მცირე პროზის ჟანრში რამდენიმე მწერალი გვყავს, რომელთა შემოქმედება ამოუწურავი სალარო და საუნჯეა სიბრძნისა, ჰუმანიზმისა და ემოციებისა. რევაზ ინანიშვილის შემდეგ ნუგზარ შატაიძეს დავასახელებდი ასეთ ავტორთა შორის. მისი სამყარო ავტორის საკვირველი სულის ცეცხლით გამთბარი, უკეთილესი და უმშობლიურესია. ყველა ფოტოდან მისი ფიქრიანი სახე გვიმზერს და ასეთივე ღრმა, გამაკეთილშობილებელი ფიქრისკენ უბიძგებს იგი თავის მკითხველს.
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა “ბუკინისტების საძმო” გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს და ადამიანთა ყოფას ჩვეული სისადავით, გულწრფელობითა და მხატვრული ვირტუოზობით ასახავს. ქართული მწერლობა არ გვანებივრებს პოლიტიკური მოვლენების მხატვრული გარდასახვით. მთავარ გმირად (და მთხრობელად) მწერალი საკუთარ თავს გვათავაზობს (პირველ პირში თხრობას ახლავს საოცარი სიწრფელე და ემოციურობა). მთხრობელი თავის სახელს არ გვიმხელს. ის მწერალია, რომელსაც სამოქალაქო ომის დროს სახლი დაეწვა და ოჯახის გადასარჩენად იბრძვის. მეგობარი მას ასე მიმართავს: “პისატელ”. ის როგორც ისტორიკოსი და ფილოსოფოსი აკვირდება საბჭოთა კავშირის ნგრევას და ახალმოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველ წლებში განვითარებულ მოვლენებს. ყოველ აქტს, ყოველ ეპიზოდს მოთხრობის სიუჟეტში უღრმესი ქვეტექსტი აქვს, ყოველი პერსონაჟის ყოფა სიმპტომურია და კინემატოგრაფიული სიზუსტით ასახავს ჩვენი უახლესი ისტორიის შავბნელ ეპოქას.
ეს ყველაფრის ნგრევის, გაუფასურების, ღირებულებათა დევალვაციის ეპოქაა, მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. აქ ჩვენ თვალწინ კვდება იძულებით მათხოვრად ქცეული, გათაღლითებული ქალი, რომელიც რუსთაველზე თავს იმკვდარუნებს, რომ ხალხს თავი შეაცოდოს და საარსებო სახსარი მოიპოვოს. ასევე თვალს ვადევნებთ აფერისტი მაისაძის, ვალუტის გადამცვლელის, სიკვდილს, ადამიანისა, რომელმაც რყევებსა და შიშს ვერ გაუძლო და გული გაუსკდა. თავად ავტორიც ნაინფარქტალი და გულგაგლეჯილი კაცია. ამ ველურ გარემოში თვითგადარჩენისთვის თავგანწირული ბრძოლა სამწუხარო აუცილებლობა აღმოჩნდა.
აქ სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ გიშველის გულის შეტევისდროს, რადგან ექიმები ამბობენ, რომ კრიმინალები აჩერებენ და მორფს ართმევენ. კლინიკაში ტკივილსაც კი ვერ გაგიყუჩებენ, რადგან იქაც მიდიან ნარკომანები და იარაღის ძალით მიაქვთ მორფი.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ავტორი ცდილობს, აჩვენოს, როგორ ახერხებენ ადამიანები სრულიად ახალ რეალობაში, სამოქალაქო ომისა და გახშირებული დანაშაულის ფონზე, გარემოსთან ადაპტაციას და თავის გადარჩენას. მაგალითად, “პისატელსა” და მის მეგობარ თენგოს, კინორეჟისორს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაუხსნიათ რუსთაველზე, გურგენიჩი ნაყინს ყიდის, გოგონები, რომლებიც ადრე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდნენ და დისერტაციებს წერდნენ, ახლა მაღაზიის დახლში დგანან, პრაშუ-გოგიას შეჰყურებენ. თარსმა ომარამ ბანკი დააარსა და კონკურენტი მევალუტეების ჩაძირვით ცდილობს ბიზნესის აწყობას. გორელმა ვანომ სარდაფში სასადილო გახსნა და გემრიელი ხაშითა და ხორციანი კერძებით იზიდავს კლიენტებს, ოღონდ სტალინის სიყვარულს ვერ უღალატა და სასადილოს კედელზე მისი პორტრეტი გამოუფენია, რომელსაც შარიანი კლიენტები ჟაკანის ტყვიით ცხრილავენ. როზას სასადილოში კატელეტები და მომაკვდინებელი ტელეგრეიკის არაყი იყიდება. პირველი სამი ჭიქა ჯოჯოხეთია, მერე ტკბება და ადამიანს აზროვნებასა და სიცოცხლისუნარიანობას ართმევს.
აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს, ძლიერი სუსტს ჩაგრავს, ხან იარაღით ადგება, ხან თაღლითურად სძალავს, რისი წართმევაც შეიძლება. თარსი ომარას ბანკის დაცვა, პარაბელუმით შეიარაღებული ბიჭები, თავს ესხმიან მწერალსა და თენგოს და აიძულებენ, მათთვის სასურველი დოლარის კურსით ივაჭრონ, მათ მიერ დაწესებულ კურსს კი თავზე გადაახევენ, მაგრამ სიტყვას როგორ შეუბრუნებ? შუბლს გაგიხვრეტენ!
ამდენი თაღლითისა და მოძალადის გარემოცვაში მწერლის ფაქიზი სული კვდება, იხრჩობა. აქ წესიერება და ჰუმანიზმი ძალიან, ძალიან იშვიათია. ორად ორი პერსონაჟია, რომლებიც ადამიანის რწმენას გვინარჩუნებენ. ერთი მათგანი ბორჩალოელი თათარი აბდულაა, რომელმაც მწერლის მიერ შეცდომით გადაყოლებული 40 დოლარი არ შეირჩინა, რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა და ფულიც დააბრუნა ამ სიტყვებით: “ნა, დარაგიე, მნე ჩუჟიე დენგი ნე ნუჟნი”. აბდულამ ნამდვილად ჩაატარა ადამიანობის გაკვეთილი. მეორე იმედი კინორეჟისორი თენგოა, ვალუტის გაცვლაში პარტნიორი და უღალატო მეგობარი. მწერალს ყველა ეუბნებოდა, რომ ფულთან დაკავშირებული საერთო საქმე მეგობრობას აუცილებლად დაანგრევდა, მაგრამ მათ ამ ჯოჯოხეთშიც კი შეინარჩუნეს სახე და მორალი. არადა, რა ძნელია… მხოლოდ წაგებაზე რომ მიდიხარ ხშირად და პურის ფულიც კი არ გრჩება… სახლამდე კილომეტრები ფეხით უნდა იარო, მეთერთმეტე სართულზე ნაინფარქტალი კაცი ულიფტოდ ახვიდე და ვინ იცის, რამდენ რეკეტიორსა და მოძალადეს გაუძლო…
ყოველი დიალოგი და ყოველი სცენა კინოკადრებად აღადგენს 90-იანების ქართულ რეალობას. მაგალითად, აი, ეს: “ძველი, გაქუცული “მერსედესი”, ვინ იცის, სად არ ნავალი და ნაბღოტიალევი. მთელი აფხაზეთი ექნებათ იმით შემოვლილი. ახლა აქ დადიან, თბილისის ქუჩებში. ამ ორი კვირის წინ თარს ომარასთან ყოფილან, ნაგანის ტარი თავში ჩაურტყამთ და სამასი დოლარი წაუღიათ. მაისაძესთან და პრაშუ-გოგიასთან ვერ შედიან. იქ მაგარი კრიშა ჰყავთ – ირაკლი, ძველი კაგებეშნიკი. ჩვენ ჯერჯერობით ვფრთხილობთ, გამოჩნდებიან თუ არა, ეგრევე ვითესებით – ფულს უკანა ოთახის სეიფში ვინახავთ და როზას სასადილოში ავდივართ”.
