, სანამ არ დაგიძახებთ“. ასე ცდილობდნენ მის დაცვას ეროტიკული თუ პორნოგრაფიული სცენებისგან, სანამ ერთ საღამოს არ გამოაცხადა: ხმაზე მივხვდი, რომ დამთავრდა და ამიტომ გამოვედი ოთახიდანო. თვალებზე აფარებული, შეუმჩნევლად დაშორებული თითებიდან დასანახის დანახვაშიც კარგად უნდა დახელოვნებულიყო.

ამ ფიქრებმა კი ბოლოს ალიეტ ლეჟანდრთან მიმიყვანა, ლუის ბუნუელის გამქრალ გოგონასთან. „თავისუფლების აჩრდილის“ ერთ-ერთი სიურრეალისტური ისტორიის მთავარი გმირია – რვა წლის, 25 კილო, მეტრი და 27 სანტიმეტრი, ცისფერი პალტო, თეთრი წინდები და შავი ფეხსაცმელი აცვია. ამ სამყაროს ნაწილია და ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არსებობს, არსებობს, არსებობს. მის მშობლებს კი სკოლიდან ურეკავენ და ატყობინებენ, რომ ბავშვი გაქრა, გაუჩინარდა, იყო და აღარ არის. მასწავლებელმა სია რომ ამოიკითხა, ოცდაორი მოსწავლე იჯდა კლასში, ხუთ წუთში კი ალიეტი აღარსად ჩანდაო.

ბავშვებით სავსე კლასი. სკოლის დირექტორი სიას ხელახლა კითხულობს, უკვე მესიე და მადამ ლეჟანდრების თანდასწრებით. თვალებს ვერ ვუჯერებთ: გოგონა თავის ადგილას ზის, უფროსების ყურადღების მიქცევასაც ცდილობს, ამბობს, აქ ვარ, სულაც არ დავკარგულვარო, მაგრამ მას არც არავინ უსმენს და ვერც ვერავინ ამჩნევს. მეტისმეტად აფორიაქებულები არიან, დაკარგულის მოძებნის გზებს არჩევენ, შეშფოთებული, ზრუნვით მოქანცული ადამიანების სახეები აქვთ.

პოლიციაშიც ასეთივე გასაოგნებელი სცენაა. ალიეტი მშობლების გვერდით დგას, როცა ისინი მისი დაკარგვის შესახებ განაცხადებენ. უფროსების საუბარში ჩართვას მოინდომებს და პრეფექტი შეაჩერებს: ნებას რომ დაგრთავთ, მაშინ ილაპარაკეო. ცოტა ხანში გოგონას კითხვებს დაუსვამს, მონაცემებს ჩაინიშნავს, მისი პოვნის პირობას დადებს. და თოთხმეტი თვის შემდეგ იპოვის კიდეც. მანამდე კი გამქრალი ბავშვი ისევ მშობლებთან ცხოვრობს, ალბათ სკოლაშიც დადის და სიის ამოკითხვისას უწინდებურად პაუხობს: „ვარ“.

საგულისხმო ისაა, რომ ბუნუელის გოგონა სწორედ გაკვეთილზე ხდება სხვისი თვალისთვის შეუმჩნეველი. სასკოლო გარემო იდეალური ადგილია იმისათვის, რომ დაიკარგო, შენს ადგილას კი სიცარიელე გაჩნდეს. თუმცა უფროსები ყველგან ერთნაირები არიან – ვერ ხედავენ იმას, რაც დასანახია და მთელი ყურადღება არაარსებითზე გადააქვთ. რა თქმა უნდა, ბავშვის ბედი ადარდებთ, მაგრამ არც იმდენად, წლიდან წლამდე ჩამოყალიბებულ ჩვევებზე უარი თქვან, ყოველდღიური ყოფა ოდნავ მაინც შეცვალონ.

ბუნუელის ეს ფილმი თავიდან ვნახე და აღმოვაჩინე, რომ „თავისუფლების აჩრდილის“ აქ აღწერილი მონაკვეთი – ალიეტ ლეჟანდრის უჩვეულო გაქრობა – გულისცემას ისევ მიჩქარებდა. მთელი ეს აბსურდი სასაცილოდაც მეჩვენებოდა და თან რაღაც ისეთს მახსენებდა, რაც დიდი ხნის წინ დამევიწყებინა. საწუწუნო არაფერი გაქვს-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს. შენ გამჩნევდნენ, გეფერებოდნენ, გეთამაშებოდნენ, ლექსებს და ზღაპრებს გიკითხავდნენ-მეთქი. არაფერი გამოვიდა. ისიც ხომ მართალი იყო, რომ როგორც კი დიდების სამყაროში ბრუნდებოდნენ და სერიოზულ თემებზე იწყებდნენ საუბარს, მაშინვე ვქრებოდი, აღარ ვარსებობდი.

სკოლაშიც ასე იყო. ხან ვიყავი და ხან – არა.

 

კომენტარები

comments