სწავლება დოკუმენტური ფილმებით

სწავლა- სწავლების პროცესში  ფილმების გამოყენების სიკეთეზე  ხშირად წაგვიკითხავს.  მათ შორის, დოკუმენტური ფილმების სიკეთეებზე. დასაწყისშივე უნდა ვთქვა, რომ დოკუმენტალისტიკასთან შეხება დიდი ხანია არ არის, რაც მაქვს და მოყვარულის/მაყურებლის დონეზე ვიცნობ. ამჯერად  მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ მასწავლებლის პერსპექტივიდან.

სრულიად შემთხვევით, მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო 2019 წლის საერთაშორისო დოკუმენტური ფესტივალის (Cinedoc Tbilisi) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში – Civil Pitch. პროექტი ითვალისწინებს კინორეჟისორებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაკავშირებას და მათი თანამშრომლობის ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ისეთი თემები, რომლებსაც ნაკლებად ექცევა ყურადღება. მაგალითად, ეკოლოგია, ურბანიზმი, LGBTQ უფლებები, მიგრაციის საკითხები, რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე, ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები კავკასიის რეგიონში და მრავალი სხვა…

პროექტის პირველ ეტაპზე, შესაბამისი პროცედურის მიხედვით ხდება ორგანიზაციებისა და კინორეჟისორების შერჩევა და დაწყვილება. შემდგომ, ისინი მუშაობენ გარკვეულ თემატიკაზე (ჩემს შემთხვევაში, თომა ჩაგელიშვილთან ერთად ვმუშაობდით დოკუმენტურ ფილმზე მასწავლებლის შესახებ). ამას უკვე მოსდევს რამდენიმე დღიანი ტრენინგი საერთაშორისო ტუტორების მონაწილეობით. ეს ერთგვარი რეპეტიციაცაა ნამუშევრის წარდგენამდე, ანუ „ფიჩინგამდე,“ რომელიც საერთაშორისო ჟიურის წინაშე ხდება. საბოლოდ, ჟიური ავლენს რამდენიმე გამარჯვებულს.

მოკლედ რომ ვთქვა, მიუხედავად ჩემი ინტერესისა, ამ პროექტმა ჩემში დოკუმენტური ფილმების სიყვარული ერთი-ორად გაზარდა. წარმოიდგინეთ, 10-15 ორგანიზაცია და ამდენივე დოკუმენტალისტი, ტრეილერის სახით, ერთდროულად წარადგენს იდეას სულ სხვადასხვა თემატიკაზე. დამერწმუნეთ, საინტერესო პროცესია!

გამოხდა ხანი და 2020 წლის სექტემბერში ორ სკოლაში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, გადავწყვიტე რომ ანალოგიური პროექტი სკოლაშიც დამენერგა. პირველად ეს კერძო სკოლა „ქორალში“ დავიწყე. ბუნებრივია, პრინციპი ცოტა სხვა იყო. ამ შემთხვევაში, დოკუმენტალისტებიც და ორგანიზაციების წარმომადგენლებიც თავად მოსწავლეები იყვნენ. უფრო კონკრეტულად, თითოეულ კლასში მოსწავლეები დავაჯგუფე, რის შემდეგაც ჩემთან კონსულტაციის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა შეარჩია ფილმის თემატიკა. მხოლოდ შერჩევის პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ, დამერწმუნეთ, მასწავლებლისათვის ღირს ამის გაკეთება. მოვიყვან შერჩეული ფილმების რამდენიმე მაგალითს: ქართველები და ჩერნობილის კატასტროფა, ოკუპაცია, წეროვანის დასახლება, აფხაზეთის ომი, ადრეული ქორწინება, ცხოველთა უფლებები, ადიქცია, გენდერული თანასწორობა, ემიგრაცია, ქაოსური მშენებლობები, ქალაქის მეეზოვე.

თემატიკის შერჩევის შემდგომ, მათი მიზანი იყო, გადაეღოთ მოკლე 3-4 წუთიანი ფილმი (სინოფსისი). ბუნებრივია, მასწავლებლის მხარდაჭერა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად წავედით მარნეულში და შევხვდით ეროვნულ უმცირესობებს, სხვა ჯგუფებმა ჩაწერეს თემატური ინტერვიუები და ა.შ.

პროცესი გადასარევად მიდიოდა და ორი რეპეტიციის ჩატარება მოვასწარით. რეპეტიციების შემდგომ, ვგეგმავდით ფილმების ჩვენება დიდ აუდიტორიაში მშობლების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანდასწრებით გაგვეკეთებინა. ამჟამად, ამ ამბავმა დისტანციურად გადაინაცვლა.

რომ არ გამომრჩეს, გარდა პროექტის სახალისო ნაწილისა, ის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისათვის. ამ პროექტით ისინი სწავლობენ არა ერთ, არამედ ყველა იმ საკითხს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, რადგან რეპეტიციები და ჩვენებები ერთდროულად, ანუ დიდ ჯგუფში, კლასში ხდება. რაც მთავარია, ამგვარად ისინი სწავლობენ დამოუკიდებელ მუშაობასა და უვითარდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები.

დაბოლოს, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა მოგახსენოთ, რომ დატვირთული ონლაინგაკვეთილების ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ დოკუმენტური ფილმები. საბედნიეროდ, ამ მხრივ არჩევანი ძალიან დიდია. საინტერესო ბაზა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. კიდევ უფრო გასახარია და, გარკვეულწილად ფუფუნებაა, რომ ფილმები ხელმისაწვდომია IDFA-ს (ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი) ვებგვერდზეც. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 200-მდე ფილმი ონლაინრეჟიმში. არის როგორც მოკლემეტრაჟიანი ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმები.

უაღრესად საინტერესო მასალებია რადიო თავისუფლების ვებგვერდზე, რომლებიც შეიქმნა „3-წუთიანი ფილმების კონკურსის“ ფარგლებში. ამ შემთხვევაში, თემატიკა გენდერულ თანასწორობასა და ოჯახურ ძალადობას ეხება.

დაბოლოს, ჩემი საყვარელი – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“. როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ, ეს არის ფილმი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ომსა და ოცნებაზე. ჩემთვის კი, ეს არის ფილმი ცხოვრების ტრაგიზმსა და აბსურდულობაზე. ეს იმ კატეგორიას მიეკუთვნება, აუცილებლად სანახავს რომ ეძახიან.

 

კომენტარები

comments