შემზარავი და სახიფათოა კრიმინალური გარემო, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და სამოქალაქო ომის შემდეგ შეიქმნა. მწერალი გვიყვება: “ომის მერე ქალაქში ბევრი საძმო გაჩნდა: “ვერის საძმო”, “კულინარები, “ნახალოვკელი ბიჭები”. ესენი “ბუკინისტები” არიან, “ბუკინისტების საძმო”. რუსთაველსა და მთაწმინდა-სოლოლაკს უყურებენ”. სწორედ “ბუკინისტების საძმო” ჩასაფრებია ვალუტის გამყიდველებს. მწერლისთვის ვალუტის გადაცვლა ისედაც ტანჯვა იყო. “გაჭირვებამ ბევრი რამ გვასწავლა, ბევრი რამ გაგვაგებინა. მე, მაგალითად, წინათ ფულის დათვლა არ ვიცოდი. წიგნის ჰონორარს რომ ავიღებდი, ცოლი მითვლიდა, ხელფასსაც, მაგრამ ვისწავლე. ახლა ვიცი, მაგრამ აღარც ჰონორარია და აღარც ხელფასი. ექვსასი კუპონი რა ხელფასია. არაფერი. ერთი პური – თან როგორი პური – არ იჭმევა”, – გვიმხელს მთხრობელი.
ამ რეალობაში ყველაზე დასანანი მწერლის ფაქიზი სულიერი სამყაროს მსხვრევაა. წერას აზრი არ აქვს, რადგან არავის არაფერი აინტერესებს, არაფერი გამოიცემა, ინტელექტუალური პროდუქტი უბრალოდ არ იყიდება, ყველა სხვა რაღაცით ვაჭრობს. მაგალითად, მწერლის მეგობარი კოტე, რომელიც ძალიან კარგად წერს, ახლა ელოდება, მეგობრის ძმა ბულგარეთიდან თმის საღებავების პარტიას როდის გამოუგზავნის, რომ მერე ლილოს ბაზრობაზე ბითუმად გაყიდოს, აღებული ფული დოლარზე გადაახურდავოს და ისევ ბულგარეთში გაგზავნოს ახალი პარტიის შესაძენად.
მწერლის მონოლოგი ხელოვანის სულში მიმდინარე ბრძოლებს დიდი ტკივილითა და “გულიდან სისხლის წვეთებით” (გრანელი) გადმოსცემს: “არ ვიცი, რა მემართება, ხშირად, როცა ფულს ვითვლი, ჩემდა უნებურად თვალწინ დამიდგება ხოლმე ნაცნობი პეიზაჟი ან ადგილი, სადაც ადრე, ძალიან დიდი ხნის წინათ, ვარ ნამყოფი. აი, მაგალითად, რკონი. ჩალისფერი საყდარი. თაღოვანი ხიდი, ხიდის ქვეშ – მდინარე. სუფთა, გამჭვირვალე წყალში მოჩანს დიდი, ლოპრმოდებული ქვები. ზოგჯერ აქა-იქ ცეცხლისფერი ლიფსიტაც გამოჩნდება, მზეზე გაიელვებს და მაშინვე გაქრება. მდორეებში მორევი შარშანდელ ფოთოლს ატრიალებს”. ამგვარი ხილვა ხომ ინსპირაციაა და როცა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი უნდა იჯდეს და წერდეს, ის იძულებულია, ჯოჯოხეთურ მარათონში ჩაებას ოჯახის გადასარჩენად. ის ამჩნევს, რომ, მევალუტედ გადაქცეულს, ნაცნობები თავს არიდებენ. კვირაში ერთხელ თენგოს ძმაკაცი მანაგაძე შეივლის, სამ ბოთლ “ბუდვაიზერს” მიუტანს მეგობრებს და ანუგეშებს. მწერალი არ ამტყუნებს ნაცნობებს, ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით რომ ჩაუვლიან, ესმის მათი, რადგან მასაც გაუჭირდებოდა მომაკვდავი ავადმყოფის მონახულება, უნდა დაჯდეს და ტყუილები უთხრას. ღმერთო, რა მწარეა ეს რეალობა! როზას არაყივით მკვლელი!
ამ მოთხრობის სტრიქონები სისხლიანი ცრემლებითა და ტკივილით იწერება. აი, კიდევ ერთი ამონარიდი, რომელშიც ქართველთა ყოფის შეულამაზებელი სურათი იკითხება: “ამერიკაში ყველაფერი ბევრია. ეს ბავშვობაშიც კი ვიცოდით, მაგრამ მაშინ ამერიკა შორს იყო, ახლა კი ახლოსაა. ძალიან ახლოს. სულ ერთი ხელის გაწვდენაზე. ამ სიახლოვემ ყველაფერი შეცვალა. ძველი ოცნება რეალობად იქცა, სამაგიეროდ, ცხოვრება დამძიმდა და აირია. ჩვენი კარის მეზობელი, ძია ანდრო, მეშვიდე სართულიდან გადმოხტა. ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის გივია გვასალიას ცოლი ამერიკაში ბეიბისიტერად წავიდა, ბიჭი “მხედრიონში” ჩაეწერა, თვითონ კი ნემსზე შეჯდა”. თუმცა ეს ბიჭი, პაპუნა გვასალია, განარკომანებული და გაკრიმინალებული “მხედრიონელი”, მწერალს მაინც გამოადგა – როცა “ბუკინისტების საძმო” თავს დაესხა ვალუტის ჯიხურს, პაპუნამ მამის ძმაკაცი იცნო და ძარცვას გადაარჩინა ისედაც ფინანსურ კოლაფსში მყოფი ადამიანები.
ვფიქრობ, მოთხრობის მთავარი სათქმელი ის არის, რომ არ ვიყავით მზად დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს მშენებლობისა და თავდაცვისთვის. დინებას გავყევით სრულიად მოუმზადებლები და ისეთმა მორევებმა ჩაგვითრია, ბევრი შეეწირა ამ დინებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა. დავკარგეთ სამაჩაბლო და აფხაზეთი. ძალაუფლება კრიმინალების ხელში გადავიდა. მწერალი ისეთ ანალიზს აკეთებს, რომ ძნელია, არ დაეთანხმო: “ჰაიჰარაზე ომს ვერ მოიგებ. ომი ფაფის ჭამა გვეგონა და წავაგეთ. ჩვენს გენერლებსაც ეგრე ეგონათ, სამ დღეში გაგრას ჩაგაბარებთო და სოხუმი ჩააბარეს. რას იზამ, ძალა აღმართს ხნავს. დათვი რო მოგერევა, ბაბაია დაუძახეო. ნამეტანი დიდი დათვი იყო. ამათ კი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გენერლის ლამპასები დაიკერა. ვითომ ის ლამპასები იყო მთავარი. ღმერთო, შეგცოდე და ამბობენ, რუკის კითხვაც კი არ იცოდნენო”.
ქვეყნის თავდაცვა ასეთ მდგომარეობაშია, ხოლო საფინანსო-ეკონომიკური სამსახურები მექრთამეებით არის სავსე. საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ლიცენზიის უქონლობაზე თვალს ხუჭავენ და უსირცხვილოდ იღებენ ვალუტით მოვაჭრეებისგან ქრთამად 50-50 დოლარს.
მაგრამ შატაიძე რის შატაიძეა, ამ საყოველთაო უიმედობისა და კრიზისის ჟამს თუ ადამიანს იმედი და რწმენა არ გაუღვივა სულში? საამისოდ მწერალი 15 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს, როცა თენგოსთან ერთად კინოსცენარის დასაწერად ქართლში, თავის სოფელში, წავიდა. მწერლის ბიძა ბოღოჭა განუმეორებელი და უკვდავი სახეა გულღია, სიყვარულით სავსე ქართველი გლეხისა. როცა გაიგებს, რომ ქალაქელები ესტუმრნენ სოფელს, ვერ ისვენებს და არც მათ ასვენებს, ხან ბოცით ღვინო მიაქვს მათთვის, ხან თიკანს უკლავს, ხან მიცვალებულთა ხსენების დღეს პურ-მარილით ხელდამშვენებული ეპატიჟება სასაფლაოზე, ხან ჩაქაფულით უმასპინძლდება, მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა გააფრთხილა, აქ სამუშაოდ ჩამოვედით და ეს ერთი კვირა არ მოგვეკაროო. მისი 24 წლის ბიჭი, პატარ ბოღოჭა, ეპატიჟება შინ და რომ არ მიჰყვებიან, ცხელი ცრემლებით ტირის, ხან მეორე მეზობელი, მეტსახელად “უბილეთო”, ჭანჭურის არაყსა და მწიფე პამიდვრის მწნილზე ეძახის ქალაქელებს.
გმირი ასე ხედავს სოფელს: “ჩავედით, ჩავიარეთ სოფელი, ჩუმად ვათვალიერებდით ორღობეს, გზის აქეთ-იქით ჩარიგებულ სახლებს, ეზოებს, ნაფუზრებში ჩადგმულ თივის ბულულებს, აქა-იქ ბოსტნებსაც. მაგონდებოდა აქ გატარებული ტკბილ-მწარე ბალღობა… დრო გაჩერებულიყო. ის შორეული წარსული აწმყოში ისე ჩაყინულიყო, როგორც პრეისტორიული კოღო ქარვაში. სწორედ რომ ქარვისფერი იყო ყველაფერი: სახლები, ეზოები, ნაფუზრები… ქარვისფერი იყო გორის ფხაზე წამომართული ციხეცა და მის ირგვლივ ჩარიგებული საფლავის ლოდებიც”.
ქარვისფერი საქართველო – ეს მეტაფორა სამშობლოს მშვენებას საოცარი ოსტატობით გადმოსცემს. თენგო თავის სოფელზე უყვებოდა და მისი ბებო-პაპის ამბები, მათი ჭირ-ვარამი ძალიან ჰგავდა მწერლისას. მათი მონათხრობი ორი წვეთი წყალივით ჰგავდა ერთმანეთს. “განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ იქ, თენგოს თამარაშნის ბოლოზე, ლიახვი მიქშუოდა, ავად მიაქანებდა მღვრიე ტალღებს, აქ კი მხოლოდ ეს იყო, ეს პატარა ნაკადული თავისი წიწკანებითა და ბოლოქანქალა ჩიტებით”.
სიყვარულით გამთბარ სოფელში კაცებმა კინოსცენარი ვერ დაწერეს, მაგრამ რაც იქ ნახეს – ქარვისფერკრამიტიანი სახლები, ბოღოჭა და მისი ბიჭი, უბილეთო და სხვები, უკვე კინო იყო. სცენარის იდეა არ ჰქონდათ და სოფლელები თავიანთი ბუნებრიობით იქცნენ მათი შთაგონების წყაროდ.
ასეთი იყო 90-იანების რეალობა. დედაქალაქი გადასხვაფერდა და გადაგვარდა. მოთხრობის ფინალში მწერალი სინანულით შენიშნავს: “მე ეს ქალაქი ჩემი მეგონა… ის უცანური სურნელიც ჩემი მეგონა, მხოლოდ აქ, ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში რომ ტრიალებს, ქალაქისა, რომელსაც დასაბამიდან თბილისი ჰქვია, მაგრამ რატომღაც ყველანი უბრალოდ “ქალაქს” ვეძახით. არადა თურმე მორჩა, თბილისი მომკვდარა და ახლა მხოლოდ შორეული სიზმარივითღა თუ გაგახსენდება მშობლიური ქალაქი – რაღაც სხვანაირი, სხვა იმედის შუქით გაცისკროვნებული და იქნებ ათასნაირი საზრუნავით შეჭირვებული, მაგრამ მაინც მხიარული, ბედნიერი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორმოცდაათი ან თუნდაც ათას ხუთასი წლის წინ, მაინც დაცარიელებულა და ახლა მის მიუსაფარ და უკაცრიელ ქუჩებში შიმშილისაგან გაცოფებული ძაღლებიღა დაწანწალებენ”.
ქალაქი, რომელიც თავის ძაღლებს დაამშევს, აბა, რა ქალაქია? მაგრამ ვის სცალია ძაღლებისთვის, როცა დამშეული და დაუცველი ადამიანები ხსნას ეძებენ ამ ჯოჯოხეთში?
მწერლობას შეუძლია, ისტორიული სინამდვილე მომავალი თაობებისთვის დაუვიწყარი მხატვრული გარდასახვით გადმოსცეს, წარსული გააცოცხლოს. ეს ვრცელი (დაახლოებით 45-გვერდიანი) მოთხრობა 90-იანი წლების საქართველოს სარკეა. ამ სარკეში ყველა დავინახავთ საკუთარ თავს, ჩვენი ოჯახების მიერ გამოვლილ წამებას. ერთადერთი, რაც იმ შემზარავი 90-იანებიდან მანუგეშებს, ისაა, რომ ეს იყო ქართველი ხალხის მიერ ახალი რუსული იმპერიიდან თავის დასაღწევად გაღებული სისხლიან-ცრემლიანი საფასური. ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ თავისუფლება ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ჩვენ დღესაც ვსწავლობთ სახელმწიფოს მშენებლობას, მაგრამ მადლობა უფალს, რომ შატაიძის მოთხრობაში დახატული სინამდვილე 2-3 ათწლეულით უკან დარჩა.


